top of page

- როგორმე მოთავსდი, შვილო ჩემო, – უთხრა მამა დავითმა, მაგიდაზე მდგომი სანთელი აანთო და უსიტყვოდ წავიდა ეკლესიისკენ.
- თქვენ, მამაო? თქვენ სად დაიძინებთ? – ჰკითხა მგზავრმა.
მამა დავითი შეყოვნდა.
- მაგაზე არ იდარდო.. – უპასუხა და სახეზე ღიმილი მოეფინა.
- ეკლესიაში არ შეიძლება დაძინება? – ჰკითხა მგზავრმა.
- ეკლესია სალოცავად ააგო ქართველმა კაცმა და არა საძინებლად. - მიუგო მამა დავითმა და ტაძრის ღია კარში გაუჩინარდა.

"ზარზმა"
1999 წ.

 

 

მეუფე დავითს, აბბა ალავერდელს, 21 წელია რაც ვიცნობ.

საოცარი კაცია. 
დოსტოიევსკის უწერია სერვანტესზე: „თუ ღმერთი ოდესმე მკითხავს, შეიცან თუ არა ადამიანიო, მე ვუპასუხებ - „დონ კიხოტი“...
მე ვუპასუხებ: მეუფე დავითი! 
1992 წელი იდგა... შორეული ოთხმოცდაათიანი წლები.
მეუფე დავითი იმ ხანად ნიკორწმინდაში მოღვაწეობდა. მეგობრებს რაჭის გზაზე დაგვაღამდა. ნიკორწმინდას მივადექით.
„მეუფე ლოცულობსო“, გვითხრეს და გვერდითა ოთახში შეგვიპატიჟეს, „მალე გამოვაო“... 
ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი დიდხანს ლოცულობდა. მაშინ ასე მომეჩვენა. ღამის ლოცვების დრო იყო, ღამის თორმეტი საათი. ჩვენ გვეჩქარებოდა, მაგრამ, უკვე მისულებს, მეუფის უნახავად წასვლაც გვეუხერხულებოდა.
ოთახში ჩემთან ერთად ახალგაზრდები ელოდნენ მეუფეს. ისე გამოვიდა, რომ ჯერ მეუფის მრევლი გავიცანი და მხოლოდ მერე მეუფე.
მტრედივით ლამაზი მრევლი ჰყავდა: ირმა, ნინო, თამარი...
ათნი, ან თორმეტნი იყვნენ. ამ ყმაწვილების მიერ ოთახში დანთებული სიყვარულის კოცონი ისეთი ხილული და თბილი იყო რომ, როდესაც მეუფე სენაკიდან გამოსული დავინახე, იმ წამსვე მივხვდი და შიშმაც კი შემიპყრო: ასეთი სუფთა ადამიანის გვერდზე ყოფნას ვერ შევძლებდი, არც შეიძლებოდა...
მცირე ხნის საუბრის შემდეგ, სენაკიდან ეზოში გამოვედი. ჩემი თანამგზავრი მეგობარიც გამომყვა. მსურდა ჩემი ნაფიქრი გამენდო, ბავშვობის მეგობარი იყო, ბადრი ლონგურაშვილი, მეც ვიცოდი მისი ფიქრები და მანაც იცოდა ჩემი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ დამასწრო: „მერო, არ არის ამ სუფთა ალაგს ჩვენი ადგილი... ყოველშემთხვევაში არა ახლა და ასე...“
ერთნაირად გვიფიქრია - ბადრის ეს ნათქვამი დღესაც მახსოვს...
ასე ნათქვამის მიზეზიც ნამდვილად მიზეზობდა.
„დარჩითო“, მეუფემ, მაგრამ გზაზე ვიდექით და ვიუარეთ.

ომების დრო იყო.
პირდაპირ ვიტყვი: ღმერთის მწამდა, მაგრამ არ ვიცოდი თუ რას ნიშნავდა სამება. 
შეიძლება თამამად ითქვას: მეც კომუნისტური საქართველოს წიაღში გაზრდილი ქართველი ვიყავი და ისევე მახსოვს "დიადი მომავლის მშენებლობა", როგორც ჩემი განუმეორებელი ახალგაზრდობა.
მერე, სულ მალე, ბადრი გარდაიცვალა. მაშინდელმა მილიციონერ-პოლიციელებმა მოკლეს...
ტელევიზიით ყაჩაღად გამოაცხადეს.
„...ვის მივმართო რუსთაველი მკვდარია“... - გარეთ კი 1992  წელია.

