top of page

რამეთუ ყველაფერი ერთ დიდ, არეულ და უცნაურ ზღაპარს ჰგავს, სადღაც წარსულში ამოკითხულ შორეულ თქმულებას, რომელიც მიძინებული დედოფალივით თავის წამს ელოდა და სასიყვარულო ამბორის შემდეგ, სასწაულებრივად გაცოცხლდა, დროში აფეთქდა, მიწაში ჩაგდებული თესლივით გასკდა და ვაზის ყლორტივით იწყო აღმა სვლა...

„ნატვრისთვალი“ 2012 წ.

 

 

არსებობს ბლოგის მრავალგვარი ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან არა მარტო შინაარსის მიხედვით, არამედ ამ შინაარსის მოწოდების და შექმნის გზებით (Wikipedia).

ყველაფერს თავისი დაწერილი თუ დაუწერელი წესი აქვს. იმისათვის, რომ ევროპელებმა ქართველები პირწმინდა ევროპელებად გვაღიარონ, მხოლოდ ეთნიკური წარმოშობა საკმარისი არ არის, და არც ორგანიზაციებსა თუ კავშირებში მიღება, - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“, - ლამაზად ნათქვამია, მაგრამ არასაკმარისი მენტალური ევროპელობისთვის.
ჩემი ეს ბლოგი განსხვავებულია - ამჯერად შემოგთავაზებთ პატარა მოთხრობას - ასე ვარჩიე.
მშვიდობა გქონდეთ!
გფარავდეთ უფალი!

- გაიქეცით-გაიქეცით! - გაისმა გვერდიდან და ადგილიდან მოვწყვიტე.
სამნი გავრბოდით: დათო, ნიკო და მე.
მალე პეკინის გამზირიც გამოჩნდა. არ მეგონა ასეთ ტემპს თუ დავიჭერდით. ვგრძნობდი რომ დაღლა მეპარებოდა, ელენთაც ამტკივდა, მაგრამ მაინც გავრბოდი. ცოტაც არ მქონდა ნარბენი - „შანხაიდან“ ავიღეთ სტარტი. არც ერთი ვთმობდით პოზიციას, ხან ერთი იყო წინ, ხან მეორე და ხანაც მესამე. მარშრუტიც წინასწარ გვქონდა განსაზღვრული და ფინიშის ადგილმდებარეობაც.
ბულაჩაურის ქუჩის ჩასახვევთან მილიციის მანქანა დავინახეთ. ეს შესაძლო ვარიანტიც თავშივე მოლაპარაკებული გვქონდა: თუ გზაში მილიციას გადავაწყდებოდით და „ოპერები“ ვინმეს შებოჭავდნენ და მორბენალიც მაგ მიზეზით გაჩერდებოდა, ის მაინც წაგებულად ჩაითვლებოდა - გაჩერება წაგების ტოლფასი იყო და არავითარი მიზეზი გაჩერებულისთვის არ მიზეზობდა. ამიტომაც, პირდაპირ „ოპერებისკენ“ ავიღეთ გეზი, პეკინი გადავჭერით და გაკვირვებულ და შემცბარ „თანამშრომლებს“ შეძახილებით ჩავურბინეთ:
- მაზიანი გვაქვს, მაზიანი, გასწრებაზე!„ოპერებმა“ მანქანა უმალ დაძრეს და უკან გამოგვყვნენ - ახლა უკვე „ექსკორტის“ თანხლებით მივრბოდით. ეტყობა, მილიციონერებმა ბოლომდე ვერ დაიჯერეს, რომ ნიძლავის გამო გავრბოდით, ამიტომაც კუდში გამოგვყვნენ;
მაგრამ არც ხელს გვიშლიდნენ...
დოლიძის ქუჩის ასახვევთან ახალგაზრდების გუნდი გამოჩნდა, გოგოები ჭარბობდნენ. ჩემს გვერდით მორბენალ ნიკოს გავხედე და გამეცინა:
- ნინო გაიჩითა?
არაფერი მიპასუხა. ამ დროს გოგოებმაც შეგვამჩნიეს და ჩვენსკენ მოტრიალდნენ.
- ჩემი დედას გეფიცები! - ამოიღმუვლა ნიკომ, უეცრად ხელები მაღლა ასწია და „ოპერების“ მანქანისკენ იცვალა გეზი. საქმის არმცოდნე ადამიანი იფიქრებდა, მილიციონერები მოსდევენ და ერთ-ერთი მარბენალი სხვების გადარჩენის მიზნით მდევრებს თავგანწირვით ჩაბარდაო...
მე და დათომ გოგოებს „მრისხანე სახეებით“ ჩავურბინეთ და გმირთა მოედნისკენ დავეშვით. მხოლოდ ერთხელ მოვიხედე უკან, მაინტერესებდა ნიკოს ბედი: „ოპერებს“ უჯდებოდა მანქანაში... ტელევიზიასთან მიახლოებულს, თითქოს მეორე „დიხანია“ გამეხსნა, შვება ვიგრძენი და ტემპს ვუმატე.
- ვარაზისხევი თუ ავირბინე, დაგერხა, მერე ვეღარ გამაჩერებ... - დარწმუნებით მივმართე დათოს, განვახორციელე რა ფსიქოლოგიური შეტევა.
პასუხი არ გაუცია, მხოლოდ შმაგად გამომხედა. ეტყობოდა მაგარი დაღლილი იყო, მაგრამ არც მე ვიყავი ბოლომდე ყოჩაღად, „მეორე დიხანიის“ იმედი მქონდა, მაგრამ, ამასთან ერთად, საშინელ წვას ვგრძნობდი ფილტვებში.
​ქვაფენილზე, დავითი ათიოდ მეტრით ჩამოვიტოვე. მელიქიშვილზე გასწორებულმა, ნიკოლაძის ქუჩის ჩასახვევთან, ვიღაც ბიძა კაცი შევნიშნე, უცნაურად მიყურებდა. მართალია ოციოდე მეტრი გვაშორებდა ერთურთს, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცას მიპირებდა ოღრაში. უეცრად ბიძა ადგილიდან მოწყდა და გამალებით გამომეკიდა. მე შუა პროსპექტისკენ ავიღე გეზი, მაგრამ ბიძაც შემომყვა. შემხვედრ მანქანებს გვერდი ავუარე, მაგრამ მეტი ვერაფერი ვქენი, ძალზედ დაღლილი ვიყავი, თორემ რას დავაჭერინებდი თავს...
- დავიჭირე, დავიჭირე! - ყვიროდა ბიძა და თან დათოსკენ იხედებოდა.
„ალბათ ფიქრობს, რომ დამნაშავე ვარ, დათო მომსდევს და დაეხმარა მდევარს“. - გავიფიქრე შუა მელიქიშვილზე, ღერძულა ხაზზე გაშოტილმა და დათოს გავხედე, რომელიც უკანმოუხედავად გარბოდა ფინიშისკენ.
- ბიძა, გამიშვი თუ კაცი ხარ, მაზიანი მაქვს, ხომ არ გაგიბერია? - ამოვილუღლუღე ოდნავ გასაგებად, ბიძას მკლავებს გავენთავისუფლე და დათოს გავეკიდე.
გაჩერებამ და ასფალტზე კოტრიალმა ტემპიდან ამომაგდო, მაგრამ დათოს დაღლილობა სტიმულს მაძლევდა, ვხედავდი: აშკარად ერხეოდა.

