top of page

- მე მოგცემ ძალას!

- შენ ვინ ხარ?!

- ნუთუ ახლა ეგ გაინტერესებს?

- მითხარი, ვინა ხარ?!

- მე მოგცემ-მეთქი ძალას!

- არ მინდა, შენგან არ მინდა.

- გგონია ღმერთი მოგცემს?!

- მომცემს!

- იმიტომ მოგცეს ოცი წელი, არა?“...

 

„ვლასი“ 1997 წ.

 

 

სოციალურ ქსელში მრავალი თემა იხილება.

9 ოქტომბერს, ჩემმა ღვიძლმა დამ დაპოსტა ქართული ხალხური ზღაპარი “ჩიტი-ჩიორა და მელა„. ეს ზღაპარი ქართველებს ბავშვობიდან თან გვსდევს და თავისი შინაარსით ძალზედ მდიდარი და მრაველფეროვანია. სანამ უშუალოდ ჩემეულ ხედვას მოგაწვდიდეთ, ჩემო კარგებო და კეთილებო, მსურს უცვლელად გადმოგცეთ ეს სტატუსი და ზოგიერთი იმ კომენტართაგან, რომელიც ზემოთხსენებულ პოსტს მოჰყვა.
რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი და დამოკიდებულება ამ ზღაპრის მიმართ, მაგრამ მსურს ჩემიც მოისმინოთ...
პირველ რიგში, ხალხური ზღაპარი, როგორც თქმულება, დროის ქარცეცხლშია გატარებული და მართლაც ასეთი უშნო დედააზრის მქონე რომ ყოფილიყო, მას არსებობის არავითარი შანსი არ ექნებოდა, დაიკარგებოდა და გაქრებოდა, როგორც სხვა ალბათ მილიონი რამ, რომელთაც დროის გამოცდას ვერ გაუძლეს და გაქრნენ მარადისობაში უკვალოდ.
იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ ჩემი გაგება, ვეცდები დღევანდელი დღის „ენით“ ავხსნა ჩემი პოზიცია, რათა მაქსიმალურად გავმარტივდე და ჩემი შეფასებაც მიუახლოვდეს 22-ე საუკუნის გამოწვევებს.XXII-ს იმიტომ, რომ მაშინაც ამ ზღაპარს მოუყვება ქართველი მშობელი თავის პირმშოს.პირველ რიგში ზღაპარი, თუ ის ბოლომდე ითვისებს თავის დანიშნულებას, შემეცნებითია და ალეგორიაც უხვად ახლავს.ყველა ქართველს კარგად გვახსოვს ამ ზღაპრის სიუჟეტი... პატარა ჩიორას რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა თავის შვილებთან ერთად, თავს გაიძვერა და სულთამხუთავი მელა ესხმის. მომხვდური ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე „სთხოვს“ ჩიორას სამიდან ერთი შვილის შეწირვას, მხოლოდ და მხოლოდ მუცლის ამოყორვის მიზეზით.ჩიორაც უსრულებს ბრძანებას და ერთ შვილს სწირავს.აი აქ, ჩნდება პირველი უკმაყოფილების გრძნობა და მრავალ ადამიანში, შესაძლოა, ბრაზი და სიძულვილიც კი გამოიწვიოს ბეღურას ასეთმა ქცევამ, შვილის განზრახ გამეტებისა გამო.მაგრამ დავსვათ კითხვა: სხვა რა შეეძლო საბრალო ჩიტს? მისი მოწინააღმდეგე, ყველა მონაცემებით და, პორველ რიგში, ფიზიკური ძალით, განუზომლად აღემატება მას. ერთადერთი უპირატესობა, რაც აქვს ჩიორას მელას წინააღმდეგ არის ფრენა, მაგრამ ეს შეუძლია მხოლოდ მას და არა მის ბარტყებს, რომლებიც დედისგან მიტოვებულნი (თუ იგი მათ მიატოვებს), უჭველი სიკვდილისთვის არიან განწირულნი. აკი ეუბნება კიდეც მზაკვარი მელაკუდა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიტანს წალდს, ხელეჩოს, ცულს... ძირს დასცემს ჩიორას ბუდეს და სამივე შვილს შეუჭამს. იმედია ხვდებით, რომ ზღაპარში მელაკუდას ნამდვილად შესწევს უნარი იხმაროს ხელეჩოც, წალდიც და ცუნცულაც. სხვა რა ექნა ბეღურას, თუ არა ერთ-ერთი შვილის გაწირვა, რათა დარჩენილი ორისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა? ნისკარტით იგი შვილებს ვერ გადაადგილებდა და ვერ მოაშორებდა იმ დაწყეულ ალაგს, სადაც მისი ნაშიერნი სიკვდილ-სიცოცხლის პირას აღმოჩნდნენ.სწორად მოიქცა დედა, რომ არ მიატოვა შვილები და ერთი სიცოცხლის დათმობით, სხვებს შეუნარჩუნა ყოფა.მაგრამ ბოროტებას და სიხარბეს არ აქვს საზღვარი - არასოდეს და ვერასდროს დაკმაყოფილდება მიღწეული შედეგით და სულ მეტს და მეტს ითხოვს:...როგორც კი შიმშილმა შეაწუხა, მელა მეორედ ეწვია პატარა ჩიტს.

