top of page

Hannah Red

30.11.2013
 

„HomeTown“-ში ვარ.
აქ, ყველა და ყველაფერი ყველაზე მშვიდია - სხვაგან არსად მეგულება ასეთი სიმშვიდე.
არ ვიცი, რას დავაბრალო...
იმას, რომ აქ სულ მზეა, წვიმა და ზღვაა...
თუ, იმას, რომ აქ ხალხი ნაკლებად აქტიურია ზამთარში. 
ზაფხულში ქაოსია.
ახლა კი, ყველა სახლში გამოკეტილა – სხედან კომპიუტერთან და მუსიკასთან. 
აქედან ბევრი გარბის, მაგრამ ზედმეტად ხმაურიანი თბილისიდან, ორწლიანი ცხოვრების შემდეგ, ისევ უკან - „HomeTown“-ში გამორბიან. 
გამორბიან მზესთან.
გამორბიან ზღვასთან და წვიმასთან.
თბილისმა არ იცის, როგორ უნდა იწვიმოს სინამდვილეში.
ზღვის ხალხს, თბილისში ნამდვილი წვიმა გვენატრება - ზოგჯერ იმაზე მეტად ვიდრე მშობლები, დები, მეგობრები...  
აქ, ჩამოსული ხვდები - ნოემბრის მზე ყველაზე თბილი და მშვიდია. 
ხვდები, რომ დიდ ქალაქში ზღვის სივრცე გაკლია.
დიდ ქალაქს, ჰორიზონტი დაკარგული აქვს - ვერ, ხედავ საიდან ამოდის მზე და სად ჩადის. 
ხვდები, რომ, აქედან წასულს იმდენივე მეგობარი აღარ დაგხვდება.
ბრუნდები და გხვდებიან 1, 2, 3, 4 ან 5 ცალი.
იმიტომ რომ „HomeTown”–ში უკვე, ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად უყვარხარ.
ზოგსაც კი, საერთოდ აღარ უყვარხარ.
უყვარხარ მზეს...
და ზღვას.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page