top of page

„მაგრამ ყველაფერ ზემოთ აღწერილში, იყო ერთი საკვირველება: მამალს მხრებზე წითელი მოსასხამი მოეგდო და მის ქვემოდან მრავალფერი, მოლურჯ-მომწვანო, წითელ-ყვითელი, თეთრი კუდი მოუჩანდა...“

 

„ნახატი“
 2000 წ.  

 

 

ამ ფილმს, ბრედ ბიტის ხათრით ვუყურე. ჩვეულებრივი კრიმინალური ჟანრის ფილმია - ზოგს მოეწონება, ზოგისთვის მოსაწყენი იქნება. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ნოვაციური ამ ფილმს არ აქვს და დასასრულისკენაც, უკეთესს არაფერს ველოდი, როდესაც უცებ, პიტმა „რეჩი“ ხია.

წამის მეასედში დავინახე ის, რასაც ქვეცნობიერად ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ, რატომღაც, არც ვიმჩნევდი. ან, ალბათ არც მსურდა, ასე რომ ყოფილიყო. დავინახე, რომ ლომის ფართოდ გაღებულ ხახაში თავი მორჩილად გვაქვს ჩადებული, ხოლო გარშემომყოფთ კი ვაჯერებთ, რომ ლომი მოთვინიერებული, მშვიდობიანია, არაფერს დაგვიშავებს და ეს ჩვენი მდგომარეობა, მხოლოდ და მხოლოდ სხვების დასანახად დადგმული საცირკო ნომერია. არადა, არ არის თურმე ასე და, პირველრიგში, საკუთარ თავს ვატყუილებთ: ლომი ველურია და ჩვენი თავიც ჩასაკბეჩად არის გამზადებული. 

გვიშველის რამე? 

თავის დაღწევის შანსი ნულის ტოლია, მაგრამ ამის თეორიული შესაძლებლობა რომც იყოს, უკნიდან თეთრი დათვი მოგვჯდომია (გინდაც მურა), რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმის მოლოდინშია, რომ ლომმა თავი მოგვაგლიჯოს, რათა მერე მასაც - დათვსაც მიეცეს ჩვენი სხეულის დარჩენილი ნაწილების დაგემოვნებისა და დაგლეჯის საშუალება. საგულისხმო ის არის, რომ დათვს სულაც არ ადარდებს - დავუსხლტებით ლომს თუ არა, რამეთუ ნათლად ხედავს, რამდენად ღრმად გვაქვს შეყოფილი თავი მის ხახაში და ბრწყინვალედ აცნობიერებს ჩვენს გამოუვალ მდგომარეობას.

საკითხავია, რატომ ვატყუებთ საკუთარ თავს?! 

ან სიტუაციის საღად შეფასების უნარი არ გვაქვს, ან განგებ ვაკეთებთ ამას და ვატყუილებთ ერთმანეთს. ვფიქრობ ორივე აზრი ცოცხალია. სამწუხაროდ...

იმისათვის, რომ ასეთ „პარტნიორს“ უპარტნიორო, როგორც „პიტია“, მინიმუმ ვაჟკაცი უნდა იყო, შემდეგ გონიერი, შორსმჭვრეტელი, რისკიანი, ცბიერი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ანუ შენსავე შესაძლებლობებს უნდა საღად აფასებდე... შემდეგ უნდა იყო ამაყი, მოვლილი, კარგად ჩაცმულ-მოკაზმული, შეგეძლოს „ბლატაობა“, გინდა ქუჩაში, გინდაც სახლში, უცხოსთან, ნაცნობთან, საკუთარი თავის და შენი ბუნების წარმოჩენა უნდა შეგეძლოს და ყველაფერთან ერთად, საზოგადოებრივი აზრი უნდა გაინტერესებდეს - რას იტყვის ხალხი, შენი ხალხი: ის, ვისთან ერთადაც ცხოვრობ და ვისითაც წარმოადგენ იმას, რაც ხარ და ამისათვის, შესაძლოა, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც კი მოგიწიოს (თუ რასაკვირველია საქმეს წაადგება და ხალხიც კმაყოფილი გეყოლება). 

