top of page

„...ნახატის მაღლითა - წითელი მხარე, ქვედა - ფერადი პერსონაჟებისგან განსხვავებით, შავი ფიგურებით იყო მოხატული. ოღონდაც, ყველას ერთი სახე და აზრი აერთიანებდა.

ნახატის ზედა ნაწილში, ჩაცმული ძაღლები ტიტველ ადამიანებს ასეირნებდნენ...„


„გაბიელი“ 1998 წ.

 

 

საღამო იყო. „ალექსანდრეს“ ბაღში საუბარს მოვკარი ყური. ეტყობოდათ, დიდი ხნის ნაცნობ-მეგობრები იყვნენ.
სიგარეტი მთხოვეს; მერე კი, ისეთი ხმით დაიწყეს საუბარი, რომ ასე ვიფიქრე, ჩემს გასაგონად ხომ არ საუბრობენ-მეთქი...
უნებლიედ მივაყურადე...
- მე რომ გითხრა ახლა, პოლიტიკით არ ვინტერესდები-მეთქი, მოგატყუილებ, ვინტერესდები. უბრალოდ, გაგებაში არ ვარ პოლიტიკის! ამიტომაც ვარ საკუთარი თავის მიმართ ასე კრიტიკული, რომა, ვერც ერთხელ ვერ ამოვიცანი ჩემივე დადებული ფსონი. გამსახურდიას ხმა მივეცი და სულ მალე, ქვების სროლა დავუწყე, ძალზედ უკმაყოფილო შევიქმენი მისი პოლიტიკით.
- მარტო ქვებს არ ესროდი შენ, ვიცი მე როგორ იყო ყოლიფერი... „პუჩისტი“ ხარ შენ - ხუნტა! რას ერჩოდი, თუ იცი, იმ კაცს?
- ბიჭოს! შევარდნაძე გადამრჩენი მეგონა, შემიყვანეს შეცდომაში, რას მოვიფიქრებდი, ცოტა ხანში გამჩენს თუ შევუგინებდი მაგ გათეთრებულ მელას? გამამწარა ფრიად, სულ „იაგანზე“ დამტოვა, მაგ გათახსირებულმა!
- ღირსი იყავი და მიტომ. მელა ტყუილად კი არ იყო, მიგიხვდა, რა გაიძვერა-მამაძაღლიც იყავი, რანაირად უერთგულე გამსახურდიას და გადაგიხადა სამაგიერო! აბა, რა გეგონა, შეგრჩებოდა კანონიერი პრეზიდენტის გადაგდება?!
- ჰოდა, მაგიტომაც დავუჭირე მხარი სააკაშვილს, ეს გურული მელაკუდა რომ მოეშორებინა, მაგრამ ესეც თუ მიმუხთლებდა, რას წარმოვიდგენდი, კაცო?
ახოვანი ვაჟკაცი, განათლებული, პირმშვენიერი, ენაწყლიანი, ენერგიული, ვეფხვი კაცო – ვეფხვი! სულ პირწმინდად გამფრცქვნა, გამაცამტვერა...
- მეც მაზარალა მაგან, სულ წამართვა ყველაფერი...
- კარგი ერთი, თუ კაცი ხარ, სად გქონდა შენ წასართმევი?
- მქონდა, მქონდა...
- მალავდი?
ამ „მალავდი“-ს გაგონებაზე, სიცილი ამიტყდა. შემამჩნიეს და გამეცალნენ. არადა, გაგრძელების მოსმენა კარგი იქნებოდა, საინტერესო.
თავად მე, ზვიადაც მევასებოდა, ჯაბაც და მიშაც. ერთი, ედიკას ვერ ვგუობდი ვერასდროს; ესეც ოჯახიდან მომდევდა - ბაბუას არ ევასებოდა და „გადმომედო“ტიფივით.
ბავშვი და ლეკვი საყვარელიაო, ეგრე დამემართა მეც. მერე, გამომდინარე მათი ქცევებიდან, მეც მეცვლებოდა აზრი. მაგრამ ბოლოს, მიშამ ისე გამაოცა, რომ შარშან „ედიკას საოცნებო პარლამენტს“ მივეცი ხმა - ზუსტად იმათ, ვინც, თავის დროზე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უკანალის გადარჩენის მიზნით, დსთ-ში ჩვენს შესვლას მისცა ხმა.