რატომ არ მოიკითხავდა? რა დაუშლიდა- განათლება, ექვსი ენის ცოდნა, ოჯახიშვილობა თუ სამეგობრო.?ჰოდა, მოადგა მესამედაც - არავინ შეუშალა და ამიტომაც. (ისე, ეგ დღევანდელ პოლიტიკურ ჭრილშიც შეიძლება განვიხილოთ: მესამედ არ უნდა მობრუნდეს... არავინ!)ეს გადახვევა.დავუბრუნდები ზღაპარს -- მესამედაც გადაუგდო ბარტყი დედამ.აქ საერთოდ გადაირია დღევანდელი მკითხველი. დედის ქცევა საერთოდ გაუგებარი გახდა.
„ეცადა ბედი ბეღურას, იქნებ ვერ მოეჭრა ეს დალოცვილი ხე ამ ოხერტიალ მელას, ან დაღლილიყო, ან მობეზრებოდა, ან წყალი მოსწყურებოდა“...არ ვიცი.მაგრამ ბეღურამ იცოდა, რომ მისი მტრის მადა ერთმნიშვნელოვნად არ მოიკლებდა, არავითარ შემთხვევაში არ მოეშვებოდა მის შვილს, რომელიც ამ მოკლე დროში ფრენას ნამდვილად ვერ ისწავლიდა, პირიქით უფრო გაიზრდებოდა და უკეთესი ლუკმა გახდებოდა მუხანათი მელასთვის.(იქნებ შემეხიდოს ვინმე და მიპასუხოს - სხვა რა ექნა?...)ერთხელაც დავბრუნდეთ უკან - მაშ, მელა მესამედ მობრუნდა.იგი გაიძვერა, სულთამხუთავი, ეშმაკი, გათახსირებული და ავაზაკი პიროვნებაა. მისთვის უცხოა სიბრალული, სამართალი, ჯენტლმენობა, ზნეობა...იგი დამპყრობელივით იქცევა და ზუსტად იგივე „შიგანი“ აქვს, როგორიც ჰქონდა მურვან ყრუს, ჯალალედინს, შაჰ აბასს, აღა-მახმად ხანს...მასზე არ მოქმედებს არც დედის ცრემლი და არც იმ ცოდვის სიმძიმე, რომლის ტვირთვასაც ასე ჯიქურ ცდილობს.რა ექნა ჩიორას, ჩაექნია ხელი და გაფრენილიყო, მიეტოვებინა შვილი?სიკვდილი მაინც არ ასცდებოდა და ვერანაირი ძალა მას სიცოცხლეს ვერ შეუნარჩუნებდა. საცოდავი დედა, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი შვილს სწირავს, არა თავისი გადარჩენის მიზნით (მას ისედაც შეეძლო ფრთები შემოეკრა და გაფრენილიყო) არამედ შიშისა გამო, რამეთუ ბრძანების არ შესრულების შემთხვევაში, გაავებული მელა, მიაღწევდა რა საწადელს, შეპყრობილ ბარტყს, არათუ სწრაფი სიკვდილით, არამედ სამაგიეროს გადახდის მიზნით, დიდხანს აწამებდა დედის თვალწინ და ისე მოკლავდა.ვერ გაიმეტა დედამ შვილი საწამებლად და გარდაუვალ და სწრაფ სიკვდილს მიაბარა იგი.წარმოიდგინეთ რა დამწუხრებული უნდა ყოფილიყო საბრალო ჩიორა, რომ მისი ეს მწუხარება არ გამოპარვია არსაიდან გამოჩენილ მონადირეს.მონადირე ადამიანია, იგი მბრძანებელია დედამიწაზე, უფლისგან ღვთივ კურთხეული, ჩვენი პლანეტის ყველა სულიერის მეფე.
თუ ჩიტი-ჩიორა და მელა იგავში ადამიანების სახეს წარმოადგენენ, მაშინ მონადირე უფალია! ასეც შეიძლება გაგება - ზღაპარია, იგავია.

