top of page

ჩემს საბჭოთა ბავშვობაში, თბილისში ერთი ანეკდოტი დადიოდა...
მისი შინაარსის მიხედვით, გიჟი (ბოდიში, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი) დედას წერილში ატყობინებდა, აქ ყველაფერი კარგადაა, აუზიც გვაქვს და თავითაც კი ვხტებით მასში... ხოლო ექიმები გვეუბნებიან, თუ ჭკვინად მოიქცევით, მაგ „ბასეინში“ წყალსაც ჩაგისხმათო!

ამ ანეკდოტზე არასოდეს გამცინებია - დამეთანხმებით, სასტიკი და დამამცირებელი შინაარსია. ის ამ ადამიანების პრობლემას სრულიად უარყოფს, იგნორირებას უკეთებს, დასცინის მათ და ექიმ-ფსიქიატრები ყოვლად გულგრილ და სატიკ ადამიანებად არიან გამოყვანილები. თუმცა, საბჭოთა დროს კი იყვნენ ასეთებიც - ცნობილი ამბავია.

აი, ეს ანეკდოტი მახსენდება ყოველთვის, როდესაც რაგბზე, უფრო ზუსტად კი, ჩვენი მორაგბეთა ნაკრების - ბორჯღალოსნების - სათამაშო სტადიონზე ვფიქრობ.

შესაძლოა ვაჭარბებ და ეს რაგბისადმი ჩემი ემოციური დამოკიდებულების ბრალია, მაგრამ ვფიქრობ, ანეკდოტში ასახული ცინიზმი და დაპირება, რომ თუ ჭკვიანად მოიქცევიან, წყალს ჩაუსხამენ, ძალიან ჰგავს სარაგბო სტადიონის პრობლემის ირგვლივ არსებულ ვითარებას და ზოგადად, რაგბისადმი დამოკიდებულებას.
არადა, მეტი რაღა ჭკვიანად უნდა მოიქცნენ ჩვენი ბიჭები?!
მივყვეთ მათ „ქცევას“ და ვნახოთ.

დამოუკიდებლობის  დღიდან, ბორჯღალოსნება (და მთელმა სარაგბო თემმა) შეუპოვარი სვლა დაიწყეს მიზნისაკენ, სადამდეც ჯერ კი ისევ შორია, მაგრამ ფაქტია - ნაბიჯ-ნაბიჯ, რთულად - ბრძოლით და შეუდრეკლად, ჯიგრით, „მიაწვააააა!“-ს შეძახილით მივიწევთ წინ!

როგორც იტყვიან, აქა ვდგავართ და სხვაგვარად, მართლაც რომ არ ძალგვიძს.

თავიდან, ეს ყვლაფერი ცოტა ქაოტური და უსისტემო იყო. მწარე და დაუჯერებელი მარცხიც გვიგემია. მაგალითად, ჰოლანდიასთან, რომელსაც დღეს, ალბათ, ერთობლივი ვარჯიშის ჩასატარებლადაც არ მიუშვებენ ბორჯღალოსნებთან და ამ სურვილის გამომჟღავნებისათვის, ზუსტად ისე და, შეიძლება უფრო მეტადაც, დასცინებენ, როგორც გენიალურ ქართულ ფილმში - “პირველ მერცხალში” დასცინებენ ინგლისელი მეზღვაურები იასონს და მის თანაგუნდელებს.

ჰოლანდიის თამაში კი იმიტომ გამახსენდა, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი უნიათო და უსახური თამაში ქართველ მორაგბეთა ისტორიაში. მაგრამ ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა (რა თქმა უნდა, არ ვამართლებ, მაგრამ მიზეზი არსებობდა), ოთხმოცდაათიანი წლები იყო, დამშეული, ნაომარი, უშუქო და უყწლო საქართველოდან ბიჭები “ბამბანერკასავით” ჰოლანდიაში აღმოჩნდნენ (ისინიც ხომ ადამიანები არიან) და წარმატებაში დარწმუნებულები, მოედნენ მთელს ამსტერდამს განცხრომისა და “გულაობის” წყურვილით გახელებულები.
„რაგბის ღმერთმა“ მათ ეს არ აპატია, გაკვეთილი ჩაუტარა და ეს, როგორც დღეს ჩანს, კარგად შეისისლხროცა სრულიად ქართულმა რაგბმა. 

