top of page

„ვოლტერის ნაბიჭვრები“ - ეს ჯონ როლსტონ სოულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის სათაურია. ეს წიგნი თავის დროზე კანადისა და ჩეხეთის პრემიერ მინისტრების სამაგიდო წიგნი იყო. ასე სოული თანამედროვე ტექნოკრატიული „ექსპერტების კლასს“ უწოდებს. „ვოლტერის ნაბიჭვრები“ ეს ის კლასია, რომელიც დღევანდელ დისკურსს წარმართავს და განმანათლებლობაზე აქვს პრეტენზია.
ამ კლასს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმებით შემოღებული აქვს ე. წ. „ექსპერტის“ სტატუსი, რომელსაც, ხშირად, სრულიად დაუმსახურებლად ანიჭებს „ზედმეტად მონდომებულ“ ფსევდო-ინტელექტუალებს.
საბოლოო ჯამში, ისევე, როგორც დიდი ინკვიზიციის დროს, მთავარია არა ნამდვილი ცოდნა, არამედ ერთგულება ყალბი იდეოლოგიის მიმართ. დიახ, დღევანდელ ტექნოკრატიულ ელიტაშიც განმსაზღვრელი სწორედაც რომ იდეოლოგიური ფაქტორია და ამ ყოველივეს დისკურის საკუთარი ფორმებიც გააჩნია.
დიდი ინკვიზიციის მსახურებისა არ იყოს, „ვოლტერის ნაბიჭვრებისათვისაც“ სრულიად მიუღებელია ოდნავი გადაცდომა საკუთარი „სეკულარულ-მეცნიერული“ დოგმებისაგან. თუკი ვინმეს მეტაფიზიკისაკენ გაექცევა თვალი და რაიმე ინტუიტურ სიმართლეზე ალაპარაკდა, მას სიმბოლურ „კოცონს“ მოუწყობენ და უმალ გარიყავენ „ექსპერტთა“ რიგებიდან.

მათ შორის არიან სხვა დენომინაციების თაყვანისმცემლები, ნეტარი ავგუსტინეს ფანფარონი ფანები, ანკი, სულაც, ისეთი იდეოლოგიური „ქორები“, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ილიას უნივერსიტეტის წიაღში ინტერნეტ-გამოცემა „ჯვაროსანსაც“ უშვებდნენ. ეს ერაყში საომარი კამპანიის დროს ხდებოდა - მაშინ, როცა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს ახლო აღმოსავლეთში ნავთობის დასაპატრონებლად „ჯვაროსნული ლაშქრობა“ ჰქონდა გამოცხადებული.
ახლა „ჯვაროსნებმა“ პროფილი შეიცვლეს და ბუშის ექსტრემისტული ნეოკონსერვატიული ლიბერალიზმიდან, უფრო ტრადიციულ, კულტურული მემარცხენეებისათვის დამახასიათებელ „იდენტობის პოლიტიკას“ მიაშურეს და იქიდან დაიწყეს მართლმადიდებლობის ლანძღვა-გინება.
ცხადია, ყველა სახის კრიტიკაში არის რაღაც სასარგებლო. ქართველი ლიბერალების კრიტიკულ (თუ კი შეგვიძლია ამას ასე ვუწოდოთ) წერილებში სასარგებლო ისაა, რომ აშკარად ჩანს, თუ რა საშინელ დღეშია დღეს საქართველოში საგანმანათლებლო სისტემა, რადგან ეს ადამიანები, რომელთაც პრეტენზია აქვთ განათლებულობაზე, უკიდურესად შეუწყნარებლები არიან ოდნავ განსხვავებული პოზიციის მიმართაც.