არ დავმალავ, ნამდვილად არ მინდა ბიძინამ მიშასავით გამაოცოს.საქმე რაა იცით? ბიძინას მოსვლის შემდეგ, ოცნება დავიწყე :)
სერიოზულად.
ისეთ საქმეებს ვედები, რომ მიშას დროს, იქით არც კი გავიხედავდი. რატომ?
აი, ერთი მაგალითი: მიშას დროს, ძმაკაცმა საზღვარგარეთიდან ხორბლის სპირიტი ჩამოიტანა - მაღალი ხარისხის, რექტიფიცირებული, 4 ცისტერნა - თითო, 60 ტონა.
არყის ჩამოსხმა გადაწყვიტა. ჩამოიყვანა ცნობილი ტექნოლოგი, იმუშავეს - იქ კუპაჟიო, იქ ესაო და ისაო... მოკლედ, დააყენეს. 2 ცისტერნა არყის ბოთლებში ჩამოასხა, დაარეგისტრირა ბრენდი, მიაკრა ეტიკეტი და შეუდგა ბიზნესს... 
არ გასულა დიდი დრო და, ჩაუწვა საქონელი - ახალმა „ბრენდმა“ კონკურენცია ვერ გაუწია ვერც დაბალი ხარისხის და, მით უმეტეს, ვერც მაღალი ხარისხის სეგმენტს. (პრინციპში, ჩემი მეგობრის ბრალი იყო - ჯერ ბაზარი უნდა შეესწავლა, ისა, ესა და მერე წამოეწყო საქმე... მაგრამ, რას იზამ, წააგო). საერთოდ რომ არ დაღუპულიყო და არ დაქცეულიყო, დარჩენილი ორი ცისტერნა სპირტად უნდა გაეყიდა. მუშტარიც იპოვა - „აზერბეიჯანელი“. აქეთურ-იქითური და, მორიგდნენ.
მორიგდნენ, მაგრამ სადა ხარ!? სანამ „ზემოთ“, ოლიგარქი ვინმე არ დაარწმუნა, რომ ეს მისი მხრიდან ერთჯერადი ოპერაცია იყო, გაკეთებული მხოლოდ იმისათვის, რომ არ დაღუპულიყო და რომ მეორედ, მის ცხოვრებაში სპირტისკენ არც კი გაიხედავდა... ის ორი ავადსახსენებელი ცისტერნა, ერთიდან მეორეში 4-ჯერ გადასხ-გადმოასხმევინეს - არწყვის მიზნით (!) ...და, რომ არა „ოლიგარქის“ კეთილი ნება, კიდევ 8-ჯერ გადასხ-გადმოასხმევინებდნენ...
ახლა გვაკადრებს ვინმე ამას?დარწმუნებული ვარ, რომ არა!
ჯერ არა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ეგ დროც მოვიდეს და გვაკადრონ - ხომ იცი, თუ „შეაყოფინე“, მერე ძნელია ფართხალი... ვფიქრობ, სწორად იქცევა ბიძინა (ან, სწორად გამოსდის, უნებლიედ), როდესაც ხან ექსპერტებს და ხან ჟურნალისტებს ხვდება. და ამ შეხვედრებზე ყველაფრის უფლებას აძლევს თავის თავს და რესპოდენტებსაც.
ერთი მარტივი მიზეზით - რომ მომავალი პრემიერიც დაავალდებულოს ამ საქციელით და ისიც უპირობოდ შეხვდეს სამოქალაქო საზოგადოებას და ზუსტადაც, ასე გახსნილ რეჟიმში.რა საკვირველია, მომავალი პრემიერი, ვეღარ ან აღარ გაბედავს მოპაექრეთათვის ჭკუის სწავლებას. მხოლოდ მოისმენს და, შესაძლოა, გაითვალისწინოს კიდეც მათი აზრი, მაგრამ დასმულ კითხვას, ერთმნიშვნელოვნად, უპასუხებს. თანაც ისეთს, რომელიც ყველაზე მეტად არ ესიამოვნება რესპოდენტს.
მე ამ „ტრადიციის“ დამკვიდრების იდეით ვარ კმაყოფილი და არამც და არამც ვინმეს მიერ სხვისი ჭკუის სწავლებით - მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჭკუა სასწავლი მართლაც აქვს.

