top of page

„იყო დრო, როდესაც არ იყო...

მოვა დრო, როდესაც აღარ იქნება...

საოცარია არემარე, როდესაც განთიადზე, ლურჯი ზღვის ოქროსფერ სანაპიროზე, ქართველი მედოლე დოლს უკრავს...

მიმოიხედეთ, ყველაფერი ძალიან საოცარია, არა?!

დავბრუნდეთ უკან“... 

 

„სელკაიო ცეზე“
2001 წ.

 

არჩევნებმა ჩაიარა. ვულოცავ ყველას - გამარჯვებულებსაც და დამარცხებულებსაც, კმაყოფილებსაც და უკმაყოფილოებსაც, გახარებულებსაც და გაბრაზებულებსაც.
თუ ვინმე ამ მოლოცვისთვის „გამიბრაზდება“, მისი საქმეა, - მე გილოცავთ.
მაგრამ, არჩევნებზე ბევრი არ მივიდა, მიზეზიც მხოლოდ მათ იციან...
„ბოროტებაა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა ადამიანს, მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი წაართვა მას“ - რობერტ საბატიე
„არასოდეს იმდენს არ ცრუობენ, რამდენსაც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ“ - ოტტო ფონ ბისმარკი.
„სამწუხაროდ, კულტურული და პოლიტიკურად მომზადებული ადამიანი ირგვლივ ცოტაა. არ მინდა გამოვიყენო სიტყვა „ინტელიგენცია“. რომელსაც ვერ ვიტან, განსაკუთრებით იმ თვითტკბობის ინტონაციით, რომლითაც მას წარმოთქვამენ ხოლმე. განსაკუთრებული აღტაცებით ამ სიტყვას რუსულად წარმოთქვამენ. იგი ევროპულ ენებში არ არსებობს, ჩვენთან კი ლამის სექსუალური, ეროტიული სიამოვნება ახლავს თან, მძულს ეს თვითტკბობის გრძნობა. მე კომპეტენტურ, მოზრდილ ადამიანებზე მოგახსენებთ. ისინი ცოტანი არიან...“ - მერაბ მამარდაშვილი.

თემის გაგრძელებას აზრი არ აქვს - ახალს, მაინც ვერაფერს ვიტყვი. 
არ მინდა პესიმიზმი დამწამოთ. პირიქით - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედის თვალით შევყურებ მომავალს, მაგრამ...
ეს ციტატებიც ჩამაფიქრებელია. ამიტომაც, სჯობს თემა შევცვალო და, მაგალითად, მშენებლობაზე გაგესაუბროთ.
მშენებლობა, როგორც პროცესი, ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის ინდიკატორია. მისი მასშტაბი, ხარისხი და სისწრაფე პირდაპირ მანიშნებელია სახელმწიფოს განვითარების დონისა, მისი ცივილიზირებულობისა.
საქართველოსთან მიმართებაში, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას: ადგილზე ვდგავართ! უფრო სწორად, „ვბუქსაობთ“.
მიზეზი არაკომპეტენტურობა, არაპროფესიონალიზმი და გაუნათლებლობაა. რა გასაკვირია - ბოლო ოცდაორი წელია, მხოლოდ ომი და არჩევნებია აქტუალური.
ისიც ხაზგასასმელია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ სფეროში მოძრაობა დაიწყო, გამოჩნდა კონტურები, მაგრამ სამწუხაროდ, პროცესი შეჩერდა.
ხელისუფალი ამ გაჩერებას უარყოფს. თან, თითქოსდა უნებლიედ, მდგომარეობას ასე ხსნის: ჯერ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაა დასასრულებელი და ამას მოჰყვება აღმშენებლობაცო. ანდა, ვინ მამაძაღლი გვაბრალებს გაჩერებას, ორჯერ მეტს ვაშენებთ, ვიდრე ჩვენამდე აშენებდნენო... 
შესაძლოა სიტყვა-სიტყვით ვერ „ვციტირებ“, მაგრამ შინაარსი და პათოსი ნამდვილად ასეთი იყო
რაც დღეს ხდება, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც 1996-99 წლებში პოლონეთში ვადევნებდი თვალს. დღესაც მახსოვს ჩემი აღტაცება, შეძახილები... სინანული - ჩვენთან რატომ არ არის ამგვარად...
ასე მეგონა, მთელი ვარშავა და მთელი პოლონეთი შენდებოდა ერთობლივად, როგორც ცალკე აღებული დიდი კომპლექსი. ნიშანდობლივი ის იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ახარებდა შენების პროცესი, უხაროდათ ახალი სახლების გაჩენა და არც ჭუჭყი და მტვერი აშინებდათ. 