 

წესი მეუფემ აუგო. მეორედ მაშინ შევხვდი. წუხდა, თუმცა არ გვანუგეშებდა - უბრალოდ ჩვენს გვერდით იდგა.1998 წლამდე არ მინახავს - ვარშავაში ვცხოვრობდი.ჯვარი, რომელიც ახლაც სულ თან მაქვს, იქ გამომიგზავნა.. ბადრის ძმის, დათოს ხელით. პოლონეთში კი მეუღლემ ჩამომიტანა.„..თავისი ხელით აქვს გამოთლილიო“ - მითხრეს წლების მერე.
4 წლის მერე, ჩამოვედი.მაშინ მობილური იშვიათობა იყო. ეგ კი არა, ბორჯომიდან ამბროლაურში რომ დაგერეკა, ფოსტაში უნდა მისულიყავი, საუბარი შეგეკვეთა და იქვე დალოდებოდი.არავინ იცოდა, „შეგაერთებდნენ“ თუ არა თბილისს..ჰოდა, სწორედ დათოს მეშვეობით ვგებულობდით ერთმანეთის ამბავს მე და მეუფე.1998 წლის ჯვართამაღლებას შევხვდი. მე, კვაჭი (გოჩა კვაჭანტირაძე) და "დათო ექიმი" ვიყავით ჩასულები. ჩემთვის, ასე ვთქვათ, ეს პირველი წირვა იყო.მერე ქეთევანობა და ალავერდობა...ერთ დიდ და ამოუცნობ მოვლენად აღვიქვი.მოგვიანებით, მეუფის გვერდით ცოტა ხნით ცხოვრების პატივი მერგო - მანქანით ვეხმარებოდი.ერთ სუსხიან დღეს მუხადგვერდში წამიყვანა.ოთხი-ხუთი საათი იქნებოდა. სასაფლაოსთან გადავუხვიეთ. მერე ფეხით ვიარეთ. იმ თხემებთან მიმიყვანა, სადაც ახლა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერია აღმართული.- აქ მონასტერი აღიმართება.ვერ დავიჯერე.მინდოდა დაჯერება, მაგრამ არ მჯეროდა.„როგორ“? - ვფირობდი ჩემთვის.მშენებელი ვარ და მაგიტომაც ვერ დავიჯერე - ადამიანურად მივუდექი და ფიქრითაც ადამიანურად ვიფიქრე. მაშინ ჯერ ვერ ვაცნობიერებდი და არც წარმომედგინა, რომ მეუფე უფალს ესაუბრებოდა...
და რომ თურმე მეც შემძლებია...
მთვარია გული გაუხსნა მაცხოვარს და ესაუბრე რამდენიც გინდა. მერე, ნელ-ნელა დამანახა მეუფემ და დამაჯერა.

მაგრამ მაშინ, 22 დეკემბბერს, ვერ დავიჯერე ამ მიუვალ ადგილზე მონასტრის აშენება.
არა გზა; არა წყალი; არა დენი...
ქარი, ჯაგნარი, კლდისპირი...
გაგიგონია?..
მიწის გამოსყიდვის თაობაზე სოფლის გამგებელთან მივედით ფასზე უნდა გვესაუბრა.
იმან სხვა კაცებთან მიგვიყვანა - კარგ , ქართველ კაცებთან. შუა საუბარში დაურეკეს მეუფეს - მამამისი გამხდარა ცუდად.
„ბაბუას“ ვეძახდით.