ერთი ჟურნალის რედაქტორი ერთი კვირით მონასტერში წავიდა, სულიერი სიმშვიდე მოიპოვა და ამის შესახებ მკითხველს უამბო. ამის მერე, სასწრაფოდ გამოვიდნენ „ქართული ლიბერალიზმის მამები“ და საჯაროდ დაგმეს - არა მხოლოდ ეს ადამიანი, არამედ თვითონ ის ფაქტიც, რომ ადამიანმა შეიძლება მართლმადიდებლურ (ხაზს ვუსვამ - ქართულ მართლმადიდებლურ) მონასტერში თავი კარგად იგრძნოს. ეს ხომ ჩვენი „სეკულარული რელიგიის“ „ეპისკოპოსებისათვის“ ანათემაა! როგორ შეიძლება ადამიანს არამატერიალური სიამოვნების განცდა ჰქონდეს საქართველოში?
აქაც საინტერესო დეტალია, რადგან ბევრი მათგანი იგივე კათოლიციზმს, რომელსაც უამრავ კარგთან ერთად, ინკვიზიციის დიდი ტრადიციაც აქვს გაიდეალებული, ვარდისფერი სათვალეებით უყურებს - ასევე ამერიკული ლინჩის წესის დამამკვიდრებელ პროტესტანტებს. ეს საინტერესო ტიპის რასიზმია, რომელიც საკუთარი ერის და იდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ, თუ ჩვენ საქმე გვაქვს იდენტობის გადაძლევის და მასზე მაღლა დგომის სურვილთან - ამას რა სჯობია?
თავის ნაშრომებში ფრანც ფანონი სწორედ ამაზე წერს - კოლონიზაციისგან თავდაღწეული ერების მთავარი გამოწვევა, სწორედაც რომ საკუთარი იდენტობის გადალახვაა და ზოგად-ადამიანური ჰუმანისტური იდეების შესისხლხორცება. ეს ხომ ძალიან კარგია. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ჩვენს „ნაციონალურ ლიბერალებს“ მიზნად სულაც არ აქვთ იდენტობის გადაძლევა - მათ კარგად, გაცნობიერებულად აქვთ შეთვისებული „ევროპული იდენტობა“ - თანამედროვე ტექნოკრატიული კლიშე, რომელიც შეიცავს კულტურული იმპერიალიზმის დიდ ნიშნებს. ამავე კატეგორიის ხალხს, საკუთარი აღმატებულობისა და პრივილეგირებულობის დასამტკიცებლად, 40 წლის წინ რუსული „სვეცკი“ იდენტობა ჰქონდა მომარჯვებული. ახლა კი, კონიუნქტურა შეიცვალა. ყველაზე დიდი მატერიალური შესაძლებლობები სწორედ დასავლურ ტექნოკრატიულ მანქანას აქვს - ის იძლევა არა მარტო გრანტებს, არამედ დიდ ხელფასებსაც, იარაღსაც, ტრენინგებსაც და თანამედროვე „კარიერისტული ოცნების“ დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებებსაც.
საბჭოთა იმპერია ისტორიას ჩაბარდა - თანამედროვე რუსეთიც ნეოლიბერალური ფსევდო-იმპერიაა, რომელსაც ავტოკრატი ოლიგარქი მართავს - ასე რომ დღევანდელი „ოქროს სასახლე“ სწორედაც რომ ვაშინგტონშია, ან ბრუსელში.
ჩვენი საზოგადოება დღეს ორ მტრულ ბანაკად არის გახლეჩილი - და ეს არ არის დაპირისპირება მიშისტებსა და ბიძინისტებს შორის - არა!
ეს არის დაპირისპირება სეკულარულ და რელიგიურ „ქორებს“ შორის. ისევე, როგორც რელიგიური „ქორები“ სრულ მათეულ ინტერპრეტირებას უკეთებენ ქრისტეს, მუჰამედის ან იგივე ბუდას იდეებს, ასევე „სეკულარული ქორები“ სრულიად არასწორად გადმოგვცემენ ჰუმანიზმის და იგივე ლიბერალიზმის არსს. ჰუმბოლტის ლიბერალიზმისგან ან ლოკის ლიბერალიზმისგან აღარაფერია დარჩენილი. დღეს სახეზე გვაქვს ბრძოლა დისკურსზე ბატონობისათვის ორ გააფთრებულ ჯგუფს შორის, რომელთაგან არც ერთი არ ფიქრობს ადამიანზე - ორივე აპელირებას აკეთებს „ხალხზე“ და ამ ხალხში, პირველ რიგში, საკუთარ თავს და, მასთან ერთად, მის კორპორატიულ და იდენტობის ჯგუფს გულისხმობს. მიდის გამუდმებული „ერთმანეთის ჭამა“ - სოციალური ქსელების შემოსვლასთან ერთად, ამ კონფრონტაციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. გამდუმებით ხდება მეორე მხარის დეჰუმანიზაცია, ანუ მისთვის ადამიანური თვისებების წარმოსახვითი წართმევა და მისი გაიგივება „არაადამიანთან“ - ისეთ არსებასთან, რომელსაც მხოლოდ „საფლავი გაასწორებს“, როგორც ძველი ანდაზა ამბობს.
