top of page

წინა წერილში ადოლფ ჰიტლერთან და გასული საუკუნის 30-იან წლებთან გავავლეთ პარალელები. ის, რომ ეს ყურით მოთრეული არ ყოფილა, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის იმ განცხადებამაც დაადასტურა, რომელიც მან ამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა და რომელსაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა - პუტინი, დონალდ ტუსკს უკრაინის გაყოფას სთავაზობდა.

მოგვიანებით, სიკორსკი, რომელიც რატომღაც არ ელოდა, რომ მის ნათქვამს ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა, ვითარების შემსუბუქებას შეეცადა, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო. და რაც ყველაზე ნიშნანდობლივია - მსოფლიოში არავის გაკვირვებია, რომ რუსეთის ლიდერი ასეთი კატეგორიებით აზროვნებს და მოქმედებს.

გინდა არ გინდა, აქ რაიჰის ფიურერისა და საბჭოეთის ბელადის მიერ ორად გაყოფილი პოლონეთი გახსენდება და ერთხელაც რწმუნდები - პუტინი სხვა დროის „პერსონაჟია“.

რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის მრავალგზის და უხეშ დარღვევაზე დღეს ბევრს საუბრობენ - 2008 წლის მოვლენებზე რომ აღარფერი ვთქვათ, აგერ, ყირიმის ანექსია მთლად ახალი ამბავია. ცხადია, მიუხედავად არა ერთი მსგავსებისა, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აქვთ, სხვაობაც არა ერთია. მაგალითად, თუ კი ქართული რეგიონების ოკუპაციას, ანექსია შეპარვითა და ხრიკებით მოსდევს, რისი მცდელობის მოწმენიც ახლა ვართ, ყირიმის შემთხვევაში, ეს პარალელური პროცესი გახლდათ.

ის რომ, რუსეთს თამაშის აღიარებული წესები ფეხებზე ჰკიდია, უძველეს პროფესიაზე ძველი რამ მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ თავად რუსეთი არ გახლავთ მაგდენი ხნის, მაგრამ ვითარების კომიკურობა (თუ კი შეიძლება მას ასე ეწოდოს) ისაა, რომ კრემლში მოკალათებულთ თავისივე კანონმდებლობა არ უღირთ არაფრად და ამაში დარწმუნება ძალიან მარტვია.

ფედერალური კანონი “რუსეთის ფედერაციაში მიღებისა და მის ტერიტორიაზე ფედერაციის ახალი სუბიექტის წარმოქმნის შესახებ“ 2001 წელს მიიღეს - პუტინის ზეობის დასაწყისში. ამ კანონის მეოთხე თავის მეორე პუნქტი ცალსახად განსაზღვრავს:

„რუსეთის ფედერაციაში ფედერაციის ახალი სუბიექტის სახით უცხო სახელმწიფოსა ან მისი ცალკეული ნაწილის მიღება ხდება რუსეთის ფედერაციასა და აღნიშნული უცხო სახელმწიფოს შორის მიღწეული ურთიერთშეთანხმებით და რუსეთის ფედერაციაში ფედერაციის ახალი სუბიექტის მიღების შესახებ საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი) იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და აღნიშნულ უცხოურ სახელმწიფოს შორის გაფორმდება.“

გახსოვთ ვინმეს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ან რაიმე მოლაპარაკება შემდგარიყოს, ან ხელშეკრულება კი არა, ყირიმის შემგომ სტატუსთან დაკავშირებით თუნდაც განზრახულობათა ოქმი გაფორმებულიყოს?

ცხადია, არა, რადგან ასეთი რამ არასოდეს ყოფილა.
მოსალოდნელია თუ არა საერთაშორისო ნორმების დაცვა სახელმწიფოსგან, რომელიც საკუთარ კანონებს ფეხქვეშ თელავს?
ერთი სიტყვით, წარსული ტრადიციების უმწიკლო დაცვით, რუსეთი მეზობლის ტერიტორიების შესახებ ესაუბრება ყველას, გარდა უშუალოდ ამ მეზობლისა.

(საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება ან ერთა ლიგის მიერ საქართველოს აღიარებული საზღვრები ხომ არ გაგახსენდათ?)

ანუ, დრო მიდის, იცვლება ყველაფერი - საუკუნეები და ადამიანები, დამოკიდებულებები და მიდგომები, ხოლო რუსეთი უცვლელი რჩება.

