top of page

Maka Kartheiser

01.10.2013
 

სან-ფრანცისკოს ყურე ოქროს კარიბჭის გრანდიოზული ხიდით გადავკვეთეთ. ჩრდილოეთ სანაპიროზე საუსალიტოა - ხელოვნების, გალერეების, კაფეების და რესტორნების ქალაქი წყნარი ოკეანის პირას.
ეს ქალაქი ჩემია!
ასეთ ადგილებში დავფრინავ... და ამისათვის, სულაც არ მჭირდება ფრთები.
მზით გაბრწყინებულ, უკვე ნაცნობ სანაპიროს გავუყევი. არც არსად მეჩქარებოდა და, თითქოს, არც საფიქრალი უნდა მქონოდა, მაგრამ გული ამოვარდნას ლამობდა. რამდენიმე წუთის წინ, სწორედ ამ სიამოვნების ზენიტში, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გავიგე - ის, რასაც სულმოუთქმელად ველოდი. 
და ჩემს წინ ბარიკადები აღიმართა.
ვიცი, დაგაინტერესათ, მაგრამ მომიტევეთ... ახლა ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიმეორებ - ახლა. მერე კი ნამდვილად გაგიზიარებთ, რადგან თქვენი აზრიც საინტერესოა.
ცხოვრების მორიგი გამოცდა ამჯერად სრული ტექნოლოგიური „ემბარგოთი“ გამოიხატა.
ყველაფერმა რიგრიგობით დაიწყო გათიშვა - ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი, Wi-Fi ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. თუ ერთი ირთვებოდა, მეორე კვდებოდა და ასე შემდეგ...
სხვა დროს, ასეთ ვითარებაში ვდარდობდი. ვცდილობდი გამერკვია: რატომ, რატომ ხდება ასე?
მერე მივხვდი - ცხოვრება გამოცდას არ მაკლებს. მუდამ სადარაჯოზე დგას, რომ არ გამიადვილდეს. და, თუ კი, ოდნავ გაიოლებისკენ წავა საქმე, ახალ სირთულეს გადამიღობავს, ამაფარებს ცხვირწინ: აჰა ეს შენ... აბა, ვნახოთ თუ გაუძლებო!
ამას წინად, High School-ში, მე-12 კლასელებთან ძმები გრიმების „თეთრი გველი“ წავიკითხეთ. გემახსოვრებათ - მზეთუნახავი ურთულეს პირობებს უყენებს პოტენციურ საქმროებს - მათი შესრულება არავის ძალუძს.
ერთადერთი ჭაბუკი ახერხებს შეუძლებელი წინაღობების გადალახვას. მან გველის ტყავის ჭამა, ცხოველთა ენის გაგება შეძლო და ფაუნის წარმომადგენელთა დახმარებაც მიიღო
თითქოს, მეც ამ ჭაბუკივით, ურთულეს გამოცდებს არ მილევს ცხოვრება...
ადრე ვდარდობდი-მეთქი.
ახლა...
ვლოცულობ.
ვიცი, ღმერთი დამეხმარება!

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page