top of page

- თავში აუვარდა! - ჩაიბურტყუნა ჩემმა პენსიონერმა დედამ, ტელევიზორი „მკვახედ“ გამორთო და პულტი მოისროლა.
მოქალაქე ივანიშვილს გულისხმობდა.
კონკრეტულად კი, მისი ის განცხადება ჰქონდა მხედველობაში, რომლის მიხედვითაც (თუკი თავს თავისუფალი პერიფრაზირების უფლებას მივცემ), ქართული საზოგადოების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი, კრეტინია.

არ ვიცი, როდის დაეწყო ეს - მაშინ, როდესაც პირველი დიდი ფული იშოვნა და „ხაზეინის“ ბაცილა შეენთო...
მაშინ, როდესაც საკუთარი პერსონა ქართველი ხალხის იმედად და სასოებად იგრძნო...
თუ მაშინ, მლიქვნელების მიერ უხვად მოსხმულ ბაჟეში რომ ატივტივდა!
მაგრამ ფაქტია - ის თავს უფლებას აძლევს შეურაცხყოს, მასხრად აიგდოს, ჭკუა არიგოს და ზოგჯერ ტუქსოს კიდეც ნაცია, რომელიც, მიუხედავად მისი სავარაუდო ილუზიებისა, მის საკუთრებას არ წარმოადგენს.
ქართველი ადამიანები არც მისი წყალობის მოლოდინში ჩამწკრივებული და ყელში გვარიანად ამოსული „ბედნი როდსტვენიკები“ არიან და სიმართლე ვთქვათ - ისიც ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ „ლონდრეს“ გეოსავით არ გაგიჟდებოდა.
რასაკვირველია, ამ ქვეყნის მოსახლენი არც მისი რომელიღაცა კომპანიის დაქირავებული თანამშრომლები გახლავან და მეტიც - იმ მომეტიდან, რაც ქართველი ნაციის ძე - ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრემიერმინისტრის არაკომფორტულ სავარძელში ჩაეკვეხა, ის თავადაა ხელქვეითი.
ეს მას არ ესმის - ჩვენთვის პრეზიდენტის „გამოძერწვა“, პირადი ასისტენტის პრემიერმინისტრად წარდგენა და ყველაზე სიმპტომატური - ჩვენი „შიგნიდან აღზრდის“ ამოცანა - ამას უტყუარი დასტურია.

ასეთი კაცი ვერ ჩადგება მამულის სამსახურში. მგონი, მას საერთოდაც არ ესმის მამულიშვილობა, როგორც ეგოსისტემა - მის არსში ეს ზედაპირი საფუძვლიანად გასალაშინებულია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ არც მენტალურად, არც ემოციურად, არც შეგნებით და, რა ვიცი კიდევ რით... ეს კაცი არაა მამულიშვილი.
ეს მანქანაა.
თანაც, საკმაოდ მოძველებული მოდელის აპარატი.
არანაერი შემოქმედება - მხოლოდ ფუნქციათა სისტემა - ამოცანა, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ ამბიციას ან აზარტს ეყრდნობა.
და სწორედ ესაა ამ მისი „უცხოობის“ დედაარსი - ქართველკაცობა, როგორც ასეთი, შემოქმედების გარეშე, მხოლოდ ბუტაფორიაა.
აქ ადამიანები, განურჩევლად ეროვნულ-ეთნიკური კუთვნილებისა, პროფესიისა, აღმსარებლობისა, წარსულისა და დღევანდელობისა (ანუ ყველა, ვინც ქმნის თანამედროვე ქართველ ნაციას), შემოქმედებითად უდგებიან ყველაზე უმნიშვნელო ცხოვრებისეულ თუ ყოფით დეტალსაც კი...
აქ ღალატიც კი კრეატიულია!
და ეს შტრიხია, რომელიც არ იშლება!
ეს „ფუნქცია“არ უქმდება.
და რა საკვირველია, ეს რაღაც, არც არსად იყიდება - არანაერ ფასად!
დღეს, ქართველის ერის მესაჭეობას ვეღარ დაითრევ.
მაქსიმუმ, მოიზომო... და ვაი, შენს თავს, თუ არ გიხდება!
ნუ, ჰო - ერის მამად ის ჩვენ გამოვაცხადეთ, მაგრამ ქართველკაცობის არმცოდნე ივანიშვილი შეცდა და შეიმჩნია.
მეტიც, შეიფერა.
და ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო მამა, რომელიც თავს მსახურად გრძნობს, არის მსახური, რომელიც იჩემებს მამობას!
მას რომ თავისი თანამემამულეების ხასიათისა და ნირის რამე გაეგებოდეს, ეცოდინებოდა, რომ მამობრივი, მენტორულ-დამრიგებლური ტონით „დამოძღვრას“ ეს ერი თითქმის არავის პატიობს.
მამებს აქ კლავენ.
მამინაცვლებს კი ხელთათმანის დატვირთვა აქვთ და სრულიად უმნიშვნელოა თუ რამდენი მონეტა თეთრია ამ თათმანში ჩატენილი - მას მაინც გაიძრობენ.
ამჯერადაც ასე იქნება და მით უფრო ახლა, როდესაც დემოკრატია „დგას“ და თავად ხალხია ბატონ-პატრონი.
პრინციპულად მნიშვნელოვანია - მე არ ვამბობ, რომ სასწავლი არაფერი გვაქვს.
პირიქით - ბოლო 22 წელი...
ასევე, ბოლო 9 წელი...
და ბოლო 1 წელიც, სწორედ საწინააღმდეგოს ადასტურებს - „მაცადინობა“ გრძელდება.
მე ვამბობ, რომ ადამიანი, რომელიც ერს ასე ელაპარაკება, მას პატივს არ სცემს და არ უყვარს იგი. ხოლო, რისი მომტანია კაცი, რომელსაც მშობელი ერი არ უყვარს (თავის ნაკლებიან-ღირსებებიანად) და უპატივცემულობის დამალვას არც კი ცდილობს...
პირველ შედეგებს უკვე ვხედავთ - ყველანი არა, ცხადია, მაგრამ უმეტესობა.
ბევრი კი არ იმჩნევს, მაგრამ მათი ესოდენ სასაცილო „ნივიჟუ„-ს მიუხედავად, გამოფხიზლების ტენდენციები აშკარაა. და ვისაც იხტიბარის გატეხვა არ უნდა, იძახოს უკვე კარადაში შესული ტიგრან ჰოპოპიანცივით: „არ შევალ, არ შევალ!“-ო (ვასო გოძიაშვილი - „ძველი ვოდევილები“)
ბრმა უნდა იყო, ქართული საზოგადოების ზრდას რომ ვერ ამჩნევდე. და აქ მხოლოდ ბოლო ერთი წლის მოვლენებს არ ვგულისხმობ. ცხადია, ეს ძალიან ნიშანდობლივი რამ გახლავთ და საამაყო, მაგრამ ახლა მხედველობაში სხვა რამ მაქვს.ქართული საზოგადოების სიმწიფის მაჩვენებელი ამომრჩეველთა ის 54%-ია, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე.
ეს პოზიციაა.
ეს ყვითელი ბარათია, რომელიც არ შეიძლება გაჩვენონ ორჯერ - მეორე, უთუოდ წითელი იქნება.
და ვინც უნდა იბაქიბუქოს არჩევნების ევროპულობით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ნაბიჯია და არა მისი!

