top of page
რა ღირს დრო? - რეპლიკა

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

ისე, საინტერესო რამეა დრო, შეგიძლია გაიყვანო, გაწელო, გაატარო, გადაყარო, გამოიყენო, დაამატო, იხელთო, დააჩქარო, გაფანტო, შეცვალო, გადაიყვანო გაზაფხულიდან ზაფხულში, მერე დააბრუნო და ასე და ამგვარად... მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ მართლა დაჩქარდეს, მერე?

                                                               
„ჯუბასპა“ 2002 წ.

 

დღეს უკვე თამამად შეგიძლია დრო შეაფასო.

მოგტაცებთ ორ წუთს.

საინტერესო დროს ვცხოვრობთ, საინტერესო გარემოში, საინტერესო ხალხის გარემოცვაში, საინტერესო მოვლენებით გაჯერებულ რეალობაში, სადაც ვქმნით და ვჭედავთ ჩვენს არანაკლებ საინტერესო მომავალს.

ათასწლეულის დასაწყისია.

დავესწარით პლანეტების აღლუმს, ვნახეთ გალეის კომეტის ჩაქროლვა, მზეც დაგვიბნელდა, თითქოს ზეცა ნიშანს გვაძლევდეს, - სულ მალე დიადი სანახაობის მომსწრენი გახდებით და მოემზადეთო, - საოცარია არემარე, უკედეგანოა სამყარო.

ადამიანი იპყრობს ზეცას, იკვლევს საწყისს, ცდილობს დარწმუნდეს საკუთარ სიმართლეში და მიიღოს პასუხი მარადიულ კითხვაზე - რატომ?

მოაზროვნეთა ნაღები სიცოცხლეს უძღვნის მეცნიერებას, ხელოვნებას; ანვითარებენ არსებულს და ქმნიან მომავალს.

ოცდამეერთე საუკუნეში საფუძველი ეყრება ახალ ეპოქას - კეთილი ადამიანების ცივილიზაციას.

და თუ ადამიანი სიკეთის გზით არ ივლის, ბოროტება იზეიმებს და მონობის სასირცხვილო უღელი არ აგვცდება! - ყველა ხვდება, რომ მარცხი გარდაუვალია, თუ სიყვარულს არ მივანდობთ მეფობას.

შიში, შიმშილი, ღალატი, ორპირობა, შური, მრისხანება, სიცრუე, მზაკვრობა, მუხანათობა, თითლიბაზობა, მლიქვნელობა, ქედმაღლობა, შეუწყნარებლობა, სიხარბე, ძუნწობა, დაუნდობლობა, უსირცხვილობა, ნაყროვანება, უსინდისობა, გარყვნილობა...
და ბოლოს ომი...
და მერე სიკვდილი.

ომი საკუთარ თავთან - სიცოცხლის ფასად.

იყიდება სიკვდილი - ფასად აქვს სიცოცხლე.

სიკვდილზე ფიქრი ყოველთვის გვეხმარება სიცოცხლის სუფთად და სადად შენახვაში. ვისაც სიკვდილზე საუბარი უმძიმს, ასე ვეტყვი:

მე სიკვდილის მეშინია, მაგრამ იმის უფრო მეშინია, რომ არ მოვკვდე!   

დრო ლამაზად იღვენთება ჩემი სარკმელის ზღრუბელთან.

თენდება. გაიღიმეთ...

ალავერდობას გილოცავთ ქართველებო!  უფალი გფარავდეთ!
 

P.S. თუ ანგარიშს წარმომიდგენთ, მოტაცებული დროის საფასურს გადავიხდი.

28.09.2014

bottom of page