top of page

სად არის „მომავლის წერილი“?! - მბრძანებლურად იკითხა მაზვმა.

გამარჯობა, შენ! - მიესალმა მოხუცი.

სად არის წერილი?! თუ იგი შენ გაქვს, სიცოცხლეს შეგინარჩუნებ! - დაუყვირა მაზვმა.

გამარჯვება, შენ! - კვლავ მიესალმა მოხუცი.

გამარჯვებას მისურვებ, შე თავხედო?! - აენთო მაზვი. - მაშინ სიკვდილი შენ, მოხუცო! - გადაიხარხარა მაზვმა...

 

„მაზვი“. 1996 წ

 

ჭაბუა ამირეჯიბზე, ბერ დავითზე, ულამაზეს და დიდებულ ქართველზე, ჩემს მასწავლებელზე, ნარკვევი მინდოდა დამეწერა, კაცზე, რომელმაც ცხოვრების ანი-ბანი მასწავლა... როდესაც, მოულოდნელად საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს გადავაწყდი facebook-ზე.  და ცდუნებას ვერ გავუძელი, ნარკვევი გვერდზე გადავდე და აი, ინებეთ:

 

ამონაწერი სტატიიდან, გიორგი მარგველაშვილი: „შემიძლია მარტივად ავხსნა, რამ გამოიწვია ჩემთვის ხელფასის გაზრდის საჭიროება და დასამალიც არაფერია: 4 ათასი ლარი არ იყო ის თანხა, რითაც რეალურად ცხოვრობდა საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, როგორც კი შევუდექი მოვალეობის შესრულებას, გადავწყვიტე, რომ საზოგადოების მოტყუება და პრეზიდენტის ხარჯების სხვა უწყებებზე გაწერა უნდა დასრულებულიყო. პირდაპირ ვთქვი, რომ როცა გაქვს ასეთი სტატუსი, შესაბამისად, გაქვს ხარჯები, რისთვისაც 3-4 ათასი ლარი არ არის საკმარისი. არა იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ თანხით ვიცხოვრო, თუმცა ჩემი ხელფასი პოლიტიკაში მოსვლამდე მეტიც ყოფილა, არამედ იმიტომ, რომ ამ სტატუსით ვერ შეძლებ ამ თანხით ცხოვრებას. ან უნდა მოიტყუო“... - კვირის პალიტრა. 23.12.2013 წ.

 

წინა ბლოგში გაკვრით შევეხე ამ თემას და იმედი მქონდა, რომ მეტად დამაჯერებელ პასუხს მივიღებდი. უფრო გულახდილს.

პრეზიდენტი ინტერვიუს ამ ნაწილშიც გულახდილობს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ამბობს სათქმელს.

მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამ საკითხთან მიმართებაში და მსურს მოგახსენოთ.

 

”ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირი კი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა. “ – ჭაბუა ამირეჯიბი „დათა თუთაშხია“.

დამერწმუნედ, რამდენად პათეთიკურადაც უნდა ჟღერდეს, ზემოთ ნათქვამი სიმართლეა, და მხოლოდ ამ ციტატით შევძლებდი პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას, მაგრამ თუ ნებას მომცემთ მე ოდნავ უფრო გავშლი და გავათანამედროვებ საკითხს.

 

თავად ამ მოვლენას, ანუ „ხელფასის მომატების წესს“ თავისი დაუწერელი კანონი აქვს და მსურს ეს პროცესი გაგახსენოთ.

იმთავითვე შევთანხმდეთ, რომ ვერცერთ საწარმოში, თუ კერძო სტრუქტურაში, თუ სახელმწიფო სამსახურში, საკუთარ თავს, თვითნებურად ხელფასს ვერ მოუმატებს ვერაკაცი - იმისათვის რომ ხელფასი მოგიმატოს დამქირავებელმა, არის ორი შესაძლო ცნობილი ვარიანტი.

 

პირველი ვარიანტის „ა“ ქვეპუნქტი:

შენ, სამსახურის გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდები და აცნობიერებ, რომ შენს მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება (ხელფასი) არ შეესაბამება შენს მიერ დახარჯულ ენერგიასა და დროს.

 

პირველი ვარიანტის „ბ“ ქვეპუნქტი:

შენმა ხარისხიანმა და მუხლჩაუხრელმა შრომამ, შენს დამქირავებელს მოუტანა ძალზედ დიდი მოგება, რაც გაძლევს საბაბს მოსთხოვო დამქირავებელს მეტი ანაზღაურება.

 

„ა“ და „ბ“  შემთხვევებში შენ მიდიხარ დამქირავებელთან და სთხოვ ხელფასის მომატებას, ასაბუთებ რა შენს მოთხოვნას ან ერთი, ან მეორე რეალობით და აჩვენებ, რომ შენი ანაზღაურება არაადეკვატურია შენი შრომის... დამქირავებელი ან გიმატებს ხელფასს, ან მოტანილი მოგებიდან გინიშნავს პრემიალურს.

