top of page

Maka Kartheiser

03.11.2013
 

მე მივხვდი, საიდან უნდა დავიწყოთ გამოსწორება - სიყვარულის გახსენებით!
ქართველები „ხმამაღლა“ გავყვირივართ ხოლმე ჩვენს განსაკუთრებულობას: ყველაზე ლამაზები ვართ! განსაკუთრებულები ვართ! ნიჭიერები ვართ! სიყვარული და მეგობრობა ასეთი და ისეთი შეგვიძლიაო.
ჰო, მართლაც ვართ კარგები, ნიჭიერები, მეგობრობაც და სიყვარულიც განსაკუთრებული შეგვიძლია...
მაგრამ ერთი პრობლემაა: დღეს საქართველოში, ამდენ რია-რიაში სიყვარულის გამოხატვის სახეა დეგრადირებული.  
სულს ღაფავს „პოლიტიკურ-შურ-ლანძღვა-გინება-პირველობის“ მიერ წარმოქმნილ ნანგრევებში. 
ის, კი, რასაც დღევანდელი საქართველოს გაგებით, სიყვარულს ვეძახით, მოჩვენებითი, „მწარედთავისმოტყუებითი“ სიყვარულია.  ცახდია, კვლევა არ ჩამიტარებია - ეს დასკვნა, მხოლოდ ჩემი დაკვირვების შედეგია - სამშობლოში დაბრუნებული, ემიგრაციაში მცხოვრები თუ „ფეისბუკში“ შესული, ამას ასე ვხედავ ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.
მოიცათ, სანამ როგორც ჩვენ, ქართველებს გვჩვევია იფეთქებთ, რეებს წერს, როგორ თუ სიყვარული გვაკლიაო, ჯერ კარგად წაიკითხეთ...
ქართველებს ემოციები გვისწრებს გონებაზე წინ და დაფიქრება-გაანალიზებაში გვიშლის ხოლმე ხელს.
არ იფიქროთ, რომ მე თავს გამონაკლისად ვთვლი.
მეც ქართველი ვარ (თანაც გურული) და ვინ მოთვლის, რამდენჯერ  ავფეთქებულვარ...
სულ მთლად ჩვენი ბრალიც არაა - შეგვისისხლხორცა თავდაცვა და წინააღმდეგობის გაწევის ჩვევა.
ერთხელაც,  მიმითითეს. ჰოდა, დავფიქრდი და ჩემს თავზე მუშაობა დავიწყე. აი, ესაა სწორედ ის თვისება, რომელიც არ გვაქვს და მისი უქონლობა გვიშლის ხელს წინსვლაში.
ჩვენ ყველამ  ვისწავლეთ, დავამთავრეთ უნივერსიტეტები და ინსტიტუტები, ავიღეთ დიპლომები და ჩავდეთ უჯრებში.....
და იმ უჯრებშიც ჩავრჩით.....
დროა უჯრებიდან ამოვიდეთ, ახლებურად ვიფიქროთ, ახლებურად ვიაზროვნოთ.
ქართველი რომ ვარ, და ქართველებს ბევრი კარგი თვისებაც გაგვაჩნია, სწორედ ამიტომ
მსურს, თუ რამე ნაკლი გვაქვს, გამოვისწოროთ, მოვიცილოთ, ჩამოვიცილოთ...
ამას წინად, წვეულებაზე ვიყავი. სწორედ, იქ განცდილმა შთაბეჭდილებებმა გამიძლიერა  ამ ჩანაწერის გაკეთების სურვილი.
ღმერთის წყალობით ძალიან ბევრი კარგი ამერიკელი მეგობარი  გვყავს, მოდიან, მივდივართ, ვხვდებით ერთმანეთს.... და ვესალმებით, ცხადია. სწორედ ეს მომენტი - მისალმების, შეხვედრის მომენტი მინდა გაგრძნობინოთ.
