top of page

მზე სულ მალე ააბრდღვიალებდა მიძინებულ ჰორიზინტს და მისხალ-მისხალ გააბრწყინებდა თეთრი სასახლის ოვალურ დარბაზებს, სადაც სანთლები, ცოტაც და, ბოლომდე დაიწვებოდა. ისევ იგრძნობოდა სუნამოს მაგვარი სასიამოვნო სურნელი და ირგვლივ ყველაფერი ზღაპრული საოცრების აღსრულების მოლოდინში, მომაჯადოებელი სათნოებით მორჩილად გარინდულიყო...

                                                                                                            „ფერადი ზღაპარი“. 1997 წ.

 

ბრაზილიაში მიმდინარე ჩემპიონატს რომ არ შევეხო, არ შეიძლება. რიგით მეთორმეტე ჩემპიონატს მოვესწარი, მაგრამ ასეთი უხვგოლიანობა, სისწრაფე და სილაღე არ მახსენდება.

საერთოდ, ფეხბურთი გოლით ფასობს. თუ თამაშში გოლი არ გადის, რაც არ უნდა დაძაბული თამაში იყოს, მაინც დატოვებს არასრულყოფილების განცდას. 

შეიძლებოდა სიტყვა „არასრულყოფილებიბის“ მაგივრად „დაუკმაყოფილებლობის“ მეხმარა, მაგრამ უგოლო ფეხბურთს პირველი შეფასება უფრო უხდება.

ფეხბურთი იქით იყოს და, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაშინ დამეუფლა, როდესაც თბილისის მერობის არჩევნებზე დათო ნარმანიამ 47% აიღო.

თუ მაინც მეორე ტური უნდა ყოფილიყო, ნარმანიას 37% აეღო და მელიას 12%, უკეთესი არ იქნებოდა? - მეტს ვიხალისებდით არჩევნებამდე.

გოლიც გატანილი იქნებოდა ორივე კარში.

ეს, ხუმრობით.

სერიოზულად კი, ქართველმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა და მომწონს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე არჩევნებში არჩევანის თავისუფლების ხარისხი იზრდება - გოლებიც გადის, ყველა კარში...

დავცქეროდი  საარჩევნო ბიულეტენებს და სანამ არჩევანს გავაკეთებდი, მიმოვიხედე - ევროპას ნამდვილად არ ჰგავდა საარჩევნო გარემო. გაურემონტებელ შენობაში, კომუნისტური ავეჯით გაწყობილ, უფანჯრო, ძლივსძლივობით განათებულ უშველებელ ოთახში ვიმყოფებოდი, რომელიც თავის დროზე საწყობად თუ იქნებოდა აშენებული. კომისიის წევრებსაც ყურები ჰქონდათ ჩამოყრილი, უხალისოდ გამოიყურებოდნენ. ნამდვილად არ სუფევდა საზეიმო განწყობა, რომელიც ვფიქრობ, უნდა ახლდეს ხალხის რჩეულთა გამოვლენას.

ნეტა, სად მიდიხარ, მოგცლიაო... - მომაძახეს სახლში, მაგრამ მე მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად ჯიქურ გავწიე - აბა დავტოვო ხალხი უპრემიოდ?

დავუბრუნდი ბიულეტენებს. „აბა ვის მივანიჭო უფლება, საკუთარ თავს პრემიალური გამოუწეროს“? - გავიფიქრე და გამეღიმა.

FB-ზე, საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, პრემიების გაცემის ახლად შემუშავებული წესდება გამოქვეყნდა.

აწი მხოლოდ სამ თვეში ერთხელ შესძლებენ სახელმწიფო მოხელენი პრემიის აღებას და ისიც მხოლოდ უფროსის თანხმობით და უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით.

კადრების წახალისებისა და მათი შენარჩუნების მიზნითო, ამ შინაარსის წინადადებებით აგვიხსნეს თავიანთი პოზიცია ქვეყნის მმართველებმა.