„მგლების“ ქვეყანაა ამერიკა, გათითოკაცებული ლომების ქვეყანა, სადაც პირადი ინტერესი ყოველთვის მაღლა დგას საზოგადოებრივ ინტერესზე, მაგრამ ზუსტად ის, რომ ყველას, ყველა ინდივიდს, საკუთარი „მე“ სხვაზე ნაკლები არ ჰგონია და პირიქით - თავისთვის მეტსაც ითხოვს, ანიჭებს ამ საზოგადოებას უდიდეს სიძლიერეს და საოცარ შეკრულობას. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, პრინციპი „ჯერ მე და შემდეგ სხვა“ გაცილებით უკეთ ჰკრავს საზოგადოებას ერთ მუშტად, ვიდრე მიდგომა „ჯერ საზოგადოება და შემდეგ პიროვნება“.  და რომ იცოდეთ, იმიტომ, რომ საზოგადოების სათავეში მყოფმა ინდივიდმაც იცის, რომ მას სხვა, მასზე არანაკლები სიძლიერისა უმზერს და სისუსტის გამოვლინებას არ აპატიებს.

არც ერთხელ მიხსენებია სიტყვა ერი, ქართველობა, საქართველო. არადა ვიცი, მიმიხვდით, რომ ჩვენზე, ქართველებზე ვსაუბრობ. ჩვენი სიალალე, ჩვენი სიხალისე, ჩვენი გულგახსნილობა შიგნით, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ურთიერთობებში უნდა გამოვამჟღავნოთ და არამც და არამც არ უნდა ვაქციოთ სახელმწიფოს სავიზიტო ბარათად. დღეს ჩვენ ვართ ალალი, ჯიგარი სახელმწიფო, რომელიც იქცევა ისე, როგორც სკოლის მოწაფე, რომელიც დგამს ნაბიჯს ინტუიტიურად, გრძნობებზე დაყრდნობით, და საერთოდ არ ფიქრობს შედეგზე, აკეთებს რა არჩევანს და დებს ფსონს საკუთარ სიალალეზე; იმედი აქვს, რომ ამას დაინახავენ, დაუფასებენ და დაუყვავებენ. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში გვყავდა და გვყავს სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც ქვეყანას ექცევიან როგორც საკუთარ ოჯახს, ზოგი ტკბილად, ზოგი თბილად, ზოგი ხისტად, ზოგიც აღვირახსნილად, მაგრამ მეზობლებს, გამომდინარე ისევ და ისევ ჩვენი ალალი მენტალიტეტიდან, გულგახსნილობიდან, განვიხილავთ, როგორც „იტალიურ ეზოში“ მობინადრე “გვერძემდგომს“, ერთ სადარბაზოში მცხოვრებ - კარის, ან ქვედა სართულის მეზობელს, რომელთანაც გულითადი სალამი, ხელდამშვენებული მისვლა-მოსვლა და ჭიქის აწევა გვაქვს. არადა, სახელმწიფო ჩვეულებრივი ოჯახი არ არის და არც მეზობლები არიან „კარის“. სახელმწიფო მოღვაწე მოვალეა ფიქრობდეს და ყოველთვის დაუშვას, ყოველდღე, რომ სახლიდან გასულს, ფეხსაწმენდი ნოხის ქვეშ მეზობლის მიერ ჩუმად დადებული ნაღმი დახვდება და ამ შემთხვევაში მეზობელია ყველა, ვინც კი ამ პლანეტაზე ცხოვრობს. 

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვზრდით სახელმწიფო მოღვაწეებს, არ ვძერწავთ ქვეყნის მმართველებს და ამიტომაც ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის პირველი პირი გულახდილად, სრულიად გახსნილად, გამოხატავს წუხილს იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვაქებთ ჩვენივე სახელმწიფო მოხელეებს, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან, არაფრით განსხვავებულები ჩვენგან... გუშინ ეკონომიკის ექსპერტი იყო და დღეს ქვეყნის აღმშენებლობა ჩააბარეს, დიპლომატი იყო და ჯარზე აკიდეს პასუხისმგებლობა (გააქანა და ფეხშიშველი ჯარისკაცები მეჩეთში ჩამოაჯინა, ჯიგრულად, პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა ;) ), კაცი ფილოსოფოსი იყო, ტყუილის არმთქმელი (თბილისი პატარაა, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ) და პრეზიდენტი უნდა გახდეს, რომელსაც „პიტის“ მსგავსი პარტნიორები უნდა ჰყავდეს და ამ ჯიგარმაც უნდა შესძლოს მათთან პარტნიორობა!

