top of page

ამას წინად ფრანგულ ფილმ „სათამაშოს“ ვუყურე. გემახსოვრებათ, ის სავსეა საგულისხმო მომენტებით, თუმცა დღეს ერთ კონკრეტულს მოგაგონებთ.
გაზეთის გამოცემის იდეით აღტკინებული მთავარი გმირები ინტერვიუზე წვეროსან კაცთან მიდიან და სამსახურიდან მისი გაშვების მიზეზს კითხულობენ. წვეროსანი პასუხობს, რომ Monsieur le Président-მა და გამომცემლობის მფლობელმა რამბალ კოშემ მას წვერის გაპარსვა მოსთოხვა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა.
წვეროსანს უარით უპასუხია - 40 წელია ვატარებ და ღირსების საქმეაო. ჰოდა, დარჩა უმუშევარი.
ჩვენი პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატი გამახსენდა. 40 წელი თუ არა, რაც „ხალხში გამოერია“ და ტელევიზორით ვიხილეთ, იმ პერიოდიდან, წვერს ატარებდა.
გაპარსეს! 
ძალიან შემრცხვება ასეთი პრეზიდენტი თუ მეყოლება!
არც ისეთი პრეზიდენტი მინდა რომელსაც სურს, რომ ქვეყნის ღალატი ბოდიშის მოხდით ეპატიოს, გულს კი სიძულვილი, ბოღმა და პირადი შუღლი უღრღნის! ეს კი მასში სამშობლოს სიყვარულისთვის ადგილს აღარ ტოვებს. ისედაც, მამიკოს ნაშოვნ უსამართლო „ლუკმა-პურსაც“ საკმაოდ დიდი ალაგი მიაქვს.
არც ისეთი, ვისაც ბუსუსები „ბუა“-ში ეშლება; ქართული პოლიტიკა ლამის დახლად აქვს ქცეული და თუ ადრე სადეპუტატო მანდატებს ჰყიდდა, პრეზიდენტობის შემთხვევაში „საქონელსაც“ შეცვლის და თამასასაც აწევს (მე შენ გეტყვი, მუშტარი მოაკლდება..).
არც ისეთი, ვისაც КГБ-ს მოწმობა დღესაც აქვს, თუმცა, შესაძლოა, ჯიბით აღარ ატარებდეს. ვინც მხარდამჭერთა მასის ეფექტის შესაქმნელად ფუტკრის სკას დამსგავსებულ ბაზარში მიდის და იქაც ვერ ახერხებს 5-10 კაცის შემოკრებას.
არც ისეთი, ვისაც ცოცხის დანახვაზე ერექცია ეწყება... ან სხვისი ამგვარი რეაქცია არ აღაშფოთებს.
არც ისეთი, ვინც კონკურენტის ცუდად წარმოჩენით საკუთარი ქაქის დამალვას ლამობს! გატლეკილია ან სინამდვილეში, უბრალოდ, ადამიანი კი არა, ლაპარაკის აპარატია და პროგრამაშიც, მხოლოდ ეს ფუნქცია აქვს.
არც ისეთი, ვისაც განსხვავებული რელიგიის, რასისა და ორიენტაციის ადამიანების ეშინია და ამას ღვთისადმი მოშიშობად და უფლისადმი სიყვარულად ასაღებს!
არც ისეთი, ვინც სხვის სლოგანს იპარავს, თუმცაღა, მისი ზეპირად თქმის უნარი არ აქვს!
არც ისეთი, ვისაც ლამის უბანშიც არ იცნობენ და, შესაბამისად, გამარჯობასაც არ ეუბნებიან!
ნუ, არა – დიმიტრი გელოვანს ნამდვილად არ ვითხოვ. მხოლოდ და მხოლოდ ისეთი პრეზიდენტი მინდა, რომლისთვისაც ღირსებაა მთავარი! ღირსება კი დღეს ცივილიზებულობასაც ნიშნავს.
ხოლო ცივილიზებულობა ადამიანსა და მის თავისუფლებას საწყის მოცემულობად განიხილავს!
ამის განხორციელების „მოწყობილობა“ კი სახელმწიფოა - კონკრეტული დემოკრატიული რესპუბლიკა და არა რაღაც აბსტრაქტული, მითიური ქვეყანა, რომელიც აუცილებლად გაბრწყინდება... ოღონდ თავისით!
სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ასეთი პრეზიდენტი არ გვეყოლება - არჩევნის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოგვიწევს.
არადა, მსურს შვილები ჭეშმარიტ დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში აღიზარდნონ. იმ ღირებულებებზე მდგარ „ნაგებობაში“ იცხოვრონ, რაც სინამდვილეში ძალიან ახლოსაა ნამდვილ ქართულ ფასეულობასთან და შესაბამისად, შორსაა იმ სუროგატისგან, რომელსაც, პირობითად, შეგვიძლია ვუწოდოთ ასეც: „ცივილიზებულობის კარიკატურა რუსულად“.
არც იქ მინდა ვიცხოვრო, სადაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ განსაკუთრებულები და სხვა ყველა ერი, ჩვენზე დაბლა დგას! სადაც ვერ ხედავენ, რომ არიან სხვა ღირსეული ერებიც ჩენს ირგვლივ და მათაც აქვთ ის, რითაც შეუძლიათ იამაყონ; ღმერთმა მათაც არგუნა თვალწარმტაცი ბუნება, მათ წიაღშიც იშვენ გენიოსი პოეტები, მეცნიერები...
მათაც ბევრი გაწირეს რწმენისა და სწორედ ამ ღირებულებების სამსხვერპლოზე!
ძნელია ასეთ ვითარებაში არჩევანის გაკეთება - პრაქტიკულად, შეუძლებელიც! მაგრამ მომკალით და, მჯერა - ახლო მომავალში გვექნება ამის საშუალება!
შვილები ღირსეულ ქვეყანაში იცხოვრებენ! - სადაც ჩაგვრა სირცხვილი იქნება და ნარკომანია ავადმყოფობა!
ქურდობა საძრახისი და პოლიციელობა საამაყო.
სადაც ეკლესია კეთილ მოძღვართა სამყოფელი იქნება და არა „ტაბურეტკით“ შეიარაღებული ბოროტი მენტორების საბუდარი.
სადაც წიგნებს კი არ დაწვავენ, წაიკითავენ!
სადაც მინარეთებს ეროვნულობის გადარჩენის მოტივით არ დაანგრევენ!
სადაც სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი არ იქნება!
სადაც მხოლოდ ბრწყინვალე წარსულით არ სულდგმულობენ და ხელებდაკაპიწებული ქმნიან აწმყოს - მომავალ თაობათა წარსულს!

„უთამაშო“

დავით უტეხი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

25.10.2013

bottom of page