BLOGS ON MEBLOGE
დიდება თავისუფლებას!
პირველი გამოშვების სარედაქციო წერილი

დღეს სოხუმის დაცემიდან მეოცე წლისთავი შესრულდა.
ამ ხნის მანძილზე, რაც პროექტზე ვმუშაობდი, ხშირად მიჩნდებოდა კითხვა: რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ დღევანდელ აფხაზეთში?
ანუ მე, საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, სახლიდან გაუსვლელად – მხოლოდ ცოდნით, მცირე ინვესტიციითა და თანამოაზრეთა შემოკრებით, დავიწყე ის, რასაც ახლა თქვენ ხედავთ.
რა თქმა უნდა, ტექნიკურად, ფინანსურად და ინტელექტუალურად ეს არც ენგურს გაღმა წარმოადგენს სირთულეს, მაგრამ რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც ცალკეული ჯგუფებისა თუ სამსახურების ინტერესებს კი არა, მხოლოდ საკუთარ თავს გამოხატავს, დღევანდელ აფხაზეთში, ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია.
ცხადია, ეს ცუდია. და, პირველ რიგში, იმიტომ, რომ აფხაზეთიც საქართველოა. მაგრამ კიდევ უარესი ისაა, რომ დღეს, ფაქტობრივად, არაფერი მეტყველებს ამაზე. მინისტრი ზაქარეიშვილი, რომელიც ადრე აღელვებისგან სიტყვებს ყლაპავდა, ახლა უკვე წინადადებებს ყლაპავს, მაგრამ ეს საქმეს არ შველის.
და რაც მთავარია, ეს არაა ზაქარეიშვილის ბრალი.
და მანამდეც, ეს არ იყო კერძოდ აღებული რომელიმე მინისტრის "დანაშაული".
ეს, პირველ რიგში, ჩვენი ბრალია.
ნუ, ჰო, რუსეთი – ეს კაცობრიობის რეგრესის განსახიერება – მისი როლი აღარავისთვისაა საიდუმლო, მაგრამ ჩვენ ჩვენზე ვთქვათ. ჩვენზე, რადგან მაგ მოფამფალებული იმპერიის მთავარი იარაღი ხომ, ისევ და ისევ, ჩვენ ვართ?! უფრო კონკრეტულად კი, ჩვენ – საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულებით.
მოდით, ალალად ვთქვათ: 20 წელი არ გვეყო და ჩვენ კვლავ ბოღმა გვახრჩობს. ახლა ნუ ვისაუბრებთ ამ ბოღმის საფუძვლებსა და სამართლიანობაზე – აქაც ყველაფერი დღესავით ნათელია. მხოლოდ ეს ვთქვათ – აფხაზეთზე ფიქრისას, საქართველოს გამთლიანებაზე ფიქრისას, ჩვენ ფონად ბოღმა გაგვდევს. ბოღმა კი, როგორც წესი, ცუდი მოკავშირეა. სადაც ბოღმაა, იქ კომპრომისი გამორიცხულია, ხოლო კომპრომისის გარეშე, საქართველოს გამთლიანებაა გამორიცხული.
სულ რომ დავლურითა და გზადაგზა ისტორიული სამართლიანობის აღდგენ–აღდგენით ჩავირბინოთ ფსოუმდე, კომპრომისზე წასვლა, მაინც მოგვიწევს – თუ შერიგება გვინდა. არადა, შერიგება უნდა გვინდოდეს, თუ კონფლიქტის ამოწურვა გვწადია და არა მიძინება. შერიგება უპირველესი და ერთადერთი მართებული ნაბიჯია
BLOGS ON MEBLOGE
27.09.2013
ამ გზაზე და თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ შემორიგებულ ძმასთან შევძლებთ თავისუფლებაზე საუბარს. გადამტერებულ ძმასთან თავისუფლებაზე საუბარს კი არა, საერთოდ, საუბარს არ აქვს აზრი.
დიახ, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლა, ეს, პირველ რიგში, ზუსტადაც რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაა – ჩვენი აფხაზი ძმების თავისუფლებისთვის ბრძოლა! შერიგება კი მათი გამოხსნის ერთადერთი გზა.
მაგრამ, და ეს ძალიან პრინციპულია, ეს ახლა უნდა მოხდეს, უთუოდ ახლა! თუ გვინდა, რომ შერიგება იყოს საშვილიშვილო, უნდა შევრიგდეთ ჩვენ და არა ჩვენი შვილიშვილები!
კონფლიქტის მოგვარების ე. წ. რუკებს, მშვიდობიანი თანაცხოვრების კონცეფციებსა თუ დიპლომატიურ ინიციატივებს, ცხადია, მე ვერ შემოგთავაზებთ – კომპეტნეცია არ მეყოფა. მაგრამ სრულიად ლეგიტიმურ კითხვაზე – მაშ, როგორღა? – გიპასუხებთ:
მონები ვერავის მივანიჭებთ თავისუფლებას – ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეების ხსნა დანარჩენი საქართველოს მკვიდრთა თავისუფლებაშია.
* * *
ზუსტად ერთ თვეში, საპრეზიდენტო არჩევნებია. დიდი იმედი მაქვს, რომ მარიონეტების ეპოქა საქართველოში დასრულდა. რუსეთის გეგმებს, ოცნებებს თუ გაბრძოლებებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი. მოსკოვის ცივ გულში თბილი ადგილის პოვნა ქართველი ხალხის მისწრაფებებს არ შეესაბამება. რუსეთის ინტერესების არამც თუ გატარება, მათზე საუბარი და მათი ტირაჟირებაც მტრობაა. ამ ინტერესების ქართულ ინტერესებში შეფუთვა კი, სხვა არაფერია, თუ არა კლასიკური შადიმანობა. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პიროვნება, ან რა ინსტიტუტი ავრცელებს სიცრუეს, რომ ხსნა რუსეთშია. რუსეთში არის მხოლოდ უკუსვლა და დღევანდელი აფხაზეთი ამის მკაფიო თვალსაჩინოებაა. თავად რუსეთია ამის აბსოლუტური გამოხატულება.
კმარა თეორიები სადღაც „მყოფ“ გასაღებებთან დაკავშირებით.
კმარა მათი პარპაში, ვინც ჯერ საქართველოს თავისუფლების მოპოვებასა და ახალი ქართული სახელმწიფოს დაფუძნებაში გვიშლიდა ხელს, ახლა კი მის განვითარებას ეღობება გააფთრებით და თან, ამას „ეროვნული საკმაზით“ გვტენის ტვინში.
ხსნა თავისუფლებაშია.
დიდება თავისუფლებას!