top of page
პრემიერის „იუმორი“. ანუ გვეკაიფებით, ბატონო ირაკლი? - რეპლიკა

კოტე ნიშნიანიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

როგორც კი ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მზაკვრულმა გეგმამ დღის სინათლე იხილა და საქართველოს პრემიერმინისტრის კომენტარიც მოვისმინეთ, ჩვენთვის იმის შესახებაც გახდა ცნობილი, რომ ღარიბაშვილს სეპარატისტებისათვის შეთავაზება ჰქონია და სულ მალე, ანუ მას შემდეგ, რაც ფორმულირებებს (თუ მიდგომებს) დახვეწდა, დეტალურად გაგვაცნობდა მას.

და აი, ეს ნანატრი დღეც დადგა - პრემიერმა რუსეთის მარიონეტებს ავტონომია და დაფიქრება შესთავაზა.

ძნელია ამ მიდგომას ახალი უწოდო - ეს უფრო ახლიდან მიდგომას ჰგავს. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიდი განსჯისა და ანალიზის შემდეგ, კიდევ ერთხელ მივადექით კარს, რომელიც საგულდაგულოდაა ჩარაზული და მისი მიღმიდან კვლავაც ისმის ხმა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ სახლში არავინაა.

რა იყო მაინც ეს, ა? ამის ლოდინში ვათენ-ვაღამეთ?

თუ ეს იუმორი გახლავთ, უნდა ითქვას, ძალიან ღარიბია.

ღარიიბი ქვეყნის პრემიერ ღარიბაშვილს, ერთობ ღარიბი იუმორი აქვს - ასეა.

(ცხადია, ეს მხოლოდ სიტყვათა თამაშია და ვინმესთვის გულის ტკენა, განზრახვაში არ მქონია).

გავიხსენოთ - თუ ცალკეულ დაუფიქრებელ წამოროშვა-წამოყვირებებს არ ჩავთვლით (და ხშირად ამას პროვოკატორები ჩადიოდნენ), საქართველოს სახელმწიფობრიობის აღდგენის დღიდან, ჯერ არავის წამოცდენია რაიმე იმგვარი, რაც აფხაზეთის ავტონომიას ეჭვქვეშ დაააყენებდა.

შევარდნაძის საქართველოში მუდმივად იმეორებდნენ, რომ ფართო ავტონომიის მინიჭებისთვის მოსალაპარაკებლად მზად იყვნენ.

კარი არავის გაუღია.

სააკაშვილის საქართველოში, კიდევ უფრო დიდი სიხშირით ისმოდა ფართო ავტონომიური უფლებების დელეგირებასთან დაკავშირებული მოწოდებები.

შედეგები ყველას კარგად მოგვეხსენება.

ამის გათვალისიწნებით, ვიმეორებ, რაიმე ახალ მიდგომაზე საუბარი სრულიად კომიკურია.

და მაინც, რასთან გვაქვს საქმე?

ამ მომენტში ცალსახა პასუხის გაცემა მიძნელდება, მაგრამ ორი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა:

1. საქართველოს პრემიერმინისტრი, აფხაზეთის საკითხის, კონფლიქტის არსისა და საწყისების, რუსეთის სტრატეგიული მიზნებისა და ჩვენი აფხაზი თანმოძმეების რეალური ინტერესების გაგებაში არაა.
2. ეს სულაც არა პაატა ზაქარეიშვილის ბრალი.
იმედი მაქვს, ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისი განზრახვის უფრო დეტალური კონტურები გამოიკვეთება

27.10.2014

bottom of page