top of page

ძვირფასო თოვლის ბაბუავ...
შენ ღმერთი არ ხარ, შესაბამისად, არც ყოვლისშემძლე, მაგრამ შენ უფრო მეტს და თამამად გთხოვ - ნაკლებად მერიდება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა. 

ჩემს წარმოსახვაში ნამდვილად არ გავხარ ბანალურ სანტას, რომელსაც მთელი მსოფლიო ეტრფის და უამრავ რამეს სთხოვს საშობაოდ. არც ჩემი ყმაწვილკაცობის რუს „ძედმაროზს”, ანუ “ყინვაბაბუას”.

დააკვირდი - რუსს თოვლის ბაბუა კი არა, „ყინვაბაბუა“ ჰყავს. აქამდე არ დავკვირვებივარ, თუმცა არც მიკვირს - ფაფუკი თოვლი ხომ უფრო კეთილი, საყვარელი და დადებითი მოვლენაა, ვიდრე დაუნდობელი ყინვა ან ქვადქცეული ყინული?

არასდროს მიყვარდა რუსი „ყინვაბაბუა“ - მისი წითელი ცხვირისა და მყრალი, არყის სუნის გამო. ამას, შეიძლება ბაბუაჩემის რუსებისადმი აგრესიაც განსაღვრავდა - ჰოდა, გენეტიკურად გადმომყვა.
ის ამ ქვეყნიდან ახლაგაზრდა წავიდა - უნიჭიერესი და უპატივცემულესი ექიმი. დედაჩემი მხოლოდ 8 თუ 12 წლის იყო, მაგრამ მოახერხა და ჩემამდე მაინც მოიტანა, თუ ვინ, რატომ, როგორ და რისთვის უნდა გიყვარდეს. და კიდევ ის, რომ არ უნდა გიყვარდეს არაფერი, რაც ზოგადად ამ სიყვარულს თუ კონკრეტულად სიყვარულის ამ ობიექტს ემუქრება. ვთქვათ, რუსული იმპერია, რადგან სიყვარულის ობიექტების ჩამონათვალში, სამშობლო საქართველო უპირველეს ყოვლისაო - ასეთია ბაბუას დანაბარები. მერე რომ იცოდე როგორი ელჩი ჰყავდა ბაბუას, ფენომენალური მახსოვრობის პატრონი - ყოველი სიტყვა, ფრაზა, აზრი ახსოვს ვალერიანოვიჩის. მერე როგორ ყვება?! გეგონება იქ ხარ, აი იქ, როცა ჩემი ბაბუა მას ასწავლიდა იმ ყველაფერს, რაც თვითონაც კარგად უნდა ხსომებოდა და ჩემთვისაც გადმოეცა. 

შენ ზამთრის კაცი ხარ, მაგრამ მე ზამთარი არ მიყვარს - ვერ ვიტან და მგონი, ამაშიც რუსების „ხელი ურევია“. არ მიყვარს თავის „ყინვაბაბუიანად“ და, ხაზგასმით - „სნეგუროჩკიანად”.  “სნეგუროჩკის” ამბავი ბევრ ჩემს ძმაკაცს აოცებს, მაგრამ რა გავაკეთო - არ მიყვარს ეს ზამთარი და, შესაბამისად, არცერთი მისი „ატრიბუტი“, „კაი ნაშა სნეგუროჩკის” ჩათვლით.

თუმცა, ერთი კია - გოზინაყი მიყვარს და ჩურჩხელა (ისე კი, ჩურჩხელას მაინც შემოდგომის მადლად ვთვლი). აი, გოზინაყის „დოგმისა“ კი სასტიკი წინააღმდეგი ვარ - ვითომ ვინ დააწესა მაინც და მაინც ახალ წელს მიირთვითო?! ზაფხულში გვაწყენს თაფლისა და ნიგვზის ეს ღვთაებრივი ნაზავი თუ?! ვის გაუბედეს?!
არ ვიცი, არ ვიცი.

კიდევ, ქართველი თოვლის ბაბუ მიყვარს, ანუ შენ - მაშინ რას გავაცნობიერებდი ამას, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ახლობელი მეჩვნებოდი ჯერ კიდევ იმ დროიდან -  საბჭოთა ბავშვობისდორინდელ ზეიმებზე. ისე კი, საქართველოს არ უხდება ზამთარი, ბაკურიანში და გუდაურში, ან სადმე მთაში კიდევ ჯანდაბას - სხვაგან არა. მით უმეტეს თბილისში. ზამთარი, ყინვა და გათოშვა არ არის ჩვენი საქმე, სხვისი საქმეა, გადაჩრდილოეთმთიელის.
შორს წავედი... 

