top of page

ვეცდები მოკლედ ვთქვა.
...წერის პროცესი მევასება. არც მინდა შევეშვა. შეიძლება პიესაც გამომივიდეს. ერთ მოქმედებად, ერთი პირის თეატრი. მუსიკაც შესარჩევი მაქვს. ერთ კომპოზიციაზე ვფიქრობ, სხვებთან შედარებით ეგ უფრო  მომწონს. 
კომპიუტერი გავშალე. ვაკვირდები მონიტორს. მაგრად გამაწვალა კურსორმა, მაინტერესებს ბეჭდვის დროს თუ გადააგდებს - დახტის კურსორი აქეთ-იქით; ხელოსანს ვანახე და მგრძნობიარე „პანელის“ ბრალიაო. მგრძნობიარე „პანელის“ კი არა - უვარგისობისა და „ბრაკობის“ ბრალია. თუ სადმე ნაგავი ვინმეს ქუჩაში დარჩა, ყველა ჩვენთან არის ჩამოტანილი. ყველაფერი: დაწყებული საკვებიდან, გაგრძელებული საგნებით და დამთავრებული საკვებზე არ მითითებით, მისი შემადგენლობის გენური ინჟინერიის მეშვეობით დამზადების შესახებ. სავარაუდოდ სერიოზული მაყუთი იჭრება - უიაფესი იყიდება უძვირესად, უვარგისი ირგებს VIP დონეს... რა გახდა ერთი კანონის მიღება..
თბილად არიან და არ ეჩქარებათ. ვუყურებ და მაინტერებს, გადააგდებს კურსორს თუ არა... ქაღალდი დავაფარე პანელს და ჯერჯერობით არ გადაუგდია. ე.ი. კლავიატურის ბრალი არ არის... 
ძაან მაგრად ვარ! ამის თქმას რატომღაც ვერიდებოდი. რაჭიდან, ბორჯომში ჩამოვედი... ბათუმის გავლით.. და მაგრად ვარ, ვისვენებ.
თიკა თხოვდება, ჩემი თიკაჩო, უფროსი ქალიშვილი!
ცხოვრება წინ მიდის.
დღეს საოცარი რამ დამემართა: ვუყურებდი კინოს და უეცრად რაღაც ძალა დამეტაკა, და იატაკზე გადმოვარდი და თან ისე, რომ სკამი ათ ნაწილად დავშალე. ავიწიე უეცრად ჰაერში, გავსწორდი და დავენარცხე აყირავბულ სკამს - დამიჯერეთ, გადასაგდები გახდა.
პიესა...
მინდა მსუბუქი პიესა გამომივიდეს. იგავის ამბავში. ჭკუასთან ახლოს. ერთი პირის თეატრი, ერთ მოქმედებად. 
კომპიუტერი მაგარი გამოგონებაა. მაგრამ, უკვე როგორც მე-20 საუკუნის ნაყოფი. დარწმუნებული ვარ 21-ე საუკუნეში უკეთესს და უფრო რთულ მოწყობილობებს გამოიგონებენ. მარსზე კოლონიას რომ გააშენებენ, უეჭველია. :)
ოპტიმისტური, მხიარული პიესა.
- ხომ არ გაგვესეირნა?
- გავისეირნოთ.
- რას ფიქრობ იმ საკითხთან მიმართებაში, თარხანმა რომ წამოწია გუშინწინ?
- მე, მაშინ ამას სხვანაირად ვერ ვიტყოდი... მაგრამ ეს მაინც უფრო კორექტული იყო მის მიმართ, რადგან „ისინი“, სხვა თემაა, საერთოდ სხვა მიდგომაა კომედიური განზომილების ცვლილებისა მოცემულ პოზიციაში. იმათ მაგივრად სხვა სიტყვების გამოყენებას ვერ შევძლებდი, არ იქნებოდა სრულყოფილი. იცი შენ, მაგ შემთხვევაში სიტყვას ხასიათიც მოსდევს, - „მისია!“ - სელკაიო ცეზე. გელისი. დეგას პასუხი სანოს. მეშვიდე თავი. დეგა დგას და ოკეანეს გაჰყურებს. ფიქრობს სიცოცხლეში განცდილ სიამოვნებათა დანიშნულებაზე, მათ საოცრად დიდ რაოდენობაზე და განიცდის, რომ ვერაფრით შესძლებს მადლობის გადახდას, თუ არა საკუთარი თავის გამონებით.
მას ჰგონია რომ გამონებით გადაიხდის სიხარულის საფასურს.
გოეთეს ვკითხულობ.