პუბლიცისტ ვიქტორ შენდეროვიჩის კვიმატი ენის შესახებ ყველამ ვიცით - მისი ფრთიანი ფრაზაც არა ერთი გვსმენია, მაგრამ ის, რაც მან თანამედროვე რუსეთზე თქვა, ჩემი უპირობო ფავორიტია: "შვილები ოქსფორდში, ანგარიშები ციურიხში... ხოლო ტვინი, როგორც მანამდე ჰქონდათ თათარო-მონღოლეთში, ახლაც იქ აქვთ.“

ყველამ ვნახეთ პუტინის ერთ-ერთი ბოლო საჯარო გამოსვლა ე. წ. „ვალდაის კლუბის“ წევრთა შეხვედრაზე, სოჭში. არა ერთი ანალიტიკოსი ამ სიტყვას რუსეთის ახალ საგარეო დოქტრინას უწოდებს, მაგრამ, ბუნებრივია იმ სპეციალისტების რიცხვი საგრძნობლად ჭარბობს, ვისაც არაფერი ახალი პუტინის წიაღსვლებში არ დაუნახავს.
„არ ვიცი, შევა თუ არა პუტინის მიერ სოჭში წარმოთქმული სიტყვა ისტორიის ანალებში - ახლა მსოფლიო პოლიტიკაში საქმეა მნიშვნელოვანი და არა სიტყვა... და მით უმეტეს სიტყვა რუსეთის პრეზიდენტისა, რომელმაც არა ერთხელ გამოავლინა გასაოცარი მზადყოფნა, რომ ხვალ იუაროს ის, რაც დღეს განაცხადა. მაგრამ მაინც, ამ სიტყვისთვის ყურადღების მიქცევა ღირს და არა იმიტომ, რომ დავადგინოთ, თუ რას მოიმოქმედებს პუტინი ხვალ, არამედ იმისთვის, რათა დავინახოთ - ის მთელი არსით არ „გუშინ“. - წერს ვიტალი პორტნიკოვი.

იგივე ავტორი, ერთ-ერთი აზერბაიჯანული ანალიტიკური პორტალისათვის მომზადებულ პუბლიკაციაში („სიცარიელის სამეფო“ - აქ) პუტინის რუსეთში მოველნათა შესაძლო განვითარებაზე საუბრისას, ასკვნის, რომ ე. წ. „ფერადი რევოლუციების“ ვარიანტი რუსეთში სრულიად გამორიცხულია, რადგან ამ ტიპის საპროტესტო აქციებს ერთი ნიშანდობლივი მახასიათებელი აქვთ: თბილისში იქნებოდა ეს თუ კიევში, საბოლოოდ, ხალხი ლეგიტიმურ სახელისუფლებო ორგანოს მიმართავდა. და ასე იყო კიევის 2014 წლის მოველენების დროსაც - ის, რასაც რევოლუციის ყველა ნიშანი ჰქონდა, საბოლოოდ დასრულდა პარლამენტში. „პუტინის რუსეთში კი, ასეთი ორგანო უბრალოდ არ არსებობს“.

აღნიშნული სტატია ვრცელია, თუმცა, თქვენის ნებართვით, ერთი ამონარიდის ჩემეულ თარგმანს შემოგთავაზებთ, რადგან მიმაჩნია, რომ ის ძალიან საყურადღებოა და განსაკუთრებით იმ სკეპტიკოსთათვის, ვისაც რუსეთის მოახლოვებული დასასრულისა ჯერ კიდევ არ წამს:

„მაიდანი - ეს სულაც არაა რევოლუცია. ესაა ხელისუფლებასთან ხალხის დიალოგის ფორმა, რომელსაც ადამიანები მიმართავენ მაშინ, როდესაც მთავრობებს არ ესმით მათი. მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი დიალოგი შედგეს, საჭიროა სახელისუფლებო ინსტიტუტებისადმი ნდობა. პუტინმა შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა რუსეთის იმპერიის დამანგრეველმა ნიკოლოზ მეორემაც კი - ხელისუფლების ყოველი შტოსადმი სრული უნდობლობაა. ალბათ ამას გულისხმობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ვიაჩესლავ ვოლოდინი, როდესაც ამბობდა - არ იქნება პუტინი, არ იქნება არც რუსეთი.
და მართლაც, მოითხოვო პუტინის გადადგომა, ეს იგივეა, რომ მოითხოვო დუმის დათხოვნა, ატესტაციები შსს-ში, ყოველგვარი „Россиа“-ს („სპრავედლიავაია“ იქნება ის თუ „ედინაია“) აკრძალვა...
პუტინმა მოახერხა ისიც კი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პაროდიას დაამსგავსა და რუსები, რომც მოინდომონ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა, ვერავის მიმართავენ.