„გადასახდელი გაქვს ძმაო და გადაიხადე“! – ასე რომ ეტყვიან, რას იზამს? „არა მაქვსო“ - ეტყვის და გაუქაჩავს? ღმერთმა გააქაჩინოს, გაუქაჩინოს, დააქაჩინოს და ღმერთმა ყველას თვალი აუხილოს და დაანახოს, რომ ხახაში გვაქვს თავი გაყოფილი და იქნებ „ვიდერზკოთ“და უკანალის ქნევით უკან წაწევის მაგივრად, ჯიქურ მივაწვეთ წინ-წინ ხახაში ორთავე ხელით და ყელში გავეჩხიროთ, იქნებ მაშინ მაინც შემოგვხედონ საღად და ჭეშმარიტად აღიქვან ის (და არა ზღაპრად), რომ 3000 წლის სახელმწიფოებრიობა გვაქვს, 2300 წლის დამწერლობა, 1700 წლის ქრისტიანობა და ყველაფერს ამას ორიოდე მილიონი კაცით თუ ვახერხებდით. ბოლო ოცდაერთი წლის განმავლობაში სამი ომი წავაგეთ, „პირველი ოსეთის“, აფხაზეთის და „მეორე ოსეთის“, უომრად დავთმეთ 1998-ში გალის რაიონი და დამატებით 40 ათასი ლტოლვილი გავიჩინეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქეთა კავშირმა და მისმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, (დღევანდელი „ნაცმოძების“, ზოგიერთი „ქოცის“ და გუშინდელი „მოქკავშების“ ხელმძღვანელობით) გალში ტაშ-ფანდურით აღლუმი ჩაატარა. შემდეგ 2008-ში ტყვიაგაუსროლელად კოდორის ხეობა ჩავაბარეთ და ახალგორი ლანგარით მივართვით და ბოლოს საქვეყნოდ გამოვაცხადეთ, რომ ომი მოვიგეთ!
ჩვენ დღეს წაგებული მეომრები ვართ. მაგრამ გული კიდევ გვიძგერს, დამერწმუნეთ, შმაგები ვართ და გახელება სხვაზე არანაკლებ შეგვიძლია.

