top of page

ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც თქვენი ყურადღების ღირსია, მაგრამ, ცხადია, ერთ ბლოგპოსტში ყველაფერს ვერ ჩავტევ.

დღეს მშვიდობის თემას შევეხები.

- საინტერესო იქნება - დარწმუნებული ვარ...

ომი მძვინვარებს – ახლო აღმოსავლეთი, საომარი მოქმედებების ოდინდელი პლაცდარმი, კვლავაც ცეცხლის ალშია; კვლავაც ბობოქრობს ტერორიზმი და, რაღა შორს წავიდე, ჩვენს ქვეყანაში საოკუპაციო ძალები დგანან.

რაა დასამალი, თქვენი არ იყოს, მეც ეს ბოლო საკითხი უფრო მაღელვებს, ვიდრე დანარჩენი სხვა.

- მაგრამ, არც იმაზე იტყვი უარს, პირდაპირ ეთერში უყურო  სირიის „კაკანს“...

როგორ უნდა დამყარდეს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს?

- ნუ მოგერიდება, თორემ ჟღურტულს დამესგავსება ეგ ყველაფერი 

- მაცალე ჩემო ძმაო! მაცალე!

აღმოსავლური რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრება, ტაოიზმი, ასე ქადაგებს: „ჰარმონია არის მდგომარეობა, როდესაც ხარ კარგად შენი პარტნიორის კარგად ყოფნით, და ხარ ცუდად, მისი ცუდად ყოფნის გამო“.

მშვიდობა ჰარმონიული ურთიერთობების გარეშე არ არსებობს. ანუ, იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის, მათ შორის უნდა სუფევდეს ჰარმონია – ჩვენ უნდა გვაწუხებდეს მათი ტკივილი და უნდა გვახარებდეს მათი კარგად ყოფნა.

შეგვიძლია ქართველებს ამ სიმაღლეზე ავმაღლდეთ?

ჩემი აზრით, შორს ვართ ამ მდგომარეობიდან.

- ისინი ხომ მთელი დღეები იმაზე ფიქრობენ, ქართველებს რა მივართვად სამხარზეო?.. კაი, ერთი რა, ცალმხრივი პროცესია?მდინარესავით მარტო იქით მიდიოდეს...

აქეთაც უნდა მოდიოდეს.

მათ შეუძლიათ ისე ამაღლდენ საკუთარ თავზე, რომ შეწუხდნენ ჩვენი ტკივილით და ახარებდეთ ჩვენი კარგად ყოფნა? რატომ არ ისმის ეს შეკითვასაც?!

სექტემბრის დასაწყისში თბილისს იოჰან გალტუნგი სტუმრობდა. ბატონი გალტუნგი ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამფუძნებელი, მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი კონფლიქტოლოგი, მშვიდობის კვლევის ჟურნალის დამაარსებელი და, თავისი პროფესიული განხრით, კიდევ მრავალი კეთილი საქმის გამკეთებელი კაცია.
ბატონი გალტუნგის თბილისში ყოფნისას, პატივი მერგო თან ვხლებოდი და მისი მძღოლი ვყოფილიყავი.საოცრად თბილი, წყნარი, გონიერი და მშვიდი მოხუცია ბატონი გალტუნგი. გვესაუბრა კაპიტალიზმზე, სოციალიზმზე, მათ სინთესზე, ავღანეთსა და სირიაზე, ჩინეთსა და ევროპის დღევანდელ მდგომარეობაზე და ადამიანის ყოფაზე, როგორც კაპიტალისტურ, ასევე სოციალისტურ სისტემაში.სიმართლე გითხრათ, ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ როდესაც ამ ყოველივეს მეცნიერული ანალიზის ენით გადმოცემულს ვუსმენდი, მიხაროდა – მეც ახლოს ვყოფილვარ მშვიდობისა და ადამიანთა თანასწორობის იდეასთან.

