top of page

მარიამ ბაციაშვილი

02.12.2013
 

ყოველთვის მინდოდა ცხოვრებაში მოხვედრა - მინდოდა სრული ცხოვრებით მეცხოვრა, მაგრამ სად მენახა ეს ცხოვრება, სად მომეძებნა ან სად იყო, ვერ მივხვდი.
დარწმუნებული ვიყავი, სადღაც ახლოს იყო - მიჩუხჩუხებდა მდინარესავით - აქვე, ჩემს გვერდით - ხმაც კი მესმოდა და მე ვერ შევდიოდი ამ წყალში...
თითქოს, ჩემსა და მას შორის შუშის კედელი იყო აღმართული. ბევრჯერ ვცადე ამ კედლის დამსხვრევა. ვცდილობდი, ეგებ ხელის გასაყოფი ადგილი მაინც მომენახა, რომ შევხებოდი ამ დალოცვილს, მაგრამ უხილავი ტალღა უკუმაგდებდა.
ვცადე ქალაქის ქუჩებში მომეძებნა და მოვიარე ყველა კუთხე-კუნჭული.
ვის არ შევხვდი ამ გზაზე, როგორი ტიპის ადამიანები არ ვნახე, მაგრამ ვერ ან არ მიმასწავლეს სად იყო ის, რასაც ვეძებდი.    
მსმენია, ცხოვრება კიბეაო და ამ ერთი კიბის ძებნაში, კიბეების მთელს ლაბირინთში მოვხვდი. ათასობით კიბე ადიოდა და ჩადიოდა...
უცბად, როდესაც მეგონა, რომ როგორც იქნა ავაღწიე რომელიღაც კიბის ბოლო საფეხურამდე, ისევ ქვევით ვეშვებოდი.
იყო სიბნელე, თუმცა სინათლის სხივებიც.
იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებსაც ჩემსავით სურდათსაფეხურთა ამ მწვერვალების დაპყრობა.
მავანი ძალის დაუტანლად აღწევდა საწადელს...
ზოგიც ,სხვას ჰკრავდა ხელს და ის უბედური, ლიწინ-ლიწინით მიექანებოდა ქვევით და ქვევით.
მეც მომიწია სხვისი „დახმარებით“ ვარდნა, მაგრამ უფრო გაძლიერებული და მოწყურებული მივემართებოდი ზევით და ზევით.
მიზანი მქონდა, არ დავნებებულვარ და...
პატარა ცხოვრებაში მეც მოვხვდი.
გავაცნობიერე, რომ თურმე სწორედ ეს კიბე ყოფილა ცხოვრება, რომელსაც არ უნდა ძებნა - ის შენთან ერთად იბადება - მაშინ, როდესაც სიცოცხლეს იწყებ და ამ კიბეებზე გიწევს წაღმაუკუღმა სიარული.
იმასაც მივხვდი, ადამიანები, რომლებიც ასვლაში ხელს გიშლიან, უფრო გაძლიერებენ და იმის მოტივაციას გმატებენ, რომ უფრო მიზანსწრაფული იყო შენს ცხოვრებაში.
მოსიყვარულენი კი გვერდში გიდგანან და გაიმედებენ.
ჰო, რა - ცხოვრება კიბეა, ზოგი ადის და ზოგიც ჩადის!...

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page