top of page

მარიამ ბაციაშვილი

07.10.2013

 

არ მინდა რუტინა. არ მიყვარს რუტინა. ასე ვეღარ გავაგრძელებ. თანდათან ფრთები მეჭრება, ის ფრთები რითიც ფრენას ვაპირებდი, სხვაგან გაფრენა არც მიცდია და არც ახლა მინდა. აქ მინდა ფრენა სადაც თქვენ ხართ, სადაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვიფრენდი. ფრთები დამიმოკლდა, ამასთან ერთად სულიერი საზრდოც გამომელია და ვერც ვერაფრით ვავსებ. არ დავბერებულვარ. თუმცა წლები მომემატა და დროს ვერ შეაჩერებ ,მაგრამ გული არ დამბერებია. არ ვიცი რა ვაკეთო, არ ვიცი ვისთვის ვაკეთო ან რატომ უნდა ვაკეთო? რუტინა რომ შევინარჩუნო? არა , არ მინდა. ჯანდაბაში წასულა ეს რუტინაც და სტაბილურობაც. მინდა ცხოვრების ტალღებში ვიცურავო, მინდა თავით ფეხებამდე ჩავყვინთო ამ მორევში და მშფოთვარე, გრძნობების ზღვაში ვიბანაო.

დავიკარგე და ვგრძნობ კიდევ უფრო დავიკარგები თუ თავს არ ვუშველე. სხვისი შველა მინდოდა, მაგრამ მეთვითონ შევედი ლაბირინთში, საიდანაც ვერ ვპოულობ გამოსასვლელ გზას.დაკარგული ადამიანი ვარ, დაკარგული პირველ რიგში ჩემივე თავისთვის. ვეღარ ვხვდები ვინ ვარ, ქალი, რომელიც ბუნებამ ქალად შემქმნა, რომ კაცს სრულყოფილებისთვის სჭირდება, თუ ქალი რომელიც ზღვას გავდა და ჩაკეთეს? ჩამკეთეს თუ საკუთარი თავი ჩავიკეთე, რადგან უნდა მეცადა ესეც, მაგრამ არ გამომივიდა. სხეულის შიგნიდან ქალი ყვირის, თავისუფლებას მთხოვს. მე ხომ ის ვარ ვისაც მზის ამოსვლისას ღიმილს ხედავდა, ჰაერის ჩასუნთქვისას მსუყე ლუკმას ყლაპავდა, ჩიტების ჭიკჭიკის დროს სიხარულს გრძნობდა, მეგობრებთან სიყვარულს, ქარიშხლის დროს წუხილს და მზის ჩასვლისას სიყვარულს. მე ხომ სიცოცხლე მიხაროდა და სხვასაც უხაროდა ამის დამნახავს. ახლა ვერც სხვას ვახარებ და ვერც საკუთარ თავს. იქნებ სჯობდეს ჩიტის გალიიდან გამოშვება? ისევ დილემა... ისევ მომავლის შიში... ისევ გაურკვევლობა...
მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს! 

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page