ამის მერე დაიწყო გაცილებით დალაგებული, გააზრებული და სისტემური განვითარება, განსაკუტრებით სხვა ქართულ “განვითარებებს” თუ შევადარებთ (აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს სრულიად სარაგბო თემის ჩართულობა და მხარდაჭერა, იქნება ეს პრაქტიკული თუ მორალური, ჩვენი ბებერი ლომების რჩევა-დარიგება, მოქმე

დი მოთამაშეებს თავგანწირვა, ოფლისა და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სისხლის ღვრა და ალბათ უფლის წყალობაც).
ჯერ საფრანგეთისაკენ გაიხსნა გზა, ბიჭებმა თავი ისახელეს, ჰოდა, წავიდა და წავიდა. შემდეგ, პირადად ჩემთვის, დაუჯერებელი რამ მოხდა - საქართველოსადმი ისეთმა სარაგბო ქვეყანამ გამოიჩინა უდიდესი სიმპათია, როგორიცა ახალი ზელანდია! შონ ფიცპატრიკიც კი ჩამოვიდა, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს მე დაგიჭერთო! ლომუმაც, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისას, საოცრად თბილი სტატია დაწერა ჩვენებზე. ფიცპატრიკი და ლომუ! გესმით თქვენ?! არა და ეს ქვეყანა და მისი გუნდი, ჩემი, ჩემამდელი და ჩემი შემდგომი თაობებისათვის ფაქტობრივად მითიური რამ იყო. გაოგნებულნი, როგორც რაღაც არაამქვეყნიურს, ისე ვუყურებდით მათ თამაშს გურამ მოდებაძის - ბურძგლას - ნათხოვარი კასეტებით. ეს იყო „ზეციურთან ზიარება“!ბურძგლა კი, როგორც ყველა სასულიერო პირმა ქრისტეს უნდა მიბაძოს, ისე მოგვიწოდებდა (და გვავარჯიშებდა კიდეც, მისივე ეზოში, რიგის ქუჩაზე) მათთვის მიგვებაძა. “მისმინე და გაინძერი შეჩემა, ხო უყურებ ზელანდია სადაა?!” - შემოგვიძახებდა ხოლმე. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბორჯღალოსნებს დღეს ახალ ზელანდიელი მრწვთნელი ჰყავთ (მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება), ტანა უმაგაც კი იყო ჩამოსული ჩვენი ბიჭების გასაწვრთნელად, შოტლანდიელ, ირლანდიელ, ინგლისელ და ფრანგ სპეციალისტებზე ხომ არაფერს ვამბობ...
2015 წელს კიდევ უფრო დიდი სასწაული მოხდება - დარწმუნებული ვარ, ჩვენები მსოფლიო მომავალ ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავლენ და აი მაშინ, ინგლისში, თვით ზელანდიის ნაკრებს - ALL BLACKS-ს (!)

დავუპირისპირდებით. ალბათ წავაგებთ, ჩვენ რეალისტები ვართ, მაგრამ მაგრად ვიომებთ..
და მოდით რა, ერთიც ვთქვათ: ჩვენი ფეხბურთელები ბრაზილიას დაუპირისპირდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე და მერე ვისაუბროთ.

ახლა სხვა და არანაკლები მნიშვნელობის შედეგებზე ვისაუბროთ.

საქართველოს ნაკრები სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და იქ თამაშებიც მოიგო. ქართველი მორაგბეები საფრანგეთის (უპირატესად) ელიტულ კლუბებში თამაშობენ, თანაც ძირითად შემადგენლობებში.
განა რამოდენიმე და კანტიკუნტად...
არა - ბევრნი.
„მონპელიე“ გორგოძის არყოფნაში თამაშს თამაშზე აგებდა და რომ დაბრუნდა და პირელივე თამაში მოიგეს - “მამა დაბრუნდაო” დაწერეს!
და საერთაშორისო რაგბის ფედერაცია (International Rugby Board) - ახლა ჭკუას იჭყლეტს რა მოუხერხოს „ერთა თასისათვის“ გადაზრდილ საქართველოს ნაკრებს, როგორ მისცეს მათ გრანდებად წოდებულ გუნდებთან თამაშის საშუალება, რის უფლებასაც სამოასთან მოგების შემდგომ უკვე ყველა (!) ერთხმად აღიარებს.

და მთავარი, ბორჯღალოსნები,  მგონი ის იშვიათი ქართული მოვლენაა (წყალბურთელებთან და კალათბურთელებთან ერთად - სპორტის კოლექტიურ სახეობაზე ვსაუბრობ) როდესაც თამამად ვსაუბრობთ სტაბილურ წარმატებაზე.

