top of page

ხალხი გასუსულიყო. ხმას არავინ იღებდა. სასტიკ და დაუნდობელ სანახაობას თავისი ექნა. ადამიანები გონს მოსულიყვნენ და დაბნეულები შესცქეროდნენ გაუბედურებულ მეომარს.

- თავისუფლება! – დაიძახა ვიღაცამ.

- თავისუფლება! – აჰყვა მეორეც.

- დიდება იმპერატორს! – დაიყვირა მესამემ.

- დიდება რომს! – დაიქუხა ხალხმა და ტაში შემოჰკრა.

გლადიატორი ფეხზე წამოდგა.

                                         

„ფარსმანი“ 2000 წ.

 

საგრძნობლად დატვირთული დღეები გავატარეთ. პირველყოვლისა აცივდა, ნამდვილი ზამთარი ვიგრძენით.

წარმოგიდგენთ იმ მოვლენათა ნუსხას, რომელთა გამოც პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაძაბულობის მაღალი ტემპერატურა უკუპროპორციული იყო ქვეყანაში ჩამოწოლილი ყინვისა. მარტო ყინვას რომ შევეწუხებინეთ, კიდევ იოლად გავართმევდით თავს, მაგრამ ქარებმაც შემოგვიტიეს და დიდთოვლობამაც არ დაგვინდო.

მაშ ასე, ნუსხა:

პრემიერმინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება;

„ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა;

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის პარაფირება;

ჯონ ქერისა და მაია ფანჯიკიძის ნატოს მინისტერიალზე შეხვედრა;

უკრაინის პოლიტიკური ვნებათაღელვა;

სოჭის ოლიმპიადაზე სამთავრობო დელეგაციის არწასვლის გადაწყვეტილება;

ჭელაში „დატყვევებული“ მინარეთის აღმართვა;

თბილისის მერად დავით ნარმანიას წარდგენა;

თვითმმართველობის შესახებ კანონის ეკლესიის მხრიდან უვარგისად გამოცხადება;

მართმადიდებელი მრევლის მხრიდან „ხანუქას“ მოზეიმე ებრაელების შევიწროვება, რასაც ორი ადამიანის ხულიგნობის მუხლით დაკავება მოჰყვა;

თბილისის შემოვლითი რკინიგზის შეჩერებული მშენებლობის განახლების გატაწყვეტილება;

პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ „რუსთავი 2“-ს...

გამომრჩა რამე?

ჩინელებს უცნაური წყევლა აქვთ - დიდი ცვლილებების ეპოქაში გეცხოვროსო...

ჩემდათავად ვიტყვი: თუ ეს ეპოქა, სადაც ჩვენ ერთად მოგვიწია ცხოვრება, „დიდი ცვლილებებისაა“, მაშინ მე ფრიად ნასიამოვნები გახლავართ და მადლობა მამაზეციერს ასეთი წყალობისთვის, რადგანაც ასე რომ არ ყოფილიყო და გაგრძელებულიყო ის, სოც-კომუნისტური რეალობა, ნაკლებად ნასიამოვნები ვიქნებოდი ცხოვრებით.

ისიც მესმის, რომ ზოგიერთს მშვიდი და სტაბილური პერიოდი უფრო იზიდავს, ვიდრე ომებით, რევოლუციებით, გადატრიალებებით და დიქტატორული რეჟიმებით გაჯერებული ეპოქა.

მაგრამ მერწმუნეთ სოციალისტურ რეჟიმში ცხოვრებას, ისევ ეს არეულ-დარეული ჯობს.

რატომ?

1985 წელია. თსუ-ში ვაბარებ. მეოთხე გამოცდაზე გავდივარ, ქართულზე. პირველ სამ გამოცდაში 15 ქულა მაქვს მიღებული - სამიდან სამი ფრიადი.

ფაკულტეტზე კონკურსი იმდენად მაღალი იყო, რომ ქართულის სამიანი შეიძლება არ მყოფნოდა და მეც საგულდაგულოდ მოვემზადე ამ გამოცდისთვის. ანუ, თავიდან ფეხებამდე „შპარგალკებით“ ვარ დახუნძლული, კიბორგივით დავდივარ - გაჭიმული ფეხებით.

პროფესორ-გამომცდელებმა მოზრდილ კონვერტს ბეჭედი ახსნეს და სამი საკითხი დაწერეს დაფაზე. ეხლა ვერ ვიხსენებ მათ რაობას, მაგრამ ის კი დანამდვილებით მახსოვს, რომ ერთ-ერთი თავისუფალი თემა იყო - „მსოფლიო დღეს“.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართულის თემებში, მითუმეტეს თავისუფალში, ძლიერი არ ვიყავი და „შპარგალკებიც“ თან მქონდა, დარჩენილი ორი საკითხიდან უნდა ამერჩია ერთ-ერთი. ჩავხედე „არსენალს“და მწუხარებით აღმოვაჩინე - შესაბამისი „შპარგალკა“ არ მქონდა.  სხვა რა დამრჩენოდა - ჰოდა, მეც თავისუფალ თემას მივაწექი...

