top of page

ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა რამდენიმე ფაქტმა.
ერთი ისაა, რომ ორი წელი გავიდა, რაც ნაციონალური რეჟიმი თითქოს და არჩევნების გზით დამარცხდა, თუმცა მათ მიერ მკაცრად დამკვიდრებული პოლიტიკური ხაზის დიდ ცვლილებებს, ბევრი მოქალაქე ვერ ხედავს.
მეორე ფაქტი ისაა, რომ 2012 წლის 1 ოქტომრიდან ორი წლის თავზე, ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ გამოფებულია ძალადობის კულტი.

ცხადია, არ მინდა უმადურ ადამიანად გამოვჩნდე და არ დავინახო ის უთუო პოზიტივი, რაც 2012 წლის არჩევნებს მოჰყვა:  დღეს ქვეყანაში უთუოდ მეტი დემოკრატია და ნაკლებად პოლიციური რეჟიმია, ვიდრე 2012 წლამდე.  თუნდაც ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ოფისებს შორის ხშირი შეუთანხმებლობაა, ამის ნათელი დასტურია.  ციხეებში, რაღა თქმა უნდა, უკეთესი ვითარებაა. ბატონი სერგიენკოს უწყებაში (რომლის მიმართაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან დიდი სამპათიები აქვს) დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობაა - პარლამენტმა ქართული ოცნების პერიოდში მიიღო უნივერსალური ჯანდაცვის კანონი, რომელიც, რაღა თქმა უნდა, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში გარკვეული პროგრესი იყო განათლების მიმართულებითაც - სასწავლო წიგნების დიდი ნაწილი უფასო გახდა, რითაც გაუადვილდა ცხოვრება სოციალურად გაჭირვებული ბავშვების უმრავლესობას.  პრემიერ მინისტრიც და პრეზიდენტიც საგარეო პოლიტიკის ბევრად უფრო ზომიერ და ჭკვიანურ ვერსიას გვთავაზობენ, ვიდრე ეს „რევოლუციურ“ საქართველოში ხდებოდა.  სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი ნამდვილად ქმედით ნაბიჯებს დგამს არაძალადობის სწავლების დასაწყებად, რაც ყველანაირად მისასალმებელია.  

მოკლედ, კარგი ბევრი მოხდა, მაგრამ ეს საშინლად არასაკმარისია.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო კი არა, გამწარებულია. და იმისათვის, რომ ამ გამწარების მიზეზი მოვნახოთ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტორები, სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, რომელთაც ხალხი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს.  სწორედ ამიტომ არის რომ ირმა ინაშვილის მიერ ნათქვამმა მწარე სიმართლემ ამხელა სიმპათია მოიპოვა მოსახლეობის უმრავლესობაში და, პირდაპირი მნიშვნელობით, გაახელა ელიტური, სხვის ხარჯზე გამდიდრებული ისტებლიშმენტის უმცირესობა.  

მაშ, რა არის საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტის გამწარების მიზეზი?

ამ კითხვაზე პასუხს, მოკლედ დავიწყებ: ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ჩვენი ხალხის უბედურებისა არის ჩვენში გამეფებული ძალადობის კულტი.  

ძალადობა შეიძლება იყოს პირდაპირი (ანუ ფიზიკურ-ვერბალური), სტრუქტურული (ანუ სოციალ-ეკონომიკური), ანდაც კულტურული (ანუ ეთნიკურ-რელიგიურ-პოლიტიკური).