"მსოფლიოში 150 კონფლიქტის მოგვარებაში მაქვს მიღებული მონაწილეობა" - გასაკვირია, როდესაც ამას იგებ. ცხადია, გაორკეცებული ინტერესით უსმენ, რათა მიაგნო წამალს, რომელიც ჩვენ გვჭირდება.
"კონფლიქტი, ეს ორი მხარის მიზნების შეუთავსებლობაა და არა ადამიანის, პიროვნებებს შორის შეუთავსებლობა. თქვენ უნდა მიხვდეთ, თუ რა სურს მოწინააღმდეგე მხარეს და, თავისმხრივ, მათ უნდა გააცნოთ რა გინდათ თქვენ...
- მაშასადამე, გალტუნგის თქმით, ჩვენ ძმებსაც უნდა აინტერესებდეს ჩვენი პოზიცია. მერე და სად ჩანს დღეს მათი ინტერესი?
თითქოს დღესავით ნათელია, თუ რა გვინდა ჩვენ, ქართველებს და რა სურთ ჩვენს აფხაზ თუ ოს ძმებს...
მაგრამ, აბა დავწვრილმანდეთ, ჩავუღრმავდეთ მიზნებს.
- განა ისინი გვიძახიან „ძმებს“? ვფიქრობ, არა. მაშ, ჩვენ რას ვიდებთ თავს – თავმოყვარეობაც წაგებულ ომს გავატანეთ ?
ჩვენ გაერთიანებული საქართველო გვადარდებს, მათ დამოუკიდებლობა. ეს ურთიერთგამომრიცხავი საწადელი ორივე მხარეს ღრმა საფიქრალისკენ გვიბიძგებს, რამეთუ ორივემ ვიცით, ერთმანეთის წადილის გაუთვალისწინებლად, არც ჩვენ და არც მათ არ აგვისრულდება ნატვრა.
- თუ ძმა ხარ, საერთოდ არ ადარდებთ, თავისი გაჭირვებიათ რუსებს გადამკიდე...
ძმას იმიტომ ვუწოდებ, რომ ნამდვილად ასეა – ასე ვფიქრობ, ასე მიცხოვრია...
ასე ვიძმე საიდა ტარბა, ჯემალ გუბაზი, აღსარ ბეკოევი, ბახვა თედეევი – ბავშვობა ერთად გაგვიტარებია, ერთად პური გაგვიტეხავს...

ადარდებთ, ნამდვილად ვიცი.
- они брат, развили нас как пацанов... к сожалению... – გამიგია ასე გულიდან ნათქვამი...

სოხუმის დაცემის 20 წლისთავი შესრულდა. ჩვენ, ქართველები, სევდით აღვნიშნავთ ამ თარიღს, აფხაზები კი ზეიმობენ. მათთვის, ეს ყველაფერი უკვე ტრადიციაა და ძნელია მოსთხოვო დავიწყება.
ან ნებით უნდა დაგყვეს, ან უნდა დააძალო.
ორივე შემთხვევა უტოპიურია, რამეთუ აფხაზები კვლავაც გააგრძელებენ ზეიმს, ჩვენ ვერ დავუშლით, და გავაგრძელებთ სევდით აღნიშვნას.
საკითხავია, მივაღწევთ ოდესმე, რომ არც ამ თარიღის აღნიშვნით გავღიზიანდეთ და არც მისი ზეიმით?
ეს მაშინ მოხდება, როდესაც ქართველები და აფხაზები შევრიგდებით, ხოლო ეს, თავისმხრივ, შესაძლებელი გახდება მაშინ, როდესაც ორივე მხარეს ამის სურვილი გაუჩნდება.
რა გაუჩენს ამის სურვილს ამდენ ხალხს – იმათ ცალკე, ჩვენ ცალკე და ჩვენ ერთად?..
დღეს, თუ აფხაზთან შერიგების მსურველ ქართველ კაცს არავინ დასჯის და სიკვდილით არ დაემუქრება, მის დარად მოაზროვნე აფხაზს, ერის მოღალეტეობას დასწამებენ და, შესაძლოა მოკლან კიდეც.
- მაგაში მართალი ხარ, - „ეშმაკს არ ძინავსო“ - აფხაზეთში სომხურ პოლიტიკაზეა  ეგ ნათქვამი, აკი ხმაც მისცეს ჩვენი ლტოლვილების არ დაბრუნებას სახლებში...
ანუ, ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ჩვენზე უარეს მდგომარეობაში არიან.
არის მოსაზრება, რომ ბოლო–ბოლო, რუსეთის ნეომონღოლოიდური პოლიტიკა თავის საქმეს გააკეთებს, შეაძულებს თავს ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს და, თუ დღეს არა, ხვალ ნამდვილად გაჩნდება დიალოგის სურვილი – როგორც აფხაზთა, ისე ოსთა შორის.
მაგრამ ამაზე იმედების დამყარება და მხოლოდ მოლოდინი, სიბეცე იქნება. ანუ, რაღაც ისეთია მოსაფიქრებელი, რაც არ იქნება დამოკიდებული არც რუსეთის და არც სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე საქართველოს ამ რეგიონებში.
ეკონომიკის განვითარება და ფეხზე დამდგარი ქართული სახელმწიფოს მათთვის მიმზიდველ პარტნიორად გადაქცევა და დიალოგის ამ სასტარტო პოზიციიდან დაწყება შესაძლებელია, მაგრამ მეეჭვება ჩემი აფხაზი ძმები ამ, მათი თქმით, "ფოჩებიან კანფეტებზე" "გაიცვალონ".