ჰოდა, ვერ მივუსწარით „ბაბუას“...
მერე ცხოვრება თავისი გზით წავიდა.
ერთხელაც, სახლში რემონტი წამოვიწყე.
თავადაც ვმუშაობდი და მეუფე კარგა ხნის უნახავი მყავდა. გვიანი საღამო იყო - მეგობარი მესტუმრა სახლში. ფანჯრები ღია მქონდა. მეორე სართულზე ვცხოვრობდი, ქუჩა კარგად მოჩანდა. ვხედავ ნივა გაჩერდა. გადმოვიდა მეუფე და...
დილამდე ვისაუბრეთ. გარუჯული იყო. მონასტრის მშენებლობის ამბებს გვიყვებოდა...
მე და ჩემს მეგობარს ისე გვიხაროდა, თითქოს ჩვენც ჩაბმული ვყოფილიყოთ ამ დიდ საქმეში.
- შენც შრომობ, კარგია, - შემაქო, - ტაძარში თუ დადიხარ? - მკითხა მცირე შეყოვნების შემდეგ.
- ვერა მეუფეო, ვერ ვახერხებ... არ მოგატყუილებ და, ასე ვფიქრობ, არ არის ეგ ჩემი... ვერ შევძლებ... - ვუპასუხე გულახდილად, მაგრამ თავადაც ვერ ვხვდებოდი მაშინ რამდენად კადნიერად.
- კეთილი, ჩემო მერაბ, მაგრამ იმას ხომ მაინც მიხვდი, რომ შვილები უნდა ატარო ტაძარში, აზიარო? - მკითხა და გამიღიმა.
- მართალი ხართ..
წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სიარული და მსახურებაზე დასწრება დავიწყე. მამა იოსებ გოგოლაძეა ტაძრის წინამძღვარი. რომ გავიცანი, ვუთხარი მეუფე დავითს ვაბარებ-მეთქი აღსარებას. გაუკვირდა, მაგრამ ვფიქრობ დამიჯერა. ერთხელ მეუფე ეწვია ჩვენს პატარა ტაძარს. მთელი საღამო ვემზადებოდი და მოხდა ისე, რომ დავაგვიანე. სწორედ მაშინ მივედი, როდესაც მეუფე გალავანს გარეთ გამოდიოდამამაო აცილებდა და წმინდა ნინოს ტაძრის მთელი მრევლი გარს ეხვიაა. მივესალმე, ვემთხვიე და ვიგრძენი, რომ ძალზედ გაუხარდა ჩემი მისვლა. კარგა ხანს მესაუბრა. გახარებული ვიყავი და წამიდან წამამდე ვგრძნობდი შინაგან ცვლილებას..აბარებდე მეუფეს აღსარებას, მარტო პრივილეგია კი არ არის, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა, როგორც შვილისა მამის მიმართ.
ერთიც მინდა მოვყვე. 2000 წლის შობა თენდებოდა. მსახურება სამების ტაძრის საძირკველში, ხარების სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა. პატრიარქი უნდა ეწირა და მთელი სინოდიც იქ გახლდათ და ცხადია, მეუფეც იქ იყო.
სამებაში ძმაკაცებთან, ლაშა ცაგარეიშვილთან და დათო მამულაიშვილთან ერთად მივედი. მახსოვს, ადრე წავედით - ზღვა ხალხი მოვიდოდა, ჩვენ კი წინ გვინდოდა დადგომა. ის იყო, უნდა დაწყებულიყო, რომ უეცრად ჩვენს უკან მდგომ ქალბატონს გული შეუწუხდა. ქალბატონის სუფთა ჰაერზე გაყვანაში ჩემი ძმაკაცებიც ჩეაბნენ.. და უკან შემობრუნება ვეღარ შეძლეს - ნემსის კი ვერ ჩავარდებოდა. მე კი იმ დღეს სასწაულებრივად ვეზიარე.
- ეს უფლის საჩუქარია, იცოდე! მოუფრთხილდი! - მითხრა მეუფემ.
დღესაც მწამს - მეუფე დავითი რომ არა, იმ დღეს ამ ჯილდოს ვერ დავიმსახურებდი - უკანა გზაზე მოვფრინავდი.
საერთოდ, რა დასამალია და, მეუფისგან რომ მოვდივარ ხოლმე, ფრენის შეგრძნება ყოველთვის მახლავს.
გაფრენის არა, ფრენის.
ღმერთმა შემაძლებინოს, ასეთი გრძნობითვე მივფრინავდე იქითობას, მეუფისკენ, მაგრამ მხოლოდ ცოდვებით დამძიმებული მივდივარ ტაძარში.. უკან კი, მოვფრინავ.
„მეტი რაღა გინდაო“, იტყვის მავანი.
რა და, მინდა სიკეთის ისე უანგაროდ ჩუქება ვისწავლო, როგორც მეუფეს შეუძლია.
ჩემი მეუფე, ჩემი იმედი და მაგალითია.
იხარე მეუფეო.. შენი დაწურული, უმაგრესი ღვინით გაგიმარჯოს!
შენი მრევლით გაგიმარჯოს!
შენი მონაგარით გაგიმარჯოს!
ალავერდთან ერთად გაგიმარჯოს!
დედა ეკლესიასთან ერთად გაგიმარჯოს! 

აქ, მონასტერი აღიმართება

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

ბერძნული გალობა - ათონელი ბერები
00:0000:00

08.10.2013

160x600

160x600

bottom of page