top of page

ამ წერილის უფრო განვრცობას და საფუძვლიანად დაწერას ვაპირებ - პირდაპირ გეტყვით, რადგან ასე, ცხელ გულზე, ყველაფერს რაციონალურად ვერ დაწერ.
მაგრამ, ჩემი მხრიდან, შეუძლებელია ახლა არაფერი დავწერო. 
 

ბევრი ამბობს დღეს, რომ გლობალიზაციის და ტოტალური ტექნოკრატიის ეპოქაშ,ი ჩვენ იმ საქართველოს ვკარგავთ, რომელიც გვიყვარდა და რომლის მთავარი ნიშანთვისებაც შემოქმედება და მისი თანამგზავრი - სიყვარული იყო. არის ამაში სიმართლის რაღაც მარცვალი. მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ტელესივრცის ყოველგვარ სიღრმისეულ შინაარსს დაცლილ გადაცემებს უყურებ, სადაც კრიმინალის, კრიმინალი პოლიტიკოსების და, ასევე, კრიმინალი ბიზნესმენების ურთერთობების გარჩევებს ვუცქერთ დღე და ღამე. როგორც დღევანდელობის დიდი ფილოსოფოსი, ალენ ბადიუ ამბობს, ჰამლეტის მეტაფიზიკური სიმართლე, ვერანაირად ჩაანაცვლა საპნის ოპერების, სერიალების, ტოქშოუების და „შოუ-ბიზნესის“ სიყალბემ.
ცხადი ფაქტია, რომ სიყალბე სიმართლეს ვერ ჩაანაცვლებს.

ხელოვნება და თეატრიც ჭეშმარიტების ძიების ისეთი ფორმაა, როდესაც სიმართლეს და სილამაზეს ისე გაწვდიან, ვითომ და ეს ტყუილია - ნიღბის ქვეშ. ამ ვითომ და ტყუილში კი ისეთი მეტაფიზიკური სიმართლეა, რომ ეს ადამიანის განწმენდას იწვევს. ტელევიზია და მედია კი მეორე პრინციპით მუშაობს, ვითომდა სიმართლის (მშრალი, მაგრამ სპინით დამახინჯებული ფაქტების) გადმოცემის პრეტენზიით, მეტაფიზიკურ ტყუილს გვასაღებენ, როგორც ჰალუცინოგენს.

არისტოტელური ტრაგედიის მიზანი, სწორედ ბოლოში ნანახი კატასტროფის შედეგად ადამიანის განწმენდა იყო.
იბსენისიზმის დიდაქტიკურმა ტრადიციამ, კატასტროფა კვაზი-უბედურებით ჩაანაცვლა;
ჯორჯ ბერნარდ შოუს თეატრმა - განათლების გამოსავლით;
ხოლო ბერტოლტ ბრეხტის ეპიკურმა დრამამ - გროტესკულ-რეალური ტრანსფორმაციით, სადაც სიკეთეს გამარჯვების შანსიც რჩება.
ცნობილი რუსი მოაზროვნე, მიხეილ ბახტინი, თავის შრომაში ძველბერძნული და რომაული სამყაროს წიაღში სატირის წარმოშობაზე და მის განვითარებაზე საუბრობს. სატირაც თეატრის დიდ ნაწილად იქცა. 

საქართველო დღეს არისტოტელური ტრაგედიის პირველ ეტაპებზეა, სადაც, ჩვენს მედია საშუალებებს თუ დავუჯერებთ, უკანასკნელი კატასტროფა ჯერ არ დამდგარა. მაგრამ ეს სურათი მცდარია. ის ცრუობს, როგორც ეს ზედაპირულ მედიას სჩვევია. ჩვენში ამ ტრაგედიასთან შეზავებული სატირის მნიშვნელოვანი ელემენტებიც არის, და ამავე დროს ახმეტელის ჰეროიკული დრამის ნაწილიც. 

დიახ, საქართველო დღეს ისევ არის. და ის არის ქართულ შემოქმედებაში. შემოქმედება, სიყვარულთან ერთად, არის ძალადობის ერთადერთი წამალი, რომელიც ადამიანის დაჭრილი და გაწამებული სულისათვის უებარი მალამოა. 