ყველა ერის ტრადიციებს, დროდადრო, განახლება სჭირდება და მის სამეტყველო და სამოქმედო არეალში ახალი პარადიგმების შემოსვლა. ასეც ხდება. მაგრამ ზოგი საზოგადოება, ახალი პარადიგმის შემოქმედებით ენერგიას საკუთარ თავში პოულობს, და ზოგიც, მხოლოდ გარეთ ეძებს.
აქ ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს. დღეს საქართველოში მასიური, კოლექტიური არასრულფასოვნების კომპლექსია. თუ „რელიგიური ქორები“ ავტორიტეტად იმოწმებენ არა ქართველ გრიგოლ ხანძთელს, არამედ სერაფიმ სოროველს, მათი სეკულარი კოლეგებიც, უცხოეთში გარბიან და ილია ჭავჭავაძეს ან ნიკო ლორთქიფანიძეს ანაცვლებენ ჰაიეკით, ან მილტონ ფრიდმანით, ან უკეთეს შემთხვევაში, უინსტონ ჩერჩილით. არც ერთი ამ უცხოელი მოღვაწის მიმართ პრინციპული სიმპათია ან ანთიპათია არ გამაჩნია - მაგრამ ზოგადად, ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია, რომ ჩვენ დღეს თითქოს არ შეგვიძლია "ჩვენი ვშვათ მყოოფადი“ - სულ უცხოს ვუყურებთ და ეს ყურება აუციელებლად კრახით დამთავრდება, მეგობრებო.
ნებისმიერმა საზოგადოებამ ახალი მაცოცხლებელი ღირებულებები და აზროვნების პარადიგმები საკუთარი წიაღში უნდა მოიძიოს. კარგია კარლ მარქსის, თუ ჟილ დელიოზის ცოდნა - მათი იდეების გამოყენება.არანაკლებ კარგია მაჰათმა განდი თუ აკუტაგავა...მაგრამ მთავარია ჩვენ თუ შეგვიძლია ჩვენი მომავლის აგება?!
სურათი ოპტიმისტური რომ იყოს, კარგი იქნებოდა. ბევრი შრომა გვმართებს - პირველ რიგში განათლების სფეროში, რომ ჩვენ ჩვენი კოლექტიური არასრულფასოვნების კომპლექსი მოვიშოროთ.სხვათა შორის, ამ კომპლექსის გამოხატულება იყო აგრეთვე მიშა სააკაშვილის მიერ იმის გაცხადება, რომ ჩვენ „უძველესი ევროპელები ვართ“ (ვითომ ჩინელები ან ინდოელები, ან თუნდაც კავკასიელები რითიმე ევროპელზე ნაკლებნი არიან) და, ამავე დროს, მისივე მოკავშირე ნეოლიბერალების მიერ ყველაფერი „გრუზინულის“ ჩამორჩენილად და ფუჭად გამოცხდება.და ეს არ ეხება მარტო სააკაშვილს და მის მომხრეებს. ეს მთელი ჩვენი საზოგადოების კოლექტიური ჭირია.მსოფლიოში განთქმულმა ლიტერატურის კრიტიკოსმა, ენათმეცნიერმა და ფილოსოსმა მიხაილ ბახტინმა თავისი „პოლიფონიურობის თეორია“ სწორედაც რომ ქართულ ხალხურ სიმღერაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა. დღეს ეს თეორია ბევრ სხვა სწავლებას დაედო საფუძვლად. ამ დროს კი, ჩვენი ეგრეთოწდებული ინტელექტუალური კლასი (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ და იმედია ყველა ამას თავის თავაზე არ მიიღებს) ევროპული „განმანათლებლობის“ ყავლგასულ იდეებს „ამკვიდრებს“ საქართველოში. იმ იდეებს, რომელთაც უკვე დიდი ხანია თვით პროგრესული ევროპა და ამერიკა კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. დღევენადელობის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი დიდ დროს უთმობს ილუმინატების იდეების კრიტიკას და იმის წარმოჩენას, რომ ამ სეკულარულმა რელიგიამ მეოცე საუკუნეში კაცობრიობას დიდი უბედურებები მოუტანა - ისეთები, როგორებიცაა აუშვიცი, და ბევრი სხვა საკონცენტრაციო ბანაკი. ნაციზმის, ფაშიზმის და ბოლშევიზმის იდეები მთლიანად ამ სეკულარული რელიგიის კანონიერი შვილები იყვნენ.

