top of page

mebloge.com  ერთი წლისაა. შარშან, მისი პირველი გამოშვება ჩვენ საგანგებოდ დავამთხვიეთ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, და ამით გვუსრდა ხაზი გაგვესვა - მიუხედავად არაკეთილმოსურნეთა გამუდმებული მცდელობებისა, საქართველო თავისუფალია და ქართველი ხალხი, თუმცა კი წინააღმდეგობებით აღსავსედ, მაგრამ მაინც აშენებს თავისუფალი ადამიანების თავისუფალ სახელმწიფოს (პირველი გამოშვების სარედაქციო წერილი იხილეთ აქ).
ჩვენ გვჯერა, რომ ეს პორტალი ამის ერთი პატარა გამოხატულებაა. ჩვენ იგი ჩავიფიქრეთ, როგორც სიტყვის, აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლების ერთგვარი მოედანი - სივრცე, სადაც ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსისა თუ სხვა რამ კუთვნილების ადამიანს შეუძლია აწარმოოს ბლოგი - გახდეს მებლოგე. და რომ ეს ასეა, ამაზე ჩვენი ძვირფასი ავტორების, როგორც ინდივიდების (Homo Politicus) მრავალფეროვნებაც მეტყველებს. ის ფაქტი, რომ ჩვენთან საკუთარ ნააზრევს აქვეყნებენ, მაგალითად, ულტრალიბერალი დავით უტეხი, მემარცხენე ანტონინ მარტო, კონსერვატორი მერაბ დოლიძე ან ზომიერი ალექს ჩიქოვანი, სიამაყით გვავსებს და გვიმძაფრებს განცდას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ახალგაზრდებისათვისაც გაგვეხსნა რაიმე ისეთი სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ უფრო მეტი ეთქვათ საკუთარ ყოველდღიურობასა თუ განცდებზე, ვიდრე ამის შესაძლებლობებს სხვა და სხვა სოციალური ქსელი იძლევა.

ამის საუკეთესო საშუალებად ღია ელექტრონული დღიურების ქსელი მივიჩნიეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის უფრო მეტი (თუ კი შეიძლება ასე ითქვას) აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით - ავტორთა შორის ნახავთ არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც. ანუ საკუთარი ამბებისა თუ განცდების ღიად მოყოლის სურვილი არა მხოლოდ საზოგადოებრივ ასპარეზზე ახლადგამოსულ ადამიანებს გაუჩნდათ, არამედ მათაც, ვინც უკვე საკმაო ხანია თავი დაიმკვიდრა...

და, შესაძლოა, ყოველდღიური რუტინით გადაქანცულთ უფრო ესაჭიროებოდათ ასეთი სივრცე.

იზა კოკელაძე-ზუბარევა

კოტე ნიშნიანიძე

ჩვენს განსაკუთრებულ სიამაყეს მუდმივმოქმედი ელექტორნული ექსპოზიცია იწვევს: me-ex, ანუ my electornic exposition - სახელოვნებო სივრცე, სადაც ნიჭიერ და, შესაძლოა, ნაკლებადცნობილ ავტორებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები.
„გვაინტერესებს ყველა, ვინც ქმნის და ყველაფერი, რასაც ქმნიან“ - ეს ჩვენი დევიზია და ვფიქრობთ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

აქვე, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მალე აღნიშნული რესურსის ბაზაზე ამოქმედდება ხელნაკეთი ნივთების ინტერნეტმაღაზია
ამ ჩანაფიქრის განხორციელებისას, ჩვენ ვხელმძღვანელობთ სურვილით, რათა ნიჭიერ ხელოვნებს არა მხოლოდ სულიერი საზრდოს მიღებისა და გაცემის, არამედ ელემენტარულად, თავისი შემოქმედებიდან თუნდაც მინიმალური ხეირის ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდეთ, რათა შემდგომში, მოიპოვონ დამატებითი სტიმული შექმნან უფრო მეტი და უკეთესად.

უახლოეს მომავალში იგეგმება აუდიო და ვიდეობლოგების სექციის დამატება. ასევე პოეტური ქსელისა და ისტორიის მოყვარულთა სივრცის გახსნასაც ვგეგმავთ.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რათა ქართული ინტერნეტი იყოს დროის შესაბამისი - თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული, დახვეწილი დიზაინით და შინაარსობრივად მრავალფეროვანი. ცხადია, ვაცნობიერებთ, რომ ერთი პორტალი ამ დიდ ამოცანას ვერ გადაჭრის, მაგრამ პროცესი უნდა მიმდინარეობდეს - ჩვენი ამბიცია კი ამ პროცესში მონაწილეობაა.
დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის.
მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი რჩევა, განვიხილოთ თქვენი იდეა და ხორცი შევასხათ მას - მთავარია ხელი შევუწყოთ ქართულენოვანი ვებრესურსების განვითარებას.

MEBLOGE NETWORKS
ქართული ვებრესურსების განვითარების კომპანია

bottom of page