გამოცდიდან გამოსულმა, მამაჩემს „შავი“ რვეული გავუწოდე. ნაწერის გადათვალიერების შემდეგ, სადაც მხოლოდ თემის დასაწყისი მქონდა აღბეჭდილი (ტექსტის დარჩენილი ნაწილი პირდაპირ „თეთრში“ ვწერე), ცხონებულმა მამაჩემმა ასე მითხრა: ორივეს დაგვიჭერენ, მეც და შენც.

- შენ რაღაზე? - ვკითხე გაღიმებულმა.

არაფერი მიპასუხა.

საღამოს უშიშროებაში დაიბარეს, გასაუბრებაზე...

„ცვლილებების“ ეპოქა იწყებოდა და ჩემდა გასაკვირად, ოთხიანი დამიწერეს. რასაკვირველია, მამაჩემის, როგორც პროფესორის, „დამსახურებაც“ გასათვალისწინებელი იყო ამ „კარგია“-ს საკითხში... 

ჩემი თემა კი ასე იწყებოდა:

„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“!

„ვაშა პარტიას“!

„მშვიდობა მსოფლოს“!

„ლენინი იყო, ლენინი არის, ლენინი იქნება“!

«ხალხი და პარტია ერთიანია»!

«ხუთწლედი, ოთხ წელიწადში»!

«კომუნიზმი გაიმარჯვებს»!

«მიწა გლეხებს»!
«ხელოვნება ეკუთვნის ხალხს»!

​«პარტია ჩვენი ეპოქის სინდისი, ნამუსი და გონებაა»!
«მესაქონლეობა დამრტყმელი ძალაა»!
«არცერთი ჩამორჩენილი ჩვენს გვერდით»!
«დავეწევით და გადავასწრებთ»!
«კადრები წყვეტენ ყველაფერს»!
«სწავლა, სწავლა და სწავლა»!
«ყველანი არჩევნებზე»!
«სიფხიზლე ცხოვრების ნორმაა»!
«ეკონიმიკა უნდა იყოს ეკონომიური»!
«პარტიამ თქვა: - საჭიროა! კომკავშირმა უპასუხა: - არის!»!
«გაუმარჯოს სოციალისტურ რევოლუციას»!
«ყველასგან - შესაძლებლობის მიხედვით, ყველას - შრომის მიხედვით»!
«ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მოწინააღმდეგეა»!
«კაპიტალისტურ მონობას - არა»!
«ნუ ყბედობ»!
«შეინახეთ ფული შემნახველ ბანკში»!
«თუ გადიხარ, - ჩააქრე»!
«იფრინეთ აეროფლოტით»!
«დეპუტატი, ხალხის მსახურია»!
«მიზანი ნათელია, ამოცანა დასახული, შრომას მივხედოთ ამხანაგებო»!
«ჩვენი მიზანი კომუნიზმია»!
«ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს»!
«გადავაჭარბოთ გეგმას»!
«სპორტი ჩვენი ცხოვრებაა»!
«თავისუფლებაზე, სუფთა სინდისით»!
«კოლმეურნევ, იყავი ფიზკულტურელი»!
«შეაგროვე ფული - იყიდე მანქანა»!
«მიხედე ბუნებას»!
«ჰიბრიდული თესლი - სიმინდის უხვი მოსავალია»!
«პიონერო, გაუფრთხილდი ქაღალდს»!
«საბჭოთა სასამართლო, - ყველაზე ჰუმანური სასამართლო მსოფლიოში»!
«არცერთი ჰექტარი დაუმუშავებელი მიწისა»!
«კინო მასებში»!
«მწეველი ქალი ამთავრებს კიბოთი»!
«არ იცი - გასწავლით, არ მოგინდება - დაგაძალებთ»!
«თავისუფლება აფრიკელ ხალხს»!
«ჩვენ მონები არ ვართ, მონები - ჩვენ არ ვართ»!
«ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს»!...

 

ხომ არ დაგღალეთ? თორმეტფურცლიანი საგამოცდო რვეული, ანუ ოცდაოთხი გვერდი შევავსე იმ დღეს ლოზუნგებით. მამაჩემმა მითხრა: პირველ სამ გამოცდაში უმაღლესი ქულები რომ არ გქონოდა, ნაღდად დაგიჭერდნენო... ასეთი უცნაური დრო იყო...არადა, რეალობა აღვწერე...დღეს კი ერთმიშვნელოვნად სხვა დროა - ცვლილებების...
პრემიერმინისტრი - მომწონს.