ფაუსტში, გოეთე მეფისტოფელის ენით ამბობს, რომ თავად სიტყვას ვერ მისცემს მაგ მასშტაბების შინაარსის შეთვისებისა და მასში სრულად შერწყმის შესაძლებლობას (უფალს გულისხმობს), ანუ, გოეთე მკრეხელობს, მეფისტოფელის პირით. ისიც შესაძლებელია, გოეთესთვის, როგორც ცალკე მდგომი პიროვნებისთვის, ეს აზრი, იდეა, მოსაზრება სულაც არ ყოფილიყო მისაღები. მან ეს გაახმოვანა, როგორც დრამატურგმა - პერსონაჟის ენით. მითუმეტეს, რომ მეფისტოფელი სატანაა. გოეთე ძაან დიდია, ალბათ ყველაზე დიდი გერმანელია. მან თავისი შემოქმედებით არიელთა მსოფლმხედველობაში უდიდესი წვრილი შეიტანა, და არამარტო მათი, არამედ მთელი ევროპის განათლების ჩამოყალიბებაში. რუსთაველისგან განსხვავებით, გოეთეს, ფაუსტის გარდა, მრავალი უმაღლესი დონის პიესა დარჩა, რომელთა დედააზრმაც ბევრწილად იმოქმედა გერმანელი ერის ფსიქოლოგიაზე, მისცა რა მათ მყარი ღერძი და თან, საგრძნობლად შეაშინა.
არ შეიძლება, წაიკითხო ფაუსტი და არ შეგეშინდეს. 
მარტა, რომელმაც უნებლიედ მოკლა დედა და იცის რომ საკუთარი ძმის მკვლელობაშიც ბრალეულია, ფაუსტთან ერთად ციხიდან არ გარბის და არა იმიტომ, რომ ფაუსტს სული აქვს გაყიდული...
არა! - მარტას ფაუსტი უყვარს.
არ გაჰყვება იმიტომ, რომ მის გვერზე მეფისტოფელს ხედავს.
მარტა აქეთ დარჩება და გადარჩება - ამას ამბობს უფალი. 
ფაუსტი სულს ჰყიდის, მაგრამ მისი უკვდავი ნაწილი, მაინც ზეცაში ივანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ უკანასკნელ მომენტში ხალხზე ზრუნვის მცდელობა ექნება... 
ჩემთვის გაუგებარი და მრავალი კითხვის აღმძვრელი დასასრული ჰქონდა.ნაცისტებმა ალბათ გაუგეს...ისე, ბევრ მაგარს რამეს ამბობს გოეთე.აი, ერთერთი მისი დარიგებთაგანი: „ის, რაც შენ იცი, შესაძლებელია გაიგონ სხვებმაც, მაგრამ რამდენად ღრმად ჩასწვდებიან მის არსს, შენთვის ეს დაფარული იქნება და ვერ მიხვდები.“ძაან მაგარია.სოციალური ქსელი ნარკოტიკივით არის. მოსცილდები, დაივიწყებ, მაგრამ დაბრუნების შემდეგ ეგრევე „ზიხარ“.მსუბუქია, მაგრამ ასწორებს.პიესა მინდოდა.ერთმოქმედებად. მოქმედება ვითარდება საქართველოში, არ ვიცი, კერძოდ სად. მოკლედ, მეგობრები - ქალი და კაცი. მეგობრობენ და ერთი გაიგებს, რომ მეორეს აქვს სიმსივნე და მალე ამ ქვეყნიდან წავა. მეგობრობენ ბავშვობიდან... მე კიდევ მხიარული პიესა მინდოდა!მაშინ, იქნებ, ნოველა გამომივიდეს სხვა და სხვა ეროვნების, ან სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხზე... ან, სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველებზე?
მაგალითად, ქართველი ებრაელები, ქართველი მუსლიმები, ქართველი კათოლიკეები, ქართველი იაღოველები, ინდუიზმის მიმდევარნი, კერპთაყვანისმცემლები, ათეისტები და მართმადიდებლები.საინტერესოა, რას მივიღებ, ნოველას რელიგიური ელფერით, თუ მკრეხელობას...ერთ ებრაელს, ისრაელში წასვლას სთავაზობენ, სამკურნალოდ. კვდება ეს ებრაელი, განუკურნებელი სენი აქვს. მაგრამ საქმე მაინც სათუოა, შეიძლება არ გაამართლოს მკურნალობამ. ამიტომაც არ წავა.„ჩემი წინაპარი ოცდაექვსი საუკუნის წინ აქ ჩამოვიდა, აქ იცხოვრა, აქ დაიმარხა და მეც აქ უნდა დავიკრძალოვო“.მუსლიმი ქართველი, წინაპარის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე ფიქრობს და ახალი ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს, თავის მონაგარს უტოვებს არჩევანს. „რაც იყო - იყო, რაც არის - არის, მე რა შემიძლია, ან მე რატომ უნდა შევცვალო ის, რაც მე არ დამიმკვიდრებია..მომავალი თაობა მეტად განათლებული იქნება, იმათ გადაწყვიტონ“...
მერე, კიდევ ჩაფიქრდება და შეშინდება მომავალ თაობაზე, გულში გაჰკრავს მომრავლებული ვაჰაბიზმი და ამ გადმოსახედიდან ხვდება, რომ თავისი გასაკეთებელია ის გადასადგმელი ნაბიჯი, შვილებს რომ უტოვებდა წუთის წინ.