ჰოდა, შენი სახე, ბავშვობიდან დღემდე უცვლელად მომყვება, არადა უკვე კაი დიდი ბიჭი ვარ (ამ სიტყვის ასაკობრი-ზომა-წონითი მნიშვნელობით).
შენ მაღალი და დიდი ხარ; ფაფუკი თეთრი წვერი გშვენის, თეთრი ჩოხა-ახალუხი გაცვია, თეთრი ყაბალახი მოგიხვევია და თეთრივე ნაბადი წამოგისხამს... იმ დღეს, ბაბუაჩემის ნაბადი მოვიხურე, მეორე ბაბუის.. აი, ვისი მოსახელე და მომამისახელეც ვარ, და რა თბილი ყოფილა კაცოოო!

ახლა აღარ მეშინია, რომ შეგცივდება და გაცივდები. არადა, ბავშვობაში ამასთან დაკავშირებით ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ნაბადს ვერ აღვიქვამდი თბილ სამოსად. მოკლედ, სპეტაკი, კარგი ქართველი კაცი მგონიხარ - ჩემი საამაყო წინაპარი, კეთილი და ღირსეული რომაა...

აი, მაგალითად, როგორებიც ღრმა სიბერეში იქნებოდნენ ჩემი უდროოდ წასული ბაბუები. ან, თუნდაც, დავით აღმაშენებელი - ისიც ხომ უდროოდ წავიდა (სულ რაღაც 52 წლის); ან ვაჟა ბაბუ, ან თორნიკე ერისთავი, ან ნიანია ბაკურიანი ან, მაგალითად, ნიკო ნიკოლაძე როგორიც იყო - რით ვერ არის სპეტაკი თოვლის ბაბუის შესახედაობის? ანდა, ერლომ ახვლედიანი, ან იგივე კოტე ჩოლოყაშვილი, ჩვენი უთვალსაჩინოესი თანამედროვე - როგორ დამწყვიტა გული მისმა წასვლამ.

ჰოდა, ამიტომ, ბევრი რამ მინდა გთხოვო. ალბათ სათანადოდ ვერც დავალაგებ სათქმელს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაიგებ, მერე რაღაცნაირად გამომეცხადები და დამაკვალიანებ. 
ერთი სიტყვით, გთხოვ, რომ ჩემი სამშობლო ისეთივე ღირსეული შეიქნეს, როგორიც ეს ქართველებს ჩვენი ზღაპრის მსგავსი ისტორიის გავლენით წარმოგვიდგენია. მინდა ჩვენი ქვეყანა აღ

