top of page

დილით, ლაშას ვერაზე გავუარე, შემდეგ გურამს ხარფუხში და იქიდან, საბურთალოზე კოტეს მივაკითხეთ - საგურამოში მივდიოდით.
აბა, მანქანაში სხვა რაზე უნდა გველაპარაკა - იმედიანად ვიყავით, ასე გვეგონა ერთი-ორი კვირის საქმე იქნებოდა.
კაცური ვალის გადახდა გვსურდა...

ავტობანიდან რომ გახედავ, ქანდაკება არც თუ ისე დიდი ჩანს. მაგრამ როგორც კი მის ძირში დადგები და ქვემოდან ახედავ, მიხვდები რომ ასეთი მასშტაბური ძეგლი თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში...

ძეგლი: - ქანდაკებისა და მის გარშემო აგებული ხელოვნური ნაგებობების ერთობლიობა.

როდესაც ფონდი „წიწამური დღეს“ დავაფუძნე, გაცილებით მეტ დატვირთვას ველოდი, როგორც ფიზიკურს, ისე მორალურსა თუ ფსიქოლოგიურს.
მარტო გამოხმაურებები რად ღირს. აი, მაგალ;ითად: სანამ რაღაცას დააფუძნებდი, იქნებ და გაგეგო, რაშია საქმე! ვერ ხედავ სახელმწიფო აკეთებს მაგ საქმეს და შენ ვიღას დაჰკარგვიხარ?!
მსურდა მკვახე პასუხის გაცემა, მაგრამ ჩემში რაღაც შეცვლილიყო, ილიას გვერდით ვგრძნობდი აწი თავს და არ მეპატიებოდა სიფიცხე.
მოთმინებით ვუხსნიდი და ვპასუხობდი: ჩვენი მიზანია, ვუზრუნველყოთ საზოგადოების ჩართულობა ამ საქმეში, რათა სწრაფად განხორციელდეს რეაბილიტაცია და ძეგლმა ისეთი იერსახე მიიღოს, როგორც ერის მამას ეკადრება.
მაგრამ, მოლოდინებმა არ გამიმართლა. ყველაფერი უფრო დუნედ წარიმართა, - წერილების მიმოწერაში ვართ და სტატუსების გაზიარების რეჟიმში... ფონდის დასახელება, რომ იტყვიან გამოვიცანით, „გავარტყით“.
ყოველი დღე, რომელიც ამ საქმეს დასასრულისკენ არ აახლოვებს, თითქოს იმ ავბედით დღეს ემსგავსება, როცა ილია მოკლეს.

„წიწამური დღეს“ - რა ხდება დღეს წიწამურში?
იგივე სურათი: დანგრეული კიბეები, აყრილი საფეხურები, დაშლილი ქვედა ბაქანი (ამფითეატრი), დახეთქილი ზედა ბაქნის საფუძველი, გამსკდარი და გადაქანებული საყრდენი კედლები, ალაგ-ალაგ ამოფეთქილი ჯაგნარი...
და ალაგ-ალაგ იმიტომ, რომ დროდადრო გულანთებული ხალხი ადიოდა და შეძლებისდაგვარად ალაგებდა.
მაშ ეგრე არ არის?
ჯერ იყო და ოთხმა სამინისტრომ: „კულტურამ“, „სპორტმა“, „გარემოს დაცვამ“ და „სასჯელაღსრულებამ“, ერთობლივად ვიკისრებთ მაგ საქმესო, მერე ერთმა ამ ოთხთაგანმა, „კულტურამ“, მე მივხედავო - და ჩაიბარა, მემორანდუმებიც გააფორმა; მერე „კულტურა“ „ინფრასტრუქტურამ“ ჩაანაცვლა, „ინფრასტრუქტურამ“ სახელმწიფო ფონდს, „მგფ“-ს (მუნიციპალური განვითარების ფონდი) გადაულოცა და ბოლოს გაირკვა, რომ მცხეთის გამგეობამ და საკრებულომ უნდა იტვირთოს ეს საქმე...
კოტე: განგაშია ასატეხი, განგაში! შეიცვალა ხალხი, გაუცივდათ გული! 
ლაშა: არ გეთანხმები, ყველაფერი ისე მიდის როგორც უნდა მიდიოდეს, რეალობაა ასეთი... ხალხს რას ერჩი? ხალხმა იცის, რომ სახელმწიფო აკეთებს და ის ფულიც, სახელმწიფოს რომ აქვს, ისიც ხომ მისი მიტანილია ხაზინაში...
გურამი: მერედა, არ აკეთებს საქმეს ეს სახელმწიფო და სათქმელია ეგ ხალხზე!
კოტე: ქართველი კაცი ლარს რომ არ გადმორიცხავს ერის მამის ძეგლის აღსაღდგენად - კაპიკია მისი ფასი! 
ლაშა: ზუსტადაც კაპიკი რომ არ აქვს, მაგიტომაც ვერ რიცხავენ. 
კოტე: კარგი რა, რას ამბობ, ვის არ აქვს კაპიკი? 
ლაშა: ვის და ვისაც გული შესტკივა და თავის მოვალეობად მიაჩნია, იმას; თორემ ვისაც მაყუთი აქვს, სულ არ ადარდებთ შენი ძეგლი... 