ერთი იეღოველი მეორეს იმით ანუგეშებს, რომ ძალიან კარგია, როცა მას განუკურნებელი სენი სჭირს და იცის, რომ აღარ მოუწევს მოწამეობრივი არჩევანის გაკეთება: გადაისხას თუ არა სხვისი სისხლი. ჰპირდება, რომ მის ოჯახს, მისი სიკვდილის შემდეგ, როგორც საკუთარს, ისე მიხედავს - როგორც თავისას... წამსვლელსაც სჯერა, რამეთუ იცის, ვინც მანამდე წავიდა, ყველა წასულის ოჯახს მიეხედა „დიდი ოჯახის“ მხრიდან. უბრალოდ, ყველაზე მეტად მაინც დაფინანსების საკითხი ადარდებთ. ფულის გარეშე, ეეჭვებათ ერთიანობაში დარჩნენ. ინდუიზმის მიმდევარი ქართველი სულ იმის საფიქრალშია, თუ რა შეიძლება კიდევ მოიმოქმედოს ისეთი, რომ ისევ ადამიანად მოევლინოს ქვეყნიერებას და, მხოლოდ ქართველად.კერპთაყვანისმცემელი ვარსკვლავებს, მთვარეს და მზეს ათვალიერებს. ხიბლავს სილამაზე, აკვირდება მათ განლაგებას და წინასწარმეტყველებს: ეს ადამიანი იმიტომ მოვიდა, რომ ეგრე დაავალეს რუსებმა, ახლაც დაავალებენ და იგივეს იზამს. თუ არ დაუჯერებს და „გადააგდებს“, მოექცევიან ისე, როგორც მის წინამორბედებს მოექცნენ. არ აპატიებენ. ვარსკვლავებიც მაგას ამბობენ და მართალსაც ამბობენ - „როცა წითელი ვარსკვლავი იყო დროშაზე, მაშინ ხალხიც იყო მთაში“.ათეისტი ქართველი ამშვიდებს მეუღლეს, რომ გახარებულია - მოასწრო სიცოცხლის დაზღვევა და კმაყოფილია განვლილი ცხოვრებით, მიღებული გადაწყვეტილებებით და გადადგმული ნაბიჯებით. ჩატარებული თათბირებით და სიმპოზიუმებზე ნათქვამი სიტყვებით.
მადლობელია მშობლების და განგების.
მართმადიდებელი ქართველი მონასტერში მიდის. ემზადება უფალთან შესახვედრად. განუკურნებელი სენი სჭირს მასაც - ამპარტავნებაშია.
„ამდენი წელია აქ ვარ და აქ ვერაფერი მოვუხერხე ამ ოხერტიალ ამპარტავნობას! წარმომიდგენია, ხალხი იქით როგორ არის, რა გასჭირში არიან. ზოგი ამას ვერ ხვდება და უარესია ეს მისთვის, რამეთუ აუცილებლად მიხვდება როდესმე, მაგრამ შეიძლება მერე ვეღარ მოასწროს მომზადება, განწმენდა, არადა სიძე-მეუფესთან ქორწილში ვერანაირად ვერ მოხვდები, თუ სათანადოდ არ იქნები მომზადებული!
“სახალისო ამბის დაწერა მინდოდა... :)
კათოლიკეები დამრჩნენ ყურადღების გარეშე. რა ვუყო? სულხან საბა ორბელიანი იყო კათოლიკე და ბევრი სხვა გამოჩენილი ქართველი მამულიშვილი. მაგრამ მაინც გაუგებარია ჩემთვის, იყო ქართველი ქრისტიანი და იყო არაქართველი, ცოტა უცნაურია. არა?
რატომ ასე მოურიდებლად და ხისტად? ქართველობა, რომ მართმადიდებლობის სინონიმად ჰქონდათ აღქმული ჩვენს წინაპრებს, ვიცით. მერე, რა მოხდა ვერ გეტყვით, მაგრამ ქართველი კათოლიკეები, ვფიქრობ, ზარმაცი ქრისტიანები არიან ქრისტიანობაში.
ჩვენს წინაპრებში ვის ვგულისხმობ? აი იმათ, ვინც ქართველობა ოფლითა და სისხლით მოგვიტანა, ვინც ანი გვასწავლა და ბანი გვამღერა, ვინც სუფრა გაგვიშალა და სადღეგრძელო გვათქმევინა, ვინც დედა შეგვაყვარა და მამა დაგვაფასებინა, ვინც შვილად გაგვაჩინა და მშობლად გაგვზარდა!იმ წინაპრებისა იყოს!
„ავდგეთ ხალხნო დავილოცოთ, მოვიგონოთ წინაპრები,
გავიხსენოთ მათი სახე, დავაბრუნოთ უკან წლები.…
მოდით, იმ ხალხს გაუმარჯოს, ვინც გვაჩუქა საქართველო,
ვახტანგს, დავითს, ცოტნეს, თამარს, შევსვათ მათი სადღეგრძელო!

