top of page

მიუხედავად არაერთი თამამი ჰიპოთეზისა, უტოპიური თეორიისა და ძვირადღირებული ექსპერიმენტისა, დროში ფიზიკური გადაადგილება კვლავაც კაცობრიობის აუსრულებელ ოცნებად რჩება. ერთადერთი, რამაც შეიძლება თუნდაც ცალი თვალით დაგვანახოს წარსული ან მომავალი, ეს გონებაა - წარმოსახვის უნარი - სწორედ მისი დახმარებით ვახერხებთ გავაცოცხლოთ გარდასული დღეები და დავხატოთ მომავლის სურათი.

 

თუმცა, არიან ადამიანები, რომელთაც უჭირთ არამც თუ ეს, არამედ აზროვნებისა თუ მენტალობის დღევანდელობასთან, ირგვლივ გამეფებულ რეალობასთან ადაპტირებაც კი - ისინი ცხოვრობენ აქ და ახლა, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო, მათი „დღეს“, საუკეთესო შემთხვევაში, არის „ხვალ“, ხოლო უარეს შემთხვევაში, მათი მსოფლაღქმა არის კლასიკური „გუშინ“.

ანუ, ასეთი ადამიანები ორ ძირითად კატეგორიად იყოფიან: პირველი კატეგორია გახლავან გენიოსები, რომლებიც უსწრებენ საკუთარ დროს. ხოლო მეორე კატეგორიას განეკუთვნებიან იდიოტები, რომლებიც წარსულში დარჩნენ - მენტალურად და, შესაბამისად, განწყობებით, დამოკიდებულებებით, წარმოსახვებით, დასახული ამოცანებით, მათი რეალიზაციისთვის ამოქმედებული მეთოდებით და ა. შ. და ა. შ.

 

როგორც წესი, პირველ კატეგორიას ვერ უგებენ, დასცინიან და, ხშირად, მათთვის რეალობა სახიფათოა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცხოვრება და, ხშირად, ყოველდღიურობაც კი, მათთვის, უბრალოდ, სასიკვდილო საშიშროებად ქცეულა (და ჩვენს ცივილიზაციას, კოცონზე აგიზგიზებული ეს ე. წ. „სხვა დროის“ კაციც, არა ერთი უნახავს).

 

მეორე კატეგორიის ადამიანებისა უფრო ესმით (და თუ არ დასცინიან, უგებენ მათ), ებრალებათ ისინი და, არც თუ იშვიათად, მათ მიმართ თანაგრძნობით იმსჭვალებიან. არც შიშს გრძნობენ მათ მიმართ, რადგან, სხვა ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ნაკლებსავარაუდოა, რომ  მათ შეძლონ ან სხვისთვის, ან საკუთარი თავისთვის რაიმეს დაშავება.

აღარაფერს ვამბობ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საფრთხეთა შექმნის ძალიან დაბალ პოტენციალზე - ისინი ხომ იდიოტები არიან.

 

თუმცა (და კაცობრიობა ასეთ გამონაკლისებსაც იცნობს), მათ შორის გამოჩნდებიან ხოლმე იმგვარნი, რომლებიც დიდი საფრთხის მატარებელნი არიან და, რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავზე მეტად, საშიშროებას წარმოადგენენ სწორედ გარშემომყოფთათვის და დაკვიდრებული რეალობისთვის, რომელსაც ისინი გამრუდებულ სარკესა თუ სივრცე-დროის უკუღმართ კონტინიუმში უცქერენ.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ასეთი ადამიანი, გარდა არასრულყოფილების კომპლექსით შეპყრობილი იდიოტისა, არის სამაგალითო ნაძირალაც და თან ხელისუფლების სადავეების მპყრობელი.

 

დღეს კაცობრიობა მორიგი ასეთი შემთხვევით გამოწვეული სირთულეების წინაშე დგას.

პუტინის ოცნება - გამოასწოროს მეოცე საუკუნის „ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის“ შედეგები, ნათელი დასტურია იმისა, რომ ეს ინდივიდი დროს ჩამორჩა.
ამასვე ადასტურებს ის მეთოდები, რომლითაც ის ოპერირებს.