 

მეორე ვარიანტი (ქვეპუნქტის გარეშე): თავად დამქირავებელი ხვდება, ხედავს რა შენს მუხლჩაუხრელ შრომას, რომ გეკუთვნის მეტი ფული და გიმატებს თანხას.

ხელფასის მომატების სხვა ვარიანტები არ არსებობს.

 

ჩემი პრეზიდენტის შემთხვევაში არც ერთი ზემოთ მოყვანილი სიტუაცია არ ესადაგება მისთვის ხელფასის მომატების აუცილებლობას - იგი არც შრომით დაღლილა და არც მის დამქირავებელს, ქართველ ხალხს უგრძვნია მისი მუხლჩაუხრელი შრომით მოპოვებული დივიდენდები.

ამიტომაც, ჩემი, კერძოდ აღებული დამქირავებლის პასუხია: ჯერ არ ეკუთვნის!

მაგრამ, თუ ბატონი პრეზიდენტი დააკონკრეტებს იმ ხარჯებს, რომლებიც აუცილებლად გასაწევია მისი მხრიდან და რომლებსაც არ ჰყოფნის ან არ ეყოფა მომავალში 3-4 ათასი ლარი, მეც შევიცვლი აზრს და დავთანხმდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ არავინ გაამზეურებს ამ ხარჯებს, რამეთუ არც არავინ არის ვალდებული.

ეს სუბიექტურად.

ობიექტურად კი, ცუგცვანგია...ცუგცვანგი (გერმ. Zugzwang) - ჭადრაკში ფიგურების განლაგება, რომლის დროსაც აუცილებელია ისეთი მორიგი სვლის გაკეთება, რომელსაც მოსდევს მდგომარეობის გაუარესება და პარტიის წაგებაც კი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის იმიჯის გაურესება, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოსდევს, რაც თავისთავად მიბმულია ელემენტარულ და არასაკამათო საკითხზე: ქვეყნის მთავარსარდალს, მინისტრზე ნაკლები ხელფასი არ უნდა ჰქონდეს, და არც დეპუტატზე ნაკლები...ხოდა ცუგცვანგია რა...ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტისგან არ მოდიოდა ეს ინიციატივა და მხოლოდ რეალობიდან გამომდინარე იმოქმედა, ვინაიდან თავდაპირველად დეპუტატებმა და მინისტრებმა მოიმატეს ხელფასები.მათი ერთერთი მოტივი გახლდათ არაადეკვატური ანაზღაურება გაწეულ შრომასთან მიმართებაში. როდის მოასწრო ყველამ ერთად, კოჰაბიტირებულად, ასე უცებ, ამის შეგრძნება, ვერ გეტყვით, არადა ორი თვეც არ ჰქონდათ ნორმალურად ნამუშევარი.მეორე მიზეზი ის იყო, რომ „მაღალი ხელფასი, მოპარვის ცდუნებას ამცირებსო“, - ეგაც საკამათოა: გააჩნია „მოსაპარის“ რაოდენობას და მომპარავის ზნეობის დონეს, თორემ ათიათასის საპირწონედ ათი მილიონის მოპარვის შესაძლებლობა რომ გეძლევა, მხოლოდ ზნეობა თუ გაგაჩერებს კაცს... ან შიში...ისე კი, ნახევრად-ხუმრობით, მთავარსარდალს ვურჩევდი, პარლამენტში ინიციატივით შესვლას (ნახევრად-ხუმრობით, იმიტომ, რომ უფლება არ აქვს), რათა პარლამენტარებსაც და მინისტრებსაც, ჩვენს მიერ არჩეულ „მაღალრეიტინგულ“ დეპუტაციას და მოხელეებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის გარეშეც „ჰქონდათ“ პარლამენტში და სამინისტროებში მოხვედრის 100%-იანი შესაძლებლობა, მოეხსნათ ხელფასის გაზრდილი ნამატი, რომელიც მათ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ჯერ არდაღლილებმა თვითნებურად დაუმატეს საკუთარ ჯამაგირს.რატომ თვითნებურად?ინტერესით მივადევნებდი თვალს რა რეაქცია ექნებოდა 2012-ში ქართველ ამომრჩეველს, არჩევნების წინ, მომავალ და „მაღალრეიტინგულ“ დეპუტატებს ამომრჩევლისთვის რომ გაეცხადებინათ: „თუ გავიმარჯვებთ, აუცილებლად მოვიმატებთ ხელფასებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგთანხმდებით, ხალხნო, დეპუტატის ამ საპატიო და უმძიმეს პოსტზე მუშაობას, თუ ხელფასს გავიზრდითო“...