„გამარჯობა, როგორ ხარ?“ - ღიმილიანი სახით გესალმებიან ხელგაშლილი და გულგახსნილი ადამიანები და ისე გადაგეხვევიან, თითქოს მთელ თავიანთ სითბოს გიზიარებენ. მერწმუნეთ, ისევე, როგორც მათი ღიმილი ალღობს და ათბობს ურთიერთობებს, ეს ჩახუტებაც მალამოს მსგავსია, მისმაგიერია. 
ესაა ძალა, რომელიც იმასაც გეუბნება, რომ ისინი მზად არიან დაგეხმარონ თუ საჭიროა, გაგიზიარონ, გვერდში ამოგიდგენ. 
ესაა მეგობრული თბილი გადახვევა, რომელიც მაღტლაც ნამდვილია და არანაირი ქვეტექსტები არაა მასში.
ჩვენგან განსხვავებით  - არაა შური, ბოღმა, შეჯიბრი, დამარცხების სურვილი.  
გულით გესალმებიან და ამასვე გულისხმობენ და იმდენად დიდია მათგან წამოსული იმპულსი, შენც, იგივენაირად უბრუნებ ამ სითბოს.
ახლა ჩვენი ახლებურ-ქართული შეხვედრა როგორია?
„როგორ ხარ? (უმეტეს შემთხვევაში, ცალყბად ვეკითხებთ ადამიანები ერთმანეთს)
მერე, გადავკოცნით ერთმანეთს...
ერთი წამით დაფიქრდით და გულში ჩაიხედეთ, ამ ბოლო დროს როგორი გადაკოცნა დაგვიწყია? ტუჩები ჰაერში... და კოცნაც ჰაერში იკარგება...
ეს რაა? მოჩვენებითი კოცნა? ისევე როგორც მოჩვენებითია ბევრი რამ ჩვენში?
„რა ვიცი, ვარ რა“....(ესეც, ცალყბად გაცემული პასუხია, სხვათა შორის, ვალდებულების მოხდის მიზნით გაცემული)„შენ როგორ ხარ? (ისევ ცალყბად, არც კი ვინტერესდებით რეალურად რა პასუხი იქნება, ვინაიდან ვიცით, რომ ისეთივე ნეიტრალური, უღიმღამო, უიმედო სიტყვა ექნება მასაც - „მეც არა მიშავს“)
აბსოლუტურად ტყუილად დაკარგული წამები, სიტყვები, არანაირი გრძნობა არაა მათში.
მოდით, შევინჯღრიოთ მხრები, ჩამოვიყაროთ მოწებებული, მოტმასნილი ნიღბები სახეებიდან, მხრებიდან, სულებიდან, და გამოვაჩინოთ ჩვენი ნამდვილი „მე“. გავათავისუფლოთ სულები ამდენი მოჩვენებითობისაგან,  მოჩვენებით „საზოგადოებაში“ დამკვიდრებული  „ნორმებისაგან“, მიბაძვისა და ყალბი იმიჯის ჩვენებისაგან. 
ვიყავით ის, რაც სინამდვილაში ვართ!   
არ მოგვეწონება ნამდვილი სახე?
ვეცადოთ, ვიმუშაოთ ამ უნიღბო „მე“-ზე, რომელიც, მგონი, ცოტა საშიშიც კი იქნება, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ვიპოვნთ და ვიცხოვრეთ მართლა, და არა მოჩვენებითად!
ვიგრძნოთ მართლა, და არა მოჩვენებითად!
ვიტირეთ მართლა, და არა მოჩვენებითად!
გვიყვარდეს მართლა და არა მოჩვენებითად!
და როცა ნამდვილად შევიგრძნობთ სიყვარულს...
ვისიამოვნებთ, ვიგრძნობთ თბილი მისალმების, ჩახუტებისა და იქიდან წამოსული ძალის გემოს...
ნამდვილ ურთიერთობებს და არა მოჩვენებითს...
მერე, მერწმუნეთ, მისი დაკარგვა აღარ მოგვინდება.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page