top of page

აი, პირველად მაშინ იგრძნო, რომ მის თავს რაღაცა ხდებოდა. ეჭვი არ იყო: გახელილი თვალებით „ეკრანზე” სიზმრის გაგრძელებას  შესცქეროდა, რომელიც  საკვირველი  ძალით „უკიდეგანო სივრციდან” მის საძინებელში გადმონაცვლებულიყო.

თუ რა ხდებოდა `ეკრანზე”, ახლა სრულებით აღარ ადარდებდა, საფიქრალი და სადარდებელი, სხვა რამ გასჩენოდა.

„რა ხდება, ეს რაღა ჯანდაბაა?!”

„ჯუბასპა“. 2002 წ

 

რაჭაში ვარ - დღეს ჩამოვედი, საღამო ხანს. ასე, შვიდისკენ...

გრილა. 

სანამ ჩამოვბარგდი, სურსათ-სანოვაგე ჩამოვცალე, სანამ დებმა ოთახი მომიმზადეს, მოსაღამოვდა კიდეც. სირაჩხანისკენ ავიღე გეზი და მზეც მიეფარა ჰორიზონტს.

ნახევარ გზაზე ვიყავი, როდესაც ბიძაჩემის ხმა გავიგე - ჩემს ბიძაშვილს, თავის შვილს, ლევანიკას შეეხმიანა და ჩვენც მოვტრიალდით კალოზე.

„კალო“, ჩემს სოფელში იმ მინდორს ჰქვია, სადაც ახლა ფეხბურთის მოედანი გაუმართავთ ახალგაზდრებს.

ბავშვობაში მახსოვს, კალოზე ფარდული იდგა, კრამიტით გადახურული, და ადგილობრივი გლეხობა იქ თივას და შეშას ინახავდა. მზისა და წვიმისგან იცავდა. იქვე იყო მოწყობილი სახერხი, ამზადებდნენ ფიცარს, თლიდნენ კოჭებს... ოღონდ იმდენს, რომ მხოლოდ სოფელს ჰყოფნოდა.
ზოგს სახლის გამართვა სურდა, ზოგს მესერის შეკეთება, ყანებს და ბაღებს ღობავდნენ და ა. შ.
აკი ვთქვი - არავითარი კომერცია - მხოლოდ საჭიროების მიხედვით.

ახლა ხეს ვერ შეეხები - ვერც საღს და ვერც გამხმარს. ეგრეთწოდებული ბილეთი გჭირდება, რომელსაც სატყეო დეპარტამენტში გამოგიწერენ. შემდეგ მეტყევე დაგჭირდება, ხე რომ მოგინიშნოს და თანაც ისეთ ადგილას, რომ ტყეში შესვლა და ხარების შეყვანა შესძლო.
მერე ხარებმა უნდა იყოჩაღონ, რომ მობეჭდილი და უკვე მოჭრილი ხე ტყიდან გამოიტანო და ასე...
ძნელია სოფელში გამოზამთრება. ჰოდა, იცლება სოფელი - ზამთარში ათიოდე სახლიდან თუ ამოდის „ბურჟუიკაში“ დანთებული ცეცხლის კვამლი.

სოფელში ამბობენ, ხელისუფალს ტყე ურჩევნია ადამიანსო.

რატომ-მეთქი?

- აბა, საქმეა?.. ტყეში ცხოვრობდე და გასათბობი შეშა სახვეწარი გქონდეს?! თუ დაგიჭირეს, ჯარიმებია უსაშველო.

- ხომ გინიშნავენ საშეშე ხეებს?

- როდის? წვიმები რომ დაიწყება მაშინ, როცა ვერც ტყეში შეხვალ და ვერც ხარებს შეიყვან?! გაიძახიან: დაიჭირეთ-დაიჭირეთო! საიონტერესოა, ვის იჭერენ - პენსიონერების გარდა, ზამთარში სოფელში არავის რჩება...

- ადრე როგორ იყო?

- კომუნისტების დროს, სოფელს თავისი ტყე ჰქონდა მოზომილი და იქიდან საზრდოობდა, რამდენიც სოფელს სჭირდებოდა იმდენს ვჭრიდით. მერე აირია ყველაფერი და „სამასალე“  ხის გამო შეესიენ ტყეებს სამხერხაოები. ამიტომაც შემოიღეს ჯარიმები, მაგრამ დაზარალებული ისევ გლეხობა დარჩა, ვისაც სამასალედ (საპარკეტედ, საავეჯედ, სამშენებლო საჭიროებისთვის) სჭირდება ხე-ტყე, ის ისევ შოულობს მასალას. ფაქტია, „ელიავას ბაზრობა“ გაჯერებულია და დეფიციტი არავის უგრძვნია, მაგრამ გლეხი თუ გავიდა ეზოდან და ოც მეტრში გამხმარი ფიჭვა მოჭრა, მას დააჯარიმებენ.  

