top of page

ასეა ჩვენი ქალაქიც: გადაგრევს, დაგაბნევს, მოგშლის და მერე ფრთებს შეგასხამს, „გაგაფრენინებს“ სიხარულისგან...
რას იზამ, ჭაბუკია, სულ რაღაც ათას ხუთასი წლისაა, ჯერ არ დაღვინებულა, ვაცალოთ ყმაწვილს...
თბილისი ჩვენი სულია, გულია, გონებაა...
თბილისელები ამბობენ, თბილისი ჩვენა ვართო! ღმერთმა უსმინოთ!
იმასაც ამბობენ, თბილისელები თბილისის გარეშე ჭკნებიანო...
მართალია!


„თბილისში“ 1998 წ

 

 

ლობიო გამომიგზავნეს სოფლიდან...
გადმოღების დროს, რამდენიმე მარცვალი მიწაზე დამეპნა - ტომარა, ერთ ადგილზე, ოდნავ გარღვეულიყო.
დავხედე მარცვლებს...
დავთვალე, თან ვფიქრობ: თუ კენტი რაოდენობა აღმოჩნდა, მაშინ გამოვა. თუ არადა, მაშინ _ არა...

იქ, სადაც ვმუშაობ (ბეტონის გზას ვარემონტებ, ავტობანს), მანქანის რადიოლა მკაფიოდ იჭერს რუსულ რადიოტალღებს და მეც, მუშაობისგან დაღლილი, დასვენებისას, შიგადაშიგ ვუსმენ ხოლმე რუსულ გადაცემებს.
რა დასამალია და, რუსული სამეტყველო ენა მომწონს. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, რუსეთში ვცხოვრობდი და გამზრდელი ბებიაც, ვლასი ბაბუის, მეორე მეუღლე, მარია ბორისენკო, რუსობდა (პირველი მეუღლე, თამარა ბებია, ჩემი ღვიძლი დიდედა, სურგულაძის ქალი, ადრე გარდაეცვალა ვლასის), მიუხედავად იმისა, რომ გვარი უკრაინული ჰქონდა, ბორისენკო, და დედის მხრიდანაც მშობლები პოლონელი ებრაელები ჰყავდა, калиновские, ბებიაჩემი მარია, მაინც თავს სუფთა სისიხლის რუსად თვლიდა - სტალინისა არ იყოს...
ჰოდა, იმას მოგახსენებდით: იმ ადგილიდან სადაც მე ვმუშაობ, ხელის ერთ გაწვდენაზეა უმშვენიერესი სამაჩაბლო. ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დღეს, რუსული სამხედრო ბაზები, ოსი მოძმეები, რუსი ოკუპანტები, ზოგი რუსი მოძმე, სხვა დ ასხვა ჯურის მტერი და მარადიორია ჩასახლებულ-ჩაბუდებული.
ადგლობრივებიც არიან, ოღონდაც უკვე მათაც უკვირთ დაუპატიჟებელი სტუმრების უტიფარი „რონინი“ და შიგადაშიგ, მხრებს იჩეჩავენ და ჩვენსკენ იხედებიან...  
ხშირად ვხედავ ჩვენს დასავლეთევროპელ სტუმრებსაც, რომლებიც სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო დელეგაციების ეგიდით, ეგრეთწოდებულ „სამხრეთ ოსეთს“ მალი-მალ სტუმრობენ.
ცდილობს ხალხი, მეგობარი ქვეყნები. ერთია მხოლოდ, ზოგს, ამერიკის ელჩისა არ იყოს, ზოგჯერ უჭრაჭუნებს!... 
ჩემთვის ეგ მხარე, ანუ სამაჩაბლო, ყოველთვის დარჩება სამაჩაბლოდ და არასოდეს გახდება სამხრეთ ოსეთი. თუ ქვეყნის გაერთიანებისთვის, მომავალში, მავანს, სამხრეთ ოსეთის ოფიციალურად ხსენება პლიტიკურად წაადგება, ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ მე ნურავინ მომთხოვს სამაჩაბლო ოსეთად აღვიქვა.
აღარ გავწყვიტავ დაწყებულ აზრს და მოგახსენებთ, რომ ნასიამოვნები გავხდი პრეზიდენტის ინაუგურაციით.
კარგად დადგმული სანახაობა იყო.
ვითარდება ქვეყანა, გემოვნებაც იხვეწება. 
მომეწონა ჩვენი ჯარისკაცების მზერა, მათი მორთულ-მოკაზმულობა, ისეთი გემოვნებიანი ფორმები ეცვად, რომ გეგონებოდა სადღაც გარეთ არაბული ტაიჭებიც ელოდებათო...
არტილერიის გასროლებმა მომხიბლეს, წიწვნარის ფონზე...
პრეზიდენტის თბილისურმა „პახოდკამ“ დამცა - ეტყობა კაცს, რომ გრძნობს თავის ჯვარს - გამისწორდა - წინა პრეზიდენტის ბატისფეხურს არც შევადრი.
მაინც ვახსენე, ეს გადარეული „ჯორი“.
არადა არ მინდოდა.
არასოდეს არაფერი დამიწერია ამ ადამიანზე.
მართლაც ჯორივით ჯანი აქვს. 
მე მშენებელი ვარ და საკუთარ ტყავზე განვიცადე მიშას გიჟური ტემპი. ენით ვერ გადმოვცემ მაგ გრძნობას, მაგრამ მადლობას კი ვიტყვი: ბევრი ვისწავლე მიშას მმრთველობის პერიოდში. 
ჯორზე არ მიწყინოთ - თანამედროვე პოლიტიკაში ცხოველებთან ასოცირება მოსულა.  
ჯერ კიდევ ფრაკლინმა, ამერიკის პრეზიდენტმა, იმ პერიოდის პოლიტიკაში შემოიტანა ცხოველის „ინსტიტუტი“ - ნახატზე აღბეჭდა დანაკუწებული გველი, რომლის ქვემოთ მოკლედ ეწერა: თუ არ გავერთიანდებით, მოვკვდებით.შემდეგ გველის სიმბოლო ამერიკის მასონებმაც გამოიყენეს, მაგრამ ასევე გაჩნდა “გაბღენძილი“ სპილო, რესპუბლიკელების 