დავიწყებ პირველით:  ქვეყანაში პირდაპირი ძალადობის დიდ კლებას ნაციონალების წასვლის მერე ვერ ვხედავთ. მართალია სახელმწიფოს მიერ ადგილი აღარ აქვს საკუთარი მოსახლეობის წამებას, გაუპატიურებას, ღირსების შელახვას და მასიურ ხოცვას, მაგრამ პირდაპირი ანუ ფიზიკური ძალადობა კვლავაც ჩვენი კულტურის და სოციალური სინამდვილის დიდ შემადგენელ ნაწილად რჩება. ეს არის უმთავრესი მიზეზი - და თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პედაგოგის - პაოლო ფრეირეს სიტყვებს რომ დავესესხო, „როდესაც საზოგადოებაში დომინაცია და იერარქიულობა ურთიერთობების უალტერნატივო ფორმად მიიჩნევა, მაშინ მშვიდობიან საზოგადოებაზე ლაპარაკი ძალიან რთულია“.
ჩვენთან საკმაოდ დიდია ოჯახური, ქუჩური და სათემო ძალადობის რიცხვი. აქ მნიშვნელობა არა აქვს სტატისტიკამ ნაციონალების მმართველობის შემდეგ ცოტათი დაიწია თუ არა. რომც დაიწიოს, ეს მაინც არ არის კარგი მდგომარეობა. საჭირო მიდგომის შეცვლა. არ შეიძლება, რომ ყველა ამ შემთხვევის პრევენცია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდეს. ის, რასაც დღევანდელი ეგრეთწოდებული ოპოზიცია, ანუ ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს მთავრობას, რომ გაამკაცროს პოლიციური რეჟიმი - გამოსავალი კი არა, დაღუპვისკენ გზაა. პოლიციური სახელმწიფო არ არის ქუჩური თუ ოჯახური ძალადობის ალტერნატივა - ეს ბევრ მაგალითზე ვნახეთ და იმედია აღარ გავიმეორებთ ჩვენს ან სხვათა მიერ ჩადენილ შეცდომებს და დანაშაულებებს.  სახელმწიფო ძალადობის მონოპოლიის მუდმივი განმტკიცება მხოლოდ და მხოლოდ დროებითი შედეგის მიღწევით არის დაინტერესებული - და საბოლოო ჯამში, ზრდის ძალადობის კულტურას ან კულტურულ ძალადობას.

ჩვენთან, უაღრესად მნიშვნელვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ძალადობის კულტს, არის ის, რომ საზოგადოების თითქმის ყველა ნაწილში ისმის სოციალური იერარქიების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემის აპოლოგია. ჩაგვრას, იერარქიას და ძალმომრეობას უალტერნატივოდ აცხადებენ როგორც პოლიტიკოსები, სხვადასხვა ეკლესიების მსახურები, აგრეთვე საგანმანათლებლო ინსტიტუტები და საზოგადოების მთელი ჭრელი სპექტრი, რა თქმა უნდა თავისი გამონაკლისებით. ეს ჩვენი ზოგადი და მტკივნეული პრობლემაა. ჩვენს საზოგადოებაში აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, რომ როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე საზოგადეოებრივ ასპარეზზე არის რეალური და პრაგმატული არაძალადობრივი კომუნიკაციის ხერხები და საშუალებები.   როგორც კი ვინმე ამ ხერხებზე იწყებს ლაპარაკს, მას მაშინვე ეუბნებიან, რომ ქართველი ერის კულტურა იმდენად დაბალია რომ ასეთი ჰუმანურობისგან ჯერ შორსაა.

მაშ, გიჟი და გადარეული იყო თავადი ილია ჭავჭავაძე, როდესაც 1860-იან წლებში დაიწყო მომრიგებლობა დუშეთის მაზრაში? არა, ის მეტად პრაგმატული იდეალისტი იყო, როგორც მაჰათმა განდის უყვარდა თქმა. მაშინაც, ქართული საზოგადოების გამოჯანმრთელების ერთ-ერთი გზა, სწორედ ძალმომრეობის შეწყვეტა იყო.  ილიამ, ბატონ-ყმობის გაუქმების პერიოდში, სწორედ ძალადობის პრევენციის ამოცანა დაისახა ერთ-ერთ ქართულ რეგიონში და ამით დაიწყო მისი მოღვაწეობა საქართველოში. ეს ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ საქნციონირებული მომრიგებელი-მოსამართლის სტატუსს ატარებდა, იყო ტრადიციული ინსტიტუტების (მაგალითად ხევისბერი, მახვში, ყარაჩოღელი და ასე შემდეგ) სეკულარული და სამოქალაქო ალტერნატივა. ამით მან დიდი საქმე დაიწყო და საკმარისად წარმატებულადაც.  თუმცა, 1907 წელს ბოლშევიკებმა ილია სწორედ იმიტომ გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ მას პირდაპირ ძალადობაზე უარი ჰქონდა ნათქვამი და რეალურადაც შეეძლო ადამიანების შერიგება. ამის მერე, სტალინის თაოსნობით, მომრიგებლის ფუნქცია საბჭოთა ტოტალიტარულ იმპერიაში კრიმინალებს ჩააბარეს. 

„კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტის ხელშეწყობა საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდი დანაშაული იყო, მაშინ როდესაც ხალხში ავტორიტეტის მქონე პიროვნება, რომელიც ქურდი და ბანდიტი არ იყო, ოფიციალურად ჩაანაცვლეს კრიმინალით.  ეს კარგა ხანს გაგრძელდა - მანამ, სანამ მიშა სააკაშვილის „რეფორმისტმა-ნაციონალისტებმა“ არ დააპირებს „ქურდის“ ჩანაცვლება ძმები ახალაიაების მსგავსი სახელმწიფო ძალადობის განმახორციელები ნახევარრობოტებით, რომლებიც გულგრილად ისტუმრებდნენ სასაკლაოზე ყველა ტიპის ადამიანს. ნაციონალურმა პარტიამ სახელმწიფო ძალადობის მონოპოლიის ავტორიტარული სისტემა დაამყარა, რომლითაც თითქოს კრიმინალს წინ აღუდგა.  მაგრამ, ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო.  ამას მოყვა მხოლოდ ზედაპირული ცვლილება და სინამდვილეში ძალმომრეობა საზოგადოებაში კიდევ უფრო გაძლიერდა - მიუხედავად იმისა რომ „ქურდებს“ ციხეში სახალხოდ აუპატიურებდნენ (რაც თავისთავად კიდევ უფრო უარესი კრიმინალია, ვიდრე თავად „ქურდობა“).   ძალადობით ძალადობის დამარცხება შეუძლებელია - ეს თითქოს უკვე აქსიომა უნდა იყოს და პოლიციური სახელმწიფო საშველი არ არის.  თუმცა დღეს მავანი ისევ ითხოვს პოლიციურ სახელმწიფოს - რითაც ჩვენს საზოგადოებას ისევ და ისევ დიდ მანკიერ წრეში უბიძგებს.  სინამდვილეში კი, ძალმომრეობის ამ მორევის დამარცხებას სულ სხვა რამ სჭირდება. 

ძალადობის ალტერნატივის მოძებნისათვის საჭირა მკვეთრი საგანმანათლებლო რეფორმა - როგორც პირველადი, ასევე მეორადი განათლების სფეროში. აქ ადამიანები ისწავლიან არაძალადობრივ კომუნიკაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმ საშინელი პრობლემებისა, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი საზოგადოება.  ძველბიჭური ინსტიტუტის დამარცხება შეუძლებელია პოლიციური მეთოდებით - ამით მხოლოდ კრიმინალების და ძველი ბიჭების წამებულის მანტიაში გახვევას ახდენს სახელმწიფო, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ დააბრუნოს ეს მიჩუმათებული მჩაგვრელები. არაძალადობა ჩვენი პედაგოგიკის დიდ ნაწილად უნდა იქცეს და უნდა ისწავლებოდეს ჩვენი საზოგადოების ყველა უჯრედში. ჩვენ უკვე გამოვედით ინიციატივით რომ აღდგეს ილია ჭავჭავაძის მიერ დამმკვიდრებული და სტალინის მიერ უარყოფილი მომრიგებლის ინსტიტუტი.  მომრიგებელი (და მედიატორი სრულად არ მოიცავს მომრიგებლის ფუნქციას და ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა) ყველა უბანში, ორგანიზაციაში, სკოლაში თუ თემში უნდა იყოს. ამის სახალხო ტრადიციაც არსებობს და სამოქალაქოც. ილია ჭავჭავაძის მიერ დამკვიდრებული მომრიგებლის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ სკოლაშია უკვე დამკვიდრებული - ძირითადად საშუალო კლასის და მდიდრების სკოლებში - და ამ სკოლებში ძალადობის შემთხვევები მკვეთრად არის შემცირებული.  ამის საწინააღმდეგოდ, გეტოები, სადაც მომრიგებლობა მანდატურის ფუნქციებში შედის, ძალადობის სტატისტიკა გაცილებით მაღალია. მანდატურის შიში ვერ იწვევს ძალადობაზე უარის თქმას. ჭაბუკი განგსტერები (ასე უწოდებენ თავის თავს ამერიკელი ძველი ბიჭები) იარაღს სკოლასთან ახლოს მალავენ და სწავლის დამთავრების შემდეგ, ისევ ისეთი დაუნდობლობით უსწორდებიან ერთმანეთს.
მანდატურის ინსტიტუტი ძალადობასთან ბრძოლაში მხოლოდ უკანასკნელი რეზორტია.  