- მერე, შეაწუხეთ დეპუტატი, გამგებელი, გააგებინეთ.

- რა გითხრა, ადგილობრივებმა იციან ყველაფერი, მაგრამ დედაქალაქის გარეშე, ნაბიჯს ვერ დგავენ, ეშინიათ.

- ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მოგვარდება ალბათ...

- ქე მოგვარდება, მაგრამ მოგვადგა, ბოშუნა, სიცივე...


(ინფორმაციისთვის: ჩემს სოფელში სექტემბრის შუა რიცხვებში მოუბეჭდეს ხალხს საშეშე ხეები)

მოკლედ, მეტი ოპერატიულობა არის საჭირო და თან, კანონის მიღება, რომელიც კვლავ დაუბრუნებს სოფლებს საკუთარ ტყეს, როგორც  წითელი კომისრების პერიოდში, როდესაც სოფელი ავტონომიურად სარგებლობდა საკუთარი სავარგულით. ხოლო პენსიონერების დაჭერის მოსურნე ქალაქელი ხელმძღვანელი, ზამთარში სოფელში უნდა დატოვო და აგრძნობინო ძვლამდე გამჭოლი ყინვა - მერე ვნახოთ, როგორ იჭიკჭიკებს ეგ ოღრაში.

ჰოდა, კალოზე ვართ მე და ლეო, სადაც ახლა არც ფარდულია და არც სახერხი. სამაგიეროდ, ახალგაზრდები თამაშობენ ფეხბურთს - ვენაცვალე ჯიგარში!

ბიძაჩემისკენ ნელი ნაბიჯით დავეშვით, რომელიც ეკლესიის კარიბჭიდან ასე, ასიოდ მეტრში იდგა.

საქონელი დარჩენილა ტყეში, არ დაბრუნებულან სოფელში და ახლა ლევანს ავალებდა, ტყეში მათ საძებრად წასვლას.

გამოგყვები-თქო, ვუთხარი ლევანს.

დაიღლებიო, მიპასუხა.

შენ მაგაზე ნუ იდარდებ, ვივლი-მეთქი და გზას გავყევით.

ბნელოდა. ბიძაჩემს ფარანი გამოვართვით და ტყეში შევედით.

ყოფილხართ რაჭის ტყეში ღამით, სოფლიდან რამოდენიმე კილომეტრებით დაშორებული?

რაღაც მომენტში შეიძლება შიშმა აგიტანოს და უკან-უკან მიგახედოს, მოგაჩვენოს მაჯლაჯუნები.

ბიძაჩემი ამირანი, ზუსტად იმდენით არის ჩემზე უფროსი, რამდენითაც მე ვარ უფროსი ლევანზე.

ლევანი ოცდათორმეტი წლისაა.

შეკითხვა გასართობად, მათემატიკური: რამდენი წლის ვარ მე?

ნავარჯიშები რომ არ ვიყო, ვერ გავუძლებდი სიარულის მის ტემპს. მართალია, ლევანი  რაჭველია და დინჯად მიიწევს წინ, მაგრამ მისი სიარულის ტემპი ჩემთვის მაინც ჩქარია.

„გოგილაურთან“ გავივაკეთ და ახლა ოდნავ დამრეც ფერდს შევუყევით. მაგ დროს გამეხსნა მეორე სუნთქვა და მეშველა.

საათნახევარი ვიყავით ტყეში. მადლობა ღმერთს, მალე ვიპოვეთ ხარები.

სახლში ძალზედ დაღლილი დავბრუნდი... იმ იმედით, რომ ასეთ „კროსს“ კვალავაც გავიმეორებდი.

„გოგილაურზე“, ანუ უკანა გზაზე, გავჩერდი და ცას დავუწყე ყურება.

ზემო კრიხში ისეთი ღამის ცაა, რომ ერთს შეხედავ და თვალს ვეღარ მოსწყვეტ, წუთში ხუთამდე ვარსკვლავი წყდება - ცოცხალია კოსმოსი, მოძრაობაა, სიჩქარე!

და ამას რომ უყურებ, მრავალი აზრი მოგდის თავში.