სიმბოლო და ყროყინა ვირი, დემოკრატების სიმბოლო.
იმ პეროიდში ამერიკაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. თაობები წავიდნენ და ახლები გაიზარდნენ. ორთავე დაპირისპირებულ ბანაკში მიხვდა ხალხი, რომ ისინი უკვე ადგილობრივები იყვნენ, ამერიკელები, ის მხარეც და ესეც, და რომ ინგლისის იმპერიას იქ აღარ ესაქმებოდა რა. ანუ ნიუორკელი ნიუორკელი გახდა, ჩიკაგოელი ჩიკაგოელი, ლოსანჟელესელი ლოსანჟელესელი, მაიამელი მაიამელი...
აი, მიშა ვერ გახდა თბილისელი. ცოტა დააკლდა. მიხვდით ალბათ, რომ დაბადების ადგილით არ ვსანზღვრავ თბილისელობას. თბილისელობას, თბილისში ბორიალი, საყვარელ ქალთან ლექსების თქმა, სიმღერა და დროსტარება სჭირდება, მაგრამ აუცილებლად ჭაბუკობაში, რომ მძაფრად შეიგრძნო, შეისისლხორცო მთელი გემო ამ განუმეორებელი ქალაქის, ყველა უბნის, ქუჩის, ტაძრის, მეგობრის გემო იგემო, „ჩერეზძმაკაცი“ გაიჩინო... რათა ამ შესისლხორცებით, შემდეგ კაცობაში, თავი ბოლომდე თბილისელად აღიქვა და ქალაქურად განაგრძო ცხოვრება.სასახლეს მინდა შევეხო, პრეზიდენტის სასახლეს, მიშას აშენებულს და თან ჩვენი ფულით. ანუ, ჩვენია ის სასახლე, ხალხის.ჩვენ გვკითხეს რამე?არც მაშინ, როდესაც აშენებდნენ და არც ახლა - არაფერი უკითხავთ. ეგრეც არის საჭირო, ყველაფერს ხალს ვერ შეეკითხები, შენს თავზეც უნდა აიღო რაღაცეები.მიშას ეგ შეეძლო.რა გამოუვიდა, ვნახეთ. რაც უნდათ, ის ქნან, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი იცხოვრებს იქ, უნივერსიტეტი გაიხსნება, თუ თანამედროვე ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი.ვმეორდები: თბილისელი კაცი ამხელა საცხოვრებელ სახლს არ აიშენებდა - საპრეზიდენტო ააშენა - მომავალი თაობებისთვის.ისევ ყოფილ პრეზიდენტთან მოვედი. დამიჯერეთ, მიშა თუ საქართველოდან არ წავიდა, არ გაიქცა და სადღაც თავშესაფარი არ მოითხოვა, იგი მხოლოდ მოიგებს, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში, ამ ქალაქის ნაღდი მკვიდრი გახდება. რომც დაიჭირონ (რაშიც ეჭვი მეპარება - მართლა დაბრედილი თუ არ ყავს ვინმე), „პატარაც“ რომ ჩაჯდეს, მოუხდება კიდეც, გაუგებს მუღამს.
მაგას ძაან გვიან დაუდგა ჭაბუკობა, ამიტომაც გადაირია...ამიტომაც ჰგავდა ყველას და თან არცერთს...ეგრეა...მარგველა სხვაა.არაფრით არ გავს მიშას და ეგ ასწორებს. 