პირადად მე, მაინც მივცემდი ხმას, რადგანაც საპირწონე 2012-ის პირველ ოქტომბერს, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე მათი ხელფასები, მხოლოდ ერთია:  წინდაწინ მაინც მეცოდინებოდა და უსიამოვნო შეგრძნებას აღარ დამიტოვებდა მოულოდნელი სიურპრიზები და თავისმართლება. 

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნაწილი დეპუტატებისა ღირსეულად შეხვდება ჩემს მიერ გამოცხადებულ ამ „სეკვესტრს“. 

თანამოქალაქენო, შენდობას ვითხოვ, არ იფიქროთ, თითქოს „მემარცხენე“ და პატარა ხელფასების მომხრე ვიყო. პირიქით, „მარჯვნივ“ ვდგავარ, კერძო საქტორში, სადაც მენეჯერებს ოცი, ოცდაათი და ორმოცი ათასი ლარი აქვთ ხელფასი - სადაც, დამქირავებელი წინდაწინ სწავლობს დასაქირავებლის გამოცდილებას, მის მიერ შესრულებულ საქმეს... შემდეგ ენდობა რა მას - უხდის ხელფასს, რადგანაც იცის, რომ მისმა მენეჯერმაც იცის...

ჩვენმა „მაღალრეიტინგულებმა“ რა იციან?

მათ უმრავლესობას რეალური საქმე არც კი გაუკეთებია, სპეციალობა მხოლოდ დიპლომებში აქვთ ასახული, ლაყაფი და ინტრიგანობა კი პროფესიად აქვთ ქცეული.

მინისტრები კი გზადაგზა სწავლობენ...

ქვეყანაში მენეჯერების ნაკლებობაც სახეზეა, მცოდნე ხალხის, სპეციალისტების...

ნაკლებობაა, თორემ ის კი არ მითქვამს, არ არის მეთქი... ქვეყნის მართვას რომ სჭირდება იმდენი ნამდვილად მოიძებნება და თან უკეთეს ფასში... 

რიტორიკული კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან: სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანმა რა ჰქმნას, რომელიც თქვენს დარად ხვდება, რომ ნორმალური ცხოვრებისათვის ხელფასი არ ჰყოფნის და მომატების საშუალება კი არ აქვს?

და პენისონერმა თავისი „მსუყე“ პენსიით?

...ბევრჯერ მიფიქრია, ვისთვის ვირჯები, განა ვის აინტერესებს ჩემი „ნაბოდვარი“, განა რა არის ახალი, რაც ჩემამდე არ თქმულა? მაგრამ, მერე საკუთარ ცხოვრებას ვუმზერ, განვლილ წლებს, იმ დიდებულ ადამიანებს ვისთან ერთადაც გამომივლია ეს წუთისოფელი და კვლავ ვგრძნობ დიადი წინაპრების სუნთქვას: - სიმართლე სიმართლეა და უნდა ითქვას!

გარედან რომ გიყურებთ ერთად აღებულ მთელს ხელისუფლებას, თავისი პოზიციითა და ოპოზიციით, პარლამენტში შეყვანილებს, თუ გარეთ დარჩენილებს, მარტივი და გასაგები სიტყვები მიდგება თვალწინ:

„შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ კაცობრიობას დანამდვილებით ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია. ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების, პრეზიდენტებისა და კანცლერებისათვის, რომელთა ენაზე ამას „ჭკვიანი კაცების პრობლემა” ჰქვია. მაგრამ მათ წინაშე მუდამ დგას მეორე, გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრე

ლი ”გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” - კაცობრიობის უდიდესი ჭირი.
შემჩნეულია, რომ სახელმწიფო მართვისთვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ კიდეც მიზანს - მართვის მეტნაკლებად მნიშვნელოვან სადავეებს. მე ბევრი მიფიქრია ასეთთა წარმატების ბუნებასა და მიზეზებზე; მგონი, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ყოველივე ეს ძირითადად, მანიაკობიდან მოდის: როდესაც კაცს თავისი უპირატესობა უყოყმანოდ, ფანატიკურად სწამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყოველი საქციელი თავხედობამდე გაბედულია. ეს ცნობილია.
თავხედობა გოდოლებს მუსრავს, მაგრამ დაპყრობილის შესანარჩუნებლად არ კმარა, - იქ ჭკუა, განზოგადების უნარი, შემოქმედებაა საჭირო, რაც ჩვენს შემთხვევაში, თავიდანვეა გამორიცხული, - ჩვენ ხომ შეზღუდულ კაცებზე გვაქვს საუბარი. ამდენად, გოდოლი შედარებით მალე გადადის ხოლმე სხვის ხელში და „კაცობრიობის უდიდესი ჭირი” ქრონიკულ ხასიათს იღებს, საქმე ის არის, რომ თუნდ ერთხელ და თუნდ მოკლე ხნით მაღალ თანამდებობაზე ნამყოფი კაცისა ყველას ეშინია - სხვათა ცოდვები იცის, ესენი იძულებულნი არიან წაბორძიკებულს მხარი დაუჭირონ. ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვით ჭკვიანი კაცების ნაკლებობის პრობლემაც ქრონიკულია და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთი შეზღუდულის ადგილზე მეორე, შეზღუდულმა მოიკალათოს. ასეთ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირებს ცნობილი ცოდვილის შენარჩუნება ურჩევნიათ უცნობი ჭკვიანის დაწინაურებას. ამიტომ შეზღუდულისთვის რომელიმე სავარძლის დაკარგვა მხოლოდ სხვა, ხშირად უმჯობესის მიღებას ნიშნავს. ასე გრძელდება იქამდე, სანამ ეს კაცი სოფლად გახიზვნასა და სატაცურის მოყვანას გადაწყვეტდეს ან უმჯობეს სამყაროში გადასახლდებოდეს. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა, რაღა თქმა უნდა, ერისა და სახელმწიფოს კისერზე გადადის. მთავარია, რომ სანამ ერთი მანიაკის წასვლის ჟამი დაჰკრავდეს, სხვა მანიაკების შემოჭრა-დამკვიდრება ძველებურადვე ხორციელდება. ეს უწყვეტი პროცესია და არა ცალკეული შემთხვევები. ამაში მდგომარეობს „შეზღუდული კაცების პრობლემა” -შეზღუდული კაცებისა, თორემ გულწრფელი ან გაიძვერა კარიერისტების საქმე სხვაა.” - ჭაბუა ამირეჯიბი. „დათა თუთაშხია“.
სხვა რა ვუწოდო, თუ არა „გონებაშეზღუდული კაცების თარეში“ ამ ხამობას, რომელმაც მობილურ ტელეფონებში, ხელფასებში, შავ ჯიპებში, პრემიებში და ათას სხვა წვრილმან-მსხვილმანში ამოხეთქა. 

ომი რომ დაიწყოს, მტერი პირველ რიგში აეროდრომებს და შავ ჯიპებს დაგვიბომბავს... 

დედამიწაზე, ყველა ადამიანს შეიძლება მოუწიოს თავისმართლება, მაგრამ ყველაზე მეტად ეს სახელმწიფო მოხელეს არ უხდება და შინაგანად აზიანებს მას. სახელმწიფო მოღვაწე ვალდებულია წინდაწინ იფიქროს, გაანალიზოს და ისე გადადგას ნაბიჯი. თავნამართლებ მოხელეს არცერთ სერიოზულ კერძო ფირმაში სამსახურში აღარ ტოვებენ, მიუხედავად შედეგისა, მართალი აღმოჩნდება მოხელე თუ პირიქით, მითუმეტეს ხელმძღვალელ თანამდებობაზე.

თავნამართლები სახელმწიფო მოხელის მსახური, სახელმწიფოს დაზიანების წინაპირობაა. რამეთუ, ცუდი მაგალითი მეტად გადამდებია, ვიდრე კარგი...  

 

თუ ხელისუფალის, ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული,  ეს „იძულებითი“ თანხმობა, საჭიროა იმისთვის რომ მათი მუხლჩაუხრელი მეცადინეობით, ხალხსაც ორჯერ გაუზარდონ დოვლათი, მაშინ ბოდიშიც მომითხოვია, მაგრამ... 

ერთ-ერთი ღირებული სამი წერტილი. 

„აქ არის და ხვალეო“...

 

პატივისცემით, ჩემო მკითხველო.

უფალი გფარავდეთ!

 

P.S. იდეაში არსებობს პირველი ვარიანტის „გ“ ქვეპუნქტიც: დამქირავებელს დაქირავებულის ქცევა, ხელფასის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებული, არ მოეწონება, და მიუხედავად დაქირავებულის მუხლჩაუხრელი შრომისა და მოტანილი დივიდენდებისა, ამ თვითნებობას თავხედობად ჩაუთვლის და სამსახურიდან დაითხოვს...

P.P.S. სანამ სტატია გამოვიდოდა, პრეზიდენტმა სვლა გააკეთა, „არც მწვადი დაწვა და არც შამფური“, ხელფასი მომატებაზე დათანხმდა, მაგრამ თანხა ისე არ გაზარდა, რომ ვინმეს აღშფოთება დაემსახურებინა.  მაშასადამე, სჭირდება ფარა... არადა, რა მაგარი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა, ერთი წელი მაინც მოეცადა...

ცუგცვანგი

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

23.12.2013

160x600

160x600

160x600

bottom of page