და შენც გაგიელვებს, ფილოსოფოსთა უმთავრესი კითხვა: რატომ?

მოვემზადე და, როდესაც მორიგმა ვარსკვლავმა გადაჭრა ცის კაბადონი და, სამ წამიანი ცეცხლოვანი კუდი დატოვა ჩემს თვალსაწიერზე, მოვასწარი ჩაფიქრება:
დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ ერთხელ ასეთ მოგზაურობაში.

ახლა, როდესაც ამას ვწერ, ვერანდაზე ვზივარ, სახლში. ხმაური გავიგე.

ეზოში, ჩემი ნათლულის უმცროსი ძმა, ბექა გამოჩნდა, მხარზე თოფგადაკიდებული.

ღამეა. 3 საათი.

სად მიდიხარ თოფით-თქვა, (ეს რაჭულით)

ველევში უნდა გადავიდეთ ბიჭები. ძაღლი დამეკარგა, იმის საძებნელად მივდივართ და თან ცხენებზე ვიჭენავებთო.

ცხენების რა მოგახსენოთ და ფეხით კი ვივლიდი.

რა სწრაფად ამისრულდა ნატვრა?

ტყიდან ერთი საათის მოსული ვარ. სისხლი მიდუღს.

„მაგარია! ახალგაზრდებს გავყვები, ვნახოთ მათ ტემპს თუ გავუძლებ?“

- რამდენია ველევამდე?

- შვიდი იქით, შვიდი აქეთ.

- ჯვრიდან?

ცნობისთვის, ჩვენში „ჯვარი“ ჰქვია ადგილს, სადაც ადრე, ჩემს ჭაბუკობაში, იდგა ათასწლოვა მუხა, რომელსაც დიდრონი, ორმოცდაათმეტრიანი ტოტები ჯვარედინად ჰქონდა გადაჯაჭვული, თითქოს ზემოდან ჰფარავდა და იცავდა სოფელს. ჰოდა, სანამ ცოცხალი იყო, ასე ვეძახდით ბერმუხას - „ჯვარი“. ახლა კი იმ ადგილს ვეძახით, სადაც მუხა იდგა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ მეხი დაეცა და ისეთი ამაღლებული სიკვდილით დაასრულა თავისი სიცოცხლე, რომ, როგორც ჭაბუა ამირეჯიბი იტყოდა, -ზოგ ხეს, ძმაო თიყვა, ადამიანებზე ლამაზად შეუძლიათ სიკვდილი, სიცოცხლე ხომ შეუძლიათ და შეუძლიათო.

მთელი სოფელი იყო გამოსული ამ სანახაობის საცქერლად. ბოლომდე დაიწვა მუხა. 

 - ჯვრამდე კიდევ კილომეტრემდეა - მივიღე პასუხად.
 „ხომ არ გავყვე“? - - გავიფიქრე.

რაც ნაკლები გძინავს, მეტს ცხოვრობ.

ანუკასთან, ჩემს დასთან, და ელენესთან, ჩემს დიშვილთან ერთად დავითვალე და სამი საათით ნაკლები ძილი, ოც წელიწადში, ორწელიწადნახევარ დრო-სიცოცხლეს გაგებინებს.

ამიტომ, ახლა მე სირაჩხანაში წავალ, ლევანიც იქ არის, ჩემი ბიძაშვილი და ერთად გადავწყვეტთ, გავყვეთ თუ არა ბავშვებს.

(გახსენებთ: მე და ლეო, ტყეში საქონელზე უკვე ვიყავით).

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, - გავყევი ახალგაზრდებს!

ლევანს მეორე დღეს საქმე ჰქონდა და ვერ წამოვიდა.

რვა კილომეტრი იქით, რვა აქეთ, უღრან ტყეში, აქედან აღმართში, იქიდან დაღმართში. მაგრამ სიამოვნება მივიღე უშველებელი.

ულამაზესი სოფელია ველევი, ულამაზესი მინდვრებით და სამოცი მეტრი სიმაღლის ნაძვებით. გასაოცარი სილამაზე ვნახე.

ველევში დილის ექვსს საათზე ვიყავით. პური გავტეხეთ: რაჭული მთის ყველი, ოჯახის  პური, სოფლის ხახვი და ქლიავის არაყი.

ცხენებსაც მივეარშიყეთ, მოვეფერეთ და ვიჯირითედ კიდეც.