ცხადია, მარქსი ვერ წარმოდგენდა რომ ბოლშევიკები ასე „წარმატებით“ დაამახინჯებდნენ მის იდეებს, ისევე როგორც ნიცშესაც არასდროს დაესიზმრებოდა ჰიტლერი ან მუსოლინი. მაგრამ ფაქტია რომ ილუმინატებმა დიდი კრახი განიცადეს მეოცე საუკუნეში და აგერ უკვე 30 წელია რაც პოსტმოდერნის ფილოსოფიამ „განმანათლებლობის“ აქტიური დეკონსტრუქცია დაიწყო.იურგენ ჰაბერმასი დღევანდელ ეპოქას „პოსტ-სეკულარულსაც“ უწოდებს. დაახლოებით 30 წელია, მთელს მსოფლიოში დაბრუნდა ახალი ტიპის, პოსტმოდერნული რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელიც არის არა პირველადი რელიგიური ფანატიზმი, არამედ სწორედ რეაქცია სეკულარული და ათეისტური რელიგიის კრახზე. საბჭოთა კავშირის, ამ ათეისტური იმპერიის დაშლა და ჩინეთის ნელ-ნელა გაკაპიტალისტურება და გალირებალება სეკულარული რელიგიის აშკარა ჩავარდნები იყო. ამ დიდი ქვეყნების და „დერჟავების“ მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ მათ რესურსები არ ეყოთ ან ადამიანები - მათ „იდეებს“ ყავლი გაუვიდა - მათი ამქვეყნიური რელიგიის თვით მათივე ცეკას მდივნებს და მთავრობის თავმჯდომარეებს აღარ სწამდათ. მათთვის, ცხოვრების ერთადერთი მისაღები წესი ლიბერალური კორუფცია გახლდათ.ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ალან ბადიუ კარგად ამბობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის მთავარი მიზეზი ისაა, რომ იდეები და იდეალები, რომლის გულისთვისაც ღირდა ცხოვრება და ღირდა სიკვდილი, ნეოლიბერალურ კორუფციაში ჩაიხრჩო. ჩვენი ეგრეთწოდებული „ინტელექტუალური კლასი“, ანუ ახალი - „ლიბერალური ინტელიგენცია“ კი, ცდილობს ეს ყავლგასული იდეები ცხოვრების წესად დაამკვიდროს.
როცა მთელი პროგრესული მსოფლიო მსჯელობს ვესტფალიის პრინციპების მცდარობაზე, ჩვენთან ეს ხელშეუხებელი დოგმაა.
მავანნი იტყვიან, რომ ეს ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ბრალია. მაგრამ, ჩემთვის გეოპოლიტიკა ვერასდროს იქნება ინტელექტუალთა სირეგვნის გამართლება. მითუმეტეს, როცა ვხედავ, რომ უბრალო ხალხი, უმეტესობა თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქთა ქუჩებში, კარგად ერკვევა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში.
მათ ამის შესახებ წაკითხული არა აქვთ...
არც ჩემსავით უმუშავიათ კორნელის უნივერსიტეტში და არც ჰარვარდში უსწავლიათ გია მაისაშვილივით.
მათ ინტუიტურად ესმით ცხოვრების სიბრძნე. ამ ინტუიციამ იყო, რომ ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ დააწერინა - მას არ ჩატარებია „ტრენინგები ტოლერანტობის“ თემაზე და არც მულტი-კულტურალიზმის კოლოკვიუმი გაუვლია. არადა, მისი ნაწერები თავისი კოსმოპოლიტიზმით ყველა ამ ტრენინგს ერთად აჯობებს.
მკითხველი უეჭველად იკითხავს: რა არის ამ ჩვენი უაზროდ დაპირისპირებული მდგომარეობიდან გამოსავალი? როგორ დავძლიოთ ძალადობის ეს ჯაჭვი აზროვნებაში?
ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა ერთმანეთში ადამიანები დავინახოთ და დავიწყოთ გულწრფელი დიალოგი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ოღონდ, არა ერთმანეთის გინება - რაც უკვე ნორმაა სოციალურ ქსელებში. ვეძებოთ ახალი მაცოცხლებელი პარადიგმა ჩვენი მომავლისათვის - შევქმნათ ახალი სოციალური მეწარმოების პროექტი - ოღონდ ამ პროექტში ნურც გავაფეტიშებთ და ნურც სრულიად ვუარყოფთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, რელიგიას ან ზნე-ჩვეულებებს. ამ ტრადიციებში ბევრი კარგიც არის და თუ რამ შესაცვლელია, ამაზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, უცხოური ავტორიტეტების მოშველიების გარეშე.
რა თქმა უნდა, მე იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ უცხოური განათლების მიღება არაა საჭირო. თავადაც, თუნდაც ამ წერილში, არა ერთი უცხოელი ავტორი მომყავს და ვეყრდნობი მათს ნააზრევს. უბრალოდ, იმის თქმა მსურს, რომ ყოველივე საკუთარის ძირშივე უარყოფა ისეთივე რასსიზმია, როგორც ყოველივე უცხოს კატეგორიული მიუღებლობა.
დავიწყოთ ნაციონალური დიალოგი - ბევრ სხვადასხვა საკითხზე - მათს შორის სეკულარიზმსა და რეიგიურობაზეც. და დიალოგის მიზანი უნდა იყოს მარტივი და ნათელი: ვიპოვოთ ახალი პარადიგმა 21-ე საუკუნის საქართველოსთვის.
ამაში, რელიგიურისა არ იყოს, ვერც სეკულარული დოგმები დაგვეხმარება.
ჩვენ უნდა ავმაღლდეთ „ილუმინატის წიმნდა მამების“ დოგმებზე და ახალი განმანათლებობა საკუთარი ძირებშივე მოვიძიოთ. რა თქმა უნდა სხვების გამოცდილების გათვალისწინებით. ეს არის მთლიანი, ასე ვთქვათ, სავსე მიდგომა - რომელსაც, რიგ შემთხვევებში, ჰოლისტურს უწოდებენ.