არ იყოს უბედური იმის გამო, რომ მცოდნე და გულანთებული კაცები არ ჰყავს. სავარაუდოდ, მაშინ აღარც ღარიბი იქნება – ილია ჩემზე უკეთესად ამბობდა ამას.მინდა, რომ ადამიანი, რომელიც უფლისგან ათასი ღირსებითა თუ შესაძლებლობებით არის შემკული, მათი მართებულად გამოყენების უნარითაც იყოს დაჯილდოვებული - სამშობლოსათვის, მისი ხალხისათვის, მისი ოჯახისათვის – ეს ხომ ზნეობისა და ღისების გზაა...
იცი როგორ არის მოთხრობილი ამაზე “დათა თუთაშხიაში”?
ჰოდა, ეგრე მინდა.
(როგორ მიანტერესებს, დათა ან თუნდაც მუშნი, რას იტყოდნენ, მობილურზე, “ჯიპზე” და სხვა ჭინჭეულობა-რკინეულობაზე გადარეული სახელმწიფო მოხელეების დანახვაზე. დამოუკიდებლობიდან დღემდე განვითარებული ამბები სამშობლოს უანგაროდ მოყვარულ ადამიანს რომ მოუყვე, ალბათ გადაირევა, ეჭვი მაქვს ილია თავისი ხელით დაიხლის ტყვიას).
კიდევ, მინდა, რომ XXI საუკუნეში საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის სასიცოცხლო აუცილებლობას არ ვხედავდე. მინდა, რომ უბრალო გლეხისაც კი, მისი სახნავ-სათესი ალაგის პირას ატოტილი მუხისა თუ წიფელის ძირას, სახელდახელოდ შეკრულ სადილთან ერთად, წიგნიც ჰქონდეს მისვენებული ჯეჯილზე, ჩრდილში (თუნდაც KINDLE იყოს - არ ვარ წინააღმდეგი), გადასაფურცლად მაინც, სანამ სულს ითქვამს მძიმე შრომით გათანგული. ოღონდ, ეს გლეხი თოხის ბაყუნით დაქანცული კი არ მინდა რომ იყოს, არამედ თანამედროვე ტრაქტორის ან კომბაინის საჭის ტრიალით - 21-ე საუკუნეში რა დროის თოხია?! არადა… კარგი ეს სხვა თემაა.
წიგნიერები მინდა ვიყოთ (გნებავთ კინდლიერი!). მინდა, რომ ქართველებს შრომა შეგვიყვარდეს, დისციპლინა და შინაგანი კულტურა გერმანელებივით, გნებავს იაპონელებივით გვქონდეს შესისხლხორცებული. საღად მინდა ვაზროვნებდეთ, რაციონალურისა და ემოციურის საუკეთესო შერწყმით - უემოციოდ ჩვენ ვერ გადავრჩებით და არც მოგვიხდება უემოციობა. ამიტომ ემოცია აუცილებლად გვინდა, თუმცა ზომიერი.
მინდა, დიახ მინდა, რომ ქართველებმა უზომოდ შევიყვაროთ ჩვენი ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ ვინ არის მტერი, ვინ მოყვარე და სანამ კონკრეტული მოცემულობა არ შეიცვლება, არ ვუღალატოთ, პირველ რიგში ჩვენსავე თავს.
მინდა, რომ ჩვენი ქვეყნის, ერის ტრადიცია და ჭეშმარიტი ფასეულობები ერთხელ და სამუდამოდ განვასხვავოთ ერის მავნე, შეძენილი თუ შემოტენილი ჩვევებისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ დაუნდობელი ბრძოლა მათ აღმოსაფხვრელად... ისე, რომ ამ ბრძოლაში არ მოვაყოლოთ ის ძვირფასი, რასაც ეროვნული იდენტობა ჰქვია, ჩვენი თვითმყოფადობა, კულტურული მემკვიდრეობა და აი, ასე მინდა ეს ევროინტეგრაციაც – საქართველო “ს ვეშამი” და არა პირიქით - უბადრუკი იქნება ეს მიმბაძველობა, ძალით-ძალათობა, “ღამურისებურობა”... აი, ერთხელ პატარა ღამურამ რომ გადაწყვიტა ხომ იცი? გენი გენია და ვერანაირი ფასადი მას ვერ დამალავს.

მინდ,ა რომ დიმიტრი უზნაძის ნათელმა სულმა მაინც აღარასოდეს გაიმეოროს აი, ეს, ჩემი აზრით, ქართველების ყველაზე პირდაპირი და საუბედუროდ ობიექტური შეფასება: ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს... იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება... ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში, მუდამ ვმარცხდებით. საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, 

არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო...“ და იქედან, ზემოდან, დანახულის შემდეგ, თქვას: ვაჰ, როგორ ვცდებოდი, თურმე არ ყოფილა ეგრეო! დიდი კაცი იყო დიმიტრი ბატონი, არ ითაკილებდა თავისი სიტყვების უკან წაღებას, ეგ კი არა, შეიძლება მეორეჯერ მომკვდარიყო სიხარულისგან.
ძალიან ბევრი რამ მსურს, ჰო? მოიცა, ჯერ არც დამიმთავრებია.
კიდევ იცი რაა?
მე მინდა ილიას სიტყვების: “ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია? აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!”-ს გამეორება არასოდეს გაიფიქრონ ქართველებმა. არ მინდა მომავლის იმედზე ვიყოთ - მომავლის, რომელიც ეგებ დადგეს, თუ დადგა.
პირიქით - ჩვენთვითონვე, დღეს და ახლა შევქმნათ ეს „ხვალ“! ასე უნდა იყოს და არა “რაღაც გამოჩნდება”-ს იმედით მსხდომნი - გულხელდაკრეფილები. საერთოდ, ამ ლექსთან პრინციპული პრობლემა მაქვს! მესმის, რომ სხვა მოსაზრებით, სხვა პათოსით დაიწერა, მაგრამ მისი იდეა მაინც არ მომწონს! მათ ახალთ კი არ უნდა აღადგინონ დიდების წლები, არამედ მათ ახალთ უნდა გააგრძელონ გზა მშენებლობისა, უწყვეტი შენება, უწყვეტი განვითარება!
ვენაცვალე ქართულ ანდაზებს - თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსო! ჰმჰ - რა სავსე აზრია!
ანდა - უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებდნენო - გენიალურია!
რა კავშირშია? მსურს, რომ ბევრი კარგი მეპურე გვყავდეს და პურიც მათ გამოაცხონ!
მინდა რომ სპორცმენი სპორცმენობდეს;
ეკონომისტობდეს - ეკონომისტი;
ხატავდეს - მხატვარი;

მწერალი წერდეს;

მღვდელი მღვდლობდეს;

ადამიანი ადამიანობდეს!
მინდა, რომ ქართველი ფულმა კი არ გადარიოს, პირიქით - კეთილ საქმეთა კეთების სურვილით აანთოს.

