top of page

ბოლო დღეებია ე. წ. საქართველო-დაღესტნის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა განხილვის თემაა, თუმცა, გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რომელსაც ეს პროექტი (განხორციელების შემთვევაში) შესაძლოა შეიცავს, თემის განხილვას სიმძაფრე აკლია.

მეტიც, ცალკეულ შემთხვევებს თუ არ გავითვალისწინებთ, ის საზოგადოების არც თუ დიდ ინტერესს იწვევს - მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენს ფორუმზე სადისკუსიო თემად გამოვიტანეთ, საკუთარი აზრის გამოთქმა არავინ ისურვა - დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას კვლავაც ე. წ. ყვითელი თემები ხიბლავს, ხოლო საქვეყნო საკითხებისადმი ინტერესი ან მინიმუმამდეა დასული, ან სულაც მივიწყებულია და ჩანაცვლებულია ისეთი „საჭირბოროტო“ ამბებით, როგორიცაა კიკნლაობა პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის, სხვადასხვა „ვარსკვლავის“ გარდერობი თუ სასიყვარულო ისტორიები...

საერთოდ, უნდა ითქვას, ერთგვარად, პარადოქსული ვითარებაა და პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ გზის მშენებლობის შესახებ ხელისუფლებაში მოკალათებულმა ზოგმა გვამმა პრესისგან შეიტყო.
თუმცა, არის კი რეალურად ასე?
იქნებ მართალია გრიგოლ ვაშაძის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცოდა, ყველაფერი უკვე შეთანხმებულია, ხოლო ახლა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიმდინარეობს...

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღონიას კომენტარი გავრცელდა.

„ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას ექნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციის დანიშნულების სახე, მაგრამ გამომდინარე იქედან, რა მდგომარეობაშიც განიხილება საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დღეის მდგომარეობით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს ოკუპანტ ქვეყნად, რომელსაც ტერიტორიის 20% თავის სამხედრო კონტროლქვეშ აქვს, რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, კითხვებს ბადებს“,- განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის რაიმე სახის დიალოგი არ შემდგარა.

ის რანგი, რომელიც აღნიშნულ ჩინოვნიკს საქართველოს მთავრობაში გააჩნია, წარმოშობს ვარაუდს, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელენობეში ყველა ცალსახად დადებითად ამ პროექტს არ უყურებს და ეს არაა ცუდი - შანსი, რომ პროექტი ჩიშალოს, შენარჩუნებულია.

გავრცელდა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ივლიანე ხაინდრავას მოსაზრებაც. მისი თქმით, ეს გზა რუსეთის მხრიდან ე. წ. რბილი ძალის დემონსტრირებაა და მილიტარისტულ პოტენციალს არ შეიცავს. რა იგულისხმება ამ რბილ ძალაში და რის სამსახურში დგას მისი დემონსტრირება, ხაინდრავას არ დაუკონკრეტებია. ხოლო ის მოსაზრება, რომ რუსეთის ეს ჩანაფიქრი სულაც არაა სამხედრო გეგმებთან კავშირში, ხაინდრავამ შემდეგი არგუმენტით გაამყარა:

„რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთში და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის.. ერთი ბაზა კიდევ სამხრეთით აქვთ და ეგ სავსებით საკმარისია, ვთქვათ, აგრესიული, მილიტარისტული განზრახვებისთვის."

ვერაფერს იტყვი -  არგუმენტირებული მოსაზრებაა. ეგეც არ იყოს, თუ გზა მხოლოდ რუსეთის მხრიდან აიგო, ხოლო საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე არაფერი ააშენა, იყოს რა - მოადგნენ, კახეთის  თვალწარმტაც ხედებს გადმოხედონ და ბასტა.
მაგრამ საქმეც სწორედ ეგაა, რომ ეს დღეებია საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს ცალსახად არ განუცხადებია, რომ ჩვენი ქვეყანა არ მონაწილეობს ამ პროექტში. გვესმის მხოლოდ მარჩიელობას მიმსგავსებული კომენტარები, რაც ან იმას ნიშნავს, რომ არავინ არაფრის აზრზე არაა (და ეს ძალიან ცუდია), ან იმას, რომ ნაცარს თვალებში მუჭებით გვაყრიან (და ეს კიდევ უარესია).

და მაინც, არის რაიმე საფრთხე, რომელსაც აღნიშნული საავტომობილო მაგისტრალი შეიცავს?

ალბათ ბევრმა თქვენგანმა ნახა სომხეთში გამართული შეხვედრის ამსახველი ვიდეო, რომელიც ლამის ქართულენოვანი სოციალური ქსელის (მეტწილად, ქართული facebook-ის) ჰიტად იქცა.





























„თანამშრომლობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში“ - ასე ერქვა ღონისძიებას, სადაც რუსმა ექსპერტმა, ვინმე მიხაილ ჩერნოვმა („სტრატეგიული კონიუქტურის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე) ცალსახად და დაბეჯითებით განაცხადა, რომ შორს არაა ის დრო, როდესაც რუსეთს და სომხეთს სახმელეთო საზღვარი ექნებათო.

გეოგრაფიის ზედმიწევნით ცოდნა სულაც არაა საჭირო, რომ მივხვდეთ - ამ გეგმის მიხედვით, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, არსებობა უნდა შეწყვიტოს.
ის, რომ ეს კრემლის დიდი ხნის ოცნებაა, ყველამ ვიცით. არც ისაა დასამალი, რომ ჩვენს მეზობლადაც, არა ერთ პოლიტიკოსს, ექსპერტს თუ რიგით მოქალაქეს აქვს ამგვარი ნატვრა. ანუ, ეს აღარავის უკვირს, მაგრამ არის კი კავშირი ამ განზრახვასა და გზის შენებლობას შორის?

მოგეხსენებათ, და ეს ზემოთაც ითქვა, რუსეთს საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები უკვე ხელთ აქვს - ის აკონტროლებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს (თავისი როკის გვირაბით).

მაშ, რაღა საჭიროა ეს მესამე „დერეფანი“?

ან, კიდევ უფრო საინტერესო შეკითხვა: ვის დაჭირდა ჯერ კიდევ იანვარში სომხეთში გამართულ ამ ღონისძიებაზე გამოთქმული უტოპიური აზრების მიბმა პროექტთან, რომელიც ჯერ მხოლოდ ქაღალდზეა? ან იქნებ ეს პრევენციაა? მაშინ მისაღებია, რადგან ე. წ. საქართველოს სამხედრო გზას (военно-грузинская дорога) თავი რომ დავანებოთ, როკის გვირაბის მწარე გამოცდილება მთლად ახალი ავი მოგონებაა და ყველამ კარგად ვიცით თუ რატომ, რა მიზნით აშენებს ხოლმე რუსეთი გზებს, გვირაბებსა და ხიდებს.

მართალია ოდნავ შესამჩნევად, მაგრამ, მაინც - ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის, არ გეჩვენებათ?
მთავარია, გაირკვეს ვისი პროვოკაციაა და რას ემსახურება იგი.

და თუ ეს ასე არაა და კულუარებში (და არა ოფიციალურ დონეზე) საკითხი მართლაც განიხილება, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს ერთი რამ:

ის, თუ ვინ ეწინააღმდეგება ამ გზის იდეას საქართველოს ხელისუფლებაში მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ვინაა ის, ვინც ლობირებს?

წესით, ეს მალევე უნდა გამოჩნდეს და დაკვირვებულ მაყურებელსა თუ მკითხველს ნამდვილად არ გამორჩება, მაგრამ აქვე, ჩნდება მორიგი კითხვაც: ის ჯგუფი (თუ პირი), ვინც ლობირებს და ის, ვინც რვათვისწინანდელი ბოდვის ხელახალ ტირაჟირებასა და ამ თემასთან დაკავშირებას ცდილობს, ორივე საქართველოს ხელისუფლებაშია?
თუ კი მოწინააღმდეგენიც ხელისუფლების წარმომადგენლები გახლავან, გამოდის, რომ მათ მოკავშირე ოპოზიციაში ჰყავთ, რადგან ამ „ფრონტზე“ მეტ-ნაკლები აქტიურობა სწორედ მათგან შეინიშნება.

 

აქვე დავამატებ, რომ თავად დაღესტანში, მოსახლეობის უმეტესობა ამ იდეას აღმაფრენით შეხვდა - სხვადასხვა ინტერნეტრესურსებზე საუბრობენ გზის ეკონომიკურ პოტენციალზე, დაღესტნის შიდადანიშნულების გზების ამ მაგისტრალთან მიერთებაზე, თურქეთისკენ მიმავალი გზის დამოკლებაზე და ა. შ.

პროექტის საერთო ღირებულებად 30 მლრდ. რუბლი დასახელდა, თუმცა დაფინანსების კონკრეტული წყარო ჯერაც გაურკვეველია.
ის ფაქტი, რომ დაფინანსების გარეშე და ჯერ მხოლოდ ინჟინერულ-გეოლოგიურ ნახაზებზე არსებული იდეის ირგვლივ აჟიოტაჟი შეიქმნა, თავისმხრივ, ასევე ბევრ კითხვას ბადებს.

მიეცი ტანკსა გზა ფართო? 

კოტე ნიშნიანიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

13.10.2014

​და კიდევ, რამდენიმე შეკითხვა

bottom of page