ფრანგი ფილოსოფოსი ფრანსუა ლიოტარი, ძალიან კარგად ამბობს თავის წიგნში „პოსტმოდერნული კონდიცია“, რომ ამ კლასის მთავარი საბრძოლო იარაღი „მწვალებელთა“ ირონიული ღიმილით გამოვლენა და, სასჯელის სახით, მათთვის პროფესიული განვითარებისათვის საჭირო „აირის“ გადაკეტვაა.
მოკლედ, თავისი შინაარსით, ექსპერტთა სამეფოში შემავალი „ვოლტერის ნაბიჭვრები“ ზუსტად იგივე იერარქიულ სტრუქტურას ახორციელებენ, როგორც ამას თავის დროზე „წმინდა ინკვიზიცია“ აკეთებდა. ცხადია, ამას რეაქცია მოჰყვება და ამიტომაც პოსტმოდერნის ხანაში გამოიკვეთა ახალი ტიპის რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელიც, თავისთავად, არც ძველის ავტომატური გაგრძელებაა და არც წმინდა წიგნებში გაწერილი დოგმა.
1979 წლიდან, ანუ, იმ მომენტიდან, რაც რევოლუციურ ირანში დასავლური საფრანგეთიდან ჩარტერული რეისით აიათოლა ჰომეინი დააბრუნეს, საქმე გვაქვს ე. წ. „პოსტმოდერნულ ფუნდამენტალიზმთან“ - ისეთ რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან, რომელიც აუცილებლად არ მიიჩნევს სახელმწიფოსათვის მორჩლებას. პირიქით, აიათოლა ჰომეინით დაწყებული, თალიბებითა და შემდეგ, უსამა ბინ ლადენით დამთავრებული, ფუნდამენტალისტები არ ცნობდნენ სეკულარულ მონარქებს თუ რესპუბლიკებს და ცდილობდნენ რელიგიური თეოკრატიული სახელმწიფოების დამყარებას.
ეს, შეიძლება ითქვას, წმინდად პოსტმოდერნული მოვლენაა. ეს არის რეაქცია „ვოლტერის ნაბიჭვრების“ ფსევდო-სეკულარიზმზე და მათს კორუფციაზე.
როცა ბოლო 30 წლის განმავლობაში სეკულარიზმს ეგვიპტეში მუბარაქი წარმოადგენდა, სრულიად წარმოაუდგენელია არჩევნები „მუსლიმთა საძმოს“ არ მოეგო.
დღეს, ათათურქის მიერ სისხლით აშენებულ სეკულარულ თურქეთშიც კი, პოსტმოდერნ-ფუნდამენტალისტები არიან ხელისუფლებაში, თუმცა დემოკრატიული წესით მოსულნი. მათ, ჰომეინისგან განსხვავებით, არ დასჭირვებიათ რევოლუცია და ამერიკის საელჩოს ხელში ჩაგდება - უბრალოდ, მათ თავის კორუმპირებულ სეკულარულ მეტოქეებს „ლიბერალური-დემოკრატიის“ თამაშში მოუგეს.
ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ლამის ომის დონემდე მისული დაუნდობელი აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რბილად რომ ვთქვათ, ეს აზრთა გაცვლაც არაა - ეს არის ლანძღვა-გინების გაცვლა, ან კორიანტელი.