ერლომ ახვლედიანმა დაწერა ერთხელ: “რა არის სამშობლო?“ - ეს კითხვა დაიმისვესო და, რომ დავუფიქრდიო, “ცხადია რომ იგი (ანუ ეს კითხვა) დრომ მოიტანაო”,  თორემ შეუძლებელია, ამგვარი კითხვა ჩვენ წინაპრებს მოსვლოდათ აზრადო. მერე ისიც დააყოლა: “მე მასში გაუცხოების ელემენტი ვიგრძენი. ყოველ შემთხვევაში ასე ჟღერდა ჩემში ეს შეკითხვა. მაშ ასე, ვეძებ სამშობლოს! ვეძებ სამშობლოს, როგორც ველიდან დაბრუნებული ფუტკარი თავის სკას და ვერ ვაგნებ....

ისე კი, მე ხომ არ დავბრუნებულვარ, რადგანაც არც არასოდეს წავსულვარ აქედან. მუდამ აქ ვიყავი. მაშ რა მოხდა? იქნებ ვინმემ იზრუნა და თავად მე შემცვალა ძილში, სხვა სისხლით ამავსო და სხვა სული ჩამიდგა და მერე საბედნიეროდ გამომაფხიზლა გაუცხოებული გარემოსა და საკუთარი თავის მიმართ”

ჰოდა, თოვლის ბაბუ, გაატანე რა ეს დრო ძველ წელს ! იმიტომ, რომ მეც ვეძებ სამშობლოს! მაპოვნინე რა! გთხოვ, მაპოვნინე მეც და ყველა ჩემს თანამემამულეს, რომ „ჩვენი საერთო ორგანიზმი, ჩვენი სამშობლო, ყოველმა ჩვენთაგანმა იხსნას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში” - აი ეს შემაძლებინე მეც და იმათაც. და, როგორც ამ სიტყვების ავტორი იტყოდა, მხოლოდ მაშინ შევძლებთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას.
ვითომ ინტელქტუალური, ვითომ “მედასავლეთე” თუ “ლიბერალები” კი აღარ ვიქნებით, ჭეშმარიტი ნამდვილი ადამიანები!

კაცნი, რომელნიც ქვეყანასაც ავაშენებეთ და იმ დასავლეთსაც შევუერთდებით, რომლისკენაც ყველა ასე მივილტვით. მაგრამ უპირობოდ, “ს ვეშააამმიიიი”! 

შევუერთდებით, მაგრამ გააზრებულად - გვეცოდინება რატომ და რისთვის, რადგან ყოველი ცვლილების სარგებლიანობა იზომება არა იმით, რაც იცვლება, არამედ იმით, რაც უცვლელი რჩება!!! - გენიალური სიტყვებია არა?!
აი, პელე ვინ ოყო! - ერლომ არანტეს დონასიმენტო ახვლედიანი! 

თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვებია – ფუჭი, ამაო, ლიტონი სიტყვები - ლაი-ლაი, ერთი და იგივეს შესახებ მუდამ და მარად, და ასე - დაუსრულებლად.
ჰოდა, მინდა დასრულდეს!

მინდა, რომ ქმედებაზე გადავიდეთ, თოვლის ბაბუ...

შემაძლებინე, რომ ჩემით და ჩემში დავიწყო ეს ყველაფერი - ჩემგან. 

აბა, კარგად იყავი თოვლის ბაბუ, გელოდები იცოდე - ამ ბოლო დროს წახდენილი ქართველებივით არ გადამაგდო ... როგორც ხონში ამბობენ - არ დამაღორო იცოდე!

და-ღორება განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, ხომ იცი?! 

 

P.S. მოიცა, კინაღამ დამავიწყდა! - იქნებ ცოტახანი ისევ შევძლო რაგბის თამაში, ჰა? ასე, 5 - 7 წელი მაინც.  :)

ძვირფასო თოვლის ბაბუა

ალექს ჩიქოვანი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

13.12.2013

160x600

160x600

bottom of page