top of page

Maka Kartheiser

02.12.2013
 

...არადა, რამდენი კარგია, რამდენი სიკეთე, ჩვენში…

რამდენი თვისება და ჩვეულება, რაც სხვა ერის წარმომადგენლებს ხშირად აოცებთ კიდეც.... მაშინვე ითვისებენ ამ ჩვენებურ სიკარგეს...

იმ დღეს, თბილისიდან დამირეკეს. ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე, ვინაიდან მე თითქმის ყოველდღე  ვურეკავ დედ-მამას, რომელთაც ემიგრანტი შვილების მშობლობა არგუნა ბედმა.. 

ნომრის ამოცნობისთანავე, შიში ელდასავით მეცემა ხოლმე, ელვასავით მივლის ტანში...

„ვაიმე, რამე ხომ არ ხდება?“

და გონებაში ისტერიული სისწრაფით ტრიალებს პასუხების ათასი ვერსია..

მერე, ასეთივე ისტერიული სისწრაფით ვცდილობ, გავფანტო ისინი. 

ეს ყველაფერი კი წამებში ხდება: ნომერს დავხედავ, არეულ გონებას ვებრძვი და...

ვპასუხობ ზარს.

სამწუხაროდ, იმ დილას შიში გამიმართლდა. აღელვებული მამა მიხსნიდა, დედას მაღალი წნევა აქვს და ცუდად არისო...

ეჰ, ემიგრანტობის ბედს რა ვუთხარი! 

ჩვენს ტკივილს, გულში მუდამ ყრუ ტკივილად რომაა და არ გვცილდება...

დავიღალემეთქი, რომ ვამბობ, ზოგჯერ უკვირთ, რამ დაგღალაო?

ორად გაყოფილმა გულმა დამღალა,  გახიდული რომ ვარ კონტინენტსა და კონტინენტს შორის. დამღალა ამხელა მანძილებზე, ამხელა მასშტაბებით ფიქრმა, დარდმა, ზრუნვამ, საქმეების მოგვარებამ. 

და ვარ ასე გაუთვებელ ჭიდილში:
 

მე ვირტუალურს ვაშენებ ხიდებს,

უშორეს მანძილს შევჭიდებივარ,

კონტინენტსა და კონტინენტს შორის,

ფესვების ძახილს გავკიდებივარ.

წლები გასულა გზების კვლევაში,

ბევრი დროც დარდში დაკარგულია,

ამ ღიმილს მიღმა, სულის სიღრმეში,

სამშობლოს ნატვრით სავსე გულია.

მინდა, ანკესი გადმოვისროლო,

ანკესის ბოლოს გრძნობას მოვაბამ,

ჩემი სულიდან მე შენს სულამდე

ამ სიყვარულის ძალას  მოვყავარ. 
 

ასე ვეპოტინები ჩემი საქართველოს და  ყველა ჩემიანის სიყვარულს..

არადა, ზოგი ისეთი დაუნდობელია ამ ჩემივე სამშობლოდან?!

თითქოს, ახარებთ ემიგრანტებზე ცუდის თქმა, თქვენ რა გენაღვლებათ, არაფერი გესმით ჩვენი დარდისო, უხეშად მოგვხახლიან - თითქოს გვრიყავენ - ყველა მცდელობასა და ყველა ზრუნვას  ერთი ხელის მოსმით წყალში გვიყრიან.

მთლად არც ვამტყუნებ ამ ადამიანებს.  ბევრ შემთხვევაში ეს აზრი ზოგი ემიგრანტის უსაქციელობიდან გამომდინარეცაა, მგონი. 

მაგრამ, ნუ მოგვხარშავთ ერთ ქვაბში და ერთხელ და სამუდამოდ, მოდით, გავერკვეთ აქსიომაში:

ის, ვინც კარგია, სამშობლოშიც კარგია და სამშობლოს გარეთაც....

ის, ვინც, უვარგისი იყო, როგორც პიროვნება, ვერც სამშობლოში იქნებოდა დიდი ბედენა და ასევე, ემიგრაციაშიც ვერაფერი შვილია....

ასე, რომ მოდით, საბოლოოდ, შევთანხმდეთ, ნუღარ განგვსჯით;

ჩვენს გულისტკივილით გამოთქმულ მოსაზრებებს შორეულ და უდარდელ დამოძღვრად ნუღარ გამოაცხადებთ.

პირიქით -  ეცადეთ, ჩაწვდეთ ჩვენს ალალ სურვილს, რომ რაიმეთი დავეხმაროთ ჩვენს ხალხს...

ეცადეთ, ერთხელ ჩვენი ტყავი მოირგეთ და ამ კუთხით იფიქრეთ...

ჰო, იქნებ, ჩვენ ზოგჯერ სწრაფად მივექანებით, ზოგჯერ, „სხვა ენაზე“ გელაპარაკებით, ან იქნებ „სხვაგან ვბანაობთ“, მაგრამ...

ახლა, ისევ ამ წერილის დასაწყისს დავუბრუნდები:

თავად შეშინებულმა, შეშინებული მამა დავამშვიდე, სასწრაფოში დარეკვა ვურჩიე. მერე, ზარის გათიშვისთანავე, თამრიკოს, ჩემს ბიძაშვილს დავურეკე:

-    თამრიკო, დედა არ ყოფილა კარგად, აბა თქვენ იცით მეთქი...

სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლიდან რამდენიმე წუთში ცისანა მამიდა, ნატო, თამრიკო, გიორგი, ირაკლი, ყველანი იქ იყვნენ..

მეგობრები წუხდნენ და მზადყოფნას აცხადებდნენ დახმარებისთვის...

შორიდან ყველა და ყველაფერი სანუკვარი ხდება ჩვენთვის.

ადამიანი ხომ ისედაც უფრო მეტად აფასებს იმას, რაც შორია, მიუწვდომელი.

ჰოდა, დამიჯერეთ - ჩვენ, ემიგრანტებს ეს ნაღდად არ გვესწავლება.

პირდაპირ ჩვენს გულზე გადის ამ დაფასების სიგნალი, თანაც მაღალი სიხშირით და ამიტომაც რუდუნებით სულს ვუბერავთ და ისე  ვუფრთხილდებით ყველას, ვინც გვეძვირფასება. 

მე ძლიერი ვარ თქვენით, ჩემო საყვარელო ადამიანებო, ჩემო ტალკვესებო. იმწამსვე ასე ერთგულად მზად რომ ხართ, მამხნევებთ და მაძლიერებთ: საქმით, აზრით, ფიქრით თუ საუბრებით.

ღმერთს მადლობას ვწირავ, თქვენნაირი ადამიანები რომ მარგუნა...

ზემოთ ვთქვი, უამრავი კარგი გვაქვს მეთქი...

ჰოდა, ეს კარგი ჩვენი  ურთიერთობები და ურთიერთდამოკიდებულებაა, რაც ასე აოცებთ სხვებს.

და ესაა ის, რაც ქართველებს გვაძლებინებს და გამოგვარჩევს სხვთაგან, მიუხედავად ჩვენში ასევე  ჭარბად არსებული უარყოფითი თვისებებისა, რომლებიც წარსულ დღეთაგან ღრმად გვაქვს ჩაკირული - სულს ახშობენ, აბნელებენ და ხელს უშლიან სინათლის შეღწევას მასში...

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page