ესიც სათქმელია: ერთი წლის წინ, დილის 12 საათზე, „სამშენებლო ტექნიკის ბირჟაზე“ რომ გასულიყავი, დიღომში ან სხვაგან, დიდი-დიდი ჰაერის კომპრესორს გეშოვნა კაცს - მეტი იქ არა დაგხვდებოდა რა - სამუშაოდ იყო ტექნიკა გასული, გაქირავებული.
ახლა?
რომ გახვიდე, თუ გინდა მთელი დღე იქ იდექი, სავსეა ტექნიკით ბირჟა, დამქირავებელი არ არის - საქმე არ არის და ამიტომ.
მე მაპატიონ იმათ, ვისაც ქვეყანა წინ ციფრებით მიჰყავს და ეკონოკიკური ზრდის ტენდენციებს ალგორითმებით გვისაბუთებენ...
ეგ ხომ უკვე გავიარეთ: პროგნოზები, კვლევები, ფინანსური შედეგების პარაბოლები, პროცენტული ზრდები...
მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველესი მაინც ის არის, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ნათქვამ სიტყვაზე, რადგანაც, ზოგადად, სიტყვა პირიდან ამოდის და უკნიდან ლაპარაკს თავი უნდა დაანებონ.
„ქართული დუმის“ მესვეურებისგან, „უმეტესობის“  წარმომადგენლებისგან, უკვე ხშირად ისმის:
- დიახაც, ჩვენ ყველაფერს ამას გპირდებოდით, მაგრამ გპირდებოდით, რომ შევასრულებდით ოთხ წელიწადში!
მერე და, რომ არ ხართ თქვენ ის ხალხი და არ გავხართ ოთხ წელიწადში მაგის შემსრულებლებს?
პრეზიდენტის არჩევნებზე ისეთი ამბავი აგიტეხავთ, თითქოს ეს პრეზიდენტი რამეს წყვეტდეს.
საერთოდ არაფერს წყვეტს - ავირჩევთ და იქნება აწეული ალამივით, მარადჟამს გაღიმებული.

რა გითხრათ... მე რომ ტაისონთან საჩხუბრად ვიქაჩებოდე და წონის გამო „დამბრაკონ“, არ იფიქრებს ხალხი, შეეშინდა ტაისონსო?თანაც, ტაისონმაც რომ დაადასტუროს - მერაბას წონა არ ჰქონდა შესაფერისიო...:)

