top of page

„ორმოცმაც“ გაირა. ისევ იქ ვდგავარ, ილიას საფლავთან, მთაწმინდაზე. იგივე ხალხი. საკმაოდ შემცირებული რაოდენობით. მამაო პანაშვიდს იხდის, ისმის გალობა. მრავალი რამ მოხდა ამ ორმოც დღეში.

 

ქალაქის მერი გადააყენეს. 

ყოფილი პრემიერი ციხიდან „გაიტაცეს“ (ბრჭყალებში იმიტომ, რომ მერე უკან დააბრუნეს). 

ყალბ დედებსა და ჩვილ ბავშვთა ვაჭრობას უქომაგეს.

ხელისუფალი „უმრავლესობას“ შეხვდა, რომელთა უმრავლესობაც გაუგებრობაშია: თბილისის შენობებს ქუთაისის მისამართებს ანიჭებენ.

ებრაელი ბიჭუნაც, ხაზინადარიც დაიჭირეს.

„ნაცებმა“ კვლავ უტიფრად თავი იმართლეს, ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით, პატარკაციშვილის ოჯახსა და მათ შორის გაფორმებულ მემორანდუმისა გამო.

ახალი პროკურორი გაუშვეს.

ახალიც მოყავთ, კახელი ყოფილა.

უკრაინაში ხალხი დახოცა მთავრობამ. არეულობაა. ომის პირას არიან...

 

„ოდეს კნინ იქმნა ზნეობა და მიიტაცა სულმოკლებამან უფლება განსჯა-განგებისა საქმეთა, სულგრძელობისა მიერ განსაგებელთა  —  ჰრქვეს კაცთა: 

- ვიეთთაგან მოვიღო ჩემდა რგება ნივთიერი, იგი იყვნენ მოყვასნი ჩემნი!“

 

მთაწმინდაზე ხალხი ნელ-ნელ მატულობს, მე ოდნავ მოშორებით, ილიას საფლავთან ვდგავარ და ჭაბუას ვიხსენებ. ის დღე გამახსენდა, დაკრძალვის...

ჩემი ფიქრებიც გამახსენდა...

 

სამებიდან მოვდივარ, ბარბარობა დღეა, ფეხით მოვაბიჯებთ, დინჯად, არსადაც არ გვეჩქარება, - ჭაბუა ამირეჯიბს მივასვენებთ მთაწმინდაზე, პანთეონში უნდა დავკრძალოთ ღირსეული მამულიშვილი.

ხალხი მრავლადაა. არ დავმალავ და მეტი ხალხის მოსვლას ველოდი. რატომღაც მეგონა და ახლაც მგონია, რომ მთელი საქართველო უნდა მოსულიყო ამ ბუმბერაზი ადამიანის გასაცილებლად,  კაცისა რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა, დაგვანახა, გვაგრძნობინა, გვასიამოვნა, ჩაგვაფიქრა...

მაგრამ მაინც ბევრი ხალხია...

ხელისუფლებამ ტრანსპორტის მოძრაობა გადაამისამართა და გზაც გაათავისუფლა...

ავლაბრის დაღმართს დავუყევით. აქედან ქალაქის ულამაზესი ხედია, საჩინო...  

(ეს ორი უშველებელი მილი, რიყეზე, უადგილოდ არის ჩაკვეხებული, სხვაგან დაედგათ აჯობებდა).

პროცესიას ყოფილი პრემიერიც ესწრება მეუღლითურთ. 

„ოპერამდე ფეხით ვივლით და იქიდან ალბათ მანქანაში გადაასვენებენ, მთაწმინდაზე ასაყვანად“, მესმის შორიახლოდან და გულში ვფიქრობ „ოპერიდან რაღაა... ავიყვანოთ ფეხით...  ჭაბუაა! მეტი რის გაკეთებას შევძლებთ, ბოლომდე ვცეთ პატივი“...

მაგრამ გულში აზრი შემეპარა „ბიძო თუ დაიღალა, შეიძლება მართლაც „კატაფალკით“ მოგვიწიოს აყვანა... მიდი, ბიძო არ დაიღალო“...