ჩემი აზრით, სახელმწიფო მოხელეს პრემიას უნდა აძლევდნენ ძალიან კარგი მუშაობისთვის. ვიმეორებ - ძალიან კარგი მუშაობისთვის.

უბრალოდ კარგი მუშაობისთვის არსებობს ხელფასი, თავისი წახალისებით - მეცამეტე ხელფასის სახით, ან ხელფასშენარჩუნებული შვებულებით; ვიმეორებ: ეს, კარგი მუშაობისთვის.

ცუდი მუშაობისთვის, სახელმწიფო მოხელე სამსახურიდან უნდა გაათავისუფლო.

და თუ ვინმეს ჩემეული პირობა არ მოაწყობს და მაინც დატოვებს სახელმწიფო სექტორს, ამით, სახელმწიფო მხოლოდ იხეირებს, ნამდვილად, რადგანაც იმ დონის მენეჯერ-ხელმძღვანელი, რომელსაც მეტი ამბიცია აქვს, ვიდრე კვარტალში ერთხელ მეოთხე ხელფასის აღება, უსაქმოდ ნამდვილად არ დარჩება და კერძო სექტორში „დაიდებს ბინას“. კერძო სექტორი კი, მოგეხსენებათ, სახელმწიფო სიძლიერის ფუძემდებლური შემადგენელია და მისი ერთ-ერთი ინდიკატორიც.

თორემ დღევანდელ დღეს ისე გამოდის, რომ სახელმწიფო სექტორში უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ მოხელეებს, ვიდრე კერძო სექტორში. თითქოს მთავრობა განვითარებული სოციალიზმის წყობაში ცხოვრობდეს, ხალხი კი ველურ კაპიტალიზმში.

ნონსენსია - დამქირავებელს, ანუ ხალხს, დაქირავებულზე უარესი შემოსავალი ჰქონდეს. არადა ეგრეა, სახელმწიფო მანქანას მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ხალხს შემოსავალი.

ფეხბურთზე მსურდა საუბარი და სად გავიჭერი?

ახლა მარჯვენა ფლანგზე ვარ, საჯარიმო მოედნის მისადგომებთან...

ესპანეთი, პორტუგალია, ინგლისი, იტალია, პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ მუნდიალს. სხვები მერვედფინალებიდან დაემშვიდობნენ ჩემპიონატს. ვინც გადარჩა, ის მეოთხედფინალში გაიცხრილა. ხოლო ნახევარფინალისტებს ყველას ეკუთვნოდა გამარჯვება.

ბავშვობიდან ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ. მახსოვს ძოფის კარში  ნელინიოს გოლი -  78-ში, ედერის დარტყმა დასაევის კარში 82-ში, ზიკოს გაცუდებული პენალტი 86-ში ბარტეზის კარში...

 90-ში მიტინგების ფონზე ვუყურებდით ჩემპიონატს! მაშინ, მარადონამ და კანიჯამ დაგვასამარეს „ბრაზილიელები“!

 94-ში გენერატორების და ნავთის სურნელის ფონზე გავიხარე, რომარიოსა და ბებეტოსთან ერთად! მაგრამ პენლებით მოგებულ სიხარულს არასრულყოფილების ელფერი მაინც დაჰკრავდა.

98-ში ზიდანის მიერ ბეჭებზე დაცემული  ბრაზილია დღესაც თვალწინ მიდგას.

02-ში როგორც იქნა, ვეღირსეთ ჩვენი თაობა სელესაოს უპირობო ჩემპიონობას! რივალდო, რონალდო, კაკა, რონალდინიო, კაფუ, კარლოსი... უმაგრესი გუნდი ჰყავდათ!

06-ში ისევ ზიდანმა შეგვისრულა.

10-ში, ძალზედ სუსტი გუნდი ჰყავდათ, დაახლოებით ისეთი, დღეს რომ ჰყავთ. დუნგა მახსოვს, მთავარი მწვრთნელის პოზიცია ეკავა სახელოვან კაპიტანს. გულით უნდოდა მოგება, მაგრამ არ გამოუვიდა, არ იცოდა და იმიტომ.

