top of page

ამ ამბის შეხსენება საჭიროდ იმიტომ მიმაჩნია, რომ დავმშვიდდეთ, ეჭვები გაგვიქრეს, უფალს მივენდოთ და არ შეგვეშინდეს იმის, რაც არაა საშიში.
ცხადია მესმის, რომ ნებისმიერ მატიანეს (და არა მხოლოდ ქართულს) ზოგჯერ გადაჭარბება ახასიათებს და მით უფრო რელიგიის საკითებში - ამ ტექსტებს ხომ ძირითადად მონასტრებში წერდნენ - მაგრამ საკითხი ასე დგას: გჯერა? მაშ, მშვიდად იყავ. არ გჯერა? აბა, რაღა მნიშვნელობა აქვს...


წყარო: „ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი“/თამარ მეფის ისტორია

 

 

თამარის კარზე საზეიმო მიღება იყო. იქ გახლდათ მთელი არისტოკრატია, მღვდელმთავრები და თვით კათალიკოსი იოანე „სულმობერული“. კათალიკოსი უსისხლო მსხვერპლთშეწირვის რიტუალს ასრულებდა. ბოლოს, შეკრებილი საზოგადოება სეფისკვერის საჭმელად რიგს ჩაუდგა. იქვე იყვნენ ამ დროისათვის ფრიად განდიდებული ძმები მხარგრძელები - ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე. როდესაც რიგმა ზაქარიას მოუწია, „..მღვდელთა არა მისცეს, რამეთუ იყო სარწმუნეობითა სომეხი, შეჩვენებლთაგანი“. თუმცა ზაქარიამ ითავხედა და მაინც აიღო. „ცეცხლებრ“ გაბრაზებულმა კათალიკოსმა ამხილა იგი და, მოკლედ, რომ ვთქვა, ისიც და მისი სარწმუნოებაც გვარიანად გამოლანძღა.
შემდეგ სუფრას მიუსხდნენ და სერობა გაიმართა.დაბოღმილი ზაქარია „სიტყვითა ჰგმობდა სარწმუნეობას ჩვენსა“. პატრიარქის არგუმენტირებულ პასუხს მხარგრძელი ვერაფერს უპირისპირებდა და მხოლოდ იმით იფარგლებოდა, რომ აცხადებდა: მე სამხედრო ვარ და არ ვარ განსწავლულიო. ბოლოს კი ბრძანა, ჩემი სარწმუნოების მღვდემთავრებს მოვიხმობ და მათ „სირცხვილეულ გყონ“-ო.

ძმამ, ივანემ, დაუშალა - ნუ იზამ, ხომ იცი, რომ ამათი სარწმუნოებაა ჭეშმარიტიო, მაგრამ ამირსპასალარმა არ დაიშალა და თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ხალხი გაგზავნა.
სამეფო სასახლეში სომეხთა კათალიკოსი მობრძნდა. როგორც მემატიანე წერს, და ეს ძალიან საყურადღებოა, თამარმა და დავით სოსლანმა სომხეთიდან ჩამოსულ დელეგაციას „..პატივი უყვეს წესისაებრ“.

მეფემ დარბაზობა ბრძანა.
სომხები „სიტყვამჭევრად და გრძელსიტყვად“ საუბრობდნენ. ქართველი პატრიარქი არგუმენტირებულად პასუხობდა. პოლემიკა საღამომდე გაგრძელდა. რაღა თმა უნდა, იყო ვნებათაღელვა და პაექრობა. ბოლოს, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის, პურისა და ღვინის საკითხი დაისვა. ეს კამათის ის მომენტია, როდესაც მხარეები ერთმანეთს დაეთანხმენ. ეს იოანე კათოლიკოსის გენიალური სვლა იყო - სწორედ აქ დადგა გადამწყვეტი ჟამი.
„კათალიკოსმა თქვა:
- აქ უწყოდეთ, უკეთუ სარწმუნოება თქვენი უმჯობეს არს, თქვენ მიერ შეიცვალბის პური ხორცად უფლისად. თუ ჩვენი უმჯობეს არს, ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული შეიცვალების უფლისად.“
ოპონენტებს გამოსავალი აღარ დარჩათ და თანხმობა განაცხადეს.
ორი ძაღლი მოიყვანეს, სამი დღე აშიმშილეს და ეს დღეები ლიტანიობაში გაატარეს - ქართველებმა ქართულად და მათი წესით; სომხებმა კი სომურად და თავიანთი წესის შესაბამისად.

შემდეგ სეიკრიბენ. კათალიკოსის ბრძნებით, დამსწრე საზოგადოება წრიულად დადგა და ერთგვარი მოედანივით სივრცე შეიქმნა. მოიყვანეს ერთი ძაღლი. კათალიკოსმა „აღმოუტევა ხმა ბრწყინვალე“:
- ქრისტე მეუფეო, ხსნისთვის კაცთასა განკაცებულო, ჯვარცმულო ჩვენთვის, დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგვეც ხორცი შენი, რათა მოსახსენებლად შენთა ვყოფდეთ! შენ, მეუფეო, გნთავს სარწმუნოება ქართველთა, გნთავს სარწმუნოება ესე ჩვენი. შეუხებლად და მიუახლებად დაიცავ ზარისა ასახდელი ხორცი ესე შენი ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული! შენ უკვე შეიწირე შეუძვრელი ეგე და აჩვენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი და მოხედე მსხვერპლსა ამას და სირცხვილეულ ჰყვე წინააღმდგომნი ჩვენნი!“
ამის შემდეგ, კათალიკოსმა კვერი სამი დღის ნაშიმშილევ ძაღლს მიუგდო. ძაღლი უმალ ეცა, თუმცა ძლიერი ხმა და ყმუილი აღმოხდა და ვერ შეეხო.
ხოლო მეორე ძაღლის შემთხვევაში,მოხდა პირიქით.
იმ დღეს, იქვე, ასობით სომეხი მოინათლა და მათ შორის, ივანე მხარგრძელიც, თუმცა არა ზაქარია.

P.S. გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

ქართულ-სომხური რელიგიური დაპირისპირების ისტორიიდან

კოტე ნიშნიანიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

14.10.2013

160x600

bottom of page