top of page

 MEBLOGE NEWS  - 14.11.2014

ქეცბაიამ კარი ვერ გაიჯახუნა

მისი ნაკრებიდან წასვლის შესახებ, ჯერ კიდევ მატჩამდე ვიცოდით. ცხადია, ისიც მშვენივრად გვესმოდა, რომ მას ბოლო მატჩის მაჟორულ აკორდზე დასრულება ეწადა - ჩვენც არ ვიქნებოდით წინააღმდეგი. მოხდა კი პირიქით - პოლონეთის ნაკრებმა მასპინძელი საქართველო 4:0 გაანადგურა. მატჩის შედეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, თემურ ქეცბაიამ განაცხადა: „სამწუხაროა, რომ ასე დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა საქართველოს ნაკრებში. მე, როგორც რიგითი ქართველი, საქართველოს გულშემატკივრად დავრჩები“.
კომენტარი გააკეთეს ფეხბურთელებმაც.
ჯაბა კანკავა: „მადლობა ქეცბაიას მთელი გუნდის სახელით. მატჩი ანგარიშით 4:0 წასაგები ნამდვილად არ იყო. ორი გოლი სტანდარტულებიდან გავუშვით, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.“
გიორგი ლორია: „ვერაფერს ვიტყვი, დამსახურებულად მოგვიგო ჩვენზე მაღალი კლასის გუნდმა. თუმცა, 4 გაშვებულ ბურთს ნამდვილად არ ველოდი. საერთოდ არ მეგონა, თუ ამ თამაშს წავაგებდით, განსაკუთრებით პირველი ნახევრის შემდეგ. მომენტები ჩვენც გვქონდა და მეგონა რომ მოვიგებდით.“
სანდრო კობახიძე: „პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და ასე რომ გაგვეგრძელებინა, რაღაც შედეგს მივაღწევდით, თუმცა ძალები აღარ გვეყო. პოლონელები ჩვენზე გამართულად თამაშობდნენ და შედეგიც სახეზეა. ორი აზრი არაა, რომ პოლონეთი ჩვენზე მაღლა დგას.“
თორნიკე ორიაშვილი: „ბევრი მომენტი გვქონდა, რომლებიც გავანიავეთ. პოლონელებს 5-6 მომენტი ჰქონდათ და 4 გაიტანეს. მეტოქე ორი მომენტიდან ერთს იტანდა, ხოლო ჩვენ 10 მომენტიდან ერთს ვერ ვიტანთ. პოლონელებს ჩვენზე ბევრად მაღალი კლასი აქვთ. სამწუხაროა, ასეთი წაგებას არ ვიმსახურებდით... არაგუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ და, შესაძლოა, ამიტომაც გვაქვს ასეთი შედეგი. რაც არ უნდა მწვრთნელი შეიცვალოს და ვინც არ უნდა მოვიდეს, ასე თუ ვითამაშებთ, მაინც წავაგებთ. ისეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის.“

 MEBLOGE NEWS 

  • Facebook Classic
  • Google Classic
  • Twitter Classic
YELLOW
MEBLOGE MUSIC

© 2014 MEBLOGE NETWORKS LTD
ყველა უფლება დაცულია

bottom of page