ერთი წამით, კვლავ თბილისის არჩევნებს დავუბრუნდები.

დათო ნარმანიასაც გულით უნდა - ნამდვილად უნდა საქმის კარგად გაკეთება,  მაგრამ დიდი ალბათობით გაუჭირდება. მოთამაშეები არ ჰყავს და იმიტომ. ანუ, კი არ უვარგა, არამედ საერთოდ არ ჰყავს.

თუ ვცდები,  მაშინ გაგვაცნოს არჩევნებამდე პირადი გუნდის წევრები. ვის მოიაზრებს მოადგილეებად, დეპარტამენტების ხელმძღვანელებად, სამსახურეების უფროსებად...
- პრემიებს ვის გამოუწერს, ხალხის თანხმობით, არ უნდა ვიცოდეთ? J    

ხუმრობა იქით იყოს და, რამოდენიმე დღის წინ, გასვენებაში ვიყავი, სოფელ ოკამში, ახალქალაქიდან ცხრა კილომეტრის დაშორებით, თურქეთის საზღვართან... იმ ოკამში.

გული ჩამწყდა იქაურობის შემხედვარეს...

რა გეპრემიებათ, თქვე უსირცხვილო, უპირ-სახო უტიფრებო?!

რა მძიმე შრომაო?

რის გადაღლა-გადმოღლაო?!

რა ძველი ავტოპარკი და ახალი მანქანები პარლამენტარებსო?!

ცალი თვალით მაინც ნახეთ რა დღეშია ხალხი, რა პირობებშია და სად გადაკარგულში ამრავლებენ ქართულ ჯიშსა და ჯილაგს!

ბოდიში მამითხოვია და, გაგნებაში არა ხართ რაზე ვსაუბრობ. არ გინახავთ და იმიტომ.

ნაღდი ჯავახეთი ვნახე, დღეს უკვე ქართულ-სომხური.

იქანე, იმადანე, ქართველნი და სომეხნი ძმებივით ცხოვრობენ, მაგრამა სომხები სჭარბობენ თქვენი კვნესა-მე და ნელ-ნელა ქართველის ხსენებაც გაქრება. არავინ არ დააძალებს, არავინ არ შეავიწროვებს, არავინ არ განდევნის ჩვენს სისხლს - თავისთავად მოხდება მასე. რადგანაც იქანე, იმადანე, არაფერი არა ჭყავის - არა ფული, არა საქმე, არა პატრონი, არა ფერი!
ხოდა, ქართველი კაცი ბარში, ქალაქისკენ გამორბის, სომეხს კი გასაქცევი არა აქვს და ძალაუნებურად იქანე, ამადანე რჩება, სადაც ბოღმისგან გული უსივდება და გონებაც უბინდდება. 

მეტი რა უნდათ ჩვენს დაუძინებელ მტრებს?! - არც არაფერი, იქანე და იმადანე, იქვანე მოუგვარებენ ყველაფერს, დაბნეულ და გაბრაზებულ ხალხს.

ჩვენ კიდევ ბრტყელ-ბრტყელნი ვთქვათ და პრემიები არ დაგვავიწყდეს, ახლა მხოლოდ სამ თვეში ერთხელ, მეოთხე ხელფასის სახით.

ფეხბურთიო?

ქვეყნის განვითარების დოქტრინა ხომ ვერ და ვერ დავაწერინეთ ჩვენს მთავრობებს, ვინც არ მოვიდა ისე წავიდა, რომ ქვეყნის განვითარების გეგმა-გრაფიკი არც გახსენებიათ.

მაგრამ ამ ჩვენს ფედერაციას, ფეხ-ფედერაციას, ფეხბურთის განვითარების პროგრამა მაინც დავაწერინოთ, მაგის დედაც ...! მაგალითად, ჩავწეროთ დოქტრინაში, ცალკე პუნქტად, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს და შეიქმნას ახალი გუნდი, ახალქალაქის „ცავატანემ“, რომელსაც პირველ წლებში ფედერაცია და სახელმწიფო შეინახავს... რომ იარონ, იმოგზაურონ  ჩვენმა სომეხმა ძმებმა საქართველოში, მობურთალებმა, გულშემატკივრებმა და მხოლოდ ოკამი და ახალქალაქი კი არ შეიგრძნონ სამშობლოდ, მთელი საქართველო ისამშობლონ!