როგორც ხედავთ, ახალი თითქმის არაფერი მითქვამს.
არც ჩვენი ეკონომიკაა სწრაფად მზარდი და არც ჩვენ არაკეთილმოსუნეებს აქვთ ხელები დაკრეფილი: აფხაზეთის ტერიტორიიდან არამარტო ქართულის, არამედ აფხაზური კვალის გაქრობაც გეგმაზომიერად და მეთოდურად მიმდინარეობს – ქართულ-აფხაზურ წარსულს რუსულ-კაზაკურ-სომხური აწმყო ენაცვლება.

ცოტა დრო გაქვს!

ბატონი გალტუნგი ე. წ. "მშვიდობის ზონის", როგორც იდეის, და მისი, როგორც განხორციელებული პროექტის ერთ-ერთი ავტორია. მსოფლიოში მრავალი ადამიანი გაჰყოლია ამ კეთილშობილ იდეას. ჩვენს სამშობლოშიც ბევრია მისი მომხრე.
შევქმნათ გარემო, სადაც დაპირისპირებული ადამიანები ერთობლივ მოღვაწეობას შეძლებენ.
მაგრამ ამისათვის, ჯერ შიგნით, ჩვენში – ქართველებშია დასალაგებელი და შესარიგებელი.

პირველ რიგში, სამოქალაქო ომის მონაწილეები უნდა შერიგდნენ – "ზვიადისტები" და პუჩისტები – ვეტერანები ამ ძმათაშირისი ომისა. და შემდეგ, აფხაზიც და ოსიც დაიჯერებს, რომ თუ მოსისხლე მტრებს შეგვძლებია ძმობა, მაშინ მათაც ვიძმობთ და ტყვია ჩვენს შორის აღარასოდეს გავარდება, რამეთუ ვინ-ვინ და, ომის მონაწილეებმა ყველაზე კარგად იციან თუ რა საშინელება და სიცარიელე მოაქვს ომს.
იციან და ე. ი. წამოვლენ დიალოგზე.
- მაგაშიც მართალი ხარ, მისახედია ეგ საქმე და თანაც სწრაფად.
გადაუდებლად!
ქართულად!

 

იოჰან გალტუნგი 83 წლის მოხუცია. კახეთის გზატკეცილზე, ღამით, ჩიკ კორეას მოსმენაზე დამთანხმდა, გამიღიმა, თვალები განაბა და ხმაამოუღებლად უსმენდა კომპოზიციას.
ბასგიტარამ რომ ჩაამთავრა, მაშინ მითხრა: nice drive…

ღმერთმა შეგვაძლებინოს მშვიდობა!
 

P.S. გუშინ, 26 სექტემბერს, საქართველოს ვეტერანები ბატონ ჯონ მაკდონალდს შეხვდნენ, კონფლიქტების  მოგვარების ვირტუოზს და მშვიდობის დამყარების კორიფეს. ბატონი ჯონი 91 წლისაა და თბილისს ექვსი დღით ესტუმრა.

მშვიდობა, გალტუნგი და ბასგიტარა

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

Return to forever - Chik Korea
00:0000:00

28.09.2013

160x600

160x600

bottom of page