top of page

ხატია მუმლაძე

02.12.2013
 

როდესაც კომპიუტერთან დავჯექი, აზრი არანაირი მქონდა - რა უნდა დამეწერა, ან როგორ...
ჰოდა, უაზროდ მივაჩერდი კლავიატურას.
საკუთარ თავს ვკითხე - რა მაწუხებს?
მერე გადავაკეთე - რა აწუხებს საზოგადოებას?
თუმცა, მეც საზოგადოების ნაწილი ვარ და რაც მას აწუხებს, ის უნდა მაწუხებდეს მეც...
მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად ასეა.
ყველას თავისი დარდი აქვს, ყველა თავისებურად ექაჩება და მიათრევს ამ ცხოვრებას.
ერთად აღებული, ყველა წუხილი ერთ წრეში ერთიანდება...
ეს ქვეყნაში არსებული ვითარების მიმართ გაჩენილი წუხილია... და ის სხვადასხვანაირად აისახება თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ამ თემაზე შემიძლია ბევრი ვწერო, მაგრამ ამაზე ხომ თითქმის ყველა წერს, ვისაც კი წერა შეუძლია და ყველა კითხულობს, ვინც კითხვა იცის და არ ეზარება...
მაგრამ მაინც მსურს ორი სიტყვით ჩემი წუხილი გამოვხატო და თუ ის მკითხველისას დაემთხვა, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მირაკუნებია თითები კლავიატურაზე.
რიგითი, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, სტატუსშეჩერებული სტუდენტი... უშნოდ კი ჟღერს, მაგრამ სინამდილე ესაა. აი, სად იკვეთება ჩემი წუხილი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან...
კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ? - ამ კითხვის დასმა მაშნებს
ვიცი, პასუხი მრავალფეროვანი და, უმეტეს შემთვევაში, ჩემთვის არასასურველი იქნება.
მიმაჩნია, რომ არაა ეს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრებაზე მე და ჩემნაირები ოცნებობდნენ.
ისეთი დროა, ოცნებასაც დაეკარგა აზრი...
უკვე მძულს სიტყვა „ოცნება“!
საერთოდ, ოცნება შემძულდა, როგორც პროცესი.
დიდად არც აქამდე მიყვარდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით არ მიყვარს.
მე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტატუსშეჩერბული სტუდენტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ოცნებებსა და ილუზიებზე აგებული იდეოლოგია მეფობს.
დიდი ხანია აღარ ვოცნებობ ნათელ მომავალზე, კარიერულ წინსვლაზე - გაუფასურდა და ამიტომ.
ალბათ აღნიშვნასაც აღარ საჭიროებს, თუ რატომ მაქვს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული?
მინდა მჯეროდეს, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ არსებული სინამდვილე ამის საფუძველს არ მაძლევს.
ხანდახან ვფიქრობ, დინებას მივყვე და უბრძოლველად ჩავყვე მორევს, მაგრამ რატომ?
იქნებ, ჩემი ერთი გაფართხალებით შევძლო რამე?
იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელსაც ყველაფერი დავიწყებული აქვს…
წარსულის გადმომაშთებით ცხოვრება აღარ სურს, მაგრამ განა მომავალია უკეთესი
ვიოცნებოთ, ვიოცნებოთ, მერე რაა?
ოცნება სტუდენტის სტატუსს აღმიდგენს თუ კარიერულ წინსვლაში დამეხმარება?

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page