არადა, გამორიცხულია არ შეწუხდე ადამიანი, როდესაც შენი სამყოფელის გვერდით ტალახი და ჭუჭყია, მაგრამ თვალში საცემი იყო მათი თვითშეგნება, საკითხისადმი დამოკიდებულება...
შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივი მიდგომა - როდესაც ხვდები, რომ ყველაფერი მომავალი თაობებისთვის შენდება, მათი კეთილდღეობისთვის.პოლონელების ასეთი დამოკიდებულება არც არის გასაკვირი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგალითად ვარშავაში, სახლიც კი არ დარჩენილა საღი - ყველაფერი ნაცისტებმა დაანგრიეს - მთელი ქალაქი დანაღმეს და ერთიანად ააფეთქეს. დღევანდელი ვარშავა, მისი „ძველი“ და ახალი უბნებით, ფერწერულ ტილოებსა და ძველ ფოტოებზე დაყრდნობითაა აღდგენილი.ასე რომ, პოლონელებს არ ესწავლებათ მშენებლობა.
თითქოს, მაგ საკითხში არც ჩვენ უნდა გვიჭირდეს! ვარძიის, უფლის ციხისა და სვეტიცხოვლის პატრონებს არ უნდა გვესწავლებოდეს მშენებლობის ანი-ბანი, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით „ვბუქსაობთ“. არც ხალხია მოწოდების სიმაღლეზე (ძველი სპეციალისტები ან მოხუცდნენ, ან ქვეყნიდან გავიდნენ, ხოლო ახლები ჯერ ვერ წამოგვწევიან... ტრადიციაშიც წყვეტაა) და არც ხელისუფლება.ბევრი უადგილო ადგილას აშენებს - რეკრეაციულ ზონებს იპყრობს; სხვანი შურით სკდებიან და მათ სამყოფელთან წამოწყებულ მშენებლობას, ყველანაირად ხელს უშლიან.ნაცები მეტისმეტად ჩქარობდნენ და ზოგჯერ სცოდავდნენ კიდეც, ქოცები კი ნამეტნავად „დადინჯდნენ“ - მიიზლაზნებიან.მე დიდ „ავიაციაშიც“ მიღვაწია და პატარაშიც. ანუ, ბინათმშენებლობაშიც მიმიღია მონაწილეობა და გზების მშენებლობაშიც. თუ ორივეგან არ ხარ ნამყოფი, გარედან იდენტური შეგრძნებით აღიქვამ - მშენებლობა მშენებლობაა, რა უნდა იყოს ძირეული განსხვავება?გეტყვით: სახლის მშენებლობა, რემონტი და კეთილმოწყობა სილამაზის სალონში მანდილოსნის სტუმრობას ჰგავს - თმას შეკრეჭენ ან დავარცხნიან, მანიკურს გაუკეთებენ, პედიკურსაც... მასაჟით უარყოფითი ენერგიისგან დაცლიან, მაკიაჟის კეთებისას, მთელი ქალაქის ჭორებს მოუთხრობენ და ყურს მოულბობენ. – ამას ჰგავს ბინათმშენებლობა, „პატარა ავიაცია“.გზის მშენებლობა კი რას ჰგავს იცით? აი, ამ დაბანილ და გაწკრიალებულ ქალს მთელი ღამე, შეუჩერებლად რომ „გაბურავ“, არაქათის გაწყვეტამდე...