დიახ, ჩემთვის ასეთი მალამო იყო გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული ადაპტირებული პიესა ქართულს ენაზედ და რეალობაზედ - „მოხუცი ჯამბაზები“. ეს სპექტაკლი, როგორც რეჟისორი ამას მართებულად აღნიშნავს, არის არტისტული ფოიერვერკი - რვა უნიჭიერესი შემსრულებლის უზადოდ შესრულებული დადგმა, რომელიც თანამედროვე სატირისა და არისტიტელური ტრაგედიის ძალიან წარმატებული ნაზავია.
ეს არის ცეკვის, სიმღერის, სიხარულის და სიყვარულის გამარჯვება გარდაუვალ სიკვდილზე - ეს არის ურთიერთობის, ადამიანური სულის ყველაზე გამორჩეული ნაწილის ზეიმი დღეს გამაფებულ გულგრილობის ეპოქაში.
მინდა ვთქვა, რომ გოჩა კაპანაძე, როგორც რეჟისორი და ნაწილობრივ დრამატურგ-კომპოზიტორიც, მისი საოცრად პოლიფონიური თეატრალური სტილისათვის დიდ კომპლიმენტს იმსახურებს. მან, ვირტუოზ მსახიობთა შესანიშნავ ჯგუფთან ერთად, მოახერხა რამდენიმე დისკურსის და კულტურული ნარატივის ისე ოსტატურად შერწყმა, რომ ამერიკულ ანგლო-საქსონურ მშრალ კულტურასა და ქართულ ემოციურ ბუნებას შორის ამ სხვაობას, მაყურებელი, პრაქტიკულად, ვერც ამჩნევს. ეს ნამდვილად მოითხოვს რეჟისორის ოსტატობას.
ბახტინის პოლიფონია ტყუილად ამ მიხსენებია, დღევანდელ დღეს, ჩვენი გართულებულ-გაუკუღმართებული ყოფის საჩვენებლად, პოლიფონიური თხრობის სტილი სასურველი კი არა, აუცილებელიც არის. რონალდ ჰარვუდის პიესის გოჩა კაპანაძისეული ინტერპრეტაცია სწორედ ასეთია - ის მარტივი ენით გვაძლევს პოსტ-მოდერნული, გაურკვეველი ეპოქის და მასში მიტოვებულ და „არაპროდუქტიულ“ მოხუცთა ცხოვრების შინაარსობრივ აღწერას.
და არა მხოლოდ აღწერას. 

იმ დროს, როცა უკვე ჩვენთანაც დაიწყო მშობლების და შვილების მიტოვება „კარიერის“ ინტერესების გამო...
როცა უკვე ჩვენთანაც შემოვიდა ბიურგერული მატერიალისტური უსულობა...
როცა ჯერ კიდევ ძალ-ღონით სავსე ადამიანებს დაუნდობელი სისტემა „ჩარეცხვას“ უპირებს და მათი გულწრფელი ადამიანური ემოციისათვის არავის სცალია...
გოჩა კაპანაძე ისევ შემოქმედებას აღვიძებს მის გმირებში, რომლითაც ისინი მარტოობას, ნათესავ-ახლობელთა, კოლეგათა გულგრილობას და მატერიალიზმს სჯობნიან და საკუთარ არსებობას, ნამდვილ ფიესტად აქცევენ.
დღეს, ეს საკითხი ძალიან აქტუალური და რელევანტურია: დღეს ხომ ახალმა „ლიბერალურმა“ ურთიერთობებმა „არაპროდუქტიული“ ადამიანის დოგმა დაამკვიდრა. როცა კარგი პროფესიონალი სამოც წელს გადააბიჯებს, სისტემა მისი ცხოვრების ღირებულებაზე კი არ საუბრობს, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯებს ითვლის, რომელიც ამ თუ იმ ადამიანის ცოცხლად დატოვება უჯდება. მათ ეგრეთწოდებულ „განვითარებულ“ ქვეყნებში არ კლავენ, ისე როგორც ჰიტლერი აკეთებდა ამას, მაგრამ არც ნაკლებს უშვებიან - თავს „არასაჭიროდ“ აგრძნობინებენ, რაც მოკვლაზე არანაკლებ დიდი დანაშაულია. კარგად გვახსოვს, როგორ იკლავს თავს ორი შვილის მამა არტურ მილერის „კომივოიაჟერის სიკვდილში“. ის უკვე საჭირო აღარაა სისტემისთვის - მას აღარაფრის გაყიდვა არ შეუძლია და, მაშასადამე, უნდა მოკვდეს.
დღევანდელ „კომივოიაჟერთა სისტემაში“, რომლის კრიტიკული გააზრებაც ჩემს თაობას ჯერაც არ დაუწყია, სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. 