ერთია მხოლოდ შიში შეგვეპარა, საკუთარი თავის რწმენა დავკარგეთ, საჭურის ადამიანს დავემსგავსეთ, კაცური შნო რომ აქვს დაკარგული. ამიტომაც არის ქალებს რომ აქვთ აღებული პირველობა და წინ მიგვიძღვიან, აბა რა ქნან, ჩვენ კაცები არ ვაქტიურობთ, ხმას არ ვიღებთ. ხოდა გვეხიდებიან, გვშველიან... მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც მდედრები არიან, დედაკაცები, მათი საქმე ხომ სხვაა და სხვა იყო ყოველთვის საქართველოში - შვილების გაზრდა.
ქართველებო, აღა-მახმად ხანიც საჭურისი იყო, მაგრამ ტრაკს კი არ აძლევდა, თავისი ნაკლი სიშმაგეს და სიბრაზეს მატებდა, გადაგვაოხრა წყეულმა. ჩვენ რაღა დაგვემართა კაცებო, გამოვფხიზლდეთ ძმებო, ამოვიღოთ ხმა, თორემ დავჩით ამ საჭურისების და ჩვენი ქალბატონების ამარა და მერე ნუღარ გაგვიკვირდება როდესაც „პიტი“ მოვა, „გადამიხადეო“ გეტყვის და სახლიდან გამოგაგდებს. 
ქართველები, ყოველთვის, თეთრი მგლების კაცური განსახიერება ვიყავით და ნუ შევირცხვენთ ნამუსს...
ასე ვერ დავასრულებ, გული გამისკდება. ერთი ნაღდი ამბავი უნდა მოგიყვეთ.
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისია, ან მისი პირი... ციმბირის ერთ-ერთ ოლქში, სადაც ათამდე მკაცრი რეჟიმის კოლონია და „დახურული“ სისტემის ციხე იყო განლაგებული, ერთ-ერთ ციხეში, რუსმა „გენერალ-პოლკოვნიკებმა“ (ციხეების უფროსებმა), ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები შეკრიბეს, ამ ოლქის სხვავასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
- პრობლემა გვაქვს, „პატივცემულებო“! – გამოუცხადა, ერთად შეკრებილ ქართველ კრიმინალებს ოლქის გაერთიანებული პენიტენციალური სისტემის უფროსმა, ჩინით გენერალ-მაიორმა.
ქართველებს ხმა არ გაუციათ, მხოლოდ გაიკვირვეს „პრობლემის არსებობა“, რამეთუ ყველას თავთავის სამყოფელში მოგვარებული ჰქონდა საქმე, როგორც შიდა, ასე გარე ფრონტზე.
- ყველას გიცნობთ და ვიცი რომ სიტყვის ხალხი ხართ, სიტყვას პატივს სცემთ. ჩვენი ურთიერთობაც სიტყვის პატივისცემაზეა აწყობილი. მე თქვენ არ გაწუხებთ, არ ვერევი თქვენს საქმეში, თქვენ მე „ბუნტს“ არ მიწყობთ და... - გენერალი შეყოვნდა - მოკლედ, ხელი ხელს ბანსო, ნათქვამია.
ქართველებს არც ამჯერად ამოუღიათ ხმა.
- პირდაპირ გეტყვით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, თუ დღეს არ დამეხმარებით, ყოველგვარი ჩვენი „თანამშრომლობა“ დასრულდება, სხვა გზა აღარ მექნება და დაგიწყებთ შევიწროვებას... ხომ გესმით რასაც ვამბობ?!
ქართველებს არც ამჯერად ამოუღიათ ხმა. არავითარი „თანამშრომლობა“ არ არსებობდა, იყო მხოლოდ ურთიერთობა: „მე შენ არ გეხები და შენ მე არ მეხები“, მორჩა, ამის იქით, ამ გასიებულ ღორთან გაკარებაც კი სირცხვილი და თავის მოჭრა იყო, და არც შეიძლებოდა. 

