top of page

ე. წ. მამათა და შვილთა ბრძოლა ერთადერთი დაპირისპირებაა, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. ყველა სხვა შიდაკონფლიქტი, მთლიანად ქართულია და მას, თავიდან ბოლომდე, დაბალი სამოქალაქო კულტურის სუნი უდის.
90-იანების სამოქალაქო ომი თუ შემდგომი პოლიტ-პარტიული დაპირისპირებები, ეს კონფლიქტები, რომელთა დიდი წილი რუსეთისა თუ სხვა გარეძალების ხელშეწყობით წარმოიშვა და, ბოლოს, ქვეყანა სრულ დესტრუქციამდე მიიყვანა - თავიდან ბოლომდე ქართული მენტალობითაა შექმნილი.
ამ ყველაფერით მიღებულ შედეგს კი დღეს ყველა ერთნაირად ვიმკით. ერთნაირად დაზარალდა ძველი (სსრკ-ს დროს დაბადებული) და ახალი თაობა და, თუ გაინტერესებთ, 90-იანების შედეგებს, ალბათ, საკუთარ თავზე ჩვენი შვილებიც იწვნევენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ფსევდოლიბერალური იდეებით გაჭყიპული ახალგაზრობა, ძველ კომუნისტურ იდეოლოგიას ჯერ ისევ მტკიცედ უჭირავს (მათი მშობლების ხელებით) და არსად გაშვებას არ უპირებს, რაც, თავისთავად, სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ცნობიერებასა თუ მსოფლმხედველობაზე.

ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის - ეს ფაქტია. ძველ თაობას ვერ გაუგია რა უნდა ახალ თაობას და ახალ თაობას არ ესმის, თუ რატომ არ ესმის ძველ თაობას მისი. თავისთავად, ამის მიზეზი იდეოლოგიურ-მენტალური განსხვავებაა - ისინი დაიბადნენ სოციალიზმში, ჩვენ დავიბადეთ სიბნელეში. საერთოდ, სიბნელეში ძნელია გაიგო, რა გინდა. კიდევ უფრო ძნელი კი იმის მიხვედრაა, თუ რატომ გინდა...
ძნელია გაიგნო გზა სიბნელეში იქით, საითაც გინდა.
თაობათა შორის დაპირისპირება და, გნებავთ, იდეური შეუთანხმებლობა ნორმალურია. ეს სულ ასე ხდებოდა და ალბათ, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ დედამიწაზე უკანასკნელი ჰუმანოიდი იარსებებს, მაგრამ ჩვენი შემთხვევა ისეთ ასპექტებსაც მოიცავს, რომლებიც დასაფიქრებლად ღირს.
მაგალითად, ერთია, როცა არ გესმის ის, თუ რად უნდა შენს შვილს, ვთქვათ და, დახეული ჯინსები და მეორეა, როდესაც ვერ იგებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს შენი შვილისთვის დახეული ჯინსს.
ანუ, რისი თქმა მინდა... „მამათა“ თაობას არ სურს იმაზე დაფიქრება, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ჩვენთვის ნიშნებს, რომლითაც სოციუმში იდენტიფიცირებას ვახდენთ.
დახეული ჯინსები აქ უბრალო მაგალითია და სიამრთლე თუ გინდათ, არც მე არ მომწონს - არც ვიწროტოტიანი, კოჭებამდე აქაჩული შარვლები მომწონს, მით უმეტეს მამაკაცებზე, მაგრამ მე რომ არ მომწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა აიკრძალოს. დახეული და ვიწროტოტიანი შარვლები ძალიან ბევრისთვის იმ გარემოში თავის დამკვიდრების საშუალებაა, სადაც ამ სტილის შარვლები და ისეთი ხალხი მოსწონთ, ვისაც ეგ შარვლები აცვია.
მართალია, ძალიან პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ სიტუაციას კარგად აღწერს. მოგეხსენებათ, ყველა ინდივიდი იმ საზოგადოებისკენ მიისწრაფვის, სადაც მას გაუგებენ, შეიფარებენ, დაიცავენ და პატივს სცემენ. ისეთი სოციუმისკენ, სადაც მის შეხედულებებს იზიარებენ, ან, უბრალოდ, თავად მას მოსწონს ამ სოციუმის შეხედულებები. შესაბამისად, გარემოში თავის დამკვიდრების ყველაზე მარტივი გზა, ამ გარემოს კრიტერიუმებთან მორგებაა და არა მისი უარყოფა, რათა შემდეგ ინდივიდმა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს და, როგორც პიროვნება, შედგეს.
დამერწმუნეთ, ყველა ამას ცდილობს!

 