ამას იმიტომ „ვიგავ-არაკობ“, რომ სალომესთვის უფლების არმიცემით, „გაღიმებული დავრჩი“. უარესი ის არის რომ „გვაძალებენ“, რა ჩვენი ბრალი იყო, თავად არის დამნაშავეო...მარგველამაც, ცეესკოსკენ და კონსტიტუციისკენ გაიშვირა ხელი...ძმაო, მარგველ, ეგ კანონები მიშიკოს დაწერილია და შენ თუ აგირჩიეს, სიმართლე ხმამაღლა უნდა თქვა - ნაღდი რაც არის, ის.ვინ მამაძაღლი...სალომე მაინც წააგებდა, მაგრამ შენ რას მაყრი თვალებში ნაცარს, რას მაბოლებ?პრემიერი ვინ გახდება, იმაზე „სუსი“ - ხმას არავინ იღებს; ღვთისნიერი კაცი დუმს. „დუმაც“ დუმს (დედიმაგათმა, ხმა ამოიღონ, მაგათ ვინღა ეკითხება რამეს, ედიკა თუ შეეკითხება).
ნაცებიც „დუმობენ“.
ხალხი კი ოცნებობს, ჩემი არ იყოს... :)
ეს ღვთისნიერი კაცი რომ წავა, აქ „დედა შვილს აღარ აიყვანს“, რამეთუ „წასული“ ნაღდად წასული იქნება და ნურავის აქვს ილუზია, რომ კულისებიდან გამართავს საქმეს - ვერ გამართავს!როგორც „ნაცები“ ვერ მართა კულისებიდან, ამ „ჯოგს“ უმეტასად ვერ გამართავს.
დღეს ესენი ნახირზე უარესად გამოიყურებიან - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
ისე, უმადური კაცის დედა ვატირე! ბიძოზე აუგი არც მე და არც სხვას არა ეთქმის!
„რუსეთის კაციაო“, - აჰა ქართველებო, ბურთიც და მოედანიც თქვენ და გინდათ იმათ კარში ითამაშეთ და, გინდათ საკუთარში ყარეთ გოლები.
მისი წასვლის მერე გამოჩნდება ზუსტად, ვინ ვისას თამაშობს.
ფაქტი ჯიუტია: ბიძოს, თანაგუნდელებთან ურთიერთობისგან სიამოვნება რომ მიეღო, არ წავიდოდა. რა ჯობია სამსახურში რომ დადიხარ და კოლექტივის დანახვაზე, გული გიხალისდება, მაშინ შრომაც კარგია და მარგი ქმედების კოეფიციენტიც, მაღალი.
ისიც შესაძლებელია, რომ ბიძო თავის პრემიერ-მინისტრობას სამსახურად ვერ აღიქვამდეს... - მილიარდელია კაცი.
ჰოდა, მიდის!
ისიც მართალია, საქმის და ბიზნესის გაკეთება თუ გინდა, მოხსნილია ელიტარული წნეხი, რაც ნაღდია - ნაღდია!
მე-ე?
ძალიანაც მინდა მარტო ქართული „ვითამაშო“, მაგრამ რომ არ გამოვა, ვიცი. ამიტომაც სწორხაზოვნად და გამოკვეთილად დასავლეთის მიმართულება მიმაჩნია უმჯობესად.
ხაზს ვუსვავ – დღეს. თორემ ხვალ, შეიძლება, სხვა დანარჩენს იაპონიის მიმართულება სჯობდეს და ჩვენს ერსაც, მოუწიოს პრიორიტეტების გადაწყობა და ხის ქოშებით ქუცქუცი.
ერთი, რაც ნამდვილად ვიცი, სომხური მიმართულება ვერასოდეს იქნება ჩვენი, ვერ დაემთხვევა. :)
ერთი ნატვრა მაქვს, ადრე ამას არ ვახმოვანებდი...
ჩემი დაიკო, ანნა მინდა დაბრუნდეს საქართველოში, რომ ემსახუროს თავის ქვეყანას - სიმართლის უპირობო მსახურების და წესიერების მაგალითი მისცეს, თორემ გული გაწყალდა ამდენი უტიფარი და გატლეკილი დედაკაცების ცქერით, საკუთარ ჩაქაქულ მამრებს უკანალს რომ სწმენდენ... 
ისე, „მამენტ“, ეგ ქცევაც დასაფასებელია - ისტორიულად ყოველთვის ჩვენი ქალბატონები გვშველოდნენ ქართველ კაცებს... :)
გაზაფხულამდე გვიჭირს, გაზაფხულამდე, ქართველებო!...

P.S. და კიდევ, ვერ გამიგია და იქნებ ვინმემ გამაგებინოს... რა ჯანდაბა გვინდა სოჭის ოლიმპიადაზე? რომელი ხოკეისტების გუნდი ჩვენ გვყავს, ა? 

მე-ე?

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

18.10.2013

160x600

160x600

bottom of page