top of page

საქართველოს მთავრობაში, საკანონმდებლო ორგანოში და, საერთოდ, ქვეყნის პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ისტებლიშმენტში ქვეყნის სიყვარულის მწვავე დეფიციტია. რეალურ, გულრწფელ და უანგარო სიყვარულს ვგულისხმობ და არა ისეთს, „ვის როგორ ესმის“. როგოც ვაჟა ზაზაევიჩი იტყოდა „დეფიციტშიც გარღვევაა“!
ამ სფეროს წარმომადგენელთა ძალიან დიდი უმრავლესობა, ჩემი აზრით, უბრალოდ აფერისტია, კლასიკური თაღლითი. ეს სხვა და სხვა ნიღაბს ამოფარებული, ხეპრე და გაუნათლებელი, უმეცარი მტაცებლები, რომელებიც მხოლოდ პირად გამორჩენაზე ზრუნავენ, ათას საზიზღრობას სჩადიან და ქვეყანას ღუპავენ.
„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე”.
ჰოდა, უსიყვარულოდ არც ქვეყნის ინტერესი არსებობს, როგორც ასეთი, და არ არსებობს არც ხედვა და მისი აღსრულების გზა. შესაბამისად - “და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!” - საქართველოს, როგორც ქვეყნის უკვდავების, ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას...
კი არ დგება - დგას !
ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამოვლინება ფუყე პათეთიკად, „ბანძობად“ და ჩამორჩენილობად საღდება.
დავაკვირდი, რომ კარგი კაცი ამ ყველაფრის მიღმაა, რადგან არ და ვერ კადრულობს იმას, რასაც სხვანი კადრულობენ. ზის სახლში. და ასპარეზი, ბურთიც და მოედანიც, ყველაფრის მკადრებელ და ყველაფერზე ხელისმომწერი ხალხის ხელშია - შალიკოები, ბურჯანები, „ერცახე ცერეცო“ თარგამაძეები, ნაცბანდები, “ნა ვერწილები” და ჩემთვის უკვე გუგებარი „ქოცები“ თავთავიანთი ანგარი ასეულებით. 
გამოსავალზეც ვიფიქრე. ვიტრიალე, ვიტრიალე და მაინც იქ მივედი, რასაც ძლიერი საზოგადოების ჰქვია - ყველაზე რეალურია - რადგან თუნდაც დავით აღმაშენებლისეური მეთოდები, არ გამოგვადგება - ნაძირალათა თავებს ვერ დავაგორებთ (არადა, კი არიან ღირსები).
საზოგადოებას იმის ძალა უნდა ჰქონდეს, რომ თუ ხელისუფალს რამე შეეშალა, სულ პანღურები ურტყას. მაგრამ ეს მხოლოდ იმათი ზნეობრივი უფლებაა, ვინც განსხვავებულია მათგან და, ბუნებრივია, პირველ რიგში, ღირებულებათა სისტემით, კოდექსით.და აი, აქ ვიკითხავ: არის კი ხალხში „ის“ სიყვარული? და თუ არის (და იმედია, რომ არის), ვერ ვხედავ - ვინ უნდა იტვირთოს და როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ულიდეროდ.ჩვენთან, მგონი, აღარ დარჩა არც ერთი ავტორიტეტი (თითქმის არცერთი), რომელიც გასვრილი არ იქნება, ან რეპუტაცია არ ექნება შელახული... ან, უბრალოდ, სხვანიარად ვერ აზროვნებს, ვიდრე საბჭოთა მოქალაქე... ან რომლის სიყვარულის უანგარობაშია დარწმუნებული ხალხი... რომლის ქცევა და ზნეობა საკამათო არ არის... ან, სულ მინიმუმ, მისი „პირადით” არ წუხდება საზოგადოება.ბელადზე და მესიაზე არ ვსაუბრობ. მხედველობაში მყავს რიგითი ადამიანი, რომელის საკუთარი მაგალითით დაგვანახებს - რა, და როგორ. საღ აზრს და საღ ქცევას დანერგავს ქვეყანაში - ემოციურთან ერთად, რაციონალურსაც.
ვინ იყვნენ ასეთები ქართველთა შორის... ოდესმე. ვცადე გამეხსენებინა და მივხვდი - ერთი კონკრეტული პიროვნება ვერ გამოდგება - სხვა და სხვა შესაძლებლობე

