top of page

მარიამ ბაციაშვილი

23.11.2013
 

დამათენდა.
არა, არც ღამის კლუბში ვერთობოდი და არც მეგობრებთან ერთად მიტარებია დრო....
თქვენზე ვფიქრობდი.
დიახ, დიახ - თქვენზე.
რატომ? იმიტომ, რომ ახალბედა ბლოგერი ვარ და ვღელავდი...
მინდა მოგაწონოთ თავი.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც ფართო საზოგადოებისთვის თავისი გრძნობების გაზიარება უნდა.
კი, ყველა ცხოვრების რუტინაში ვართ ჩაფლული და ყოველდღიურობა ერთფეროვანია, მაგრამ მაინც ხდება რაღაც განსაკუთრებული, აღნიშვნის ღირსი... და ყურადღების ღირსიც.
სასიამოვნო წუთებს რა გამოლევს.
დიდი დრო არ გასულა, რაც დავოჯახდი და უბედნიერესი ადამიანი ვარ!
მაგრამ მანამდე, როგორც არა ერთმა თქვენგანმაც,  ბევრი რამ გამოვიარე...

ხუჭუჭა, ჯიუტი, ბუტია ბავშვი ვიყავი. ყველაფერს ჩემს ჭკუაზე ვაკეთებდი, სკოლაში მასწავლებლებს ნერვებს ვუშლიდი და შატალოების ინიციატორიც გახლდით.
ისე, სწავლით კარგად ვსწავლობდი - ასე ვთქვათ, „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“ მოსწავლე ვიყავი. მასწავლებლებს მაინც ვუყვარდით. 
ყველა დამატებით წრეზე დავდიოდი, რაც მთავარია, მუდამ საკუთარი ინიციატივით.მაგალითდ, ერთელ ფორტეპიანოს კაბინეტში შევიჭერი და მასწავლებელს განვუცხადე - კარგი მუსიკალური სმენა მაქვს და თქვენთან უნდა ვიარომეთქი.
დიდი გადარბენ-გადმორბენები გვქონდა მე და დედაჩმეს და ასე მოვიარეთ სირბილ-სირბილ ფორტეპიანოს, ცეკვის, ხატვის, მხატვრული კითხვის და თეატრალურის წრეები.

მე მოზარდი?
სკოლის შემდეგ სამხატვრო ლიცეუმში ჩავაბარე (ადრე თურმე მე-18 პროფსასწავლებელს ეძახდნენ)
მეორე წელსვე წამოვედი... ახსნა-განმატრების გარეშე.
გარემოებამ მოითხოვა ასე - უკვე ჰიპების მეგობარი გახლდით, ხოლო მსოფლიოს კი გადასარჩენი იყო.
ბევრი მეგობარი შევიძინე და მათ შორის, ისეთებიც, ვინც დღეს სახელოვანია, თუმცა არ ჩამოვთვლი. ამ წრეში გავეცანი დოსტოევსკის, ცვაიგს, ფროიდს, ბულგაკოვს და ა.შ.
უნივერსიტეტის ბაღში ვიკრიბებოდით და მიდიოდა საყოველთაო განხილვები. ამ პერიოდში დავიწყე წერაც...
მერე, ისევ სწავლა გადავწყვიტე და თოიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში ჩავაბარე და იქ გავიცანი ეკა.
ერთხელაც, სახელმწიფო ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. ეს ეტაპი ყველაზე მაგარი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში - ლაღი , საინტერესო, შემეცნებითი, სასიყვარულო.
ყველას ეპრანჭები და ყველა გეჭრანჭება, იფ კარგი დროა...
ერთი სიტყვით, დავიწყე სატელევიზიო საქმეების შესწავლა, ყველაფერს ვსწავლობდი, კასეტების წაღება-წამოღებით დავიწყე (ეს საქმე ნდობას საჭიროებს). შემდეგ რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, სცენის დეკორაციებს ვაკეთებდი...
კადრების კომპიუტერული მონტაჟი ვისწავლე და დავიმკვიდრე ადგილი.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა ტელევიზიასთან არსებულ ინსტიტუტში ლექტორად ამიყვანეს. დიდხანს ვიმუშავე, საინტერესო ხალხთან ურთიერთობამ სხვა ადამიანად ჩამომაყალიბა, სხვა ინტერესები გამიჩნდა - უფო ამაღლებული.
მასას გავერიდე -  არ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი - ამ ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი.
დღევანდელი გადმოსახედიდან კი ასე ვიტყვი - გამიმართლა, რომ ამ ადგილზე მოვხვდი. ვარდების რევოლუცია დაძაბული ვითარება იყო, ხალხი გარდატეხას ელოდა და მიიღო კიდეც. ცოტა ხანში ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენი რედაქციაც დახურეს. 
პოლიტიკით დიდად არასოდეს ვინტერესდებოდი, მაგრამ მამაჩემი პარლამენტის სხდომებს გულდასმით ადევნებდა თვალ-ყურს, მეორე ტელევიზორი არ გვქონდა და მეც, რაღ დამრჩენოდა - ვუცქერდი.
ჰოდა, უმუშევარი რომ დავრჩი, ამან მოტივაცია ამიწია, დაიწყო ძიების პროცესი და საბოლოოდ, გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩავრთულიყავი. 
მას მერე, 7 წელი ამ დავიდარაბაში ვიყავი (ამ ბოლო არჩევნების ჩათვლით), მაგრამ დავიღალე...
ადამიანმა არ იცი რას გიმზადებს ცხოვრება...
შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ყველა ეს ეტაპი ერთი ხელის მოსმით აღვწერე, მაგრამ თითეულ დროს თავისი განსაკუთრებულობა ჰქონდა და რავი... მიყვარს.
ცხადია, იყო იმედგაცრუებაც, უიღბლო სიყვარულიც, სასოწარკვეთა და დეპრესიაც, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ მათი მეშვეობით და მათ ხარჯზე (თუ მათ გამო) გავძლიერდი.
და რაც ყველაზე საინტერესოა, დავასკვენი, რომ როდესაც იზრდები და ყალიბდები ზრდასრულ ადამიანად, უნდა დაუშვა და დაუშვა შეცდომები... 
ბევრი შეცდომა, რადგან შემდეგში იყო ბედნიერი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page