top of page

Nicky Famme

03.10.2013
 

ღმერთო ჩემო... ეს რა საშინელება ვნახე!
დღის პირველი ნახევარი მოსაწყენ, თუმცა გადაუდებელ საქმეს დავუთმე. ძალიან მეზარებოდა, მაგრამ, ხომ ვთქვი - უნდა მივსულიყავი.
ამ ნაძალადოებისგან გათავისუფლების გამო, იქიდან გამოსული თავს ისე ლაღად და მსუბუქად ვგრძნობდი...
ამინდსაც არა უშავდა და ფეხით გავლა გადავწყვიტე.
მაგრამ დიდ ხანს არ დამცალდა ეს სილაღე და სიმსუბუქე...
პატარა ბიჭი, ასე 9-10 წლის, უგონოდ ეგდო ქუჩაში. ხალხი შემოხვეოდა.
ზოგი წყალს აპკურებდა, სხვა საკვებს სთავაზობდა - ალბათ ფიქრობდნენ, რომ შიმშილით იყო ასე მოწყვეტილი. მე კი ეგრევე მივხვდი - არ იყო ფხიზელი.
- ამას საჭმელი და წყალი კი არა, სასწრაფო დახმარება სჭირდება, ახლავე! - შევკივლე ჩემდაუნებურად.
უმალ დავრეკე, თუმცა სასწრაფომდე, პატრული მოვიდა.
ამ დროს, ცოტა აზრზე მოსულმა პატარამ ყველას ამოგვხედა, თვალი მოგვავლო... როგორც კი პატრული შენიშნა, დენდარტყმულივით წამოხტა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
მექანიკურად გავეკიდე - მინდოდა დავწეოდი, რომ სასწრაფო დახმარებას მიეხედა, ამოერეცხათ... ბავშვთა სახლში მაინც წაიყვანდენ ბოლო-ბოლო - ეტყობოდა, რომ უპატრონო იყო.
რას დავეწეოდი?

ხვდებით, ალბათ, თუ რატომ მოგიყევით ეს ამბავი...
როდემდე შეიძლება ასეთი განუკითხაობა იყოს!
პატარა ბავშვს მაინც როგორ აძლევენ ამ წამლების ყიდვის საშუალებას ამ ფულს დახარბებულ აფთიაქებში!
მე რომ მკითხოთ, დასახვრეტები არიან!
შვილები არ ჰყავთ?
რით არიან დაცულები და რატომ აქვთ იმედი, რომ მათი შვილები იგივეს არ ჩაიდენენ... და მერე, ნეტა ვის მოსთხოვენ პასუხს?!
საშინელება ხდება!
როდემდე უნდა ვუყუროთ წყნარად იმას, თუ როგორ დეგრადირდება ახალი თაობა - ბავშვებიც და ახალგაზრდებიც?
ცოტა ახალგაზრდა დაიხოცა ან დაინვალიდდა 90-იანი წლებიდან მოყოლებული და არ გვეყო?!
არავის აინტერესებს - თავს არავინ იწუხებს ამ პრობლემით.
არადა, ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა!
მაგრამ ამისთვის არავის არ ცხელა!

ეჰ... ისეთი დათრგუნული მოვედი სახლში, რომ იტყვიან, დანა პირს არ მიხსნისნიდა.
აი, ეგრე ვარ!
მე არ შემიძლია ამის ასე მშვიდად ცქერა, მაგრამ უღონო ვარ.
ბევრჯერ ვცადე ხმა მიმეწვდინა იმ ორგანიზაციებისათვის, ვისაც ეს ეხება, მაგრამ ამ საქმეში ვითომ და კომპეტენტური ერთ-ერთი ადამიანისგან ისეთი პასუხი მივიღე, რომ საერთოდ გავგიჟდი - გამოსავალი არ ყოფილა!
ასე მიპასუხა, ეს წამლები არ იქნება და სხვა რამეს მოიგონებენ... იმას მიიღებენო.
აი, მითხარით ახლა, ძალიან გთხოვთ, როგორ შეიძლება მოიქცე ადამიანი ამგვარი პასუხის მოისმენის შემდეგ?
მე, პირადად, არ ვიცი.
გაოგნებული კი დავრჩი, ფაქტია!

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page