top of page

ხატია მუმლაძე

26.12.2013
 

ზამთრის დადგომასთან ერთად, მეც ამეშალნენ წინა საახალწლო ფიქრები.  დეკემბერი დადგა თუ არა, თოვლიც მოვიდა.
მახსოვს, სულ ვამბობდი: ზამთარს ზამთრობა უნდა ეტყობოდესმეთქი, მაგრამ ასეთ გიჟურ გამოხტომებსაც არ ველოდი მისგან. 
ეს წელიწადის დრო დიდად არ მიყვარს - ალბათ ცოტა მოყვარული თუ ჰყავს...
მხოლოდ ახალი წელი და მასთან დაკავშირებული ამბები მხიბლავს, თორემ ცივი ქარი, ყინვა და უშუქობა არამგონია ვინმესთვის სასიამოვნო იყოს.
უშუქობას რაც შეეხება, ყველამ ვიცით ეგ რა მდგომარეობაცაა, მის გარეშე ყოფნამ  ხალხს  90-იანი წლები და ჩაბნელებული საქართველო  გაახსენა. რახანია ოჯახებში „ლამფა“ და „კერასინკა“ არ აკიაფებულა, არც ცვილის სანთელი აუნთია ვინმეს... თუმცა ერთი დადებითი მხარე მაინც ვუპოვე, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. მშვიდად ჯდომისა და წერის საშუალება მომეცა, ფიქრებს ადვილად მოვუყარე თავი და, კალმით შეიარაღებული, ხალისით შევეჭიდე თეთრ სიცარიელეს ფურცელზე...

წინასაახალწლო ფიქრებზე ვსაუბრობდი...
ბავშვობიდან, ძალიან მიყვარს ახალი წელი, სასიამოვნო მოგონებები მაქვს, ნაძვისხე, სამზადისი სახლში, დედას გაკეთებული გოზინაყი, თოვლის ბაბუასთვის გამზადებული სურვილების ფურცელი...
საკმაოდ დიდ ხანს მჯეროდა მისი არსებობისა, ახალი წლის ღამეს საჩუქარი ხან ბალიშის ქვეშ, ხანაც ნაძვის ხესთან მხვდებოდა. მართალია თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში ემთხვეოდა ხოლმე საჩუქარი ფურცელზე დაწერილ სურვილს, მაგრამ მაინც მიხაროდა.
ახალი წლის ჩვენეული სამზადისი გვქონდა მე და ჩემს ბიძაშვილს, რომელსაც ჩემსავით სჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობისა. გვიყვარდა ფერადი ქაღალდებისგან საახალწლო მორთულობების გაკეთება, ნაძვის ხის მორთვა და ოთახების გაფორმება. საახალწლო ჟურნალსაც კი ვაკათებდით ხოლმე ჩვენი ბავშვური აზრებითა და ხელებით.
მასალა საახალწლო თემატიკის იყო - ის ოჯახის ყველა წევრის ინტერვიუებით შედგებოდა და ჩვენივე დაწერილი მოთხრობებისგან ლამაზდებოდა... ვაფორმებდით, ვნომრავდით...
ამწყობ-დამკაბადონებელი კი იყო ბიძაჩემი, რომელიც, ასევე, ფერადი ფანქრებითა და ფურცლებით გვამარაგებდა.

სასიამოვნო მოგონებები ვახსენე და ერთი მოგონებაც ამომიხტა მეხსიერებაში...
ერთ ახალ წელს, მე და ჩემი ბიძაშვილი, როგორც ბავშვებს სჩვევიათ, სახლში „ვბუდარაობდით“ -  აი, რომ დადიან სახლში და რაღაცას დაეძებენ, თვითონაც რომ არ იციან რას...
ჰოდა, ჩვენც, ასე, დაკარგული ბატებივით, უაზროდ დავბორიალობდით. და შემთხვევით ფორტეპიანოს უკან შეხედვა მოგვინდა და...
უუფს!
წავაწყდით დიდ პარკს, რომელიც საახალწლო საჩუქრებით იყო სავსე. მახსოვს, როგორი იმედგაცრუებული სახე გვქონდა ორივეს...
სინანულით წარმოვთქვით:
- თოვლის ბაბუა არ არსებობს.
საჩუქრები ისევ თავის ადგილას დავაბრუნეთ და გადავწყვიტეთ, არაფერი შეგვემჩნია.
მაშინ მივხვდით, რომ გავიზარდეთ - მითი თოვლის ბაბუის არსებობის შესახებ დაგვემსხვრა - ბავშვები აღარ ვიყავით.
ახალი წლის ღამეს კი თავი მოვიკატუნეთ, უკვე ნანახი საჩუქრების დანახვაზე ყალბი სიხარული გამოვხატეთ - საიდუმლოდ შევინახეთ, თუ როგორ აღმოვაჩინეთ წინასწარ ნაყიდი საჩუქრები ფორტეპიანოს უკან.
ეს მოგონება ახლაც კი გულს მწყვეტს და ოდნავ მასევდიანებს კიდეც.
დიდი ხანია ნამდვილი, ბავშვური, ოცნებებით სავსე ახალი წელი ერთად აღარ გაგვიტარებია...

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page