არავინ იქ მდგომი არ იკადრებდა მყეფარე ღორებთან ვასვასს.
„რეპრესიები? - იყოს რა, პირველად იქნება თუ“... ჩაიღიმეს ქართველებმა და გენერალს მისცეს საშუალება დაესრულებინა წამოწყებული სიტყვა.
- არაფერს ისეთს არ გთხოვთ, პატივცემულებო, რაც თქვენს მრწამს და ცხოვრების წესს შეურაცყოფს, არც და ვერც გაკადრებთ მაგას, კარგად გიცნობთ ვინცა ხართ და მაგიტომ... ერთი სათხოვარი მაქვს მხოლოდ!
ხმა არც ამჯერად დაუძრავთ ქართველებს და გენერალმაც განაგრძო.
- ამ ციხეში ერთი თქვენი თანამემამულე ზის, 2 თვეა რაც ჩრდილოეთიდან გადმოიყვანეს, უარესი პირობებიდან, უკეთესში მოახვედრა განგებამ, მაგრამ უცნაური კაცი კი აღმოჩნდა. ვერ შეიშნო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეთოთხმეტე დღეა სველ შიმშილობაზეა და საკვებს არ იღებს ოხერი, რა არ მოვიმოქმედეთ, ვერ გავტეხეთ და შიში მაქვს, რომ გარეთ გავა ეგ ამბავი და შესაძლოა მოსკოვამდეც ჩავიდეს, რაც როგორც მოგეხსენებათ, თქვენს მონა-მორჩილს არ წაადგება და სამსახურებრივ სისუსტეში ჩაუთვლიან. ბევრს აღარ გავაგრძელებ: თუ შიმშილობას არ შეაწყვეტინებთ თქვენს „ზემლიაკს“, ყველა აქ მდგომს პრობლემებს შეგიქმნით და მერე რაც იქნება, იმას ვერც მე და ვერც თქვენ ვეღარ შეცვლით!
სიმართლე ითქვას, ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს გულზე მოეშვათ. - „განაბი“ არ იქნება, ეცოდინებოდათ. მაშ არიფია... ესე იგი, არიფის გულისთვის პრობლემებს ხომ არ აიკიდებენ, დალაგებულ ცხოვრებას და „ზონებს“ ხომ არ „აწეწავენ?
- გვანახე - უთხრეს გენერალს.
თავიდან ორნი აპირებდნენ „ბურში“ ჩასვლას, მაგრამ მერე ყველას დააინტერესა იმ არიფის ნახვა, ვისი გამოისობითაც ამდენი „ვეფხვი“ ლოგინიდან აჰყარეს, ეტაპებით ჩამოიყვანეს და „სტალიპინებით“ ამგზავრეს ორ-ორი დღე.
„ბურში“ ბნელოდა, საკანიც პატარა იყო, ნესტიანი, ცივი. მასპინძლად გამხდარი, ლამაზი კაცი დახვდათ, წვერ-ულვაშიანი. „მობრძანდითო“, შეიპატიჟა. ისეთი მზერა და თვალები ჰქონდა, უტიფარი სიტყვა ვერცერთმა ვერ აკადრა, ბოლოს სტუმართაგან ყველაზე ხნიერმა ასე მიმართა:
- ძმაო, ხვდები ვინცა ვართ და პირდაპირ გეტყვი, შენი საქციელის გამო პრობლემები გვექმნება, აქ მაგიტომ მოგვიყვანეს,
რომ შიმშილი შეწყვიტო.
- ძმებო, როგორც მე თქვენით, ჩემი სისხლისა და ხორცის ნახვით გავიხარე, ისე გახარებული მატაროს ღმერთმა, ხოლო თუ ჩემმა შიმშილობამ პრობლემა შეგიქმნათ, რა სათქმელია, დავასრულე და ეგ არის. – გულიანად გაუღიმა მასპინძელმა.
- შენ გაიხარე ძმაო! – გაუხარდათ სტუმრებს, რომ აზრიანი კაცი დახვდათ და პატივისცემით მოეკიდა მათ თხოვნასა და სტუმრობას.
- ისე, თუ ძმა ხარ, რატომ შიმშილობდი, რა მიზეზით? - ჰკითხა ერთ-ერთმა სტუმარმა.
- საქართველოს გულისათვის. - უპასუხა მოკლედ.
- ვერ გავიგეთ?! - გაუკვირდა ყველას.
- საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ვშიმშილობდი... - გაუმეორა მასპინძელმა და სათითაოდ ყვალა სტუმარს თვალებში ჩახედა. 
- მერედა ძმაო, ხომ უეჭველი სიკვდილზე მიდიოდი? - ჰკითხა ერთმა ყველას საკითხავი.
მიხვდნენ სტუმრები, რომ არ ტყუოდა მასპინძელი.
- მერედა ძმაო, ისიც ხომ შეიძლებოდა ერთმანეთს შევხვედროდით და ჩემი გულის ნადები და სიცოცხლის ნატვრა თქვენთვის გამენდო?! - დაუბრუნა კითხვა მასპინძელმა და კვლავ გაუღიმა.
- რა გქვია ძმაო, ვინა ხარ და სადაური? - ჰკითხა ყველაზე მხრცოვანმა.
- მერაბი ვარ, კოსტავა... თბილისელი. - უპასუხა პატიმარმა.
სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ უფროსმა, წლოვანებით უმცროს მიმართა:
- მიდი, იმ ღორს გასძახე, ჩაი გამოაგზავნოს და ჩიფირის მოსადუღებელი, საჭმელიც ექნება რამე დედაძაღლს. ასე უთხარი, დღეს ღამე აქ დავრჩებით-თქო...

რატომ მოვყევი?
ღმერთს ვთხოვ, მერაბა კოსტავები გვაჩუქოს - ერთი მაინც გამოგვიგზავნოს, ერთხელ კიდევ და გვეყოფა! და მერე „პიტების“ (წავიდა გინებააა)...
გაიხარეთ - შეგვეწიოს მამაზეციერი!
უფალო, შეგვიწყალე!   

გადასახდელი გაქვს, ძმაო!

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

25.11.2013

გამოიწერეთ არხი

160x600

160x600

bottom of page