 

ძლივსძლიობით გამომხედა და, ამასობაში, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ მოხუც ქალს კინაღამ დაეჯახა, მერე ხესაც ძლივს ააცილა და, უეცრად, ფილარმონიის „სტაიანკიდან“ გზაზე ამოსულ მანქანას, პირდაპირ გვერდითა „კრილოში“ დაეჯახა, კაპოტზე გადაცურდა და ჩემი თვალსაწიერიდან გაქრა.
სანამ მანქანასთან მივირბინე, მძღოლი უკვე გადმოსულიყო და დათოს წამოდგომაში ეხმარებოდა. გაუჩერებლად შევხედე მეგობარს - კარგად იყო და აღარ გავჩერებულვარ, გავიქეცი...
Beatles Club-თან ვიგრძენი, რომ არაქათი აღარ მქონდა, ნელ-ნელა გავჩერდი და სიარულზე გადავედი. დათოს გამოვხედე და მაგრად გამიტყდა:
ათი მეტრით ჩამომრჩებოდა...
შვიდით...
ხუთით...
და სანამ ავიკრიფე - გამასწრო!
თავს ძალა დავატანე და ნელ-ნელა სირბილზე გადავედი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ცოტაც და გული ამერეოდა, ხუმრობაა, პავლოვის ბოლოდან მოვრბოდით!...
დათოს, ფუნიკულიორის საბაგიროსთან დავეწიე, სიარულზე გადასულიყო, თვალი გამომაყოლა და მივხვდი: მოვიგე! ისიც მიხვდა და გაჩერდა, ხელებით მუხლებს დაეყრდნო, ერთი ამოიხვნეშა და მაღაზია „დინამოს“ კიბეებზე ჩამოჯდა.
- წააგე?! - გამოვძახე და სირბილი შევანელე.
დათომ გამომხედა და თავი დამიკრა, ეტყობოდა რომ ლაპარაკიც უჭირდა.
გავჩერდი. ცაში ავიხედე და დათოსკენ დავიძარი.
- წააგე! - და ხელი გავუწოდე.
დათომ ხელხე ხელი დამირტყა და იდაყვებით კიბის საფეხურს დაეყრდნო.
- ჯორი ხარ, რა... - ძლივს ამოსცრა პირიდან.
- არც შენ ხარ ნაკლები ვირი. - ვუპასუხე 