მარგველა ვერ შეგეშლება სხვა ქალაქის მკვიდრში, ნაღდი ჩვენია, თბილისელია, ვერელია, საძმაკაცო ყავს, სამეგობრო...
ულამაზესი ქალბატონიც ახლდა, სხვათაშორის ჩვენი უბნელი.
საერთოდ, მარგველა, როგორც ფილოსოფოსი, თავისდაუნებურად ამკვიდრებს პრეზიდენტობის, თუნდაც პოლიტიკოსობის ახალ სტილს. - კუწურიეს პონტში... „2013-2017 ზაფხულ-შემოდგომის სეზონი, ფილოსოფოსი პრეზიდენტი“. (საინტერესო იქნებოდა, ძალზედ საინტერესო, მერებ 
მამარდაშვილის კომენტარი, ამ ყველაფერზე).
- თუ ბიძოა „კუწურიე“?!
ეგ მალე გამოჩნდება. - ხე ნაყოფით შეიცნობაო.
მომავალი გვაჩვენებს.

აწმყო, მომავლისა და წარსულის ნაყოფია. არ შეიძლება განიხილო აწმყო მომავლის გათვალისწინების, მამავალზე ოცნების გარეშე. მომავალზე ოცნება კი, და მისი წარმოდგენა, მასზე ფიქრი, ერთმნიშვნელოვნად განმაპირობებელია აწმყოსი, - ისევე როგორც წარსული. უბრალოდ წარსული მატერიულია, მატერიალურია, მატერიალიზირებულია...
მომავალი კი შენია, აბსტრაქტულია, მაგრამ 3D-ში ნახავ, დაინახავ რასაც მოისურვებ... მერე  გინდა ისეთს ააშენებ, გინდა ასეთს. მთავარია პროექტი და ხელსაწყოები გქონდეს, მასალას იშოვნი.
სახლის ასაშენებლად ხომ იყენებ პროექტს?
გზასაც ისე ვერ ააშენებ თუ პროექტი არ გაქვს.
- ქართული სახელმწიფოს ასაშენებელი პროექტი დაგიდონ მარგველ! სთხოვე პრემიერს, თუ არ აქვთ მზად, დაავალე მომზადება! - მხედართმთავარი შენ ხარ! ყველა შენაერთმა ცალკე მოგცა სიტყვა ერთგულებისა და იცოდე მარგველ, ეგ ხალხი არ გიღალატებს!

თუ...ამიტომაც მიხედე, ძმაო...ორიდან, ორივე ჯოკერი გყავს, და გულის დამა...დავბრუნდები აწი ჩემს ავტობანზე, ბეტონთან...რადიოს ვუსმენ.გარეთ ქარია, მტვერი - მანქანები მინიმუმ 100-დან 200 კმ/სთ.-მდე ანვითარებენ - ნელა არავინ დადის.საგიჟეთია.რამდენი ათასი ტრაილერით, რა ტვირთი გადააქვს მსოფ