:) მაპატიეთ, ვულგარული ვარ. უბრალოდ, თქვენი გახალისება მსურდა....
ერთ მხიარულ ამბავსაც მოგიყვებით, რომელიც თავად შემემთხვა და ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. მოკლედ, გზას ვაშენებ (პროექტის დირექტორი ვარ) და დღე-ღემე გასწორებული მაქვს. „პრარაბი“ მყავს ერთი, ადგილობრივი მოსახლე - კაი, ვაჟკაცი კაცი, საქმის მცოდნე, მაგრამ ლოთი - ყოველ დილით, „ჩარტყმული“ მეცხადება.რა არ ვქენი და რა არ მოვიმოქმედე - სამსახურიდან სამჯერ „გავათავისუფლე“ და რვაჯერ საყვედური გამოვუცხადე (პირად საქმეში შეტანით), მაგრამ, რომ იტყვიან, შეაყარე კედელს ცერცვი - არ იშლის თავისას.ბოლოს, მეც მივეჩვიე მის ასეთ ქცევა-მდგომარეობას და ვართ უკვე გადამკვდარი ძმებივით, კოჰაბიტაციაში.ერთხელაც, გავიხედე და რას ვხედავ - ფხიზელი მოვიდა.
„ბიჭოს, რა ხდება ეს?“ - გავიფიქრე და მეგობრულად ვკითხე:
- ხომ მშვიდობაა, ჩემო ძმაო?!

- აბა რა გითხრა, ბატონო მერაბ, მშვიდობა თუ ჰქვია ამას?... ჩემს ძმას, ქალიშვილი გაეპარა წუხელ... გაუთხოვდა. - მიპასუხა და ისე ამოიოხრა, გული დამეფუფქა.
ჩამოვჯექით გვერდიგვერდ და არ ვიღებთ ხმას. ის თავისას ფიქრობს, მე ჩემსას. იმ პერიოდში, სახლში ერთი თვის ჩამოუსვლელი ვიყავი. სამი შვილის პატრონი ვარ და მაშინ, ჩემი უფროსი ქალიშვილი, თიკაჩო, თვრამეტი წლის ხდებოდა. ფიქრებმა გამიტაცა, დარდმა შემიპყრო:
„ვაიმე, შვილო, რა ხდება ნეტავ შენს თავს... არ დამღუპო და არ შემარცხვინო, მამა გენაცვალოს.“ - ვფიქრობ და თან ჩემს 