კითხვაზე, თუ რა სჭირს და რად არის ასე დამწუხრებული, ჩიორა შესჩივლებს მონადირეს და საკუთარი უბედურების ისტორიას გაანდობს მას.

მოდით ვთქვათ, რომ მონადირე ქართველი კაცია, ვაჟკაცი, მართალი, ხმლიანი, უანგარო, უშიშარი... 

იგი ძალღონეს არ იშურებს, პოულობს მელას, უფატრავს მუცელს და სამივე ბარტყს ანთავისუფლებს.

უზომოა დედის სიხარული, დასაფასებელია მონადირის ქცევა. 

ამ თითქოსდა სევდიან და „შემზარავ“ ზღაპარში ყველაფერი კარგად მთავრდება, ზრაპრულად, ჯადოსნურად. ამიტომაც, როდესაც პატარა ბავშვი დაზაფრული, შეშინებული, გაბრაზებული და იმედით ანთებული (მისი ზღაპრები ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება) მშვიდობიან დასასრულს ისმენს, უზომოდ ხარობს, იცინის და ბედნიერია.

ზღაპრის დანიშნულებაც ხომ ის არის (და, პირველ რიგში, საბავშვო ზრაპრისა) - მცირე დოზით, ნაბიჯ-ნაბიჯ შეაჩვიოს ყმაწვილი ბოროტების არსებობას და მასზე სიკეთის უეჭველად გამარჯვებას. 

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პატარა ბავშვის ცნობიერება არ ზიანდება რეალიზმით, რადგანაც მისთვის პერსონაჟები ფაუნის წარმომადგენლები არიან.
აბა რა ვთქვათ მაშინ „წითელქუდაზე“, სადაც ბავშვი პირისპირ რჩება ადამიანის მკვლელობასთან: ჯერ საყვარელი ბებია შეჭამეს და შემდეგ ბავშვის მეგობარი პატარა გოგონა. განა ეს ზღაპარი უფრო ვამპირული და კანიბალური არ არის?
ანდა დასავლურ, თუნდაც აღმოსავლურ-

ჩრდილოეთურ ზღაპრებში, უმეტესად დემონებისა და ჭინკების ბოგინზე აკინძულ ისტორიებში მეტი ჰუმანურობაა, თავდადება და თავგანწირვა?იქ ბოროტებაზე კი არ არის საუბარი და ალეგორიები კი არა არის მოშველიებული, არამედ პაწაწინა ხედავს თავად ბოროტებას - განხორციელებულს სხვა და სხვა წარმოუდგენელ არსებებში.ერთხელაც დავუბრუნდები ჩიორას ისტორიას და ვიტყვი, ეგ არ არის კოშმარი, ეს არ არის უზნეობის პროპაგანდა, აქ არ ზეობენ ეშმაკები.მე ასეთი ხედავ მაქვს ამ ქართული ხალხური ზღაპრისა და ასე ვაფასებ მას.ჩიორა საქართველოა, მელა რუსეთი და მონადირე კი ჩვენი გულითადი მეგობრები, რომლებიც თუ ვერ დაინახავენ ჩვენს რეალურ წუხილს, ჩვენს აღქმულ ტკივილს, ვერ დაგვეხმარებიან, რამეთუ ვერ იგრძნობენ ჩვენს უბედურებას.ჩვენ მათ ენაზე უნდა ავუხსნათ, როგორ გვტკივა...

