top of page

აღმოსავლეთ რუსეთის შესაძლო ჩინეთიზაციაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასასრულს ალაპარაკდნენ. ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ცნობები ციმბირის ქალაქებში ჩინელების მასობრივ დასახლებაზე, ეკონომიკურ ექსპანსიაზე...

იღეჭებოდა ათასგვარი თეორია და მათ შორის, ყველაზე პოპულარული ის იყო, რომელიც პლანეტის ამ ნაწილს მონგოლოიდური რასის კუთვნილებად აცხადებდა და ისტორიულ-ბიოლოგიური სამართლიანობის გარდაუვალ აღდგენაზე აკეთებდა აქცენტს.

დღეს ეს თეორიები ლამის რეალობად იქცა და ამასთან დაკავშირებით, ყველაზე მეტი სწორედ რუსეთში იწერება. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ბოლო ხანს გაფრმებული ორმოცდაათამდე ხელშეკრულების დეტალები გაცხადდა.

ეს კაბალური პირობებია - აცხადებენ რუსი და დასავლელი ექსპერტები და შესაბამისი არგუმენტაციაც მოჰყავთ.

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ხელშეკრულების შედეგად გადაწყდა, რომ ორი ქვეყანა ერთობლივად ააგებს გაზსადენს „ციმბირის ძალა“, რომლის საერთო ღირებულებაც 55 მლრდ. დოლარია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაზის საფასურთან დაკავშირებით, ჯერ სიტყვაც არაა ნათქვამი და ეს რუსეთისთვის ძალიან წამგებიანი პოზიციაა - მას შედეგ, რაც გაზსადენის მშენებლობა დასრულდება, ჩინეთს თავისუფლად შეეძლება რუსეთს საკუთარი პირობები მოახვიოს თავს. საბოლოოდ კი კრემლს გაზსადენის ექსპლოტაციის სუბსიდირება მოუწევს. ცხადია, ახლა, როდესაც მშენებლობა ჯერ დაწყებულიც არაა, გაზის კონკრეტულ საფასურზე საუბარი ნაადრევია, თუმცა რაღაც ნიშნულებისა და მონახაზის გაკეთება არამც თუ სასურველი, არამედ აუცილებელიც გახლდათ და ეს არ უნდა დარჩენილიყო მხოლოდ მოლაპარაკების საგნად - ყოველივე დოკუმენტურად უნდა დაფიქსირებულიყო.

თუმცა სანქციებით გარშემორტყმული რუსეთი ახლა იმ პირობებში არაა, რომ ცალსახად საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს - ერთადერთი რაც მას ახლა დარჩენია, ესა თუნდაც იმიტაციის შექმნა, რომ ის მოქმედებს - ეს მას ესაჭიროება როგორც ქვეყნის შიგნით სადემონსტრაციოდ, ასევე ქვეყნის გარეთაც. გარდა ამისა, არც ჩინეთია იმ კალიბრის, რომ რუსეთმა თავის გემოზე მოირგოს. 

ახალ რუსულ-ჩინური ურთიერთობებში არის კიდევ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც უფრო ჩინური ინტერესების რეალიზაციის მანიშნებელია, ვიდრე რუსეთისა. მაგალითად, ახლახანს, ანუ ზემოაღნიშნული შეთანხმებების დადების ფარგლებში, „Роснефть“-მა ჩინეთისგან, მომავალ მიწოდებებზე გათვლით, 70 მლრდ. დოლარის სესხი აიღო. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ნედლეული, რომელიც ჯერ მოპოვებულიც არაა, უკვე გაიყიდა. ერთი შეხედვით, ეს რუსული მხარის გამარჯვებაა, მაგრამ სინამდვილეში, სულაც არა - რადგან კრედიტი აიღო კომპანიამ, რომლის პროდუქციის ფასი დღითიდღე ეცემა და ვინ იცის, რამდენ ხანს გაძლებს იგი - ეგებ გაკოტრდეს კიდეც. ჩინეთს კი, უზარმაზარი კრედიტის საფასურად, მომავალში შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი რამ - ვთქვათ, საკონტროლო წილი მომპოვებელ კომპანიებში, ანდა, სულაც ტერიტორიები.