და კიდევ: დავიღალეთ, მამლუქებივით, სულ სხვა გუნდებს რომ „ვბალელშიკობთ“!

გვაღირსეთ პატივცემულნო, ფედერაციელებო,  ჩვენი გუნდის გულშემატკივრობა, დაგვდეთ პატივი, 25 წელია ერთ ადგილს ვტკეპნით, და გამოდის არც არაფერი დაგვიტკეპნია და ისევ ჭაობში ვდგავართ, ჩვენი დურაქი დედაც ჯეკ!

უფალი გფარავდეს ჩემო მკითხველო, შენ და მთელს საქართველოს!

წამლად დაგედეთ და დაგეჩეჩქვეთ!(ჯავახური გამონათქვამი)

P.S. პატრიარქი, საკვირაო ქადაგებაში მიწების გასხვისების საკითხს შეეხო.

არ გაასხვისოთო! - გვაკურთხა უწმინდესმა.

ჩემო მთავრობავ და ჩვენო პატრონოვ! განა, თქვენ თავები რად გაბიათ, ყველაფერი თუ სხვამ  გითხრათ? ცოტა გონება გაანძრიეთ, საქართველოს ისტორია წაიკითხეთ, გაიაზრეთ, წარმოიდგინეთ, დროში გაიჭერით და მიხვდით, რომ ბევრი ფილოსოფია და მკითხაობა მაგ საკითხს არ უნდა. ჩვენი მამა-პაპა, თქვენი და ჩვენი ყველას წინაპარი, ამ ჩვენი დალოცვილი მიწისთვის, მისი ერთი გოჯისთვის, სისხლსა ჰღვრიდა და სიცოცხლეს სწირავდა, ხმლით ომობდა და მტრისგან აჩეხილ-დაჩეხილი ღიმილით სახეზე აბარებდა სულს უფალს, იმ იმედით, რომ მიწა შეუნარჩუნა მომავალ თაობებს.

თაობებს და არა თაობას, თქვენს სტომაქგასიებულ თაობას!

ეს მიწა თქვენი კი არ არის, მომავალი ქართველებისაა, იმ ქართველების, რომლებიც, რომა 20 მილიონი იქნებიან დუნიაზე და მიწა, თავისი თავისთვის ძლივას ეყოფად, არათუ  სხვაზე მისაყიდი.

გამოფხილდით ამხანაგებო! იფხიზლეთ, იფხიზლეთ და ირწმუნეთ, რომ ქართველნი ხართ, ნაშიერნი ვახტანგ გორგასალისა!

P.P.S. უგულავა დაიჭირეს.

რა ვთქვა?

აგერ შეიძლება სარკოზიც დაიჭირონ. მაგრამ...

თუ გაიქცეოდა, თავის თავს ავნებდა, გაითიშებოდა თამაშიდან.

ახლა კი გაუსწორეს, თამაშში დატოვეს და თან გააძლიერებენ, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად (წონაში დაიკლებს, გახდება, ფორმაში ჩადგება, დაბრძენდება, შიშს დაკარგავს). გაცილებით ძლიერ მეტოქეს მიიღებენ მას მერე, რაც გარეთ გამოვა.

საკამათო თემა კი არის, ციხიდან ვინ როგორი გამოვა, ღმერთმა იცის მხოლოდ...

ხომ გამოვა როდისმე გარეთ?

ნეტა ვინ დახვდება იმ დროს მეტოქედ და მეგობრად?

საინტერესო ეტაპი დაიწყო ყოფილი მერისთვის...

ბრაზილიის ნაკრები და ახალქალაქის „ცავატანემ“

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

08.07.2014

160x600

160x600

bottom of page