რუსეთი დღევანდელ დღეს ირგებს მელას ქურთუკს, თორემ შორეულ წარსულში ეგ „პოზიცია“ რომაელებს, ირანელებს, არაბებს, სელჩუკებს და თათრ-მონღოლებს ეკავათ. 

ვაჰ, ბედკრულო სამშობლოვ, შენი შვილებიც რომ ვეღარ ხვდებიან შენს წუხილს, ვერ აცნობიერებენ შენს გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც მოხვედრილი, ხან ერთ შვილს, _ ტაო-კლარჯეთს, ხან მეორეს - აფხაზეთს და ხან მესამეს - სამაჩაბლოს სწირავ და ყველაზე მტკივნეული ამ სიტუაციაში ისაა, რომ გაწირვინებენ და გღალატობენ შენივე მტრების ქართველი დამქაშები.

9 ოქტომბერს მძაფრი რეაქცია მქონდა ჩემი დისა და ჩემი უფროსი ქალიშვილის შეფასებებზე, რომლებიც ზედაპირულად სჯიდნენ ჩიორას და ქართული ფოლკლორის ამ ნიმუშს 

არ დაგიმალავთ და, ორჯერ სახალხოდ შევიკურთხე კიდეც (შემდეგ ჩემი ეს ბილწსიტყვაობა, ნატალიამ წაშალა, რისთვისაც მადლობას ვუხდი), იმდენად ვერ მივიღე და აღვიქვი მათი ეს „პრანჭიაობა“. 

ავდექი და ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი და რატომღაც ტოლერანტული მიდგომის საწინააღმდეგო პატარა „თათარიახლად“ მოგონილი ზღაპარი დავპოსტე:

„ერთი გეი მეორეს ტყ--ვს და, ზღაპრულად, ორივე დაფეხმძიმდება“.

ეს მე არ მეკუთვნის, ნიკო გომელაურმა საუცხოოდ გალექსა თავის ქმნილებაში...

„ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა“!

მსურს, არ ვიყოთ ზედაპირულები, ნუ ვიპრანჭებით და მითუმეტეს მამკაცები ნუ ვიქცევით ქარაფშუტულად, ჩვენი სიტყვა საქმით გავამაგროთ, ჩვენი გული სამშობლოსთვის გულიდან სცემდეს.

 

P.S. მსურს ხაზი გავუსვა - ჯერ იყო და, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდა...
ახლა კი, სანამ არ დამტკიცდება პრემიერი და ახალი კაბინეტი, ჩვენ - მე და ჩემს მეგობრები, საპროტესტო ქმედებებისგან თავს ვიკავებთ.
მივმართავ ხელისუფალთ...

პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და, შსს-ს გარდა, ყველა სხვა უწყებასაც, ვისაც ხელი აქვს გასვრილი ჩვენი ახალგაზრდობის მოკვდინებაში!

არ ვაბუქებ და არ „ვიპრანჭები“.

მოვითხოვ შეწყდეს ე. წ. „ბიო-პლანის“, „კრაკადილის“, „ჯეფის“, „ვინტის“ თუ „კროტის“ საშუალებით ჩვენი მომავალი თაობის ხოცვა. 

მარტო მე, ერთ კაცს... ამ სისაძაგლით ორი ძმაკაცი მომიკვდა! ერთიც,ძვლებში მილპება.

კმარა ამ უბედურებაზე ბიზნესებისა და კეთილდღეობების მოწყობა?!

გამოფხიზლდით!

თორემ გამოჩნდება იმ „არსაიდან“ მონადირე, გეძგერებათ და გადაგიფატრავთ მაგ გაპუტკუნებულ მუცელს!
....

გფარავდეთ უფალი!

 

P.P.S.
ცხადია, ამ ბრძოლის სარჩულით სხვა საქმის კეთება, მილიციის დაბრუნება და ქართული პოლიციის დონის დაგდება, არანაკლები სისაძაგლე იქნება

საშინელი ფოლკლორი

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

12.11.2013

160x600

160x600

bottom of page