საოცარი მიგნება აქვს გოჩა კაპანაძეს და მის შემოქმედებით ჯგუფს, როდესაც ჰარვუდის პიესის ადაპტაციაში ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები შემოაქვს, როგორიც ასევე მიხეილ ბახტინის ქრონოტოპია. ეს არის დროის დაფიქსირება და ამ დროის კონტექსტში ტრანსფორმაციის, ანუ ცვლილების ფიქსაცია. იმ ცვლილების, რომელმაც ბატონი კოტე (კახი კავსაძე), ქალბატონი თამარი (დარეჯან ხარშილაძე), ბატონი გრიშა (თენგიზ გიორგაძე), ქალბატონი ლოლა (ზაზა ლებანიძე), ბატონი შალვა (ჯემალ ღაღანიძე), ქალბატონი ელისო (მანანა გამცემლიძე), ქალბატონი ალექსანდრა (მარინა კახიანი) და ქალბატონი ნინა (მარი ჯანაშია) უცებ ისეთ პირობებში ჩააგდო, რომ მიუხედავად მათი სიცოცხლის არაჩვეულებრივი წყურვილისა, ისინი „მოხუც არტისტთა“ თავშესაფარში აღმოჩნდნენ, სადაც მათ არათუ ახლობლები, შვილებიც კი პრაქტიკულად არ აკითხავენ. ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის ყველაზე მწარე რეალობა, რომლისთვის თვალის გასწორება უჭირს „წარმატებაზე“ ორიენტირებულ, ახალ ტექნოკრატიულ საზოგადოებას. 

ძალიან ძნელია რომ არ შეგიყვარდეს ეს სპექტაკლი. რატომ? ამას წინად, ბატონი კახი კავსაძე სრულებით მართებულად მეუბნებოდა, რომ სპექტაკლში კარგი მსახიობები თუ არ გყავს, მაშინ მისი საქმე გათავებულიაო. ამინ - ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ ეს აუცილებელი პირობა არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ რეჟისორის და შემოქმედებითი ჯგუფის ხედვა. პირდაპირ ვიტყვი, რომ მსახიობების ნამუშევარი ამ სპექტაკლში უსიტყვოდ არაჩვეულებრივია. სპექტაკლიდან გამოსულმა ჩემმა რეჟისორმა მეგობარმა პირდაპირ მითხრა: მუშტრის თვალით ვუყურებდი, რომ კახი კავსაძის ნამუშევარში წამის მეასედი სიყალბე მაინც დამეჭირა და ეს ვერანაირად მოვახერხეო. მსახიობების ასეთმა საოცარმა თამაშმა გამოგიტყდებით მეც დიდი ბედნიერება მომანიჭა (ამ სიტყვას ტყუილად არ ვიყენებ, რამეთუ ბედნიერება არა „წარმატებას“ არამედ შემოქმედებასთან, ან სიყვარულთან ზიარებას მოაქვს). მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არტისტული ოსტატობის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხედვას.