მაგრამ დანარჩენი კაცობრიობა (მასაში, და არა ცალკეული ინდივიდებისა თუ ჯგუფების დონეზე)?
ან ცალკეული ლიდერები - გახლვან კი დროის შესაბამისნი?
 

მოგეხსენებათ, XXI საუკუნემ, უფრო დაზუსტებით კი თანამედროვე ტექნოლოგიებმა, დრო შეამჭიდროვა, მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიო პოლიტიკა ამით თითქმის ვერ სარგებლობს. აქ მხედველობაში ის მაქვს, რომ იქ, სადაც საჭიროა სწრაფი რეაგირება, კაცობრიობა კვლავაც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ტემპით აზროვნებს და მოქმედებს. წინააღმდეგ შემთვევაში, ანუ რომ არა ეს დაბალი ტემპი, აღარავინ დაუშვებდა იმ შეცდომას, რომელიც ადოლფ ჰიტლერთან მიმართებაში გასული საუკუნის 30-იან წლებში დაუშვეს.
იმპერატორის ტახტზე აბობღებული სუკის დაბალჩინოსანიც, უკვე კარგახნის გაძევებული იქნებოდა პოლიტიკური ასპარეზიდან.
 

გზა უიღბლო მხატვრისა კაპრალობამდე და კაპრალისა, ფიურერობამდე...

და გზა პეტერბურგის მერისთვის სუკის მიერ მიჩენილი კლერკისა (თუ ხელი ბიჭისა) იმპერატორობამდე...
 

ისტორია მეორდებაო - ხშირად ვამბობთ. არადა, სინამდვილეში, მეორდება შეცდომები და ამ ისტორიის ეგრეთ წოდებულ გამეორებასაც სწორედ ეს იწვევს.

ბუნებრივია ვერც ჰიტლერის გაფიურერებას შეუშლიდნენ გარედან ხელს და ვერც პუტინის გაპირველკაცებას რუსეთში.

ვერ და არ.
და, ამდენად, ეს არ გახლავთ ის შეცდომა, რომელიც ცივილიზებულმა მსოფლიომ დაუშვა მაშინ და უშვებს ახლა. ვიმეორებ - შეცდომა ის დუნე და ზოგჯერ დანაშაულებრივად დაბალი ტემპისა და ინტენსივობის რეაქციებია, რომელთაც ვავლენთ.

ერთხელ, ამ 70 წლის წინ, მთელი საშინელება და სისასტიკე ამგვარი სიდონდლოვისა უკვე ვიწვნიეთ.

დიდია საშიშროება, რომ ამგვარი რამ განმეორდეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა არც 2008 წელს დუმდა და მით უფრო ახლა არ დუმს, მიღებული ზომები აშკარად არასაკმარისია, ტემპი კი დაბალი.

ცხადია, ამას თავისი მიზეზები აქვს.
პოლიტიკური კონიუქტურა...
ცალკეულ ქვეყანათა სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრატეგიები...
მეგაკორპორაციათა ფინანსური ინტერესები... აქ ეს ყველაფერი (და კიდევ მრავალი სხვა) არც თუ უკანასკნელ როლს თამაშობს.
და ყველაზე სავალალოც სწორედ ესაა.
ანუ ჩვენ, ვინც თითქოსდა ვაშენებთ ზოგადსაკაცობრიო, ადამიანურ, ზნეობრივ და სამართლიან ღირებულებებზე აგებულ ცივილიზაციას, სრულიად უღონონი ვართ დროული და ადექვატური პასუხი გავცეთ ათასწლეულების ამ უდიდესი მონაპოვრის ფეხქვეშგამათელავთ.