ჩემს მეგობარს ვუყურებ - დნება კაცი დარდისგან!
- რამდენი წლის იყო ბავშვი? - ვკითხე და თან, მის შემყურეს, გული მიდუღს.- ოცდაათის, ბატონო მერაბ, ოცდაათის. - ამოიოხრა და...მე ჩემი დამემართა... :)მშენებლობას დავუბრუნდები. ყველა სხვასთან ერთად, ამ სფეროში არქიტექტორები სცოდავენ. საგზაო პროექტებში ნოვატორული იდეების და ახალი ტექნოლოგიების დეფიციტია; არც ბინათმშენებლობაა სიახლეებით განებივრებული.
ხან ნიშნული არ ემთხვევა და ხან მიმართულება - ადგილზე გვიწევს შემდეგ ყველაფრის მისწორ-მოსწორება.
უწინ, ჩემს ახალგაზრდობაში, პრაქტიკაზე დავყავდით სტუდენტები, მშენებლობას შიგნიდან გვაცნობდნენ. დღეს კი რა გითხრათ - მე სტუდენტი არ მინახავს ჩემს ობიექტებზე. ახალგაზრდებმაც, რა ჰქნან - კოლბაში გაზრდილ სპეციალისტებად ყალიბდებიან და მაგიტომაც მოსდით შეცდომები.დღეს ე. წ. ინფრასტრუქტურის სამინისტროა ის სპეციალიზირებული უწყება, რომელმაც საკუთარ თავზე უნდა იტვირთოს ქვეყნის აღმშენებლობითი პრიორიტეტების, გეზის, ხარისხისა და ტემპის უზრუნველყოფა. იგი თამამად უნდა ერეოდეს და აკონტროლებდეს მომავალი თაობების ინჟინერ-ტექნიკური განათლების ხარისხიანად მიღების საქმეს.დავზუსტდები, რამეთუ ახალგაზრდების განათლების საქმეს პირველ რიგში განათლების სამინისტრო და თავად უმაღლესი სასწავლებლები უნდა აკონტროლებდნენ და იყვნენ პასუხისმგებლები, მაგრამ ეს ის თემაა, სადაც ზედმეტი ყურადღება და ზედამხედველობა მხოლოდ წაადგება საქმეს.ანუ:თავის თავზე უნდა იღებდეს ახალგაზრდების პრაქტიკული მომზადების ხარჯებს. აფინანსებდეს და უკვეთავდეს ახალი იდეებითა და თანამედროვე მასალების გამოყენებით შემდგარ პროექტებს, აწესებდეს ჯილდოებს, პრემიებს, ახალისებდეს ნოვატორულ წამოწყებებს. კიდევ ბევრს ვისაუბრებდი მშენებლობაზე - მის დადებით მხარეზე, მასში ჩაბუდებულ ადრენალინზე, მის კეთილშობილებაზე...იმ ადამიანებზე - მშენებლებზე, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ - ერთად, უღალატოდ, უმეტესად უანგაროდ უდგანან ერთურთს და ქვეყანას – რიგითი, მოხალისე ჯარისკაცებივით.
დიდხანს ვისაუბრებდი იმ კაცებზე, რომლებმაც უდიდესი სიყვარული, თანადგომა, პროფესიონალიზმი და სიხარული მაჩუქეს.
მშენებლობა არის ერთერთი გამონაკლისი სფერო სხვათა შორის, რომელსაც არ აქვს უარყოფითი მხარე, მას მხოლოდ პროგრესისკენ სვლა ახასიათებს, მხოლოდ დადებითი შედეგი მოაქვს. რასაკვირველია, „პოლონურ“ ვარიანტს ვგულისხმობ. :)
დასაწყისში გულისტკივილით აღვნიშნე, „ვბუქსაობთ-მეთქი“. მართლაც ეგრეა. მშენებლები ყველაზე კარგად ვგრძნობთ ეკონომიკურ რყევებს. იმედი მაქვს, ყველაფერი დროებითია და სულ მალე, არათუ უმუშევარი... ინჟინრები გაგვიხდება საძებარი.
ჩემო კოლეგებო, მეგობრებო და ძმებო! ღმერთმა შეგვაძლებინოს ჩვენი ქვეყნის სამსახურში დგომა, გახარებული მენახეთ.
ახლა პოსტის დასაწყისში დავბრუნდები...
მქონდა არჩევნებზე წასვლის სურვილი? - არა. მას მერე რაც ჩემი მოწონებული კანდიდატი „დაბრაკეს“ და არ დაუშვეს, - არა! გაბუტული ვიყავი. :) 
მაგრამ წავედი და დავფიქსირდი. 

„რასაკვირველია, ქართული ღირსება ცოცხლობს. ჩვენ არ გვსურდა მიგვეღო ეს ნეხვური ყოფა, რომლითაც რუსები კმაყოფილები იყვნენ. მათთვის ის მისაღები აღმოჩნდა, ჩვენთვის ქართველებისთვის კი - არა.“
მერაბ მამარდაშვილი, 1990 წ.

არც მე მინდოდა ისევ მიგვეღო ის ნეხვური ყოფა, რომლითაც დღესაც ასე კმაყოფილნი არიან რუსები. 
მშვიდობა გქონდეთ...

ღირსება ცოცხლობს!

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

03.11.2013

160x600

160x600

bottom of page