კლასიკური არისტოტელური ტრაგედიის ბოლო სტადიის „კატასტროფის“ შემდეგ, ადამიანი უკეთესი უნდა გახდეს. ამაზე წერდა ნიცშეც და დელიოზიც. მაგრამ რა ვქნათ, რომ აქ კლასიკური არისტოტელური ტრაგედია არ გვაქვს - ეს ტრაგი-კომედიაც არ არის - ეს მუსიკალური კარნივალური პოლიფონიური კომედიაა, რომელიც ტრაგედიას კატასტროფის გარეშე ეხმიანება და გვაგრძნობინებს. გვაგრძნობინებს ჩვენს საერთო უბედურებას, რომ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთის დავიწყება - ჩვენ გულგრილები გავხდით არა მარტო ერთმანეთის, არამედ ჩვენი წარსულის და მომავლის მიმართაც.
არადა, ეს გრძნობა გეუფლება მაშინ, როცა ამ სპექტაკლის არც ერთი გმირი ასეთი არ არის. რვავე ადამიანი, რომელიც თავშესაფარშია მოთავსებული, თავისებურად ემოციურია და მათ ერთმანეთის ბედი აღელვებთ. სწორედ ესაა ოსტოტობა, რომ მაყურებელს დაანახო ის, რაც შენი დადგმის გმირები არ არიან. მაყურებლისათვის გმირის დანახვება, მისი ღირსებისა თუ ნაკლის ჩვენება, შედარებით ადვილია. მაგრამ, იმის ჩვენება და იმაზე დაფიქრება, რასაც ისინი არ წარმოადგენენ, უკვე სხვა კალიბრის ოსტატობაა. 
 

ამ საღამოს, მე არ შემეძლო, რომ შუაღამემდე არ ვმჯდარიყავი და ეს წერილი არ დამეწერა.
ამ საღამოს, მე ვიცი, რომ ის საქართველო, რომელიც შემოქმედების და სიყვარულის ადგილი იყო, ახლაც აქ არის - უბრალოდ, ამას დანახვა უნდა.
მიბრძანდით, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, და ნახეთ „მოხუცი ჯამბაზები“ - ბევრ თქვენგანს უკვე ნანახიც აქვს. 

გოჩა კაპანაძე ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ნამდვილად მეამაყება, რომ მეტ-ნაკლებად, მისი შემოქმედებითი გზის ყველა ეტაპს ვიცნობ. მადლობა მას, რომ აცოცხლებს ქართულ თეატრს და, აქედან გამომდინარე, საქართველოს.
მადლობა ბატონ კახის, ქალბატონ ზაზას, ბატონ ჯემალს, ქალბატონ მარის, და ყველა მათკოლეგას - იმისათვის, რომ აცოცხლებენ საქართველოს, რადგან შემოქმედება სიკვდილს ამარცხებს... ისევე, როგორც სიყვარული. 

ჩვენმა გენიალურმა რეჟისორმა და რუსთაველის თეატრის მეტრმა, მაესტრო რობერტ სტურუამ, დაახლოებით 1990 წლიდან, თვითგამოცხადებული „საღათას ძილი“ დაიწყო (რომელიც, იმედია, მის ცხოვრებაშივე და მალე დასრულდება), მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს ქართული თეატრის.
მე მაქვს იმედი გოჩა კაპანაძის;
მე მაქვს იმედი გიორგი სიხარულიძის;
მე მაქვს იმედი ირაკლი გოგიასი.
ჭოლას, სუყოს და დოის იმედიც მაქვს; თავაძეების იმედიც მაქვს და საერთოდ, ყველა ნიჭიერი ქართველი რეჟისორის იმედი მაქვს.
და, რაც შეეხება მსახიობებს - მე მათში ეჭვიც არ მეპარება. ისინი ჩვენ ყოველთვის გვეყოლებიან.

დიდი მადლობა რუსთაველის თეატრს - „მოხუც ჯამბაზებს“ - თქვენ დღეს ჩემთვის ბედნიერება იმით მოიტანეთ, რომ თქვენი არტისტული ფოიერვერკით, ტექნოკრატიაც, კარიერიზმიც, გულგრილობაც და უსულგულობაც დაამარცხეთ.

ბრავო, ქალბატონებო და ბატონებო!
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. 

ესაა საქართველო - შემოქმედებითი არტ-იზანები

ანტონინ მარტო

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

02.11..2014

160x600

160x600

bottom of page