თან ვიხსენებ...
მოსე ზამთარაძე, არქიფო სეთური, იასე ბერი, ებრაელი მურდუხაი, ირაკლი ხურციძე, ნინო თავყელიშვილი, არზნევ მუსკია, ნიკიფორე ბუბუტეიშვილი, ალე

ქსი სნეგირი, ნიკანდრო ქირია, ასინათე, სპირიდონა სულანჯია, თიყვა ძაძუა, ბუდარა და ბუდარიხა, ბექარა ჯეირანაშვილი, ყანდური, დასტურიძე, კი-კუ, ძობა, დურუ, კახა ჩხეტია, შალვა ზარანდია, პოლკოვნიკი სახნოვი, გრაფი სეგედი, მუშნი ზარანდია, დედა ეფემია... კიდევ რამდენი სახე და რამდენი ისტორიაა...გორამ ბორგალი... გიორგი ბრწყინვალე...საგულისხმოა, რომ „თუთაშხიაში“, ნაწარმოებში, ჭაბუამ, მუშნი ზარანდიას, არცერთი ამბავი არ ათქმევინა, მისი მხრიდან, მისი პირით არ ისაუბრა... და არც დათასი...

 

„...ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს, მაშინ ყოველი მათგანი თავის შესაძლებლობებს საკუთარი ზნეობის თანახმად გამოიყენებს. ადამიანის ნამოქმედარის ღირებულება მისი ზნეობის  ღირებულებით  განისაზღვრება“...

 

...ეს მხოლოდ მუშნის და დათას არ ეხება, ჩვენთვის არის ნათქვამი და ჩვენც გვეკუთვნის. 

 

ოპერას მივუახლოვდით და პროცესია ფეხით აუყვა ჭავჭავაძის ქუჩას. გამიხარდა, დავმშვიდდი, შემრცხვა კიდეც, განა ყველა აქ მყოფი ჩემნაირად არ იფიქრებდა, განა ყველა პატივის მისაგებად არ არის მოსული?

ბიძომაც გაასწორა... ყვარებია ჭაბუა...

 

„...გარნა იმატა უფრორე:

გამცემლობამან ძმათა და მრუშებამან მეუღლეთა;

უმადურებამან მადლფენილთა და ამპარტავნებამან ხელისუფალთა;

ლიქნმან ხელქვეითთა და მზაკვრობამან მეცნიერთა;

სიმდიდრისა წყურვილმან მცონარეთა, აღზევებისა სურვილმან უმეცართა და სიცრუვემან მერჯულეთა“
.ანუ ეს ყველაფერი საშინელება და სირცხვილი, ჭაბუას სიტყვით, ისედაც ყოფილა, მაგრამ მერე უფრო იმატაო...

საინტერესოა, - რბილად რომ ვთქვათ.

საინტერესო კი იმიტომ არის, რომ  ამ უმსგავსოებისა და უტიფრობის გამრავლებას, ამ ჯოჯოხეთურ მანკიერებათა აღზევებას, უწმინდურობისა და ბოროტების გაბევრებას საფუძვლად და მიზეზად სიკეთე ქცეოდა.

ჩამაფიქრებელია.

განათლების სამინისტროს მინდა მივმართო: შეიტანეთ „დათა თუთაშხია“ სასწავლო პროგრამაში! მხოლოდ ნაგლეჯ-ნაგლეჯი არა,- მთლიანად შეიტანეთ!

(ამისათვის კი მასწავლებლების მომზადებაც გახდება საჭირო - ხოდა ზუსტადაც, წაადგებათ ჩვენს მასწავლებლებს...)

 

სინამდვილეც გარშემო გვაკრავს: იმატა კაცთა „ბოზობამ“, ქალთა ბოზობამ, უმადურობამ, ხელისუფალის ამპარტავნებამ, ქვეშაძრომიობამ, ჭკვიანი და ნაკითხი ხალხის მზაკვრობამ, მეცნიერების უკუღმართად ქადაგებამ, „რა გინდ ფასად“ გამდიდრების წყურვილმა, ბრიყვთა და უკითხავთა გადიდკაცობის წადილმა და რჯულის მიმდევართა მიქარვამ... ვინც გასარგებლებს, ის ხდება შენი მოყვარე...  

იქნება და იკადროს ვინმემ და არ დამეთანხმოს! 