მინისტრთა კაბინეტი - არა;

„ქართული ოცნების“ პარტიულმა ყრილობამ ლოზუნგებიანი სოც.რეალიზმი მომაგონა;

პარაფირებამ - გამახარა;

ჯონ ქერისა და ფანჯიკიძის შეხვედრის შემდეგ, მაია ისე გაგულისდა, რომ ლავროვიც კი მიტუქსა... - აფერუმ შენს ქალობას, „მალადეც»;
 

უკრაინის პოლიტიკურმა მდგომარეობამ, კიდევ ერთხელ დამანახა რუსეთის ნეო-მონღოლოიდურობა;

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის არწასვლის გადაწყვეტილებამ - დამამშვიდა;

ჭელაში «დატყვევებული» მინარეთის აღმართვამ - მაგრად გამაბრაზა

თბილისის მერად დავით ნარმანიას წარდგენას, - გაგებით ვეკიდები, ვიცნობ დათოს, წესიერი კაცია. ვიცი არ ეწყინება... თავიდან, ევროპულად შევშფოთდი რაღა!

რბილად რომ ვთქვათ, გამიკვირდა - დათოსგან არა, ყოფილი პრემიერისგან. „რა იყო, დაილია თბილისელი პროფესიონალები“? - ასე ვიფიქრე.

ახლაც ასე ვფიქრობ, მხოლოდ აღარ ვბრაზობ, გადამიარა - ასეთი ვარ - „კარენნოი“... და ჩემი ქალაქის მერად, მეც, როგორც სხვა დანარჩენ «კარენნოებს», თბილისელი და დავით ნარმანიას დარად განათლებული კაცი გამიხარდება - ბოლოს და ბოლოს პრესტიჟის საქმეა.

დავითს კი, „ინფრასტრუქტურაში“ კარგად დაწყებული საქმის გაგრძელებასა და კეთილად დასრულებას ვუსურვებდი - თან, ეტყობა, უკვე მუღამი გაუგო. თორემ „აწევით“, თბილისის მერობასაც „აწევს“, გამრჯე კაცია. თუმცა, აქ გაცილებით მეტი დრო დასჭირდება მუღამის გასაგებად და მეტი სიფრთხილეც.

მოკლედ, სიკეთეს ვუსურვებ.

თვითმართველობის შესახებ კანონის ეკლესიის მხრიდან უვარგისად აღიარებამ საგონებელში ჩამაგდო: ეკლესიას რომ არ ამოეღო ხმა, მთელი ეს გარჩევ-გამორჩევა, კომისიები და კარგია-ცუდიას ძახილი მაინც იქნებოდა თუ ყველაფერი ჩაილურის წყალივით ჩაივლიდა? თან, პოლიტიკაში ნუ ერევაო...

მაგრამ, თუ არ ჩაერია, ისე ვერ ხედავენ, ან არ უნდათ, რომ დაინახონ...

ანუ, არ მუშაობენ რა!

„ხანუქას“  მოზეიმე  ებრაელების მიმართ მართმადიდებელი მრევლის მხრიდან განხორციელებულ მცირე იერიშს ვგმობ, როგორც ხულიგნობას.

მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: რატომ გადაწყდა, რომ ძვ.წ 165 წელს ებრაელების მხრიდან, იეჰუდას თავკაცობით ბერძნების დამარცხებისა და მაკაბელთა მიერ სოლომონის ტაძრის განწმენდისადმი მიძღვნილი ზეიმი, წელს, დედაქალაქ თბილისის მთავარ მოედანზე უნდა აღნიშნულიყო?

26 საუკუნე არ გამოსულან მოედანზე და... იქნებ ჩვენ, ქართველებმა არ ვიცით და გვითხრან, როდის ხდებოდა მასე...

ცნობისათვის, 20 საუკუნის წინ, «ხანუქას» ზეიმის დროს, ჰურიებს ჩვენი მაცხოვრის ჩაქოლვა ჰქონდათ განზრახული.

(იოანე თავი 10.22).
«22. და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს; ზამთარი იყო. 23. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა. 24. გარე მოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად.25. მიუგო იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა, რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს. 26. და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ. 27. ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ მე. 28. და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწმყდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა. 29. მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებად მათა ჴელთაგან მამისა ჩემისათა. 30. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ. 31. აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას. 32. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე?»