ივანიშვილი მალე დასრულდება - აკი თქვა კიდეც, რომ მოვიდა, რათა წავიდეს.
გუშინ მე ვერ ვიტყოდი, თუ როგორ მოხდებოდა ეს - აქ ყველა ჟანრი ზედმიწევნით ვიცით.
მაგრამ დღეს ცალსახაა - ეს ზრდასრულთა საქციელი იქნება და არა ლაწირაკთა ტლინკაობა.
მას ქართველი ხალხი ჭკუას არ, და ვერ ასწავლის - დაეზარება.
უბრალოდ, ადგილს მიუჩენს (ეგეპ, საპატიოსაც, რაც აქ, ხშირად, დავიწყებასაც ნიშნავს) და ამის კონტურები უკვე გამოჩნდა.

P.S. „...როდესაც შევხვდი აქ პრემიერმინისტრს, ვუთხარი მკაფიოდ რას ნიშნავს ოპოზიცია“ (!) - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ეს, ყოველგვარი დიპლომატიური ეთიკის დაცვითაც კი, დაცინვად ჟღერს.
ახლა, ეს იმიტომ მომაგონდა, რომ გამახსენდა, კიდევ რამდენი რამის აზრზე არაა ტიპი, რომელიც მთელ ერს ჭკუას ასწავლის...
მალე კი, როგორც არა ერთხელ განაცხადა, აღზრდის ინტენსივობის აწევის მიზნით, მის წიაღში „გადმოინაცვლებს“.
მე არ ვიცი ხელისუფლებაში ყოფნა რატომ ნიშნავს საზოგადოების მიღმა ყოფნას, მაგრამ რაც ცალსახად შემიძლია ვთქვა, ესაა: აქ ბევრს „გაგიტარებენ“ მაგრამ არა დაბალ კლასს - უთუოდ უნდა შეესებამებოდე!
აქ, მაღალი კლასის ხათრით, ჩაგვრასა და უსამართლობაზეც დაუხუჭავთ თვალი. ხოლო, თუ კი ვინმე კლასის უკანა რიცხვით აწევაზე ოცნებობს, და თან ისე, რომ ეს ერის დონის ამაღლებად გასაღდეს, ნამეტნავად რთული ოცნება დაუსახავს, ქა!... 

დიდება თავისუფლებას!

კოტე ნიშნიანიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

27.09.2014

160x600

bottom of page