ბისა და თვისებების მქონე ადამიანების ერთობაა საჭირო.მაგრამ (ან, თუმცა) ამ ერთობას Visionary Leader (ხედვის მქონე ლიდერი) სჭირდება.
აი, რაღაც ილია, დავით სარაჯიშვილი, აკაკი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა ბაბუ, ზუბალაშვილები, კვენეტაძე, ქაქუცა, ექვთიმე და ა. შ. ადამიანების ერთობლიობა (XX საუკინის 30-იანიების აქეთ, არავის ვასახელებ, რადგან ეჭვები მღრღნის ხოლმე, განსაკუთრებით - იმპერიის მიერ აღზრდილ „ინტელიგენციასთან“ მიმართებით. და IX საუკუნესაც არ ჩავცდი. ჰო, აქ ვთქვათ, აქ - ეს უახლოესი წარსულია).
ანუ, სხვა და სხვა სახისა და ემოციის ინტელექტია საჭირო. სხვა და სხვა უნარჩვევების მქონე ლიდერები: ემოციურებიც და რაციონალურებიც, თეორეტიკოსებიც და პრაქტიკოსებიც.
რატომ არის ეს საჭირო? 
რატომ და სხვანაირად ვერ შევთანხმდებით, ვერ მოხდება საზოგადოებრივი თანხმობა „ზე-სტრატეგიულ“ (ჰო, ვიცი - მოგონილი მო

სიტყვაა) საკითხებზე - ვინ არის მტერი და ვინ მოყვარეა; ვისთან ვიყოთ ფრთხილად და ვინ ავიტანოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე; როგორ მოვაწყოთ ქვეყანა... რა ვუყოთ ეკონომიკას და საერთოდ, როგორ ვიმოქმედოთ და რა ვაკეთოთ.
მოკლედ, ჩემი ხელობის ჭრილში რომ გადავიტანო, საჭიროა:
ბრენდის მამოძრავებელი (მთავარი იდეა, არსი), შემდეგ მისიის განსაზღვრა, განჭვრეტა თუ სად, რა შედეგთან უნდა მივიდეთ ამ მისიის აღსრულებით. რა გზით, რა დროში...
ფასეულობები, პოზიციონირება,დაპირება და სლოგანი...
ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ ვილაყბო, საჭიროა პლატფრომა, სამოქმედო და საკომუნიკაციო სტრატეგია და ტაქტიკა. მაგრამ, როგორც არცერთი დიდი ბრენდის/საქმის შექმნა - შენება არ დაწყებულა უსიყვარულოდ, ჟინისა და გატაცების გარეშე, ასევე ქვეყნის აშენება ვერ მოხდება ამ ყველაფრის დეფიციტის პირობებში.
აი, ეს აკლდათ, ობიექტურები რომ ვიყოთ, ნაცებს, რომლებმაც, გარკვეული მიმართულებებით, სწორი ნაბიჯები გადადგეს. და ეს გვაკლია დღესაც. ნუ, ჯერ-ჯერობით არსად არ ჩანს - სამწუხარო ფაქტია. 
შეიძლება ვცდები კიდეც და სიყვარული ადგილზეა, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ჩვენში, პირველი კლასელი ყმაწვილისა არ იყოს, მისი გამოხატულება სიყვარულის ობიექტი გოგონასათვის თმების მოწიწკვნა, კაბის აწევა, ჩანთის გადამალვა და რვეულის დახევაა... და ეგებ დროზე მოვეგოთ გონს - თაიგულის მირთმევაზე, ფერებასა და მზრუნველობაზე გადავიდეთ.
მაგრამ... აი, მაგრამ (!) სანამ აზრზე მოვალთ, ეს ჩვენი „ლამაზი გოგონა” სხვამ არ „წაგვიყვანოს”! და, როგორც უმეტეს შემთხვევებში ხდება, სიმწრისაგან უარესი სისულელეები არ ჩაგვადენინოს. 

 

P.S. თუ გამოსავალი აქაც სიყვარულშია, გლახათაა საქმე, ვინაიდან ვერ ვატყობ ვინმე მასობრივად იღწვოდეს მომავალი თაობებისათვის ქვეყნის უანგარო სიყვარულის გაღვივებისათვის და ისევ „რაც კარგები ვართ ქართველები ვართ”-ის მიმართულებით მივდივართ მხოლოდ.   

სიყვარულის დეფიციტი

ალექს ჩიქოვანი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

13.10.2013

160x600

bottom of page