საუზმის შემდეგ ცოტა დავისვენეთ, მდელოზე წაუძინეთ და, გამოღვიძებულნი, ზემო კრიხისკენ დავეშვით. დილით ათზე უკვე სახლში ვიყავი. 2 საათი კიდევ დავიძინე და დღის სამ საათზე ბავშვებს და ჩემს პატარა დაიკოს, ანუკას, მდინარე კრიხულაზე ჩავაკითხე. ბანაობის შემდეგ მთაში ფეხით დაბრუნება დაღლიდათ, ამიტომაც შევეხიდე.

მდინარის პირას, კრიხულაში ჩაციებული საზამთრო მივირთვით, ვიჭყუმპალავეთ და საღამო ხანს, უკვე ზემო კრიხში სუფრას ვუჯექით და შამფურზე წამოცმულ ბურვაკის მწვადს შევექცეოდით, „ტაია-ტაიას“ ვმღეროდით და ამ ლამაზი ლექსის თანხლებით, სიცოცხლის სადრეგრძელოს ვამბობდით:

სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,

მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,

მტერიცა გვყავდეს, მოყვარეც გვყავდეს,

მაგრამ არც ერთთან ვჭამოთ სირცხვილი!

 

უფალი გფარავდეთ და ზემოკრიხის მთავარანგელოზი გეწეოდეთ!

 

P.S. ჩემს დაიკოსთან, ანნა დოლიძესთან საუბარი მქონდა.

თურმე დასავლეთში, ევროპასა და ამერიკაში, სახელმწიფო სექტორში, ფულადი პრემიის გამოწერა მიღებული საქმე ყოფილა, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით:

სამსახურში, უშუალოდ შენს უფროსს შენთვის პრემიის გამოწერა არ შეუძლია - უფლება არ აქვს. მოსამსახურეები ასეთ ფაქტს შეურაცხმყოფელად აღიქვამენ და აი, რატომ: პრემიის მოცემის მოტივით, ხელმძღვანელმა შესაძლოა გაცილებით ბევრი გამუშაოს, - სპეციალურად! - და შემდეგ, ეს ზედმეტად დატვირთული დრო, მცირე პრემიით აგინაზრაუროს, რომლის ოდენობასაც თავად განგისაზღვრავს. ამ ნაბიჯს, თანამშრომლები თავისუფლებისა და ღირსების შელახვად აფასებენ.

ამიტომ, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენს მეგობრებს, აქვთ ჩამოყალიბებული სპეციალური შუალედური სახელმწიფო რგოლი, რომელიც არის კომპეტენტური პრემიების გაცემა-არ გაცემის საკითხში.

ამ დეპარტამენტში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან შედის წერილობითი მოთხოვნა, - შესწავლილ იქნას, მაგალითად, სელკაიო ცეზეს პროფესიული მოღვაწეობა, რათა მიეცეს მას პრემიალური ანაზღაურება. მოთხოვნის მიღების შემდეგ, დეპარტამენტიდან მოთხოვნის გამომგზავნ უწყებაში კომისიას მიავლენენ და ეს ნეიტრალური და დამოუკიდებელი ჯგუფი საპრემიოდ წარდგენილი მოხელის საქმიანობას შეისწავლის.
დააკვირდებიან, გამოიკვლევენ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს და ციფრებში გადაიყვანენ მოხელის მიერ გაწეულ ღვაწლს. მხოლოდ ამის მერე დგება „ვერდიქტი“ - გაიცეს პრემია თუ არა.
თუ საქართველოში ეს უწყება - შუალედური რგოლი - არ ჩამოყალიბდება, მის გარეშე მთავრობის მიერ წარმოდგენილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი „პრემიების გაცემის შესახებ“, მხოლოდ ზიანს მოუტანს, როგორც სახელმწიფო სექტორში მომუშავე ადამიანებს, ისე ქვეყანას.

ასე მითხრა ჩემმა  იურისპრუდენციის დოქტორმა დაიკომ.
 

P.P.S. კაკუნ-კაკუნ!

გაიგეთ ლომებო?

ისე, ნათქვამია: ლომებს არასდროს ადარდებთ რას ფიქრობენ მათზე ცხვრებიო.

მაგრამ, თქვენ ხომ ლომები ვერ ხართ, ვერ ლომობთ, ვერ ივარგეთ, და არც ჩვენ ვართ ცხვრები.

თქვენ ის ხალხი ხართ, საკუთარ თავს პრემიას რომ უწერს, გაჭირვებული ქართველი ხალხის ფულით.

ამიტომაც, უნდა გადარდებდეთ ჩვენი აზრი

უფროსო, გამომიწერ პრემიას?

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

27.09.2014

bottom of page