 

ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენების, მართმადიდებლების ქცევა არ მიკვირს. ურიებს ძველი გამარჯვება ახსოვთ და ზეიმობენ, ჩვენებს კი ახსოვთ რომ ჯვარცმამდე, ჯერ კიდევ ამ ზეიმზე უნდოდათ ურიებს ღმერთის მოკვლა... რომელიც მერე მაინც მოკლეს.
ვფიქრობ, რელიგიური დღესასწაული ყველამ თავის სალოცავთან უნდა იზეიმოს, ებრაელებმა სინაგოგაში, მუსულმანებმა მეჩეთებში, ინდუსებმა სადმე ბორობუდურში, ყველამ თავის სალოცავ ალაგს!მაგაშიც არის ტოლერანტობის მუღამი - მე შენ არ გეთანხმები, მაგრამ ვინაიდან შენ თვალში თითს არ მტაკებ, მეც არ გეხები - გაცლი მშვიდად ცხოვრებას. თორემ არ მგონია სწორი იყოს, ყველა რელიგიისა თუ მიმდინარეობის წარმომადგენლები ქალაქის მთავარ მოედანზე ზეიმობდნენ, - ეგ სიტყვის და მრწამსის თავისუფლებას კი არა, აჯაბსანდალს დაემსგავსება.მაგრამ, დღევანდელ დღეს უკვე მრავლად არიან ჩვენი თანამემამულენი, რომელთაც ნებსით თუ უნებლიედ, ცოდნით თუ უცოდინარობით, მაინც ლიბერალურ-ტოლერანტულ-შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვთ ზემოხსნებული საკითხისადმი...რას გააწყობ?აგერ, „პრაშუ“:„ქორტიართთან“ კრიშნაიდები მოდიან ცეკვა-ცეკვით...პუშკინის ბაღთან მუსლიმებს წამოუწყიათ ყურბან-ბაირამი...ლესელიძისკენ ახლოს, ორთოდოქსი იუდეველები მათთვის დამახასიათებელი ჩაცმულობითა და ტემპერამენტით პასექს აღნიშნავენ...
ტაბიძის ქუჩის დასაწყისიდან ბუდისტები დიდი მეტანიების კეთებით დავითაშვილისკენ მიიწევენ წინ-წინ, ღოღვა-ღოღვით...

ინდუსებს, სათითაოდ, იოგას სხვადასხვა პოზა მიუღიათ და რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში ორიგინალური განშლით განფენილან...

ყველაზე შთამბეჭდავად მაინც სექსუალური უმცირესობები გამოიყურებიან, რომელთაც უშველებელი წრე შეუკრავთ და მოედნის ცენტრში აღმართული სვეტის გარშემო ხელჩაკიდებულნი მოჰყოლიან ბზრიალს... 

და ზემოდან, ამ ულამაზეს სანახაობას კეთილი ურჩხული და ჩვენი უტოლერანტესი თეთრი გიორგი, იგივე გიგლა ბიჭი გადმოჰყურებთ...

ალბათ, ეს უნდათ. 

ამაში ჰხედავენ თავისუფლებას.

უფალო შეგვიწყალე ყველა, - მეც და ისიც ვინც ასე ფიქრობს!

წმინდა გიორგი, მაპატიე!

 

თბილისის შემოვლითი რკინიგზის შეჩერებული მშენებლობის განახლების გატაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ მომაწონა ახალი პრემიერი.

ქვეყნის პრეზიდენტის პირველ ინტერვიუს ვუცქირე...

უნდა მივეჩვიოთ მარგველას სტილს: 

ოდნავ ნელია;

ფიქრობს, სანამ იტყვის;

შინაგანად ლექტორია, თანაც ფილოსოფიის - თითქოს უნდა, რომ როგორც სტუდენტებს, ბოლომდე დაგვიღეჭოს, რათა გაგვაგებინოს.

 

ხომ არ გამომრჩა-მეთქი, ვიკითხე დასაწყისში.

გამომრჩენია - პრეზიდენტის ხელფასი.

ის, რომ ვიღაცას ხელფასი ეზრდება, თავისთავად კარგია, მახარებს - პოზიტიური და იმედისმომცემია - ანუ, სხვებსაც ანალოგიური პროპორციით გაგვეზრდება ხელფასი?

„ხელისუფალო, იყავ ფიზკულტურელი!“
 

P.S. დღეს ღამე ნელსონ მანდელა გარდაიცვალა.

რა ვთქვა...

ჩემი ბავშვობის, ახალგაზრდობის და კაცობის ერთ-ერთი აღმაფრთოვანებელი ადამიანი იყო.

გაანათლე, უფალო, ნელსონ ბაბუას - მადიბას სული!

ცნობისათვის, მანდელა სასტიკი წინააღმდეგი იყო მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩეულიყო, რითაც საკუთარ თავს და განვლილ ცხოვრებას პატივს მიაგებდა და სხვებისთვის ეს ქცევა მისაბაძ მაგალითად სურდა დაეტოვებინა. ეგრეც მოიქცა.

...და არ მგონია, მანდელას, პრეზიდენტობის ერთი თვის თავზე, საკუთარი ხელფასი ორჯერ გაეზარდა.

იყავ ფიზკულტურელი!

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

05.12.13

160x600

160x600

160x600

160x600

bottom of page