ჰო, მართლა, რაც შეეხება წილებს - სწორედ ახლა ჩინეთმა მნიშვნელოვანი წილი მოითხოვა და მიიღო კიდეც ვანკორსკის საბადოზე, რომელიც ციმბირში ერთ-ერთი უმსხვილესია.

აგრეთვე აზიური გიგანტი ოლიგარხ ტიმჩენკოს მფლობელობაში მყოფი არქტიკული შელფის საბადოების მეწილეც გახდა.
და ეს ყველაფერი არაა - დღეს ჩინეთი უკვე მსოფლიოში უმსხვილესი სასუქმწრმოებელი კომპანიის, „Уралкалии“-ის თანამფლობელია.

რა გასაკვირია და ეს ე.წ. ჩინური ეკონომიკური ექსპანსია რუსულ საბანკო სექტორსაც გადასწვდა - სულ ახლახანს ჩინეთმა საკრედიტო ხაზები გაუხსნა „ვნეშეკონომბანკს“ და „ვნეშტორგბანკს“ და იცით რა მიზნით? იმისთვის, რომ მათ რუსული სამომხმარებლო ბაზრისთვის ჩინური პროდუქცია შეიძინონ.
ერთი სიტყვით, ჩინეთი ამჯერადაც კარგად სარგებლობს რუსეთის გამოუვალი მდგომარეობით, რომელიც მას დასავლური იზოლაციის გამო შეექმნა. რუსეთი კი, იგივე მიზეზით, იძულებულია აღმოსავლეთში თავისი ძირითადი კონკურენტის მისაღებში იჯდეს და ელოდოს, როგორც მინიმუმ, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, რათა თავიდან აიცილოს რეცესია.
ჩინეთი ამ ტრადიციულ დაპირისპირებაში მოგებული რჩება - მას გზა ეხსნება ორი სანუკვარი მიზნისკენ - იაფი ნედლეული და თანამედროვე შეიარაღება.

დიახ, შეიარაღება, რადგან უკვე აქტიური საუბრები მიდის იმის შესახებაც, რომ ჩინეთი რუსული სამხედრო ტექნიკის შეძენას გეგმავს. კერძოდ, უთითებენ სუპერთანამედროვე გამანადგურებლებს Cy-35, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს C-400 და უკანასკნელი მოდელის წყალქვეშა ნავებს.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ რუსზე ათი ჩინელი მოდის, ხოლო ჩინეთის მშპ 5-ჯერ აღემატება რუსეთისას, ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ განვითარდება მოვლენები“ - წერს ბორის ნემცოვი და იქვე დასძენს: “პროპაგანდისტები გაჰკივიან, რომ პუტინის მთავარი დამსახურება რუსეთის სუვერენიტეტის განმტკიცებაა, მაგრამ ეს უტიფარი ტყუილია - რუსეთი შეუქცევადად ხდება ჩინეთის კოლონია და კარგავს სუვერენიტეტს“.

სხვათა შორის, ძალიან საყურადღებოა ის კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დუმაში განსახილველად ახლახანს შევიდა. ის ხსნის ყოველგვარ ბარიერს სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, ვისაც რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში დასახლებისა და შრომის სურვილი გაუჩნდება. ალბათ რთული წარმოსადგენი არაა, თუ რომელი მეზობელი ქვეყნის მუშახელი მიაწყდება შორეული აღმოსავლეთის სამუშაო ადგილებს.

აღმოსავლეთ რუსეთი - ნედლეულით მდიდარი ახალი ჩინური პროვინცია?

კოტე ნიშნიანიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

16.10.2014

bottom of page