გამარჯვებაზე!
ღირსებაზე! 

და ეს, სრულიად საქართველოში არსებული წარუმატებლობის ფონზე... გნებავთ სპორტში, გნებავთ პოლიტიკაში, გნებავთ ეკონომიკაში და სადაც გნებავთ, იქ!
აუცილებალად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის და, ქართულ რაგბში საზოგადოდ, ბორჯღალოსანი მხოლოდ ნაკრების მოქმედი მოთამაშე კი არ არის, არამედ მთელი სარაგბო თემია - საქართველოში რაგბის ფუძემდებელი გივი მრელაშვილით დაწყებული, დამთავრებული ყველაზე მცირეწლოვანი მორაგბეებით. როგორც არ არსებობს ყოფილი გენერალი ისე არ არსებობს ყოფილი მორაგბე, მერწმუნეთ ყველას ვისაც რაგბი უთამაშია, ყოველ ღამე თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც ესიზმრება თუ როგორ თამაშობს და ცხადში სცემს მიწის, ბალახის, ფინალგონის, სისხლის და ოფლის სუნი.
ერთი სიტყვით, ბორჯღალოსნები ის ხალხია, ვინც 1989 წლის მოპოვებული დამოუკიდებლობიდან დღემდე, ქართველებს გამარჯვებულად აგრძნობინებს თავს და თუ მარცხდებიან, იმას მაინც ახერხებენ, რომ უნიათობით, უჯიგრობით და უსისხლობით შეურაწყოფილს არ უშვებენ გულშემატკივარს სტადიონიდან. გამარჯვებულის ფსიქოლოგია კი რა მაგარი რამ არის, ცოტამ თუ იცის.
ეს ყველაფერი კი იმიტომ დავწერე, რომ მაქვს შეკითვა: რატომ, როგორ და რანაირად მოხერხდა ისე, რომ ქართულ რაგბს ერთი კარგი, დიდი და ყველა სტანდარტის დამაკმაყოფილებელი მოედანი არ გააჩნია?!

არენა, სადაც ოფიციალურ ომებს გამართავს - დიახ ომებს!
ახლა მაინც რატომ ხდება ისე, რომ ბორჯღალოსნებს სამათხოვრო აქვთ სტადიონი?
და მერე, ვისთან?!

არა, პატარა სტადიონები არის, როგორ არა - მე რომ რაგბს ვთამაშობდი, იმ დროსთან შედარებით, პირდაპირ სამოთხეა, მაგრამ როგორ შეიძლება ქვეყანაში გყავდეს ერთადერთი გუნდური სპორტის წარმომადგენელი (დიახ, ერთადერთი!), რომელიც მუდმივად თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატზე (!) და მათ არ გააჩნდეთ საკუთარი სტადიონი?!
მე ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემ.
ბორჟღალოსნების წარმატება არაა მხოლოდ სპორტული წარმატება.
ეს რწმენაა იმისა, რომ ქართველებსაც შეგვიძლია - ამ რწმენის გნებავთ ფიზიკური და გნებავთ ემოციური გამოხატულებაა.
ბორჯღალოსნებმა სარაგბო სამყაროში - მთელი დასავლეთ ევროპა, სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, ზელანდია და კიდევ უამრავი ქვეყანა - საქართველოს ცნობადობა გაზარდეს.
და დღეს სწორედ ისინი გახლავან ყველაზე ცნობადები და არა სტალინი, ბერია და შევარდნაძე!
რაც მეტ წარმატებას მიაღწევენ ბორჯღალოსნები, მით მეტი იქნება საქართველოს ცნობადობა, ხოლო რა მოაქვს ქვეყნის ცნობადობას, ამაზე აღარ ვისაუბრებ - ვრცელი თემაა.

და ბოლოს...

მე სტადიონის ფიზიკური არსებობა-არარსებობის საკითხზე მეტად საკითხისადმი, თემისადმი მიდგომა მაწუხებს
დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა !
რაგბისადმი და მორაგბეებისადმი დამოკიდებულება.
ეს ტიპიური უმადურობაა, გულგრილობაა და ჩვენს ენაზე, მორაგბეთა ენაზე რომ ვთქვა, უჯიგრობა და უსისხლობაა.
მოედანი დაიდოს, თუ შეიძლება - დამსახურებული მოედანი!

წყალი, წყალიმეთქი!

ალექს ჩიქოვანი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

23.11.2013

160x600

bottom of page