ვფიქრობ, რომ ლიბერალურ-კონსერვატიული დიქოტომია მთლიანად ხელოვნურია მაშინ, როდესაც ბევრად უფრო სერიოზული პრობლემებია საქართველოშიც და მთლიანად, მსოფლიოშიც. თუმცა ჩვენს საზოგადოებაში გამუდმებით მიდის ამ ორ პატარა ჯგუფს შორის კინკლაობა და მთელი საზოგადოება დიდი ინტერესით უცქერს ამას, გეგონება უფრო მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდეს. არადა, გვერდზე შეიძლება თოთო ბავშვი შიმშილით კვდებოდეს და ჩვენი ეგრეთწოდებული „ინტელექტუალები“ ამაზე ყურსაც არ იბერტყავენ. მათთვის ეს უკვე მიღებული აქსიომაა - რომ ჩვენი „თავისუფალი საზოგადოების“ და „თავისუფალი ბაზრის პირობებში“ ბავშვები უნდა დაიხოცნონ სიკვდილით - მთავარია, შენარჩუნებული იქნას პოლიტკორექტულობა, რომელსაც ლიბერალი და კონსერვატორი ფუნდამენტალისტები საკუთარი პრიზმით უყურებენ.
სინამდვილეში კი ორივე ეს მყვირალა პატარა ჯგუფი ნეოლიბერალური ეკონომიკური წესრიგის მსახურიცაა და ბენეფიცაირიც. ისინი ემსახურებიან ამ უსამართლო სისტემას და მისგან პრივილეგიებსაც იღებენ. ზოგიერთი ამ დანაშაულებრივი სისტემის „კულტურული კომენტატორია“, ზოგი კორპორატიული იურისტი, რომელიც მოპარული ფულების გაპრავებაში ეხმარება, ზოგიც კი უბრალოდ „ჟამთ-აღმწერელი“.
ჩემი ეს წერილი გამოძახილია დავით ზურაბიშვილის მეტად საინტერესო ბლოგზე: „ნაციონალური ლიბერალიზმის თავისებურებანი“ და სოციალ ქსელებში ამ ბოლო ხანს გამართულ, ლამისაა ხელჩართულ ბრძოლაზე ეგრეთწოდებულ „ჰარდკორ“ სეკულარისტებსა და მორწმუნეებს შორის. 
პირველ რიგში, მინდა დავეთანხმო დავით ზურაბიშვილს მისი წერილის ბევრ ნაწილში, სადაც ის აღწერს ქართული ლიბერალიზმის მახასიათებელ ნიშნებს და აღნიშნავს, რომ ჩვენთან ლიბერალიზმის იდეა ავტომატურად ასოცირდება ყოველივე საკუთარის აპრიორულ უარყოფაში, რაც უნდა კარგი იყოს ეს საკუთარი. ექსტრემალური ნაციონალიზმისაგან ეს ექსტრემალური ნიჰილიზმი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება - უბრალოდ ისარს მიმართულება აქვს შეცვლილი. თუკი ვინმეს რამე მოსწონს ქართულ ეროვნულ ტრადიციებში, ის მაშინათვე ცხადდება „ბნელად“, „გოიმად“ და ხდება მისი გარიყვა-მარგინალიზება „პრადვინუტ-ლიბერალური“ წრეებიდან.
იგივე ეხება მართლმადიდებლობასაც. ქართველი ლიბერალები, ზოგადად, რელიგიის წინააღმდეგი იშვიათად თუ არიან. 

ვოლტერის ნაბიჭვრები

ანტონინ მარტო

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

12.11.2013

160x600

160x600

bottom of page