- ნუთუ ჩვენს სინამდვილეშიც უდევს ამ ბოროტების გამრავლებას საფუძვლად სიკეთე? მრავალი რამ ხდება ირგვლივ, ცუდიც და კარგიც, სახალისოც და სატირალიც, მსუბუქიც და მძიმეც, მაგრამ არაფერი ისე არ მხვდება თვალში, როგორც ტყუილის აღზევება, სიცრუის მანქანება, უმართლობის მოურიდებლობა...„...აღიარა ერმან განმგებლად და მორიგედ ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ურჩხული იგი საშინელი. საზრდელი მისი - სული და ხორცი კაცთა. მუცელი მისი - აღუვსებელი მარად. არა იყო იგი არსება ერთი და ნადირი ხორციელი, არამედ სული კრებითი, არსი მყოფი კაცთა წიაღსა შინა, ვითა წახნაგთაგანი ერთი მისი, განძლიერებული აწ“.
წინასწარმეტყველებს ჭაბუა. მაშინაც ასე იყო, ბოლშევიკების შემოსევის დროს, მერე სტალინიზმის, მერე უძრაობის ხანაში, 90-იანებში და უახლეს წარსულშიც,  და არც ახლა ეტყობა, რომ ვინმე ებრძოდეს ურჩხულს. ვერ განგვიგდია სულიერი მონობის უღელი.  

მთაწმინდაზე ვარ, უფალო შემიწყალე, რა ხალხი, რა კაცები და რა მანდილოსნები განისვენებენ ამ წმინდა მიწაზე?!

...ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნოდარ დუმბაძე, მუხრან მაჭავარიანი, მერაბ კოსტავა, ანნა კალანდაძე, ოლღა გურამიშვილი, ნინო ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ლადო გუდიაშვილი, ივანე ფალიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, გალაქტიონ ტაბიძე, დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნოკოლაძე... 

ყველას ვერ ჩამოვთვლი, შემინდეთ...

მამაო პანაშვიდს იხდის... ვემშვიდობები ჩემს უსაყვარლეს მწერალს, უდიდეს ქართველს, უვაჟკაცეს პიროვნებას, - ბერ დავითს, მზეჭაბუკ ამირეჯიბს...

გაანათლე უფალო მისი სული. 

 

„აღიღო შუბი თუთაშხამან, აღმხედრდა ჰუნესა თეთრსა ზედა და განიზრახა დათრგუნვა ბოროტისა ძალითა თვისითა, რამეთუ ღმერთი არა იყო თუთაშხა“...

 

ღმერთმა გისმინოს ჭაბუკა ბიძია, არ იდარდო, - დავიცავთ საქართველოს!

 

ვერაფერს დავამატებ.

გფარავდეთ უფალი.

 

P.S. ამის წინ ერთერთ გადაცემაში ორი ქართველი ადამიანი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ განიხილავდა. ორი ცნობილი მამრი. ფრიად სერიოზულად ბაასობდნენ ტარიელისა და ასმათის ურთიერთობებზე. საჯაროდ დასვეს ეს კითხვა: - რატომ არ შეიძლება განხილულ იქმნას ტარიელისა და ასმათის ურთიერთობა, როგორც გამიჯნურებული საყვარლებისაო... მივცეთ ახალგაზრდებს და მოზარდებს საშუალება ეს პოემა თავისებურად აღიქვან, როგორც მოესურვებათ, მიუსადაგონ XXI  საუკუნეს და ნუ შევბოჭავთ ჩარჩოებითო… 

მოდაზე ჩაცმულნი, პირდაპირ ეთერში, გრამატიკულად გამართული ბორძიკა ენით როშავდნენ ათას სისულელეს.   

აღარ გავაგრძელებ, - ვისაც მასეთი რამის დაშვება შეუძლია, იმისთვის არც და დობს და არც ძმა ძმობს, - ჩახდის და იხმარს!

ვის შევადრიდი, ამ ყაძახებს? 

- ბუდარას და სევას, ბუდარას მონა-ყმას...

 

P.P.S. „ჩვენი მამა-პაპა უმრავლეს შემთხვევაში იარაღით ხვდებოდა მტერს. დღევანდელი ქართველი ერიც ხომ მომავალი თაობების მამა-პაპაა და რად დაუკრეფია გულ-ხელი ნეტავი?“

მთაწმინდაზე

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

20.01.2014

160x600

160x600

bottom of page