გურამი: მე მაინც მგონია, სათქმელია ხალხზე ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ფული, მითუმეტეს მცხეთას, და რომ უნიჭო „პიარშიკები“ არიან! ნახე, თუ არ აღმოვჩნდე მართალი! გაიგებენ თუ არა, რომ მთელი აჟიოტაჟი ბლეფია და მხოლოდ კიბის დემონტაჟს ეხება მემორანდუმებიც და პატაკებიც - გადმორიცხავენ ფულს! 
მე: კარგით რა, ამხელა სეკვესტრი ჰქონდათ, ბიუჯეტი ვერ შეავსეს და თქვენ გინდათ სამასი ათასი გააძრონ ჯიბიდან?
კოტე: უნდა გააძრონ, აბა არ უნდა გააძრონ?! ჯიპებით რომ დადიან და ქართულად ლაპარაკობენ აიფონებში, ამ კაცის მოტანილია ყველაფერი, საკუთარი სისხლით! 
მე: ჩვენ რა ვქნათ? აი, ნახე... პირველი: ფაქტია, სრული რეაბილიტაციის ფული არა აქვთ და ჯერ-ჯერობით მხოლოდ კიბის დემონტაჟზე მიდის „ბაზარი“; მეორე: .უნდა „გასტარტონ“ საქმე, საპატაკო აქვთ ზემოთ, ნაღდად ვიცი. მესამე: ხალხზეც ხმამაღლა სათქმელია ყველაფერი და პირველ რიგში ის, რომ ძეგლის რეაბილიტაციის პროექტირებაზე, ჯერ დავალებაც არ აქვთ გაცემული. და მეოთხე: ძვირფასი დრო იკარგება...
კოტე: ეგენი ახლა კიბის დემონტაჟს დაიწყებენ, ათხრიან-დათხრიან, მერე უპატაკებენ, მერე შეუდგებიან ახალი პროექტის კეთებას, მერე ტენდერს გამოაცხადებენ მშენებლობაზე, მერე მთელი ეს პერიოდი წვიმები იქნება და 

ქანდაკება შეიძლება დაუვარდეთ.
გურამი: შეიძლება კი არა, დაუვარდებათ! დემონტაჟის დროს საყრდენ კედლებსაც ხომ მოხსნიან?

ლაშა: უნდა მივიდეთ „ზემოთ“ და ნორმალურად ავუხსნათ ყველაფერი... და ხალხსაც უნდა ვუთხრათ სიმართლე, მითუმეტეს საიტზე (www.tsitsamuri.org) ყველაფერი ძევს, ყველა წერილი, გამგები გაიგებს რაც ხდება...

კოტე: ზემოთ არა, ბუტკაში! ჩამოქვეითდნენ თუ ძმა ხარ! მერაბ, დაწერე რა...
მე: მე-ე?
კოტე: აბა მე-ე? წერა იცი! რა, დაგეხმარო? 
მე: რა დავწერო?
კოტე: რა დაწერო და ეს დაწერე: კვლავაც ქართულად რომ ვლაპარაკობთ მისი დამსახურებაა...
ლაშა: თავის დროზე, ​სიმართლე რომ ითქვა, ეგეც მისი დამსახურებაა...
გურამი: ევროპისკენ გახედვაც მისია...
ლაშა: რუსეთის მხილებაც მან იკისრა... ბანკიც მისი და სტამბაც მისი...
გურამი: უნივერსიტეტიც და ახალგაზრდობაც... თეატრიც და გიმნაზიაც... წმინდა კაცი რომ იყო და სისხლიც დაღვარა კაცობისთვის, სამშობლოსთვის! წიგნები რომ დაგვიტოვა და სიამაყე დაგვიბრუნა! რომ გვანუგეშა და მომავალი დაგვილოცა.
კოტე: შვილებად რომ მივაჩნდით და მამობა რომ იკისრა!
ლაშა: და ასე უთხარი: ფული გადმორიცხონ, თუ ძმა ხარ! თორემ ამათმა ბიუროკრატიამ გული გააწყალა! სირცხვილია ბოლო-ბოლო!

მოკლედ ამ დღეში ვართ რა...
მე დავწერე, თქვენ წაიკითხეთ, ჩინოვნიკებს საფიქრალიც გაუჩინეთ, თქვენ კი, ვისაც ილია ერის მამად გიღიარებიათ და გულში სულს უბერავთ, „ლაიკებს“ თავი დაანებეთ და ცოტა ფული გადმორიცხეთ, დავეხმაროთ ჩვენს ბეჩავ სახელმწიფოს, რომ ქვეყანა და სამშობლო არ გაგვიბეჩავდეს და სირცხვილი არ ვჭამოთ.

P.S. ვინც გადმორიცხა, ვინც შეეწია ამ საქმეს, ვინც ფასიანი ზარი გამოუშვა: იმათ ყველას უდიდესი მადლობა, ყველასგან, მათ შორის ჩემგანაც...
მაგრამა, ძმანო, სირცხვილია: სამ თვეში მხოლოდ 300 ლარი ფული ავაგროვეთ.
არადა 300 000 ლარი გვჭირდება.
გფარავდეთ უფალი!

წიწამური დღეს

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

19.02.2014

160x600

bottom of page