აქ ე. .წ „არაბული გაზაფხულიც“ შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შეკავშირებული პოლიტიკური ნაცია. ამისათვის აუცილებელია ძალა, რომელსაც ექნება უნარი აიღოს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ხელისუფლება კვდომას დაიწყებს. ეგვიპტეში ეს როლი არმიამ შეასრულა. რუსეთში კი არმია ისეთივე კორუმპირებული და ჟანგიანი ბიზნეს-საზოგადოებაა, როგორც დანარჩენი სხვა.
მაშ რაღა წარმოადგენს დღეს რუსეთში რეალურ სახემწიფოს - პუტინი? „როსნეფტი“? „გაზპრომი“? სადაა ის სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს საბჭოეთის ამ უცნაურ ჩამონაჭერს, რომელიც მხოლოდ ასაღებს თავს ნორმალურ სახელმწიფოდ?
რუსეთის ხელისუფლება, ეს უბრალოდ დონორი რეგიონებიდან დოტაციურ რეგიონებში ფულის გადაქაჩვის მექანიზმია. და ცხადია, ამ გადაქაჩვების დროს, მნიშვნელოვანი თანხები სხვადასხვა ჩინოვნიკურ თუ ოლიგარქიულ ჯიბეებში ილექება.
ამის გარდა, რუსეთში პრაქტიკულად არაფერი ხდება.
თუ კი ეს მექანიზმი მოიშლება, შესაძლოა ქვეყანა უმალ არ დაიშალოს, მაგრამ წავა განკერძოების შეუქცევადი პროცესები, შეიქმნება რეგიონალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, კავკასიელები შეესევიან მეზობლებს, რათა მიიღონ ის, რასაც მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდნენ, კაზაკები გადავლენ თავდაცვაზე და, ერთი სიტყვით, ჩამოდგება შუასაუკუნოვანი ქაოსი...
რუსეთი ალბთ შეინარჩუნებს სახელმწიფოს გარეგნულ ნიშნებს, მაგრამ, როგორც ცივილიზაცია, ის გაქრება.“
ვფქირობ, არაფერი გასაოცარი ამ პროგნოზში არაა - კაცს წარსულიდან არ შესწევს უნარი ქვეყანასა და ერს მომავლისაკენ წარუძღვეს - ის მას კიდევ უფრო ღრმა წარსულისკენ თუ გააქანებს.
მაგრამ მხოლოდ თავის ერსა და სახელმწიფოს?
როდესაც ამხელა ტერიტორიაზე გადაჭიმულხარ, ორი ოკეანე, არა ერთი ზღვა გაკრავს...
როდესაც შენი მეზობლების რაოდენობა ორნიშნა ციფრით გამოხატება; როდესაც ამხელა ამბიცია გაქვს და თავს პროგრესის ძრავად ასაღებ, ცხადია წარსულში მარტო ჩარჩენის სურვილი არ გაქვს და ყველას თან წაიყოლებ, ვისაც შესწვდები.
საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, და კიდევ არა ერთგან, კრემლის მიერ წარმოებული პოლიტიკა, ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა.

ერთ-ერთ პოლონურ გამოცემაში, რუსეთის დახასიათებისას ავტორმა ზოგადისტორიული ექსკურსი გააკეთა და დაასკვნა - რუსეთი, ეს ისტორიის შეცდომის შედეგია.

„ის აღმოცენდა სახელმწიფოთა, სოციალური ჯგუფების, ერებისა და ხალხების შთანთქვაზე; უწყვეტ აგრესიაზე მეზობლების მიმართ, სხვა კონტინენტებზე ტერორიზმის ხელშეწყობაზე, რეგიონების დესტაბილიზაციაზე, დასავლური ელიტების გახრწნაზე, ზნეობისა და ცივილიზაციის ანტისტანდარტების დანერგვასა და შანტაჟზე, რომელსაც იგი, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ აწარმოებს.“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ვიმეორებ, ეს შეფასება რუსეთის ისტორიაზე დაკვირვების შედეგად გაკეთდა.

და დღეს, შეიცვალა რამე?

სრულიად არაფერი, რადგან ამ გიგანტურ სახელმწიფოს მართავს ადამიანი, რომელიც წარსულიდანაა. უფრო ზუსტად კი წარსულზე დგას და ყველას გვტენის მას, როგორც დღევანდელობას, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომავალი.

მეორე ნაწილის დასასრული

კაცი წარსულიდან

კოტე ნიშნიანიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

26.10.2014

ნაწილი მეორე

160x600

იმპერია, ესაა მოახლე ქალი, რომელიც შეეგუა, რომ მას აუპატიურებს ყველა, ვისაც სურს და მაშინ, როდესაც სურს

ნაპოლეონ ბონაპარტი 1806 წ.

160x600

bottom of page