top of page

როდესაც მეოთხე კლასში ვიყავი (აღარც კი მახსოვს, ეს როდის იყო), მთავრობა ზუსტად მაშინ შეიცვალა.
განათლების სისტემაში ცხელ-ცხელი რეფორმების დროც რომ დადგა, ზუსტად მაშინ დაიწყეს ქართულის ენის გაკვეთილების დაყოფა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თემასთან არაფერ შუაშია, მაინც მინდა იცოდეთ, თუ როგორ მოვხვდი ერთი სემესტრით ქართულის მასწავლებელთან, რომელიც, რამდენიმე წლის შემდეგ, თელავის ბაზარში ბოსტნეულის დახლთან დავინახე. მყიდველი არ გახლდათ - ჩვეულებრივი გამყიდველი იყო - მწვანილით ხელში.
და მეტი არაფერი - „სამი კონა ლარად“. 

 

...
 

გამარჯობათ, მე ქუჩის მწერალი ვარ, იქნებ ვინმე მიცნობდეთ კიდეც პირადი ბლოგიდან, თუმცა საეჭვო კია - ნამდვილად თუკი ჩემი რომელიმე ახლობელი არ ხართ.
მოკლედ, გადავწყვიტე რომ „მებლოგეზეც ვბლოგო“. უფრო სწორედ, ხანდახან რეპლიკა გესროლოთ ხოლმე.
მინდა გაგახაროთ და გითხრათ: იშვიათი გამონაკლისების გარდა, მიზანი მხოლოდ ორი იქნება - მთავრობა/ხელისუფლება და თქვენ, ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ (ხანდახან ქართული მედია).
უცოდველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, ქვები გესროლოთ.

...

პოსტის თემა ჩემი მემწვანილე მასწავლებელი ნამდვილად არაა, მით უმეტეს, ის იმდენი ხნის წინ მასწავლიდა, იმდროინდელი ყვავიც აღარ დაფრინავს ალბათ.
არც რაიმე ბანალური ისტორიით მსურს თქვენი დასევდიანება და არც ჩემი პირადი გულისტკივილით. უბრალოდ, ვფიქრობ დროა უკვე ამაზე ხმა ამოვიღოთ - საიდან სად მიდიან პროფესიონალები და რას (და არა „ვის“) უვარდება ხელში ქვეყანა?!
ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, წინა ხელისუფლების პოლიტიკა უნდა გავიხსენოთ - 35 წელს ზემოთ არავის არ ავიყვანთ სამსახურში - ამან რა „სიკეთეც“ მოიტანა, კი ვგრძნობთ - ქვეყანა „საყოველთაო კეთილდღეობის მორევშია“ ჩაძირული და უსაშველოდ „გაზრდილი“ საარსებო მინიმუმი გვაქვს. მგონი, შექმნილმა სიტუაციამ ერთხელაც უნდა დაადასტუროს, რომ ყველაფრის საწყისი და განმავითარებელი ცოდნაა და არა აჩქროლებული სისხლი. და რომ ყველაფერი ძველის ერთი ხელის მოსმით განადგურება არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ იმ ძველზე უნდა დააშენო ახალი, ცოდნა იმ ძველმა უნდა მოგცეს, გზა იმ ძველმა უნდა გიჩვენოს და არა შენ მიერ მოყვანილმა, ჯანმაგარი მუშების ჯგუფმა.ასეთ შემთხვევაში, ის ჯანმაგარი მუშებიც გამოუყენებელნი დარჩებიან და საქმესაც, მხოლოდ ფასადური იერი ექნება. ამაში მგონი ყველა თავად დავრწმუნდით - ახალს არაფერს ვიგონებ.ფაქტია - მასწავლებელმა მწვანილის გაყიდვა დაიწყო და ვინ იცის, კიდევ რამდენია მისნაირი?..ვინ სად დადგა და სად წავიდა?ფაქტია ისიც, რომ დღეს ერთ ადამიანზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული.არც ორზე და სამზე - მით უმეტეს, უბრალო ადამიანებზე.ჩემი მასწავლებლის ნება რომ ყოფილიყო, მემწვანილეობას ნამდვილად არ დაიწყებდა და აკი მისი სურვილი სკოლაში დარჩენა იყო, მაგრამ რიგი და, სხვათაშორის, რიგგარეშე მიზეზების (ეს კიდევ ცალკე განხილვის თემაა) გამო, ბაზარში დგომა უწევს.მოდით, ახლა ვიკითხოთ: რისთვის ვსწავლობ უნივერსიტეტში?მართლა ტაქსისტი გავხდე?ამას მთავაზობს სახელმწიფო პოლიტიკა? ჰო, მხოლოდ პოლიტიკა! აქ საზოგადოება, არაფერ შუაშია, რადგან არ ეძლევა სრული დატვირთვით მუშაობის საშუალება.იქნებ ვინმემ მითხრათ კიდეც, რაღა დროს ეს თემაა, წავიდა ძველი ხელისუფლებაო, მაგრამ მე მხოლოდ იმას ვამბობ რასაც ვხედავ - 18-30 წელი - რუსული, ინგლისური, კომპიუტერი.
აი, სად ვუშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას - რაში ჭირდება ქართულის მასწავლებელს კომპიუტერული უნარები?
რაში სჭირდება ინჟინერს ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა? მსუბუქად რომ ვთქვათ, საქართველოში სამართლიანად მიგვაჩნია ვირისა და კატის შეჯიბრი ხეზე ასვლაში. თანაც, ვსაუბრობთ მხოლოდ სახელმწიფო სექტორზე და არაფერს ვამბობთ კერძო კომპანიებზე.
პრინციპში, არც გვაქვს ამის უფლება.
„იცი რაა, ჩემი საწარმოა და ვისაც მინდა, იმას დავასაქმებ“ - თითქოს სამართლიანი 