და გვერდით მივუჯექი.სული რომ მოვითქვი, ნიკოს ღმუილი გამახსენდა და გავიღიმე.- მაგარი შაყირი დაემართა ნიკუშას.- აბა, ბიჭო, ორი თვეა ნინოს ეპადხოდება და აზრზე ხარ რა მაზალო პონტში გაიჩითა? - ამყვა დათო.- მანქანასთან მაგრა გადარჩი, არაფერი რომ არ მოგტყდა... - თვალწინ დათოს ნახტომმა გამიელვა.
- შენ ეგა თქვი... შენც გადარჩი! იმ როჟას რა უნდოდა, ჰაერში მოგხსნა, კინაღამ გამოვშტერდი... ძველი „პორუტჩიკი“ იქნებოდა - ახარხარდა დათო.
- აბა ჩემი... გიჟი იყო რა, დამაპატიმრა მაგ სირმა... ბეჭები დამინგრია... კიდევ კარგი მანქანები არ იყო და არ გადაგვიარეს... - ავყევი დათოს სიცილში.
გამვლელები უცნაურად გვიყურებდნენ, ზოგს სულელები ვეგონეთ, ზოგიც თითქოს ხვდებოდა ჩვენს გუმანს და გულღიად გვიცინოდა.
- წავედით?
- წავედით!
- სად ჩაუჯდეთ?
- „ჩარგალში“.
- ნიკო?
- მოგვაგნებს...

ოცდათხუთმეტი წელი გავიდა, ჩემი უსაყვარლესი დღე იყო, ყველაზე საჩინო, დაუვიწყარი...

უნივერსიტეტის მერე, ნიკომ ნინო ცოლად მოიყვანა, სამი შვილი ჰყავთ, კარგად არიან... ხშირად მოდის, მნახულობს, მეხმარება...

და მეც მივდივარ ხოლმე, იშვიათად.

დათო ლონდონში ცხოვრობს, ელჩად მუშაობს, საკაიფოდ არის...

ოჯახი არ შეუქმნია, არ მცალიაო...

აწი რაღას მოიყვანს, დაბერება დავიწყეთ...

ისე, არ იკარგება, სულ სტარტზეა...

მე?

ამ ამბიდან მეორე დღეს ავარიაში მოვყევი და სამუდამოდ „სავარძელში“ ჩავჯექი, ოცდათხუთმეტი წელია ფეხებს ბორბლები მიცვლიან.
არ გაგიტყდეთ, არ არის ეგ გასატყდომი, რაც არის ეგ არის, ცხოვრებაში მაგარი წლები გავატარე, არ იფიქროთ დაჩაგრული ვიყო, პირიქით, სიყვარულის აბჯარში ვარ გახვეული და წიგნების საკითხავადაც მეტი დრო მაქვს...
:)
იცით, რეალურად რა მიტყდება და რა არის გასატყდომი? - ჩვენი დედაქალაქი და ყველა დანარჩენი ქართული ქალაქები, ჩემნაირი ადამიანებისთვის რომ არ არის ადაპტირებული და მოწყობილი - არც პანდუსებია და არც გადასასვლელები... და თუ არის, ისიც მხოლოდ მოვალეობის მოხდისთვის.
უვარგისია!
დაგაინვალიდებს კაცს!
ეგ არის გასატყდომი, ეგ არის რომ გულს მტკენს, თორემ ვინ მამაძაღლი - დღესაც დავარტყავდი ეგეთ განუმეორებელ კროსს...

P.S. ამ მოთხრობას ვუძღვნი ჩემს ძმებს - გიგა არველაძეს და გოგა კოხრეიძეს...და ყველას, ვისაც ქალაქში სეირნობისთვის პანდუსი სჭირდება...

სიყვრაულის ჯაჭვის პერანგში

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

14.02.2014

160x600

160x600

bottom of page