top of page

 MEBLOGE NEWS  - 14.11.2014

მილტონ ჰეიგმა ირლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩის შემადგენლობა დაასახელა

კვირას, „ავივა სთედიუმზე“, ბორჯღალოსნები მსოფლიოს მე-5 გუნდს - ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს, „სამყურებს’“ეთამაშებიან.
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე შეხვედრისთვის დუბლინში ემზადება. მატჩამდე 48 საათით ადრე, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა - მასში რამდენიმე ცვლილებაა. ტონგას ტესტზე მხრის ტრავმა მიიღო ბორჯღალოსნების კაპიტანმა - ირაკლი მაჩხანელმა. ირლანდიაში ჩასვლის შემდეგ, მწვრთნელებს მისი გამოჯანმრთელების
იმედი ჰქონდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაჩხანელის თამაში გამოირიცხა. კვირას გარემარბებად თამაზ მჭედლიძესა და სანდრო თოდუას ვიხილავთ. ნაკრებს დავით კაჭარავა უკაპიტნებს.

მაჯის ტრავმა მოიშუშა დიმიტრი ბასილაიამ - ის სასტარტოში 8 ნომრად ითამაშებს. მეორე ხაზში თამაშს გიორგი ნემსაძე დაიწყებს, ლევან დათუნაშვილი, შესაბამისად, მარქაფაშია.
თბილისის თასის შემდეგ, ნაკრების სამატჩო განაცხადში პირველად გამოჩნდა მურაზ გიორგაძე, რომელსაც, ასევე მარქაფაში ვიხილავთ.

„ბოლო კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ. გავაანალიზეთ თამაშის ის კომპონენტები, რომლებშიც ტონგასთან მატჩში გაგვიჭირდა და ახლა ჩვენ უცილებლად, ზედმიწევნით უნდა შევასრუთ სათამაშო გეგმა. ჩვენთვის დიდი პატივია მომავალ მატჩში მონაწილეობა და ვიცით, რომ რადაც უნდა დაგვიჯდეს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და კარგად ვითამაშოთ.“ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
შეგახსენებთ, მატჩი 16 ნოემბერსაა. იგი 18:30 სთ.-ზე დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასეთია:

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი თხილაიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, დიმიტრი ბასილაია

ღერძი: გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე

ხაზი: სანდრო თოდუა, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა (კაპიტანი), თამაზ მჭედლიძე, მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა: სიმონ მაისურაძე, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე, ვაჟა ხუციშვილი, ლაშა მალაღურაძე, მურაზ გიორგაძე

 MEBLOGE NEWS 

  • Facebook Classic
  • Google Classic
  • Twitter Classic
YELLOW
MEBLOGE MUSIC

© 2014 MEBLOGE NETWORKS LTD
ყველა უფლება დაცულია

bottom of page