MEBLOGE NEWS - 10.11.2014
„ბოკა ჰარამ“ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც, სხვებთან ერთად, აზერბაიჯანელ „ძმებსაც“ უთვლის მოკითხვას

MEBLOGE NEWS
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება ე. წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს მიმართულებიითაა კონცენტრირებული, თავი შეგვახსენა ნიგერიულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ - „ბოკა ჰარამ“.
ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს საკმაოდ ვრცელი ვიდეო, სადაც ნიგერიის ერთ-ერთ ქალაქში, დაჯგუფების ლიდერი, აბუბექრ შეკაუ რადიკალურ ისლამს ქადაგებს. ასევე, კადრებში ჩანს, რომ ჯავშანმანქანაზე ამხედრებული აბუბექრ შეკაუ, რომელსაც ირგვლივ ათამდე შეიარღებული და ნიღბიანი მებრძოლი უდგას, მიმართავს ქვეყნის ხელისუფლებას, რათა მან შეწყვიტოს მასთან მოლაპარაკების ყველა მცდელობა. ტერორისტი დაიმუქრა, რომ მოკლავს ყველას, ვისაც მასთან მოსალაპარაკებლად გამოგზავნიან.
ტერორისტებმა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობებიც გამოფინეს - ჯავშანტრანსპორტიორები, პიკაპის ტიპის დაჯავშნული მანქანები, რომელთაც მძიმე შეიარაღებაც ახლავთ - როგორც ჩანს, „ბოკა ჰარამმა“ ის ნიგერიის შეიარაღებულ ძალებს გასტაცა.
აბუბექრის გამოსვლიდან ცხადი ხდება, რომ ის აპირებს გლობალურ „ჰალიფატს“ მიუერთოს ის ტერიტორიები, რომელთაც აკონტროლებს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ არ აპირებს ჯიჰადის რომელიმე ლიდერის განკარგულებებს დაემორჩილოს.
„ვულოცავ ყველას, ვინც ისლამის სახელმწიფოში ცხოვრობს. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო და მოვიკითხო ჩვენი ძმები ავღანეთში, პაკისტანში, აზერბაიჯანში, ჩეჩნეთში, იემენსა და სომალიში“ - განაცხადა ტერორისტთა ლიდერმა.
ფრანგმა ჟურნალისტებმა აღნიშნული კადრები არ გავრცელეს - მისი შინაარსი მხოლოდ ტექსტური ვერსიებით გამოქვეყნდა, რადგან იგი მოწოდებებსაც უხვად შეიცავდა.
შეგახსენებთ, „ბოკა ჰარამ“ „ალ-ქაიდას“ შემადგენელ ნაწილად ითვლება. ბოლოს მან ამ რამდენიმე თვის წინ „გამოიჩინა“ თავი, როდესაც ათეულობით მოსწავლე გოგონა გაიტაცა