top of page

ხატია მუმლაძე

23.11.2013
 

ცაცია ვარ. . . ყველაფერს მარცხენა ხელით ვაკეთებ, გარდა წერისა.
ალბათ, გაგიკვირდებათ - ცაცია თუ ხარ, წერითაც ცაცია უნდა იყოო...
ვიყავი ბავშვობაში, მაგრამ გადამაჩვიეს.
პირველ კლასში, მკაცრი და კაპასი მასწავლებელი შემხვდა - ფიზიკური ზეწოლის ხერხებით გადამაჩვია მარცხენა ხელით წერას.
ამის შემდეგ, ნერვოზი განმივითარდა - პატარა, დაუცველ, პირველ კლასელ ბავშვს სტრესი მქონდა იმის გამო, რომ ცაცია ვიყავი.
ჩემი ტანჯვა მაშინ დასრულდა, როდესაც დედამ სხვა სკოლაში გადამიყვანა.
ისე, მარცხენა ხელით წერას დღემდე ვეღარ ვახერხებ
სხვა დანარჩენ საქმეებში ისევ ცაცია ვარ.
ჰო, კლავიატურაზე ბეჭვდის დროსაც.
სხვების თვალში, ყველაფერი მოუხერხებლად მიჭირავს.
ხახვს თუ ვჭრი, დედაჩემი შიშით კვდება, რომ თითი არ მოვიჭრა.
უმნიშვნელო უხერხულობები შემქნია. მაგალითად, სუფრასთან ჯდომისას, იძულებული ვარ, სხვებივით მარჯვენა ხელში დავიჭირო ჩანგალი - სხვანაირად გვერდით მჯდომს მუჯლუგუნებით ავიკლებ.
არ გეგონოთ, თითქოს ჩემი ცაციაობა მაწუხებდეს - პირიქით, ვამაყობ ამით - ამითაც განვხვავდები.
ამბობენ, ცაციებს ტვინიც სხვანაირად აქვთ მოწყობილიო.
შეიძლება, ასეცაა.
ჩემი ტვინის ორი ნახევარსფეროდან, მარცხენა უფრო განვითარებულია ალბათ.
სხვა შემთხვევაში, ცაცია არ ვიქნებოდი.
კიდევ ისიც გამიგია, ცაციები ზომაზე მეტად რომანტიკოსები და მგრძნობიარეები არიანო.
ამ აზრს ვეთანხმები. ნუ, ყოველშემთხვევაში მე, ასეთი ვარ.
ისეთ დროს მომიწია სკოლაში შესვლ...  აი, ბნელ 90-იანებს რომ ეძახიან..
ჰოდა, მაშინ ჯერ კიდევ მოიპოვებოდნენ სკოლებში „კომუნისტი“ მასწავლებლები, რომლებისთვისაც ცაციაობა სირცხვილად და აკრძალულ თვისებად ითვლებოდა.
ჩემი მასწავლებელი კი, ნამდვილი ფაშისტი იყო - ბავშვებს  საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებად აღიქვამდა.
არ ვაჭარბებ - დღევანდელი გადასახედიდან უფრო ნათლად ვხედავ, მისი დასჯის მეთოდებს, მათ სიმძიმეს...
მაგალითად, როდესაც ბავშვი გააბრაზებდა, კარადაში კეტავდა და მთელი გაკვეთილის მანძილზე მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.
ან მუხლებზე დააჩოქებდა კუთხეში და ადგომის უფლებას არ აძლევდა...
ყველაზე „საყვარელი'“ მეთოდი, ხელებზე სახაზავის გადაწვნა იყო.
„აბა ხელები გამოშალე და მერხზე დააწყვე“.
და დაუნდობლად ჩაარტყავდა ხოლმე შიშისაგან ათრთოლებულ ბავშვს.
ჩემთვისაც ჩაურტყამს არაერთხელ, თუკი კალამს მარცხენა ხელში დამინახავდა. კიდევ ბევრი დასჯის მეთოდი ჰქონდა, მაგრამ მეტს აღარ გავიხსენებ - ესეც საკმარისია.
ალბათ იქიდან უნდა დამეწყო, რომ ამ ყველაფერს სახლში არ ვამბობდი, არ ვიცი რატომ,მაგრამ ყოვედღე, მართლაც დაზომბილი ტყვესავით მორჩილად, მივდიოდი სკოლაში, სანამ ერთ დღესაც ნერვებმა არ მიმტყუნა და კარებში აღრიალებულმა, მთელი გულით არ ვისურვე სკოლის დაწვა და განადგურება.
აი, მაშინ კი დადგა ჩემი სკოლაში გაშვება-არგაშვების საკითხი.
აღმოჩდა, რომ სხვა ბავშვებიც, ჩემსავით, სახლში არაფერს ამბობდენ და პირველი ვიყავი, ვინც ეს საშინელი ფაქტი გამოააშკარავა, თუმცაღა უნებურად.
უბრალოდ, სტრესს ვეღარ გავუძელი...
სამწუხაროდ,მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
არც დაზარალებულებს დაგვიყენებია.
დღევანდელი დრო რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო...
საბედნიეროდ, ჩემი სტრესიც და ნერვოზიც, დღეისათვის უკვე დაძლეულია - ცაცია ადამიანებს დღეს შეზღუდვა კი არა, დაფასება უფრო აქვთ.
ყოველთშემთხვევაში, ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი ცაციაა და მათი ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს განვითარებით, მეცნიერებაში თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს.
ბილ გეითსის, პოლ მაკარტნის, მერლინ მონროს და კიდევ, ბევრის დასახელება შეგვიძლია.
იმედი მაქვს, ჩემს საყვარელ საქმიანობაში, მეც მივაღწევ ისეთ შედეგს, როცა ჩემზე იტყვიან, იცოდით რომ ხატია მუმლაძე ცაციაა?
:)

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page