დავაკონკრეტოთ - რა საფრთხეს უქმნის დღევანდელი, ანუ პუტინის რუსეთი ცივილიზებულ კაცობრიობას.
თავდაპირველად, მცირე სტატისტიკა.
როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მოსახლეობა ოდნავ აჭარბებს ასორმოც მილიონს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პლანეტის მთელი მოსახლეობა შვიდ მილიარდზე მეტია, გამოდის, რომ რუსეთში კაცობრიობის დაახლოებით 2% სახლობს. ხოლო თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ მისი ტერიტორია (მიწიან-წყლიანად) პლანეტის 1/5 შეადგენს, ხოლო სასარგებლო წიაღისეული და სხვა რესურსები, რომლებიც მისი კონტროლის ქვეშაა, საერთო მოცულობის 28-31%-ს უტოლდება, მივიღებთ ვითარებას, სადაც ადამიანთა 2% აკონტროლებს დედამიწის უდიდეს ნაწილს, ფლობს ნედლეულის მესამედს და თავზე აზის და პირობებს უტიფრად კარნახობს დანარჩენ 98%-ს.
ნორმალურია?
არა, ბატონო, სრულიად არანორმალური მდგომარეობაა და განსაკუტრებით რუსული მსოფლმხედველობის, ამბიციათა და მისწრაფებების გათვალისიწნებით.
კიდევ უფრო არანორმალური კი ის ყოფა და მენტალიტეტია (რომელიც, პრინციპში, განსაზღვრავს კიდეც ამ ყოფას), რომელშიც ასეთი რესურსებისა და პოტენციალის მქონე სახელმწიფოს ხალხი ცხოვრობს. და რაც ნიშანდობლივია, ცალკეული ინდივიდების გარდა, ამის გამო პროტესტს არავინ გამოთქვამს - მსოფლიო საფრთხობელას როლი იმდენად საამოა, რომ სხვა დანარჩენი სულაც აღარ ჩანს გაუსაძლისად.
არც ის, რომ რუსეთის მოსახლეობის 39% არასოდეს ყოფილა სპექტაკლზე..
არც ის, რომ ამ ხალხის 41%-ს არასოდეს უნახავს ფილმი დიდ ეკრანზე..
და მით უმეტეს ის, რომ ისინი მსოფლიოში არავის უყვარს - მთავარია, ეშინიათ მათი - ესაა ოცნებათა მწვერვალი!

და დღეს ამ ოცნების ამსრულებელი სახეზეა - „მიწათა შემგროვებელი“, „დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე“...
15 ოქტომბერს 50 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც საბჭოეთში, სასახლის გადატრიალების შედეგად, ხელისფლებაში ბრეჟნევი მოვიდა. 70-იანი წლების დასაწყისში, მისი მმართველობის ეპოქას უწოდებდნენ „განვითარებულ სოციალიზმს“, ხოლო შემდგომ ათწლეულში ამ ხანას „უძრაობის წლები“ დაერქვა.
პარადოქსულია, მაგრამ 2006 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც „საზოგადოებრივი აზრის ფონდმა“ ჩაატარა, რუსეთის მოსახლეობის 61% მიიჩნევდა, რომ ეს იყო „ქვეყნის ყველაზე დიდი კეთილდღეობის წლები“. (!)
კიდევ ერთი გამოკითხვა, რომელიც უკვე „ლევადა ცენტრმა“ შარშან ჩაატარა, ცხადჰყოფს, რომ რუსების 56% ლეონიდ ილიჩს დადებითად უყურებს.
მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორმა, ვალერი სოლოვეიმ მაშინვე აღნიშნა, რომ " შესაძლოა ხალხს ბრეჟნევი არ მოსწონდა, მაგრამ რა მოხდა მერე!? ასევე, ვლადიმერ პუტინიც სტაბილურობას განასახიერებს. ხოლო პარალელები ბრეჟნევი-პუტინი, ხელისუფლებისათვის სულაც არაა სამარცხვინო“.
როგორ ფიქრობთ, ეს ხალხი საშიშია?

პირველი ნაწილის დასასრული

კაცი წარსულიდან

კოტე ნიშნიანიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

19.10.2014

ნაწილი პირველი

160x600

რავითარი სიღრმისეული საზოგადოებრივი მიმდინარეობები ჩვენთან არაა და არც ყოფილა

ანტონ ჩეხოვი „ჩემი ცხოვრება“ (პროვინციელის მონათხრობი) 1896 წ.

160x600

bottom of page