top of page

ხატია მუმლაძე

03.02.2014
 

როცა ჭიქაში სითხე ნახევრად ასხია, ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი?

ჩემი აზრით, ჭიქა ნახევრად სავსეა.

თუ ჩავუღერმავდებით, სიტყვის - „ნახევრი“ განმარტება საკმაოდ რთულია.

ნახევარი საათი ცოტაა თუ ბევრი?

ან ნახევარი წელი?

საერთოდ, ეს ნახევარი საკმარისია ცხოვრების ნებისმიერ საკითხში თუ არა? 

რატომ გჭირდება მეორე ნახევარი თუკი მთლიანი დაიბადე - ყველა კიდური ადგილზე გაქვს, არაფერი გაკლია, სრულად ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, მაგრამ მაინც ეძებ ნახევარს, რომელიც შეგავსებს... და თუ ვერ იპოვე გამოდის, რომ ნახევრად მოგიწევს სიკვდილი. 

სასაცილოა... 

შავი იუმორის ელემენტები.

მეც, ჯერჯერობით, ნახევარი ვარ, ხოლო ვისინახევარი, ეგ კი ჯერ არ ვიცი.

გარეგნულად არც მე მაკლია რამე, მაგრამ მაინც სულ იმ მეორეზე ვფიქრობ, რომელიც ჩემს არსებას შეავსებს.

ანდა უკვე შეავსო და უბრალოდ მე ვერ ვხდები ამას.

რაც უნდა იყოს, ზოგჯერ ნახევარი კი არა, ჩემი თავი მბეზრდება - ნახევრის თანადგომა, რატომღაც, ზედმეტი ხდება ჩემთვის.

არსებობს ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა მისი არსებობა პირიქით - ხელს გიშლის. ასე ვფიქრობ და რამდენად სწორად ვაზროვნებ, ნამდვილად არ ვიცი.

აეა თუ ისე, ყველა ადამიანი ისწრაფის იქით, სადაც ის მეორე ნახევარი ეგულება - არ ფიქრობს შედეგებზე და არც იმაზე, თუ როგორი იქნება „ის“. უბრალოდ, მიდის მისკენ და როცა მასთან მისული, ქანცგამოცლილი მიეყრდნობა მის მკერდს, ყველას და ყველაფერს ივიწყებს. 

და, აი შეივსო, გამთლიანდა!

ნახევრად ყოფნის ეპოქა დასრულდა! 

ის მეორე ნახევარი თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს? - ეს უკვე სულ სხვა საკითხია. 

ამ დროს ამ ეს ნანატრი მთლიანობა ირღვევა და რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ ისევ არასრულფასოვნად არ იგრძნოს თავი? 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფსიქოლოგად არ გამოვდგები, თუმცა კი ყოველთვის მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ჩემს სურვილს ჩემმა გონებრივმა თუ რაღაცა სხვა შესაძლებლობებმა აჯობეს და ამიტომაც არა ვარ ფსიქოლოგი... თუმცა ვაღიარებ - ფსიქოლოგივით დამაჯერებლად და მარტივად სათქმელი სიტყვების რთულად თქმა მიყვარს... და ნათქვამი, ხშირად, თავადაც არ მესმის.

მაგალითად, ახლა რაღაცას უაზროდ ვბოდიალობ...

რამდენჯერმე გადაკითხვის შემდეგ, თითქოს აზრი იკვეთება, თუმცა ჩამოუყალიბებელი და ძნელად გასაგები.

არ მეწყინება, თუკი მკითხველსაც გაუჭირდება ამის გაგება და შუა გზაში შეწყვეტს კითხვას. მიუხედავდ გაცნობიერებისა, რომ სისულელეებს ვლაპარაკობ, მაინც არ ვაპირებ შევწყვიტო წერა, რადგან ღრმად მწამს, რომ ჩანაწერის დასასრულს ვიტყვი იმას, რისი თქმაც მსურდა.

ადამიანი რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს, ფიქრი ყოველთვის შეუძლია, გამოუვალ სიტუაციებშიც გონება ფიქრობს - არა აქვს მნიშვნელობა სწორად ფიქრობს თუ არა - მთავარია, რომ ტვინი მუშაობას არა წყვეტს.

ტვინი ორი ნახევერსფეროსგან შედგება - ნახევარი ტვინით ფიქრი კი საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში ერთი სფერო მეტად განვითარებულია მეორეზე - გამოდის, რომ მაინც ნახევარი ტვინით გვიწევს ფიქრი.

ალბათ ახლაც ასეა - ნახევარი ტვინით ვფიქრობ და ჩემი აზრებიც ნახევრად გასაგებია, ნახევრად ვარ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობლებში, ნახევრად მიხარია, ნახევრად მწყინს, ნახევრად მტკივა და გულიც ნახევარი მაქვს...

ბოლო დროს კი, თითქოს ეს ნახევარი კიდევ უფრო განახევრდა - გამთლიანების ნულოვანი პერსპექტივა აქვს.

არც მკურნალობას ექვემდებარება.

გამოდის, რომ გაქრობა ემუქრება - სიკვდილი.

ნახევარი სიკდილი კი არ არსებობს, თუ კვდები, კვდები ბოლომდე. და შენგან არაფერი რჩება.

აი, სად მთავრდება ნახევრის არსებობა, - შენს  სიკვდილთან ერთად, ისიც ქრება. 

 

P.S. ამ ყოველივეს საკმაო ხანს ვწერდი. ვერ გეტყვით თუ რამ ჩამაგონა, იმიტომ რომ არ მახსოვს, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ - საკმაოდ დავიტანჯე.

ასეთი სახის ჩანაწერზე ამდენ ხანს მუშაობა გადამეტებულია.

უბრალოდ, ცხოვრებაში პირველად გამიჭირდა ფრაზები გამართულად დამელაგებინა და სათქმელი მარტივად გამომეთქვა.

საბოლოოდ, რა გამოვიდა, არ ვიცი, მაგრამ შინაგანი მოუსვენრობისა და რაღაცის გამოუთქმელობით გაჩენილი შეგრძნება კი გამიქრო. და ეს კარგია.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page