მიდგომაა, მაგრამ თვითონ „ტრადიცია“ ნამდვილად სახელმწიფო პოლიტიკის დამკვიდრებულია.
კაცმა არ იცის, თავის დროზე რა ჭკვამ უთხრათ ნაციონალებს მსგავსი რამ, მაგრამ რომ არ წაგვადგა და არ გვადგება ფაქტია. აქ ხართ ბარემ და, მინდა კონკრეტულად მასწავლებლებზე გითხრათ ორიოდე სიტყვა.მასწავლებელი ადამიანის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს და მთავარ როლს თამაშობს ეს ახალი ამბავი არაა. ზოგჯერ, მშობლებზე დიდ როლიც აქვს პედაგოგს (ზოგს ისეთი მშობლები ჰყავს).ამიტომ რა არის საჭირო.

მასწავლებელი, გარდა თავისი საქმის ცოდნისა, პიროვნული კეთილშობილებით უნდა შეირჩეს და არა სხვადასხვა უნარების ცოდნით - ეს ისეთივე მარტივია, როგორც 2x2=4.
სამწუხაროდ, კარგად აღზრდა ყველას არ შეუძლია, ეს კი არადა მასწავლებლის, როგორც პროფეsიის არჩევაც ძალიან ბევრს გაუჭირდებოდა.
აღმზრდელი, შენ, როგორც პიროვნებას, გაძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას, უფლებას - იყო თავისუფალი მოქმედებაში.
ჩვენი სახელმწიფო კი ცდილობს განვითარება და ცოდნა ერთ ყალიბში ჩამოასხას.
ეს დაახლოებით ასე ჟღერს: „იცი რაა, მოდი ეხლა ჩემი პოლიტიკა ვცადოთ და მე რო წავალ, იყოს თქვენებურად“.
ასეთი მიდგომა კლავს ყველაფერს, როგორც საზოგადოების თავისუფლებას, ისე მისი განვითარების პერსპექტივას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას გვიდასტურებს უახლოესი ისტორია. 

მოწოდება იქნებოდა, რომ ვისწავლოთ ხალხო შეცდომებზე და, როგორც მოქალაქეები, ნუღარ დავხუჭავთ თვალს თავისუფლების ყველაზე მინიმალურ შეზღუდვებზეც კი. რეალურად, ყველაფერი ჩვენს ხელშია და არა იმ ათეულობით კლოუნისა, პარლამენტისა თუ სამინისტროთა კაბინეტებში რომ სხედან.
პატივისცემით..

სამი კონა,ლარად

ქუჩის მწერალი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

23.11.2013

bottom of page