თავის დამკვიდრების, პიროვნების მაიდენტიფიცერებელი ნიშნები სსრკ-ში არ სჭირდებოდათ. იმიტომ არ სჭირდებოდათ, რომ ტოტალიტარულად მართული საზოგადოება იყო და ინდივიდუალურობის ყოველგვარი გამოვლინება ტოტალიტარიზმისთვის, ჯერ ერთი, მიუღებელი გახლდათ და ასეთს, ციმბირს უკან მოატოვებინებდნენ. და მეორეც, სსრკ-ში ყველა წინასწარ განსაზღვრული ბედით იბადებოდა - ის უნდა ყოფილიყო „დამსახურებული კომუნისტი“. კვარტალური ან წლიური გეგმის შემსრულებელი მანქანა, რომელსაც პირობითად ან ინჟინერი ერქვა, ან ექიმი ან სულაც კოლმეურნე და ა.შ.
საჭირო არ იყო თავად მოგენახა ადგილი, რადგან ის უკვე გაგაჩნდა მას შემდეგ, რაც შენი კვერცხუჯრედში შეღწევის შედეგად, ზიგოტა წარმოიქმნებოდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, ის „გაუგებრობა“ რაც ჩვენსა და წინა თაობას შორის არსებობს. ამის კარგი მაგალითია ისიც, რომ ძალიან ბევრი ალმაცერად უყურებს სახელმწიფოს თავისუფლების იდეას და მშიერ თავისუფლებას, მაძღარი მორჩლება ურჩევნია. ამ თემაზე კამათი დაუსრულებლად შეიძლება - დადებითი და უარყოფითი მხარეები ყველაფერს აქვს და მათ შორის თავისუფლებასაც.
არ ასებობს იდეალური მდგომარეობა.
არ არსებობს საზოგადოებრივი ფორმაცია თუ წყობა, რომელიც ყველა მოქალაქეს დააკმაყოფილებს.
არ არსებობს იდეა, რომელიც ყველას მოეწონება და არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ვინმეს არ დააზარალებს.
მაგრამ არსებობს დრო! დრო, რომელიც მიდის და არსებობს აღწარმოება (ბუნების კანონია ერთგვარი. ტერმინი გამოიყენება გეოგრაფიაში), რომელიც გარემო-პირობების იმგვარ ცხვლილებას გულისხმობს, რომ შეიძლება ძველი გარემო სრულად შეიცვალოს.

პირადად მე, მძულს ყველა კომუნისტი. მძულს მათი აზროვნება და, სიმართლე გითხრათ, მათ არსებობაში აზრს ვერ ვხედავ.
ისე, საკუთარ არსებობაში აზრს უკვე თავადაც ვეღარ ხედავენ და ეს ძალიან სასაცილოა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ (და იქნებ, გაუცნობიერებლადაც) ეს ახალი თაობის მიმართ გესლის ნთხევაა.
სამწუხარო ფაქტი: ჩვენც იგივეს ვაკეთებთ, რადგან თუკი არ დაგვეხმარებიან საკუთარი ადგილის მონახვაში, რომელიც (სხვათა შორის) კომუნიზმში არაა, მაშინ მათი კრიტიკაც არაფერში გვჭირდება. ეგ კი არადა, მათი არსებობაც არ გვარგია არაფერში, რადგან სახელმწიფო, რეალურად ახლა ჩვენ უნდა ავაშენოთ. რამდენად სწორად ვაშენებთ ეს სხვა საქმეა, მაგრამ თვითონ ფაქტი ისეთივე ურყევია, როგორც ის, რომ მათ კომუნისტური იდეოლოგია ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი.
აქ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი იდეოლოგია ჩვენზე გავლენას ჯერ კიდევ ახდენს და თან, საკმაოდ სერიოზულსაც. ჩვენ ბევრი სამოქალაქო კომპლექსი გვაწუხებს, ბევრი სტერეოტიპი თუ ფსევდოტრადიცია ისევ ჩვენს მხრებზე დგას. მაგალითსთვის ისიც გამოდგება, რომ ქართველი კაცი ვერ იტანს მასზე წარმატებულ ქალს, რადგან მიღებულია „ქალი კუხნაში“, ქალი უკანა პლანზე და ამის საპირისპირო ვითარება, ქვეცნობიერში შეურაცხყოფს მას. ეს და კიდევ მსგავსი შეხედულებები იწვევს ბოლოს იმას, რასაც, რბილად რომ ვთქვათ, თაობათა შორის გაუგებრობა ჰქვია.

ზემოთ კონფლიქტები რატომ ვახსენე? საქმე ისაა, რომ სსრკ რომ დაიშალა, იმ დროს, როდესაც ახალი ცხოვრება უნდა დაეწყოთ და ჩვენ, მინიმუმ, სანთლის შუქზე არ უნდა დავბადებულიყავით, მათ მაშინ ერთმანეთს ომი დაუწყეს და 21-ე საუკუნეში ჩამონგრეული ქვეყანა მოგვაჩეჩეს ხელში.
ჩვენ ყველა ამაში მათ ვადანაშაულებთ და მართლებიც ვართ.
საერთოდ, ნანგრევებზე სიარულს ვერ ისწავლი. ან, თუ ისწავლი, ძალიან დიდი დრო გავა, სანამ გამართულად გადაადგილებას შეძლებ.
კიდევ, სიარული ვიღაცამ უნდა გვასწავლოს... უნდა გვასწავლოს და შემდეგ, შედეგი შეაფასოს და არა პირდაპირ მოქმედება.
ამაშია პრობლემა - ეს არ გესმის მამაჩემო.
თაობები ცალ-ცალკე გზით ვერ ვივლით, რადგან ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. უბრალოდ ვერ განნვითარდებით, ამიტომაც გვასწავლეთ.
თქვენ შეგიძლიათ ეს, რადგან ამის გამოცდილება გაქვთ. მართალია ტოტალიტარისტულ რეჟიმში ცხოვრობდით, მაგრამ თქვენ იცით როგორ შექმნათ პროდუქტი, თქვენ გაგაჩნიათ განათლება. ჩვენ ეს უკანასკნელი არ გვაქვს.
სასაცილოა, მაგრამ სამოქალაქო კულტურის ხარისხი თქვენში უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენში. ამის მიზეზი რა არის, ეს ცალკე გასარჩევია, მაგრამ ფაქტი ერთია - ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს მოქალაქენი ვართ.

ასე რომ, მოქალაქენო ყველა თაობისა, გთხოვთ - შეერთდით! 

მოქალაქენო ყველა თაობისა - შეერთდით

ქუჩის მწერალი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

07.11.2014

bottom of page