სამშობლო მარად გვიყვარდეს, დედის რძესავით ტკბილია,
ღმერთმა გვაჩუქოს ქართველებს, აკაკი, ვაჟა, ილია!
სვეტიცხოველიც აგვეგოს, აგვეგოს თეთრი სიონი,
არ დავივიწყოთ ვახსენოთ, ბებერი გალაქტიონი.
„ვაჟკაცსა გული რკინისა“ - ლადოს სიტყვებს ვენაცვალე,
მოდით, ლადოს გაუმარჯოს! ჩამოასხით მალე, მალე...
ქეთევანიც გაზრდილიყოს, მსგავსი დიდი დედოფლისა.
საქართველო ყვარებოდეს, შვილნი პირველსა ყოვლისა...
ჩემს თამადას ბოდიშს ვუხდი, ოდნავ ყური თუ ვატკინე,
ერთი კაციც მოვიგონოთ, ცხონებული კონსტანტინე.
ლაშა, გიორგი, ბაგრატი, სოლომონ, მეფე მირიან,
რა ხალხი გვიწევს საფლავში, ანგელოზები სტირიან...
რაღაც სიტყვა გამიგრძელდა, დავითვერი ალბათ, ხოდა...
ორი კაციც ვადღეგრძელოდ, ერეკლე და დიდი შოთა!
ავდგეთ ხალხნო დავილოცოდ! მოვიგონოდ წინაპრები!
გავიხსენოთ მათი სახე, დავაბრუნოდ უკან წლები...
(მე. 16 წლის)