ლიო ბიზნესს აქეთ-იქით ამ ჩვენი დალოცვილი სამშობლოს ტრანზიტულად გავლით... - აბა, რა ვთქვა.ჩვენ ფირმას, ზედ ავტობანზე, მოძრაობის შევიწროვება გვაქვს მოწყობილი და „შიგნით“, კუნძულზე ვმუშაობთ, დეფექტებს ვასწორებთ. მე ამ წამს მანქანაში ვზივარ. რუსულ არხზე გადავრთე.გადაცემა ეხებოდა რუსეთის დუმის მიერ ინიცირებულ კანონს, რომლის ერთერთი ავტორი არის ვიღაც ტიპი, რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე, რომელიც ცდილობს დააკანონოს რაღაც სიახლე, რომლის წინააღმდეგაც გამოდიან დანარჩენი დუმელები და ეწინააღმდეგებიან იმ მოტივით, რომ ამ კანონის დამკვიდრებით ხელი შეეწყობა კორუფციული სისტემის ახალი კერის დამკვიდრებას.გაიგე შენა? - რუსებს კორუფციაზე დარდი დაუწყიათ.
ან განმცხადებელი, ეს აქტიური ტიპი, ვერ ხვდება, რომ თავისი საქციელით სხვა კორუფციონერებს ლუკმას უყოფს და ამიტომაც ბლოკავენ მას, ან ახალგაზრდა, ახალი ტიპის რუსები აჩოჩებენ ძველებს.რადიოში ვიღაც რუსი ექსპერტი ამბობს: რად გვინდა ველოსიპედის გამოგონება, აგერ შევხედოთ ევროპას და გადმოვიღოთ მათი მოდელი...სხვებიც ეთანხმებიან, - გავიხედოთ ევროპისკენ! მოკლედ ყველას, ყველა ერს აქვს თავის პრობლემა, რომელთა გადაჭრასაც ყველა ცდილობს თავისებურად, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს რუსეთის ასეთი ქცევა ჩვენს მიმართ, მათ იციან რომ ქართული საკითხის სათავისოდ არ მოგვარების შემთხვევაში, დარტყმის ქვეშ აყენებენ ჩრდილო კავკასიის შენარჩუნების საკითხს, რაც თავისთავად პირდაპირ მიბმულია რუსული იმპერიის ყოფნა-არ ყოფნასთან...
მართალს ეუბნებოდათ რუსებს წმ.სერაფიმ საროველი: არასოდეს ეომოთ საქართველოს და ქართველებს, რადგანაც მაგ შემთხვევაში ღვთისმშობელთან მოგიწევთ ომი და აუცილებლად წააგებთო...
ეს უვე მაგათი საქმეა, - გვეომონ თუ არა, მაგრამ მე, ჩვენი ჯარისკაცების შემხედვარე გულით, სულით, გონებით ამაყი ვიყავი და ვგრძნობდი, რომ თვითოეულ მათგანს ათი მტრის დამარცხება ამ წამსვე ხელეწიფებოდა
„კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან - 
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.“

ნუ დაგავიწყდება, ქართველო, რომ თავად წმინდა გიორგის უბრძოლია ჩვენთან ერთად, მხარდამხარ!
მრავალ ბრძოლაში, ხმლით ხელში!
შეგვეწიოს მისი მადლი და ძალა!
გიორგობას გილოცავთ, ხალხნო!

უფალი გფარავდეთ!
 

P.S. აფხაზეთის მთავრობაზე მინდოდა მეთქვა. ვერ გავიგე ეგ სადაური წესია, ხალხი 22 წელი შეუცვლელად დეპუტატი იყოს, თან ისე, რომ ამ ორ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში, რაც ისინი პირველად აირჩიეს, გადარჩევა აღარ ჩატარებულა. 
ანერვიულდნენ მუდმივი დეპუტატები, ხალხმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართა, შიმშილობის აქციაც მოუწყვეს, სერიოზულად დაეჯახათ ახალი თაობა. ერთ-ერთ „თავისმართლება“ ყრილობაზე, სადაც მათთვის აფხაზეთიდან დევნილებს პრეტენზია წაუყენებიათ, მუდმივმა დეპუტატებმა ასე უპასუხეს: „დალაი ლამა არის ჩვენნაირად,  ერთ ბედ ქვეშ ვართ ჩვენო... აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა და დალაი ლამაო“.
ჩემი ძმაკაცი ესწრებოდა ამ ამბავს. ამდგარა, „სეპარატისტი“, ჩემი სოხუმელი ძმაკაცი, მეტსახელი აქვს ეგეთი, ჰოდა, უკითხავს, სოხუმური აქცენტით, ყოლბაია-გვაზავას დაჯგუფებისთვის: რომელი ხართ აქ, ახლა, ლამა? 
„პლატონას დუქანია“, თუ „ნაზიმას ჩაიხანა“?!
პრეზიდენტო, მარგველ! გთხოვ, ძმურად, დაინტერესდი ამ შეუცვლელი ტიპებით, მაგთიკომივით მუდმივი დეპუტატებით, „პოლიტბიურო“ რომ მოუწყვიათ ხალხის ხარჯზე, თორემ ხომ ხედავ რუსებსაც კი დაუწყიათ კორუფციასთან ბრძოლა და ევროპისკენ გახედვა, - არ აფიქრებინო, ვაჯობეთო!

მიდი, მარგველ, შაუბერე!

მარგველ!

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

23.11.2013

160x600

160x600

bottom of page