აუცილებელია დღესვე დავიწყოთ მუშაობა მთელს ქვეყანაში მომრიგებლის ინსტიტუტის აღდგენაზე და არაძალადობრივი კომუნიკაციის სწავლებაზე - აქ პირველადი მნიშვნელობა სწორედ განათლების სამინისტროს აქვს და მასთან ერთად, ყველა დანარჩენსაც.  ეს უნდა იყოს ინტერდისციპლინარული რეფორმა, რომელიც მთელს საზოგადოებას მოიცავს და სკოლის მერხიდან დაიწყება.
ჩვენ არ დაგვჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება - არსებობს უკვე ნაცადი და აპრობირებული მეთოდები, რომლთაც არაჩვეულებრივი შედეგი აქვთ სხვადასხვა საზოგადოებებში. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია რამოდენიმე ტიპის მესამე მხარის მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში: ეს არის არბიტრატორი (ანუ მომრიგებელი-მოსამართლე), მედიატორი, ფასილიტატორი, კონსულტანტი და ასე შემდეგ.  ყველა მათგანს სხვადასხვა ტიპის ძალაუფლება აქვს და სხვადასხვანაირად ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას ძალადობის თავიდან აცილების გზითა და მიზნით. ყველა ამ შემთხვევაში, აუცილებელია კონფლიქტების წარმომქმნელი მიზეზების კარგი და საფუძვლიანი ანალიზი - იმისათვის, რომ შემდეგ მისი მოგვარება შესაძლებელი გახდეს.  

პირდაპირ ანუ ფიზიკურ ძალადობას ძალიან უწყობს ხელს სტრუქტურული და კულტურული ძალადობა. სტრუქტურული ძალადობის ძირები სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია და კულტურულის კი ისევ განათლების სისტემაში.  შედეგად, ვიღებთ იმას რომ განათლების სისტემა დღემდე ძალადობის ალტერნატივას ვერ პოულობს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სისტემა მთავრობაში, ეკონომიკის სამინისტროდან დაწყებული.  არადა, დრო არ ითმენს - რაც დრო გადის, მით უფრო სახიფათო ხდება ეს ძალადობის კულტი. ჩვენ ცოტაღა გვაშორებს ნაციონალური მოძრაობის პათოლოგიური მმართველობის სტილის დაბრუნებამდე - ახლა წამოვა მოთხოვა „ძლიერი ხელისა“ და მთავრობას ალტერნატივა აღარ ექნება.  ეს კი დიდი შეცდომა და უფრო მეტიც, დანაშაულია. ამიტომაც, დროა ერთად დავიწყოთ მუშაობა განათლების და მთლიანად სახელმწიფო მართვის სისტემაში არაძალადობრივი კომუნიკაციის სწავლებისა და დამკვიდრებისათვის. საქართველოში ამის სპეციალისტებიც არიან და ეს სულაც არ არის შეუძლებელი.  მთავარია იყოს ნება ხელისუფლებისაგან.

მომრიგებლის ინსტიტუტის აღორძინება საქართველოში, თავისი თანამედროვე ფორმით, დღევანდელი დღის იმპერატივაა. ეს აუცილებელია ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელი განვითარებისათვის. და თუ ხელისუფლებას ამის ნება ექნება, მაშინ საზოგადოების დიდი ნაწილი მასთან კონსტრუქციულად ითამაშრომლებს.  

ილია ჭავჭავაძის გზა ბევრად უფრო ღირებული და სწორია ვიდრე ან ნაციონალური მოძრაობის პოლიციური მოდელი, ანდაც სტალინის მიერ დაკკვიდრებული „ქურდული მენტალიტეტი“.  

ძალადობის ალტერნატივა სწორედ ილიას გზაა - და ამ გზის მოძებნა არ არის რთული. რთული ამ გზაზე სიარულია გადახვევის გარეშე. 

ძალადობის კულტი საქართველოში

ანტონინ მარტო

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

07.10.2014

160x600

160x600

bottom of page