„ეხლავე თუ გონს არ მოვედი, ახლავე გამჟღავნდება ჩემი გუმანი.“ (მე)
„ახლა დავლევ ლუდს... ეხლა გადავყლაპე“...(მე)
„ეხლას“ და „ახლას“ ჩვენს თანამედროვეობაში, რატომღაც აიგივებენ.
არადა, არ გახლავთ ასე. „ეხლა“ განსაზღვრავს დროს, რომელიც არის ეხლა, ამ წამს, ეს-ეს, ამჟამად. ხოლო „ახლა“ განსაზღვრავს იმ პერიოდს, რომელიც მოვა ამის შემდეგ, ამ წამის მერე. „ერთ ავ ფიქრს რომ აიცილებდა (ოთარაანთ ქვრივი), ახლა უფრო უარესს წააწყდებოდა.“ (ილია)
„ვით მეტი იყო წეღან ძაგება, ისე მეტია ეხლა ეგ ქება“ (ილია)
ილია მეტყველებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი თანამედროვეობა აუბრალოებს, აადვილევს ყოფას. 21-ე საუკუნე თავისას შვება.
ჩემი კომპიუტერის ხელოსანი მართალი აღმოჩნდა, მგრძნოიარე პანელის ბრალია კურსორის ცეკვა - მას მერე რაც ქაღალდი გადავაფარე, აღარ დარბის.
გადამეტებული მგრძნობიარობა არ ვარგა არაფერში. არც უსულოში და არც სულიერში. გადამეტებულად მეჩვენება ყველაფერი. აჟიოტაჟი, რომელიც ხდება ჩვენს გარშემო, ათასი განსხვავებული თემის გამო.პოლიტიკამ გადაფარა და მოიცვა სამყაროს უდიდესი ნაწილი. მეგაპოლისები, მეგამედიები და ტრანსკონტინენტალური კორპორაციები განაგებენ წესწყობილებას. 22-ე საუკუნე მოდის. ადამიანებს თავიანთი თავი ზეკაცებად მიუჩნევიათ და ბოგინობენ, აძლევენ რა საკუთარ თავს სხვა ადამიანის მოკვლის ოფიციალურ უფლებას. ამათ თავში პეპლები თუ მოუვიდეთ, შესაძლებელია მსოფლიოში უდიდესი ომი გააჩაღონ.ყველა ყველას წინააღმდეგ. შოკ. შოკ. შოკ-შოკ.ჩვენ, ქართველები, საქართველოს ნაშიერები ვართ, განურჩევლად აღმსარებლობისა, ყველა...ჩვენ ერთი დედ-მამის შვილები ვართ, ერთი ქართლის დედა გვყავს, ერთი მაცხოვარი გვყავს!რომელიც ამბობს: თქვენ, ჩემი მონები კი არა, ჩემი მეგობრები ხართო!დავასრულე. მადლობა ყველას...მადლობა ღმერთს!
პატივისცემით...

P.S. მეგობრებზე რომ გითხარით, სიმსივნე აღმოაჩნდა-მეთქი - ის კაცი გამოჯანმრთელდა! ეგ ის მართმადიდებელი იყო, მონასტერში ამპარტავნობას რომ ებრძოდა - დაინახეს „ზემოთ“, რომ ადამიანი, უპირველესად, ავადმყოფობას კი არა, საკუთარ თავს ებრძოდა. ჰოდა, გადაარჩინეს... :)

Let's share

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

13.10.2013

გამოიწერეთ არხი

160x600

160x600

bottom of page