top of page

Hannah Red

02.12.2013
 

გუშინ, ალექსას აუტანელმა სუნმა არ დამაძინა - ჩემი, ოთახიდან ნინას ოთახში გადავედი. ალექსას ბედი, რომ გუშინ GWP–მა წყალი გათიშა.
ვიდრე ჩამეძინებოდა, ვფიქრობდი, რომ ხვალ ადრე ავდგები და სახლს დავალაგებ. დავგეგმე.
საერთოდ, ძალიან იშვიათად ვგეგმავ რამეს.
დღეს, დილის თერთმეტისკენ გამეღვიძა.
ბალიშიდან ტელეფონი ამოვიღე და ჰოი, საოცრებავ - ჩემ პირადს გავახსენდი.
წავიკითხე SMS.
ტელეფონი ლოგინზე უგულოდ დავაგდე და წამოვდექი.
ადამიანს დავემსგავსებიმეთქი. 
15 წუთში გავადამიანდდი. 
ალექსაც დავბანე - ჭყაოდა.
დალაგებას შევუდექი.
სახლი ქლორის სუნით ყარდა აუტანლად.
ლექციაზე წავალმეთქი, მაგრამ დიასახლისობას შევყევი.
მეც ისეთივე მტვრიანი გავხდი, როგორც ის ძველი, გახუნებული ნოხი - მეც დავძველდი.
წელი მეტკინა - დედაჩემი რომ წინასაახალწლოდ ალაგებს ხოლმე სახლს, ისე ვალაგებდი.
რა მეტაკა?

მთელი დღე ვფიქრობდი იმ SMS–ზე.
სახლში მე, ლოკი და ალექსა ვართ და ველოდებით ალექსანდრეს.
ჩუმად ვფიქრობ, რომ ვუპასუხო იმ SMS-ს.
ჩუმად ფიქრი,  ანუ შენს თავს რომ ეწინააღმდეგები და წამის მეასედებში თუ მეათასედებში გაიფიქრებ და მერე, აღარც გესმის, რომ ამ რაღაცაზე ფიქრობ.
არა!
„Stand Up”–ს ვუყურებ თან.
მომენტებში, მეცინება.
ხანაც, ისევ მეფიქრება.
და უცებ, გვერდით ოთახიდან SMS-ის ხმა მესმის. 
არ ვდგები.
SMS თავს არ მანებებს - ისევ მესმის ეს ხმა.
ალბათ, ალექსანდრეა - ვიფიქრე.
ჰმ, ისევ პირადი - „მარტო ხარ?“
რაღაც არსებობს, ჰო? - გავიფიქრე და, მომწერა.
ჩემს პირადს გული ძალიან ხშირად უგრძნობს, როდესაც მასზე გავიფიქრებ, ან ვახსენებ მას - დედაჩემზე მეტად, მას უგრძნობს გული, რომ რაღაც ვერ ვარ :)
ისევ უგულოდ წავიკითხე.
არ ვუპასუხე.
ისევ, SMS.. და ისევ უგულოდ ვუყურებ მის სახელს ეკრანზე.

ის, მტვრიანი ნოხია შემოსატანი. აივანზე კიდია
მეც, მკიდია.
დღეს, ვიგრძენი, რომ  ის უმნიშვნელო გახდა.
მე, მის საყვარლობაზე უარი ვთქვი. 
დღეს, მე დიასახლისი გავხდი!
კიდევ SMS, თუმცა ყურადღებას აღარ ვაქცევ.
ალექსანდრე მოვიდა.
ლოკის და ალექსას სახლში ვტოვებთ.
„ნამში“ მივდივართ. 

P.S. ჰო, მართლა - ამასწინად, მადლიერების დღე იყო... ინგლისურად, უკეთესად ჟღერს Thank's Giving Day. 
ხშირად გადავუხადოთ მადლობა მშობლებს, რომლებიც ჩვენთვის დღედაღამ შრომობენ.
ასევე მათაც, ვინც, უბრალოდ, სიკეთეს გვიკეთებს - დიდს თუ პატარას, მნიშვნელოვანსა თუ უმნიშვნელოს.
ყვითელი „მარშუტკის“ მძღოლს, ტაქსისტს... 
მოვუფრთხილდეთ პირადს და მასაც, საუკეთესო მომენტებისთვის, მადლობა გადავუხადოთ. 
მთავარი კი ის არის, რომ ყოველ ღამე, ძილის წინ, ყოველგვარი მამაოების გარეშე, გადავუხადოთ მადლობა მას, ვინც შეგვქმნა და საუკეთესო საჩუქარი - სიცოცხლე გვიბოძა. 

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page